იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა, და…
ტროპარი
იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა, და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმრთისა, რომელმან მოსცა ესე-ვითარი მამა, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ ლარნაკთა შენთა და შენ მიერ მოიღებენ ღმრთისაგან მდიდრად წყალობასა, ღირსო იოსებ.
წარუვალისა დიდებისა სუფევა შეიყუარე მამაო იოსებ, ამისთვის…
კონდაკი
წარუვალისა დიდებისა სუფევა შეიყუარე მამაო იოსებ, ამისთვის ქუეყანასა ზედა ცხოვრებითა შვენიერითა და ქცევითა საწადელითა იქცეოდი, და იქმენ შეზავებულ ვითარცა მარილითა სიყვარულისა ღმრთისათა, ამისთვის გნატრით და გევედრებით, რათა გვიოხო წინაშე მეუფისა.
აბბა იოსებ ალავერდელი ეპისკოპოსისა (570)
აბბა იოსებ ალავერდელი ეპისკოპოსისა (570)
წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, „ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა“.
აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.
ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მრავალი ჭირი, ნაკლულევანება და საშიშროება დაითმინა ღირსმა მამამ: ცხოვრობდა „მხოლოჲ მხოლოსა ღვთისა მზარხველი“, ფიცხელი მოღვაწეობით, ყოველგვარ ამქვეყნიურ ნუგეშს მოკლებული.
მხეცთა და ნადირთა სამკვიდრებელში განმარტოების ღვაწლს შემდგარ მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით გამოსულიყო ამ მიდამოებში სანადიროდ. მონადირემ როგორც კი იხილა წმიდა მამა, მიხვდა, რომ მის წინ ღმერთშემოსილი კაცი იდგა, ცხენიდან ჩამოხტა, თაყვანისცემით მიეახლა, ამბორს-უყო და მდაბლად გამოჰკითხა ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი.
ღირსმა მამამ ღვთის შემწეობით მასში სრული სარწმუნოება და საღმრთო სიყვარულისა და ჭეშმარიტებასთან მიახლოების დაუოკებელი სურვილი დანერგა. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ტაძარს ააშენებდა ალავერდის უდაბნოში და შეასრულა კიდეც აღთქმა: საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ღირსმა მამამ დიდად გაიხარა ღვთივსათნო საქმის აღსრულებით.
მალე ხალხმა გაიგო წმიდა ბერის ამბავი და აქ სიარული იწყო, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. წმიდა იოსებიც დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. იმ ადამიანთაგან, რომელთაც ბერის წმიდა ცხოვრება, სიყვარული და სასწაულები იზიდავდა უდაბნოში, ბევრი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. თანდათან მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძვარის და მოძღვარიც.
დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარი დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა.
მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
დიდმოწამისა ნიკიტა კონსტანტინეპოლელისა (372)
დიდმოწამისა ნიკიტა კონსტანტინეპოლელისა (372)
წმიდა დიდმოწამე ნიკიტა, გუთი მხედარი, ცხოვრობდა IV საუკუნეში, დუნაის ნაპირას. ამ დროს ქრისტეს სარწმუნოება უკვე ფართოდ იყო გავრცელებული გუთების ქვეყანაში. წმიდა ნიკიტა სახარების ნათლით ადგილობრივმა ეპისკოპოსმა, I მსოფლიო კრების მონაწილემ, თეოფილემ გაანათლა. ქრისტიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში წინ აღუდგნენ წარმართი გუთები, რასაც შედეგად შინაბრძოლები მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანთა ლაშქრის წინამძღოლმა, ფრიტიგერნმა წარმართი ათანარიხი დაამარცხა, ბარბაროსთა შორის მაცხოვნებელი სწავლების ქადაგება სულ უფრო და უფრო მზარდი წარმატებით ხორციელდებოდა. ეპისკოპოსმა ულფილამ შექმნა გუთური ანბანი და გუთთა ენაზე მრავალი საღვთისმსახურო წიგნი თარგმნა. თავისი ცხოვრებითა და შთაგონებული საუბრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ქრისტიანობაზე; მაგრამ ათანარიხმა დამარცხების შემდეგ შეძლო ძალების აღდგენა, სამშობლოში დაბრუნდა და კვლავ ძველებური ძლევამოსილებით შეიმოსა.
კერპთმსახურთა ცრუსარწმუნოების ერთგულს, მას უწინდებურად სძულდა ქრისტიანები და სასტიკად დევნიდა მათ. წმიდა ნიკიტამ გაბედულად ამხილა უსჯულო და შეეცადა, იგი ჭეშმარიტების მსახურების გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ათანარიხმა შეიპყრო უფლის რჩეული და საშინელი წამების შემდეგ ცეცხლში შეაგდო. ასე დაასრულა ცხოვრება დიდმოწამე ნიკიტამ დაახლოებით 372 წელს. წმიდანის მეგობარმა, ქრისტიანმა მარიანოსმა ღამით მოძებნა ცეცხლისგან სრულიად დაუზიანებელი, საკვირველი ნათლით გაბრწყინებული მარტვილის ცხედარი, კილიკიაში გადაასვენა და იქვე დაკრძალა. მისი ზოგი უხრწნელი ნაწილი მოგვიანებთი სერბეთში იქნა გადაბრძანებული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (პოვნა წმ. ნაწ. III)
აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (პოვნა წმ. ნაწ. III)
აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა, აღესრულა იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა აკაკი საშინლად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს, საიდანაც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სახელი გაითქვა შთაგონებული ქადაგებებითა და სასწაულებით, რის შემდეგაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა: მაქსიმესი, თეოდოტესი და ასკლიადისა (305-311)
მოწამეთა: მაქსიმესი, თეოდოტესი და ასკლიადისა (305-311)
წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (ასკლიპიოდოტა) IV საუკუნის დასაწყისში ეწამნენ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას. ქალაქ მარკიანოპოლის დიდგვაროვანი მკვიდრნი, მაქსიმე და ასკლიადა კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ და თავიანთი მაგალითით მრავალ წარმართს მოაქცევდნენ ქრისტიანობაზე.
თრაკიის მმართველმა, ტირისმა, რომელიც მარკიანოპოლში ქრისტიანების დასასჯელად იყო ჩასული, მაქსიმე და ასკლიადა თავისთან მოიხმო და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ მათი სიმტკიცე რომ იხილა, ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ აღმსარებლები.
ერთმა კეთილმსახურმა მოქალაქემ, თეოდოტემ მმართველი სისასტიკეში ამხილა. ამისთვის ისიც შეიპყრეს, ხეზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით აწამეს. შემდეგ სამივე მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ორი კვირის თავზე ტირისმა გზა განაგრძო და მოწამეები თან გაიყოლა. ქალაქ ადრიანოპოლში უსჯულომ კიდევ უფრო მძაფრი სატანჯველები დაატეხა მათ თავს. უფლის რჩეულებს ნუგეში სცა ზეციდან გარდამოვლენილმა ხმამ, რომელიც მათ სიმტკიცისა და მოთმინებისკენ მოუწოდებდა. რამდენიმე დღის წამების შემდეგ მარტვილები ცირკში მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მაქსიმესა და თეოდოტეს მათზე მიშვებულმა დათვმა ალერსი დაუწყო. წმიდა ასკლიადა ხარზე მიაბეს, მაგრამ პირუტყვმა ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა. გააფთრებულმა ტირისმა მათთვის თავის მოკვეთა ბრძანა. გამოხდა ხანი და მარტვილთა წმიდა სისხლში ხელგასვრილ ხელისუფალს ღვთის რისხვა დაატყდა თავს: სამსჯავროზე მჯდომი, მეხმა განგმირა.
წმიდათა: მაქსიმეს, თეოდოტესა და ასკლიადას (ასკლიპიოდოტას) ხსენება 19 თებერვალსაც აღესრულება.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა პორფირისა (361)
მოწამისა პორფირისა (361)
წმიდა მოწამე პორფირე იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამა. პორფირე მსახიობი იყო და იმპერატორის დაბადების დღეს თეატრში ასრულებდა როლს, რომლის მიხედვითაც ნათლისღების საიდუმლო აბუჩად უნდა აეგდო; მაგრამ როცა პიესის მსვლელობის დროს ნეტარი წყალში ჩაეშვა და წარმოთქვა: „ნათელს იღებს მონა ღვთისა პორფირე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა მასზე და, წყლიდან ამოსულმა, აშკარად აღიარა ქრისტიანობა. იულიანემ იქვე ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. ეს მოხდა ქალაქ ეფესოში 361 წელს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
პირველმოწამისა და პირველდიაკონისა სტეფანესი (პოვნა წმ. ნაწ. 415)
პირველმოწამისა და პირველდიაკონისა სტეფანესი (პოვნა წმ. ნაწ. 415)
პოვნა ნაწილთა მღვდელმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი აღესრულა 415 წელს. ეკლესია წმიდა სტეფანეს წელიწადში კიდევ ორჯერ იხსენიებს: 2 აგვისტოს და 27 დეკემბერს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა ფილოთეოზ ხუცისა, მცირე აზიელისა, სასწაულთმოქმედისა (X)
ღირსისა ფილოთეოზ ხუცისა, მცირე აზიელისა, სასწაულთმოქმედისა (X)
ღირსი ფილოთეოს ხუცესი მცირე აზიის სოფელ მრავინოდან იყო. იგი სასწაულთქმედების ნიჭით იყო დაჯილდოებული ღვთისაგან. მიიცვალა არა უგვიანეს X საუკუნისა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.