გულანი
საცდელი · 1.11.1
19 სექტემბერი 1 / 4სამებით და ერთ-ღმრთაებით დიდებული ღმერთი სამებისა რიცხვთა…

19 სექტემბერი

თვენი

მოწამეთა: ტროფიმესი, საბატიოსისა და დორიმედონტის (276) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 3 წთ

სამებით და ერთ-ღმრთაებით დიდებული ღმერთი სამებისა რიცხვთა…

ტროპარი

სამებით და ერთ-ღმრთაებით დიდებული ღმერთი სამებისა რიცხვთა მოწამეთა ადიდეს ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი, რამეთუ მისა მიმართ რწმენაი და მტერი დაამხვეს; მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.

ვითარცა მოწამეთა სიქადულსა და ღმრთისმსახურებისა სიმტკიცესა, ეკლესია…

კონდაკი

ვითარცა მოწამეთა სიქადულსა და ღმრთისმსახურებისა სიმტკიცესა, ეკლესია პატივს გცემს და ადიდებს შენსა ნათლით-შემოსილსა ხსენებასა, ყოვლადქებულო ნეტარო მოწამეო, დიდებულო და მხნეო ბრძენო ტროფიმე, თანა მოღუაწით შენითურთ ლხინებაი ითხოვე მგალობელთა შენთათვის, ვითარცა უძლეველმან.

მოწამეთა: ტროფიმესი, საბატისა და დორიმენდოსა (276)

მოწამეთა: ტროფიმესი, საბატისა და დორიმენდოსა (276)

წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმენდო რომის იმპერატორის, პრობუსის (276-282) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. ერთხელ ანტიოქიაში წარმართულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ყველგან თავაშვებული ღრეობა იყო გამართული. ქალაქში ჩასული ქრისტიანები ტროფიმე და საბატი მწუხარებით შესცქეროდნენ ამ ხმაურიან, უსჯულო ზეიმს და უფალს ევედრებოდნენ, ცხონების გზაზე დაეყენებინა გონდაბინდულები. ქრისტეს ქადაგებისთვის უღმრთოებმა წმიდანები შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს. წარმართებმა აღმსარებლების ცემა და წამება დაიწყეს, რათა ძალით გადაედრიკათ კერპთმსახურებისაკენ. საბატი წამების დროს გარდაიცვალა, ტროფიმე კი სისასტიკითა და დაუნდობლობით ცნობილ ფრიგიის მმართველ დიონისესთან გაგზავნეს. უღმრთო დიონისემ ვერანაირი ძალისხმევით ვერ შეძლო ახოვანი ქრისტიანის მოდრეკა - წმიდანი ფსალმუნის ამ სიტყვებს იმეორებდა მხოლოდ: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან“ (ფს. 33,19). ბოლოს იგი საპყრობილეში ჩააგდეს. აქ ნეტარს ქრისტეს ფარული მიმდევარი - სენატორი დორიმედონდო აკითხავდა. როცა ამის შესახებ მტარვალებმა შეიტყვეს, ისიც დაატუსაღეს და მაცხოვრის სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს. მარტვილმა უარი განაცხადა, რისთვისაც იგი ტროფიმესთან ერთად მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. ნადირებმა უფლის რჩეულებს პირი არ დააკარეს. მაშინ მათ თავები მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ზოსიმე მეუდაბნოისა (IV)

მოწამისა ზოსიმე მეუდაბნოისა (IV)

წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე IV საუკუნეში ცხოვრობდა. ერთხელ, ნადირობის დროს, კილიკიის მმართველი დომენტიანე გადააწყდა ბერს, რომელიც მშვიდად და ალერსიანად საუბრობდა გარსშემორტყმულ მხეცებთან. მონადირეთა დანახვაზე მხეცები დაფრთხნენ და დაიფანტნენ. ბერს ჰკითხეს, ვინ იყო და ამ უდაბნოში რატომ ცხოვრობდა, მან კი მიუგო, ზოსიმე მქვია, ქრისტიანი ვარ და ქალაქში იესო ქრისტეს მტრების გვერდით ყოფნას ნადირებთან ცხოვრება მირჩევნიაო. დომენტიანე დაემუქრა: „თუ ნაზარეველს ეთაყვანები, ნაზარეთში სახალხოდ სასტიკად გაწამებ და ქრისტეს უარყოფასაც გაიძულებო“, შემდეგ კი წმიდანს ჰკითხა, რა ძალით ათვინიერებდა ველურ ცხოველებს. მოხუცმა მიუგო: „მე - ქრისტიანი ვარ და ყოველი სული ქრისტეს ემორჩილება“. უღმრთოებმა შეიპყრეს მაცხოვრის მსასოებელი მამა, ნაზარეთში წაიყვანეს და სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი თავდაღმა დაკიდეს, კისერზე დიდი ლოდი გამოაბეს და რკინის ჩანგლებით სხეულის ჯიჯგნა დაუწყეს. ჯალათები მარტვილს ეუბნებოდნენ: „თუ მხეცებიც გემორჩილებიან, რომელიმე მათგანს უბრძანე, აქ გამოცხადდეს, მაშინ ჩვენც ვირწმუნებთ შენს ღმერთს“. ზოსიმე ლოცვით შეევედრა უფალს და უეცრად წამების ადგილას უზარმაზარმა ლომმა მოირბინა. ყველანი შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, ლომი კი წმიდანს მიუახლოვდა და მის კისერზე გამობმული ლოდი აღუმსუბუქა. მმართველმა ზოსიმეს სთხოვა, ნადირი დაეოკებინა, ჯალათებს კი წმიდანის ჩამოხსნა უბრძანა, რომ იგი იმპერატორთან წაეყვანა, მაგრამ ზოსიმემ წმიდა სული იქვე შეჰვედრა უფალს (წმ. ზოსიმეს ხსენება 4 იანვარსაც აღესრულება).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.