გულანი
საცდელი · 1.11.2
21 სექტემბერი 1 / 6ვითარცა მღდელმთავარსა პატიოსანსა და სარწმუნოსა მოწამესა, სოფელი…

21 სექტემბერი

თვენი

მოციქული კონდრატესი, სამოცდაათთაგანის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 5 წთ

ვითარცა მღდელმთავარსა პატიოსანსა და სარწმუნოსა მოწამესა, სოფელი…

კონდაკი

ვითარცა მღდელმთავარსა პატიოსანსა და სარწმუნოსა მოწამესა, სოფელი ყოველი შეგწირავს შენ, უფალო, მოციქულსა კონდრატეს და ქებით უგალობენ პატიოსანსა ხსენებასა მისსა, რამეთუ გევედრების მარადის ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად; ამისთვის მიანიჭე მას თხოვაი მისი ჩუენთვის, მრავალმოწყალე.

მოციქულისა 70-თაგანისა კოდრატესი, ათენელ და მაგნეზიელ ეპისკოპოსისა (130)

მოციქულისა 70-თაგანისა კოდრატესი, ათენელ და მაგნეზიელ ეპისკოპოსისა (130)

წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ნეტარის ღვთივსათნო მოღვაწეობა სიძულვილით ავსებდა კერპთმსახურებს. ერთხელ გააფთრებული ბრბო თავს დაესხა მოციქულს, რომ ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ, ზეგარდმო შეწევნით, წმიდანი ცოცხალი დარჩა. მაშინ უღმრთოებმა იგი საპყრობილეში ჩააგდეს და შიმშილით ამოხადეს სული (+დაახლ. 130). კოდრატეს წმიდა ცხედარი მაგნეზიაში დაკრძალეს.

ნეტარმა მოციქულმა 126 წელს დაწერა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) წარუდგინა აპოლოგია ქრისტიანობის დასაცავად, რომელმაც ისე იმოქმედა მართლმორწმუნეთა მდევნელ ხელისუფალზე, რომ ბრძანა, სამხილის გარეშე არავინ გაესამართლებინათ.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მღვდელმოწამეთა იპატი ეპისკოპოსისა და ანდრია ხუცისა (730-735)

მღვდელმოწამეთა იპატი ეპისკოპოსისა და ანდრია ხუცისა (730-735)

მღვდელმოწამენი: იპატი, ეფესოს ეპისკოპოსი და ანდრია ხუცესი VIII საუკუნეში ეწამნენ ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. სიყმაწვილეში წმინდანები ერთად სწავლობდნენ მონასტერში. შემდეგ იპატი ბერად აღიკვეცა, ანდრია კი ხუცესად იკურთხა და გულმოდგინედ მოძღვრავდა ხალხს ქრისტიანულ სარწმუნოებაში. როცა ლეონ ისავრიელის დროს ხატთაყვანისმცემელთა დევნა დაიწყეს, წმიდა იპატი და ანდრია მტკიცედ აღდგნენ ხატთაყვანისცემის დასაცავად. იმპერატორმა, რომელსაც სურდა, გადაებირებინა წმიდანები, ხატთაყვანისცემის შესახებ დისპუტი მოაწყო. იპატიმ და ანდრიამ შეძლეს, დამაჯერებლად დაეცვათ ხატების მართლმადიდებლური თაყვანისცემა. მარტვილები შეიპყრეს და დიდხანს საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული - იმედოვნებდნენ, რომ ასე მაინც შეაცვლევინებდნენ აზრს, მაგრამ უფლის რჩეულები არ მოტყდნენ. მაშინ უღმრთო თვითმპყრობელმა წმიდანთა წამება ბრძანა. ბოლოს მარტვილები მეფის ბრძანებით ქალაქში ათრიეს ყველას დასაცინად, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოასალმეს სიცოცხლეს (+დაახლ. 730-735). წმიდა იპატისა და ანდრიას ცხედრები უღმრთოებმა ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მორწმუნეებმა პატივით წააბრძანეს ისინი და მიწას მიაბარეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

ისააკ და მელეტი კვიპრელ ეპისკოპოსთა

ისააკ და მელეტი კვიპრელ ეპისკოპოსთა

წმიდა მღვდელმთავრები ისააკი და მელეტი კვიპროსის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა ცხოვრებისათვის უფალმა მათ სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ნეტარი მამები სხვადასხვა წელს, მაგრამ ერთ დღეს გარდაიცვალნენ.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა ევსებისა და პრისკესი

მოწამეთა ევსებისა და პრისკესი

წმიდა მოწამე ევსები ფინიკიაში ეწამა ქრისტესთვის. უღმერთოებმა იგი მახვილით განგმირეს.

წმიდა მოწამე პრისკე ფრიგიაში ცხოვრობდა. თავისი ქადაგებით მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, რისთვისაც უღმრთოებმა სასტიკად აწამეს, დაბოლოს, თავი მოჰკვეთეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

დიმიტრი როსტოველ მიტროპოლიტისა (ნაწილთა პოვნა 1752)

დიმიტრი როსტოველ მიტროპოლიტისა (ნაწილთა პოვნა 1752)

წმიდა მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი (ერობაში - დანიელ საბას ძე ტუპტალო), 1651 წლის დეკემბერში დაიბადა კიევის მახლობლად მდებარე დაბა მაკაროვოში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან განათლება კიევო-მოგილიოვის კოლეგიაში მიიღო, 1668 წლის 9 ივლისს კი ბერად აღიკვეცა და დიმიტრი დაერქვა (დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად). 1675 წლის 23 მაისს წმიდანს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი.

1701 წელს მამა დიმიტრი კეთილმსახური ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ტობოლსკის მიტროპოლიტად აკურთხეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო მოსკოვში დარჩა და მალე როსტოვის მიტროპოლიტის დაქვრივებული კათედრა დაიჭირა. ნეტარი მღვდელმთავარი მოშურნედ იღვწოდა ეკლესიის მთლიანობის განმტკიცებისათვის, ებრძოდა სტაროობრიადულ რასკოლს, ზრუნავდა ღვთისმსახურების სიწმიდეზე, მღვდელმსახურთა აღზრდა-განათლებაზე; წმიდა მამის პირადი ცხოვრება მკაცრი მარხვით, ლოცვით და ქველისსაქმეებით იყო გაბრწყინებული. მღვდელმთავარი დიმიტრი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ლიტერატურული ნაშრომებით. ნეტარმა მამამ მრავალრიცხოვანი წყაროების შეჯერებით რუსულ ენაზე შეადგინა თვენის, წმიდანთა ცხოვრების საკითხავები მთელი წლისთვის. ამ შრომას მან ოცი წელი მოანდომა.

წმიდა დიმიტრი მშვიდობით მიიცვალა 1709 წლის 28 ოქტომბერს და, ანდერძისამებრ, ტაძარში დაკრძალეს. ეკლესიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს საფლავი გათხარეს და აღმოაჩინეს, რომ ძლიერ ნესტიან მიწაში ჩასვენებულ მღვდელმთავრის ნეშტს ხრწნილების არანაირი კვალი არ ეტყობოდა. ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. 1757 წლის 22 აპრილს დიმიტრი როსტოველი წმიდათა დასში შერაცხეს.

ნეტარი მამის ხსენება აღესრულება წელიწადში ორჯერ, 21 სექტემბერსა და 28 ოქტომბერს. 21 სექტემბერი მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანების დღეა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.