გულანი
საცდელი · 1.11.2
28 სექტემბერი 1 / 6იშვებდ, ღმრთივგონიერო, მარხვითა და წადიერებასა ხორცთასა აღვირ-ასხენ…

28 სექტემბერი

თვენი

ღირსი ხარიტონ აღმსარებლის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 11 წთ

იშვებდ, ღმრთივგონიერო, მარხვითა და წადიერებასა ხორცთასა აღვირ-ასხენ…

კონდაკი

იშვებდ, ღმრთივგონიერო, მარხვითა და წადიერებასა ხორცთასა აღვირ-ასხენ, გამოსჩნდი სარწმუნოებითა აღორძინებულად და, ვითარცა სამოთხისა ხე ცხორებისა, აღყვავენ, ხარიტონ ღირსო, მამაო ყოვლადსამღვდელო.

ღირსისა ხარიტონ აღმსარებელისა, იკონიელი ეპისკოპოსისა (350)

ღირსისა ხარიტონ აღმსარებელისა, იკონიელი ეპისკოპოსისა (350)

ღირსი ხარიტონ აღმსარებელი იკონიაში ეწამა 270-324 წლებს შორის. უღმრთოებმა შეიპყრეს იგი და ცრუღვთაებებისადმი მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა. ჯალათებმა ხარიტონს სამოსელი შემოაძარცვეს და ძროხის ძარღვებით სცემეს, შემდეგ კი მთავრის ბრძანებით საპყრობილეში ჩააგდეს. მტარვალი ჯერ ლიქნით, შემდეგ პატივის აღთქმით ცდილობდა მის გადაბირებას, ბოლოს კი ახალი სატანჯველები დაატეხა თავს: „შეწუა ცეცხლითა მკერდი მისი, ვითარცა შესაჭმელი ჴორცი“, ბორკილები აასხა და კვლავ დილეგში ჩააბრუნა. ამასობაში ქრისტიანთა დევნა ჩაცხრა. პყრობილი მართლმორწმუნეები გაათავისუფლეს. თავისუფლება ჰპოვა წმიდა ხარიტონმაც, რომელიც „ვითარცა აწ მკუდარ ქმნილი საწუთოჲთ და ქრისტესსა ცხორებად მნებებელი“ წმიდა ქალაქ იერუსალიმისკენ გაეშურა. გზაში იგი ავაზაკებმა შეიპყრეს, გამოქვაბულში გამოამწყვდიეს, თვითონ კი „მიმოდარბიოდეს ალაგთა გზათასა“ და სხვა მგზავრებს უსაფრდებოდნენ.

მარტო დარჩენილი წმიდანი მადლობას სწირავდა უფალს და მორჩილებით ელოდა მისი ნების გაცხადებას. ამასობაში მღვიმეში იქედნე შემოძვრა, ღვინით სავსე ჭურში ჩასრიალდა, შიგ შხამი ჩათხია და წავიდა. როცა ავაზაკები დაბრუნდნენ, წყურვილით გათანგულები, დაეწაფნენ მოწამლულ სასმელს და უკლებლივ ყველანი გაწყდნენ.

ხარიტონმა იმ მღვიმეში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც, ღვთის ნებით, სასწაულებრივი გადარჩენა მიემადლა. ყაჩაღების მიერ ნაგროვები ქონების ნაწილი მან გლახაკებსა და მეუდაბნოე მამებს განუყო, ნაწილით კი ააგო ტაძარი, რომლის ირგვლივაც თანდათან წარმოიქმნა პალესტინაში ცნობილი ფარანის ლავრა. სავანისთვის წმიდანმა თავადვე შეადგინა წეს-განგება. ლავრას ახალი წინამძღვარი დაუდგინა, თვითონ კი უდაბნოს სიღრმეში შევიდა. ნეტარი მამა განმარტოებას ეძიებდა, მაგრამ მონაზვნური ცხოვრების მსურველებმა აქაც მიაკვლიეს მას. ასე დაარსდა ახალი, იერიქონის სავანე, რომელსაც მოჰყვა კიდევ ერთი, სუკიის ეგრეთ წოდებული „ძველი ლავრა“.

დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის უფალმა თავის რჩეულს სულიერ და ხორციელ სნეულებათა სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანს წინასწარ განეცხადა თავისი მიცვალების დღეც. მან ისურვა, რომ აღსასრულს ფარანის ლავრაში შეხვედროდა. მოუხმო ყველა მოწაფეს და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი.

ღირსი ხარიტონი დაახლოებით 350 წელს გავიდა ამსოფლიდან, ღრმა მოხუცებულობაში. წმიდანის პატიოსანი ცხედარი ავაზაკთა მღვიმის ადგილას მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

დღესასწაული პალიასტომის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა (ამჟამად დასვენებულია ქ. ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში) (XII)

დღესასწაული პალიასტომის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა (ამჟამად დასვენებულია ქ. ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში) (XII)

პალიასტომის ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით, აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე. აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი მას მე-16 საუკუნით ათარიღებს. ხატის ქვედა არშიაზე მედალიონებს შორის შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელიც ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითხება:

"ქ. შენ ღრუბელსა მზგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მაერთესა, ტომებით. . . ლსა ადამისა დედასა ღმრთისასა, ძუელ ოდესმე მოსესგან მაყოლდ (სიც) მეორედ ხილულსა და შეუწველად დაცულსა ერონისსა სოფლისა განმანათლებელო შენ ცათა მობძავსა დედაქალაქისა ქუთაისისა ღმრთისმშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე, მე, ცვა ფარვათა თქვენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმინდისა ღმრთისმშობლისა, პირველ მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო, მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გვექმენ მას დღესა განკითხვისა, ამინ, შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქრონიკონ". . .

საინტერესოა მე-17 საუკუნის მოსკოველი ელჩების ა. იევლევისა და ტოლოჩანოვის აღწერილობანი. ა. იევლევი 1651 წელს ბაგრატის ტაძრის დათვალიერებისას ეხება რა ტაძარში წარმოდგენილ ღვთისმშობლის ხატს, წერს: "ამ ხატის შესახებ საკრებულო საყდრის ხუცესმა, მღვდელ-მონაზონმა გაბრიელმა და მისმა შვილებმა სეხნიამ და სიმონმა გვიამბეს:

- წინათ ეს ღვთისმშობლის ხატი გურიაში იმყოფებოდაო და ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იყო დაბრძანებულიო, იმ საყდრის მთავარუხუცესმა სილიბისტრომ იმ ხატის შთაგონებით ჩვენება იხილაო. სილიბისტრო, თვით გაბრიელ ხუცესმონაზონის შორეული წინაპარი და ნათესავი იყო. თითქოს, სიზმარში მას ღვთისმშობელმა უთხრა, რომ სილიბისტრო, მთავარი ხუცესი, საკრებულო ტაძარში შესულიყო და მისი ყოვლადწმინდა ხატი აეღო და იმ ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ციხე-ქალაქს წყალში ჩაძირვა მოელისო. მთავარხუცესმა სიზმარს არ დაუჯერაო. ამის შემდეგ ღვთისმშობელი მთავარხუცესს ორჯერ გამოეცხადაო და იგივე აუწყაო, რომ ციხე-ქალაქი ჩაიძირება და ხატი გამოიტანეო.

მთავარხუცესმა არც ახლა დაიჯერა და არც სხვას გააგებინა ამის შესახებ რამეო. თვით მთავარხუცესი ციხე-ქალაქის გარეთ ცხოვრობდა, სხვა საყდრის მახლობლადო. მალე ღვთის ნება აღსრულდა ამ ციხე ქალაქზე და ხალხითურთ ჩაიძირა იგიო, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ის ხატი ღვთის ბრძანებით იმ წარღვნისგან დაცულ იქნა, თავისუფლად უხილავად, ღვთის განგებით ციხე-ქალაქიდან ჰაერზე მოდიოდაო. და როცა მთავარხუცმა ასეთი საოცარი და ენით გამოუთქმელი სასწაული იხილა, დაეცა სასწაულმოქმედი ხატის წინაშე, ცრემლებით იწყო ვედრება მოწყალების მისაღებად და ცოდვების მისატევებლადო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰაერიდან დაიძრა და მის ხელებში მიესვენაო.

კიდევ გამოეცხადა სიზმარში მთავარხუცესს ღვთისმშობელი და ამ უწმინდესი ხატის ქუთაისის ციხე-ქალაქში გადასვენება უბრძანაო. მთავარხუცესმა ღვთისმშობელის ხატი ქუთაისში მოასვენა და საკრებულო ტაძარში მოათავსაო. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, იმ ყოვლადწმინდა ხატის მახლობლად, მათი მოდგმა გამუდმებით ცხოვრობსო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის ის ხატი ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილიო, დავით მეფის შვილიშვილის დროსო" (ა. იევლევის 1650-1652 წ.წ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა. გამოც. ი. ცინცაძისა; 1968წ. გვ. 139)

ა. იევლევის ეს ცნობა უაღრესად საინტერესოა პალიასტომის ტბის შესახებ დაცული ლეგენდის შესასწავლად და, რა თქმა უნდა, იმ ხატის წარმომავლობის გასარკვევად, რომელთანაც დაკავშირებულია ა. იევლევის მიერ ჩაწერილი გადმოცემა. ყოველ შემთხვევაში, მე-17 საუკუნეში, საქართველოში ამ გადმოცემას ქუთაისის საკათედრო ტაძარში დაცულ ღვთისმშობლის ხატს უკავშირებდნენ. ამასთან, ეს გადმოცემა იმდენად დამახასიათებელი ყოფილა ამ ხატისთვის, რომ ტაძრის მოსამსახურე პირებს მიზანშეწონილად ჩაუთვლიათ ეს თავგადასავალი გაეცნოთ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.

ამ უკანასკნელთაც დიდი დაინტერესება გამოუჩენიათ და დაწვრილებით ჩაუწერიათ. ელჩი ამით არ დაკმაყოფილდა და გადმოცემის შინაარსის დადასტურებაც მოუწადინებია. ა. იევლევს ზაქარია მიტროპოლიტისთვის უკითხავს, მართალს ამბობენ თუ არა ხუცები ამ ხატის შესახებო? იმ ხატმა ასეთი სასწაული მართლა აჩვენა და გურიიდან პალიასტომის ციხე-ქალაქის ჩაძირვის შემდეგ ჰაერით გამოვიდა და თავისი უწმინდესი სახე ნამდვილად დაიცვა? ზაქარია მიტროპოლიტმა ა. იევლევს დაუდასტურა, რომ წიგნში ჭეშმარიტად ისეა მოთხრობილი სასწაულმოქმედების შესახებ, როგორც გიამბესო (იქვე გვ. 140). ჩვენ არ ვიცით, რომელ წიგნზე მიუთითებს ზაქარია ქვარიანი, მაგრამ ჩანს, ასეთი წიგნი მართლაც არსებობდა, რომელშიც მოთხრობილი იყო "ღვთისმშობლის" ხატის სასწაულმოქმედების შესახებ.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ პალიასტომის ტბის გაჩენის შესახებ პირველი ცნობა არც მე-18 საუკუნეში ყოფილა ფიქსირებული ვახუშტი ბატონიშვილის მიერ და არც მოსკოველი ელჩი ა. იევლევი ჩაითვლება მის პირველ ჩამწერად,რომელიც 1651 წ. იყო ქუთაისში. ზაქარია ქვარიანის პასუხი იმაზე მიუთითებს, რომ გადმოცემა ადრე ყოფილა ჩაწერილი. ა. იევლევი წერს, რომ ხატი ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილი, დავით მეფის შვილიშვილის დროსო. ე.ი. გიორგი მესამის დროს (მე-12 ს.-ში), რომელიც დავით აღმაშენებლის შვილიშვილი იყო.

წინასწარმეტყველისა ბარუქისა (VI ს. ქრ.შ-მდე)

წინასწარმეტყველისა ბარუქისა (VI ს. ქრ.შ-მდე)

წმიდა წინასწარმეტყველი ბარუქი იერემია წინასწარმეტყველის (ხს. 1 მაისს) განუყრელი თანამგზავრი, მოწაფე, მეგობარი და მწერალი იყო. მან თავისი მოძღვრის წინასწარმეტყველებების მთელი გრაგნილი ჩაწერა და იერუსალიმის ტაძარში შეკრებილ ხალხს წაუკითხა. წმიდა ბარუქი იერემიასთან ერთად მწარედ გოდებდა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დანგრევის გამო, მოძღვრავდა და ამხელდა იუდეველებს და მოთმინებით იტანდა მათ სიძულვილსა და დევნას. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა იერემიას ჩაქოლვა და მისი წმიდა ცხედარი მიწას მიაბარა.

წინასწარმეტყველ იერემიას მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმინდა ბარუქს დიდხანს არ უცხოვრია. იგი ეგვიპტეში გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში. წმიდა ბარუქმა იწინასწარმეტყველა იუდეველთა დაბრუნება ბაბილონელთა ტყვეობიდან და ბაბილონის გაუდაბურება; ცხადად განჭვრიტა ძე ღვთისას განკაცებაც.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა: ალექსანდრესი, ალფესისა, ზოსიმესი, მარკოზ მწყემსისა, ნიკონისა, ნეონისა, ილიოდორესი და სხვათა (V)

მოწამეთა: ალექსანდრესი, ალფესისა, ზოსიმესი, მარკოზ მწყემსისა, ნიკონისა, ნეონისა, ილიოდორესი და სხვათა (V)

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი მცირე აზიის სხვადასხვა ადგილებში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. წმიდა მარკოზ მწყემსი პისიდიის ანტიოქიის მიდამოებში შეიპყრეს. ოცდაათი მეომარი, რომელთაც მოწამე დაატუსაღეს, მისი ქადაგებით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, რის გამოც მათ ნიკეაში თავები მოკვეთეს, წმიდა მარკოზი კი საწამებლად გადასცეს.

წამების იარაღების დასამზადებლად მოუწოდეს სამ მჭედელ ძმას სოფელ კატალიტიდან (კალატიდან): ალექსანდრეს, ალფესსა და ზოსიმეს. მათ აშკარად არ გამოუდიოდათ საქმე, ხან ხელები გაუშეშდათ რაღაც ძალით, ხან რკინა დადნა და გატყდა, ბოლოს ზეციდან გაისმა ხმა და ძმებს წმიდა მარკოზთან ერთად სატანჯველთა დათმენისკენ მოუწოდა. მათაც ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ქრისტე. ამისთვის უღმრთოებმა ალექსანდრეს, ალფესსა და ზოსიმეს გამლღვალი კალა ჩაასხეს ყელში და წამებით ამოხადეს სული, მარკოზს კი კლავდიოპოლში თავი მოჰკვეთეს. როცა მარკოზის თავი არტემიდეს ტაძარში შეაბრძანეს, ყველა კერპი ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. ამ სასწაულის მოწმეებმა, ნიკონმა, ნეონმა, ილიოდორემ, ქალწულებმა და ყრმებმა, ირწმუნეს ქრისტე, ხმამაღლა განაცხადეს თავისი სარწმუნოება და მოწამეობრივად აღესრულნენ.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

კრება ღირსთა მამათა, კიევის ახლო მღვიმეში დავანებულთა

კრება ღირსთა მამათა, კიევის ახლო მღვიმეში დავანებულთა

კრება ღირს კიევო-პეჩორელ მამათა, ახლო (ღირსი ანტონის) მღვიმეებში განსვენებულთა ადრე (1670 წლიდან) ჯვართამაღლების დღესასწაულის წარგზავნის, ე.ი. 21 სექტემბრის შემდგომ შაბათს იდღესასწაულებოდა; 1886 წელს კი, კიევის მიტროპოლიტის, პლატონის დროს, იგი 28 სექტემბერს იქნა გადატანილი, შორეულ მღვიმეებში განსვენებულ მამათა საერთო მოსახსენებელი დღის, 28 აგვისტოს შესაბამისად.

ახლო (ანტონის) მღვიმეებში სულ სამოცდაცამეტი წმიდა მამის უხრწნელი ნეშტი განისვენებს, მათ შორის ცხრა - დახურულ სენაკში. გარდა ამისა, აქ ოცდაათი მირონმდინარე თავის ქალაცაა დაცული. ახლო მღვიმეების კიევო-პეჩორელ მამათა კანონებში, უძველეს ხელნაწერებში და თვით გამოქვაბულში აღმოჩენილ წარწერებში დაცულია სხვა წმიდანთა სახელებიც. როგორც ჩანს, ადრე აქ მეტი უხრწნელი ნეშტი განისვენებდა.

დიდმარხვის მეორე კვირიაკეს კიევო-პეჩორის ახლო და შორეულ მღვიმეთა მამები ერთად იხსენიება.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.