ხორცნი განლიე მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა, და…
კონდაკი
ხორცნი განლიე მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა, და შემოქმედისა შენისა მიმართ ვედრებითა ცოდვათა შენთა მისატევებელად, ხოლო მიიღე სრულიად შენდობაი შეცოდებათა და გვიჩვენე ჩუენცა გზაი იგი შენდობისა სინანულითა.
ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491)
ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491)
ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს. მათ ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა, მაგრამ ეშმაკის მანქანებით წმიდა თეოდორა საშინელ ცოდვაში ჩავარდა. ჭაბუკმა, რომელსაც ძალიან მოსწონდა თეოდორა, ერთი ცრუ და მლიქვნელი დედაკაცის დახმარებით შეძლო მისი ცდუნება. თეოდორამ უღალატა მეუღლეს და, როცა „განსრულდა ცოდვაჲ იგი“, მხოლოდ მაშინ გულისხმაყო, „რაჲ-იგი შეამთხჳა სულსა თჳსსა“; გამთენიისას დედათა მონასტერს მიაშურა და დაუფარავად აღიარა თავისი ცოდვა. ამის შემდეგ, ყოვლადმოწყალე ღმერთის მსასოებელმა გადაწყვიტა, მონაზვნური ღვაწლით, ლოცვითა და მარხვით განეწმინდა შებილწული სული. მან ფარულად დატოვა ოჯახი, მამაკაცის სამოსელი გადაიცვა და მამათა მონასტერს მიადგა, რადგან ეშინოდა, დედათა მონასტერში ქმარს არ მიეკვლია მისთვის. იღუმენმა, მოსულის სიმტკიცე რომ გამოეცადა, სავანის ეზოშიც არ შეუშვა ნეტარი. თეოდორამ კარგად უწყოდა, რომ ამ უდაბურ ადგილას მხეცები მრავლად იქნებოდა, მაგრამ უდრტვინველად დარჩა ბჭეებთან ღამის სათევად. უფალმაც უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. დილით წმიდანი ფეხებში ჩაუვარდა იღუმენს, ალექსანდრიელ თეოდორედ წარუდგა და საძმოში მიღება სთხოვა: „სინანულად და ტირილად მოსრულ ვარ ცოდვათა ჩემთათჳს“. იღუმენიც დარწმუნდა მის გულწრფელობაში და დათანხმდა.
გამოცდილ ბერებსაც კი აკვირვებდა თეოდორას ფიცხელი ღვაწლი, მორჩილება და მოთმინება: იგი გულმოდგინედ რწყავდა ნარგავებს, ფქვავდა ხორბალს, აცხობდა პურს, საზრდელს ამზადებდა ძმებისთვის... ღამით კი, მუხლმოყრილი, მხურვალედ ლოცულობდა და უფლისგან ცოდვათა მიტევებას ითხოვდა. ერთხელ წმიდანი ალექსანდრიაში გაგზავნეს ხორბლის საყიდლად. ქალაქიდან გამობრუნებულ თეოდორას შემოაღამდა, წინამძღვრის კურთხევით, აქლემები ენატოსის სავანის სასტუმროში დააბინავა, თვითონაც იქ დარჩა და აქლემების გვერდით მიიძინა. როცა ყველამ დაიძინა, წმიდანს მისი სილამაზით მოხიბლული, მონასტერში სტუმრად მყოფი იღუმენის ასული მიეახლა და შესთავაზა: „ჭაბუკო, განისუენე ჩემ თანა!“ როცა პასუხად უარი მიიღო, განხურვებულმა, სხვა სტუმართან შესცოდა.
ექვსი თვის შემდეგ იღუმენმა შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი ფეხმძიმედ იყო, ასულმა კი მაცდუნებლად თეოდორე მონაზონი დაასახელა. მამამ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა იმ სავანის წინამძღვარს, სადაც ნეტარი დედა მოსაგრეობდა; ამ უკანასკნელმა კი თეოდორას აუწყა, რაც ედებოდა ბრალად. „შემინდვე, მამაო, რამეთუ მე არა მიც საქმე ესევითარსა ზედა“, - უპასუხა წმიდანმა და წინამძღვარმაც, რომელიც კარგად იცნობდა სულიერ შვილს, უსიტყვოდ ირწმუნა მისი ნათქვამი. როცა მეძავმა ჩვილი შვა, ენატოსელმა ბერებმა იგი მიიყვანეს იმ მონასტერში, სადაც თეოდორა ცხოვრობდა და ძმებს არაწმიდა ცხოვრებისათვის ყვედრება დაუწყეს. ამჟამად თავად იღუმენმაც ცილისწამება სიმართლედ ჩათვალა და საშინლად განრისხდა წმიდა დედაზე. ახალშობილი თეოდორას ჩააბარეს და უპატიოდ გააძევეს სავანიდან. უფლის რჩეულმა სიმდაბლით იტვირთა ახალი განსაცდელი და იგი უწინდელი ცოდვის სასყიდლად ჩათვალა. ნეტარი ყრმასთან ერთად მონასტრის მახლობლად, ტალავარში დასახლდა. მწყემსები რძეს აწვდიდნენ მას ბავშვისთვის, თავად თეოდორა კი ბალახეულით იკვებებოდა და ზღვის მლაშე წყალს სვამდა. ასე განვლო შვიდმა წელმა. „და ფრჩხილნი მისნი შეიქმნეს ვითარცა ვეფხისანი, და თმანი მისნი ვითარცა ლომისანი, და ყოველნი ასონი მისნი ყვითლად გარდაიქცეს სიცხითა დღისაჲთა, ყინელითა და ცუარითა ღამისაჲთა“. ბოროტი საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს ნეტარს, წმიდა მოსაგრე კი ახოვნად წინააღუდგებოდა მას. ბოლოს, მონასტრის ბერების თხოვნით, იღუმენმა თეოდორა დააბრუნა სავანეში, სადაც იგი ორი წელი დაყუდებით ცხოვრობდა და ყრმას ღვთისმოშიშებით ზრდიდა.
ერთ ღამეს იღუმენმა სასწაულებრივი ხილვით ანგელოზთა და წმიდა მოწამეთა შორის იხილა „დედაკაცი დიდებითა გამოუთქუმელითა“, რომელიც მისთვის წინასწარ განმზადებულ ოქროს ტახტზე დაჯდა. თანმხლებმა ანგელოზებმა კი უთხრეს: „ესე არს მონაზონი შენი თეოდორე, რომელი ღუაწლითა განილია...“ გაოცებული წინამძღვარი ძმებთან ერთად მივიდა ბერის სენაკში, რომელიც ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილიყო და „ვითარცა განიხილეს, პოეს, რამეთუ დედაკაცი იყო იგი, და განცჳფრდეს და შიში დაეცა მათ ზედა“. მალე ენატოსელმა ბერებმაც შეიტყვეს, რომ საშინელი ცილისწამებით ჰქონდათ სულები დამძიმებული, თავზარდაცემულებმა, მუხლი მოიყარეს წმიდა ცხედრის წინაშე და შენდობა ითხოვეს. ცნობამ წმიდა მოსაგრის შესახებ თეოდორას მეუღლემდეც მიაღწია. ისიც ბერად შედგა, თეოდორას სენაკში დასახლდა და ფიცხელი მოღვაწეობით სათნოეყო უფალს. ნეტარი დედის შვილობილიც მის გზას გაჰყვა და შემდგომში ამ სავანის იღუმენი შეიქნა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა: დიმიტრისა, ცოლისა მისისა ევანთიასი, და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I)
მოწამეთა: დიმიტრისა, ცოლისა მისისა ევანთიასი, და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I)
წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე. წმიდა მოწამე დიმიტრი ჰელესპონტის სკეფსეოსის მმართველი იყო მაშინ, როცა აქ კორნილიოს ასისთავი (ხს. 13 სექტემბერს) ჩავიდა სახარების ქადაგებით. წმიდა კორნილიოსმა ქალაქის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს იგი და მმართველ დიმიტრის მიჰგვარეს. ეს უკანასკნელი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, ჭეშმარიტი ღვთის გმობაზე დაეყოლიებინა უფლის რჩეული, ბოლოს კი, უღონოქმნილმა, მისი წამება დაიწყო. კორნილიოსი მხნედ ითმენდა სატანჯველებს, თან ქალაქის თავს მოუწოდებდა, განდგომოდა წარმართულ ცრუსარწმუნოებას და ქრისტიანობაზე მოქცეულიყო. როცა მარტვილი საკერპოში მიიყვანეს, მან ლოცვით დაარღვია ბომონი მასში მდგარი კერპებითურთ. ყოველივე ამან დიმიტრი დაარწმუნა კორნილიოსის ღმერთის ყოვლისშემძლეობაში და მთელი ოჯახით მოინათლა. წარმართებმა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის ახალმოქცეულები საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შიმშილით დახოცეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა დიოდორე და დიდიმე ასურელთა
მოწამეთა დიოდორე და დიდიმე ასურელთა
წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა იასი, სპარსეთს ვნებულისა (362-364)
მოწამისა იასი, სპარსეთს ვნებულისა (362-364)
წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან (ხს. 4 აგვისტოს), რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს (იხ. 4 აგვისტოს საკითხავი).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა ევფროსინესი (IX)
ღირსისა ევფროსინესი (IX)
ღირსი ევფროსინე პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გონებით კი ღმერთს არ განეშორებოდა. გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს. მხურვალე მლოცველი და მკაცრი მმარხველი ევფროსინე ფარული ღვაწლით მეტად წარემატა სულიერებაში და სათნოეყო უფალს, რაც თავად ზეცათა მეუფემ გაუცხადა მონასტრის ძმობას: სავანის ერთმა ხუცესმა ლოცვაში ითხოვა, მართლებისთვის განმზადებული საუკუნო ნეტარების ხილვის ღირსი გამხდარიყო. ღმერთმაც შეისმინა მისი და ძილში სამოთხის ენით აუწერელი მშვენიერება დაანახა. უეცრად მღვდელ-მონაზონმა თავისი მონასტრის ბერი - მზარეული ევფროსინე შენიშნა და ამგვარი შეხვედრით გაკვირვებულმა ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდიო. „ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით!“ - მიუგო წმიდანმა. ხუცესი ჩაეკითხა, თუ გაქვსო კადნიერება, მიბოძო რამე ამ ბაღიდან. ევფროსინემ კი შესთავაზა აერჩია, რაც სურდა. მღვდელმა მშვენიერ ვაშლებზე მიუთითა. მდაბალმა მონაზონმა სამოთხის ხის სამი ნაყოფი მოწყვიტა, ტილოში გაახვია და თანამოსაუბრეს გაუწოდა. ცისკრის ლოცვამდე გაღვიძებულმა მამამ ჩვენება ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა, მაგრამ მალე მისი ყურადღება ტილოში გახვეულმა საოცრად სურნელოვანმა ვაშლებმა მიიპყრო. ხუცესმა ტაძარში ღირსი ევფროსინე მოძებნა და სთხოვა, გაემხილა, სად იყო ღამით. ნეტარმა მიუგო: „მეც იქ ვიყავი, სადაც შენ. უფალმა შეგისრულა სათხოვარი, სამოთხე დაგანახა და მისი ნაყოფებიც გადმოგცა თავისი უღირსი მონის - ევფროსინეს ხელით“. ცისკრის შემდეგ ხუცესმა ეს ყოველივე ძმებს მოუთხრო, მათ წინაშე წმიდა ევფროსინეს - ღვთის ფარული სათნომყოფლის სულიერი სიმაღლე წარმოაჩინა და სამოთხის ნაყოფებიც აჩვენა. განაგონით შეძრულმა ბერებმა სამზარეულოს მიაშურეს, რომ თაყვანი ეცათ წმიდა მამისთვის, მაგრამ იგი ვერსად იპოვეს: ნეტარი განერიდა კაცთამიერ დიდებას და დატოვა სავანე. ძმებისთვის უცნობი დარჩა, სად გაიხიზნა მათი თანამოღვაწე, მაგრამ ის კი მარად ახსოვდათ, რომ ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით, ევფროსინესთვის სამოთხის ბჭეები განხმული იყო და ცხოვნებულები მას იქ შეხვდებოდნენ. სამოთხის ვაშლებს ბერები სასოებით ინახავდნენ და პატარ-პატარა ნაწილებად არიგებდნენ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებლად.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა სილუანე ათონელისა (1938)
ღირსისა სილუანე ათონელისა (1938)
ღირსი სილოანე ათონელი (ერობაში სვიმეონი) 1866 წელს დაიბადა ტამბოვის გუნერნიის სოფელ შოვსკში, გლეხის, იოანე ანტონოვის ოჯახში. ნეტარმა სიჭაბუკეშივე გამოთქვა ამსოფლიდან განდგომისა და კიევო-პეჩორის ლავრაში ბერად აღკვეცის სურვილი, მაგრამ მისი კურთხევა ვერ მიიღო. მშობელმა დაჟინებით მოსთხოვა ძეს, ჯერ სამხედრო სამსახურში ჩამდგარიყო და შემდეგ აერჩია ცხოვრების გზა.
სვიმეონმა სანკტ-პეტერბურგში დაიწყო სამსახური და სამაგალითო, კეთილსინდისიერი მეომარი გახდა. არმიაში განსაკუთრებული სიცხადით გამოვლინდა ნეტარის სიბრძნე და სიმშვიდე. ამ ხანებში სასწაულებრივ გაცხადდა მისი მომავლის სამოღვაწეო ადგილიც - ათონის წმიდა მთა. სამხედრო სამსახურის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე სვიმეონმა გადაწყვიტა მამა იოანე კრონშტადტელის ლოცვა-კურთხევა მიეღო, მაგრამ ვერ ჰპოვა იგი წერილი დაუტოვა: „მამაო, მონაზვნობა მსურს, ილოცეთ, რომ სოფელმა არ დამაბრკოლოს“. უკვე მომდევნო დღეს ყაზარმაში წმიდანმა თითქოს ცხადად შეიგრძნო ჯოჯოხეთის საშინელება და ამ დროიდან მოყოლებული, სადაც არ უნდა წასულიყო, ეს განცდა არ შორდებოდა.
1892 წლის შემოდგომაზე ღირსი მამა ათონზე ჩავიდა და წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მორჩილად შედგა. თავდაპირველად იგი წისქვილში გაამწესეს, რასაც იკონომოსის, სახელოსნოებისა და სურსათ-სანოვაგის საწყობის განმგებლის შრომატევადი მსახურება მოჰყვა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 1896 წელს მან დიდი სქემა შეიმოსა.
მოსაგრეობის პირველიდან უკანასკნელ დღემდე ღირსი სილოანე საკუთარი ნების სრული მოკვეთის მაგალითს იძლეოდა. „აი, ცხონების ყველაზე მოკლე და ადვილი გზა: იყავი მორჩილი, თავშეკავებული, ნუ განიკითხავ და გონება და გული ბოროტი გულისთქმებისაგან დაიცავი; ნუ განიშორებ ფიქრს, რომ ყოველი ადამიანი კეთილია და უფალს ყველა მათგანი უყვარს. მაშინ სულიწმიდის მადლი დაივანებს შენში და იტყვი: „მოწყალეა უფალი, მაგრამ თუ შენ განიკითხავ, დრტვინავ და თავნება ხარ, ბევრიც რომ ილოცო, სული დაგიცარიელდება და იტყვი: „დამივიწყა უფალმა“. მაშინ, როცა შენ კი არ დავიწყნიხარ უფალს, თავად დაგავიწყდა, რომ მორჩილი უნდა იყო. ამიტომაც დაგტოვა ღვთის მადლმა და არ მკვდირობს შენში. მორჩილ სულში ის ადვილად ისადგურებს და სიმშვიდე და უფალში განსვენება მოაქვს თან“, - ამბობდა იგი.
წმიდა მამის ლოცვას სულ უფრო და უფრო მეტად ახლდა თან მწუხარება ამ სამყაროს გამო, რომელიც არ სცნობდა უფალს.
წმიდა სილოანე ათონელი გარდაიცვალა 1938 წლის 11 სექტემბერს. მისი წმიდა ნაწილები ათონზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.
რუსეთის გაქრისტიანებიდან ათასი წლის თავზე კონსტანტინეპოლის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უფლის სათნომყოფელი წმიდათა დასში შერაცხა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.