გულანი
საცდელი · 1.11.1
19 აგვისტო 1 / 5ქვეყნიერი წესი დიდებისა დაუტევე, და ზეცათა მეუფისა…

19 აგვისტო

თვენი

წმინდა მოწამე ანდრია სტრატილატი (+284-305) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 5 წთ

ქვეყნიერი წესი დიდებისა დაუტევე, და ზეცათა მეუფისა…

ტროპარი

ქვეყნიერი წესი დიდებისა დაუტევე, და ზეცათა მეუფისა დაიმკვიდრე, სისხლთა წვეთითა, ვითარცა ყოვლადსაკვირველითა ქვითა, უხრწნელი გვირგვინი შეიმკვე, და ქრისტეს მიმართ მიიწოდენ კრებული ღვაწლისა მძლეთა, გუნდთთა თანა ანგელოზთასა დაუვალი მზე, ქრისტე, მოიპოვე, წმიდაო ანდრია სტრატილატო, მას ევედრე თანავნებულთა შენთა თანა მარადის, რათა აცხოვნეს სულნი ჩვენნი.

წინაშე უფლისა ჰსდგა შენ, ვითარცა ვარსკვლავი წინამსრბოლი…

კონდაკი

წინაშე უფლისა ჰსდგა შენ, ვითარცა ვარსკვლავი წინამსრბოლი მზისა, და საუნჯედ გულის სათქმელად იხილვე სასუფეველისა, სიხარულითა გამოუთქმელითა აღვსებული, და უკვდავსა მეუფესა, დაუსრულებელსა შინა საუკუნესა, ანგელოზთაგან დაუცხრომელად საქებელსა, უგალობ, ანდრია სანატრელო, მათთანავე ევედრე დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.

მოწამისა ანდრია სტრატილატისა და მისთანა 2593 მოწამეთა (284-305)

მოწამისა ანდრია სტრატილატისა და მისთანა 2593 მოწამეთა (284-305)

წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი რომაელთა ლაშქარში მსახურობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. მას ნათლისღება ჯერ არ მიეღო, მაგრამ მტკიცედ სასოებდა იესო ქრისტეს. თავისი სიმამაცის, ძლევამოსილებისა და სამართლიანობისთვის ანდრია ყველას ძლიერ უყვარდა. როცა სპარსელთა ურიცხვმა მხედრობამ სირიის საზღვრები გადალახა, მმართველმა ანტიოქოსმა მომხდურებთან ბრძოლის ხელმძღვანელობა სწორედ მას დაავალა. ბრძოლის წინ წმიდანმა ასე მიმართა თავის მცირერიცხოვან მხედრობას: წარმართული ღმერთები - ეშმაკებია და მათგან შემწეობის მოლოდინი ამაოაო, და უქადაგა ქრისტე, ყოვლადძლიერი მეუფე ზეცისა და ქვეყანისა. სტრატილატის სიტყვებით სულიერ თვალებახელილმა მებრძოლებმა მაცხოვრის სახელი ახსენეს და ისე ეკვეთნენ მტერს. შედეგად - მცირე რაზმმა სპარსთა უთვალავ სპას სამარცხვინო დამარცხება აგემა და ქვეყნიდან განდევნა. ამ ლაშქრობამ წმიდა ანდრიას სახელი ბრწყინვალე დიდებით შემოსა. მოშურნეებმა მმართველს მოახსენეს, რომ იგი ქრისტიანი იყო და თავისი რაზმიც ქრისტიანობაზე მოაქცია. წმიდანი სამსჯავროზე იხმეს და საწამებლად გადასცეს. წამების შემდეგ მმართველმა ანტიოქოსმა წმიდანი სხვა მხედრებთან ერთად საპყრობილეში ჩაყარა და დიოკლეტიანეს აუწყა მომხდარის შესახებ - თავად ვერ გაბედა სახელგანთქმული გმირის სიკვდილით დასჯა. უსჯულო თვითმპყრობელმა იცოდა, თუ როგორ უყვარდა ლაშქარს წმიდა ანდრია, შეეშინდა ამბოხისა და ბრძანა, გაეთავისუფლებინათ მოწამეები, შემდეგ კი სხვადასხვა საბაბით ცალ-ცალკე მოეკლათ.

საპყრობილიდან გამოსულმა აღმსარებლებმა ქალაქ ტარსოსს მიმართეს და აქ ადგილობრივი მღვდელმთავრის, პეტრესა და ბერიის ეპისკოპოსის, ნონეს ხელით ნათელიღეს. შემდგომ ქრისტეს ტარიგებმა ტაქსანატად წოდებულ ადგილას გადაინაცვლეს. ანტიოქოსმა კილიკიის ოლქის მმართველ სელევკუსს ამცნო, დასწეოდა მეომრებს და თითქოსდა საბრძოლო დროშების დატევებისათვის, ყველანი ამოეჟლიტა. წმიდა ანდრია თავისი რაზმით მდევარს სომხეთის სანახებში, ქალაქ ტაბრში დაბანაკებული დაუხვდა - გამოცხადების მიხედვით ისინი სწორედ აქ უნდა აღსრულებულიყვნენ მოწამეობრივად. ანდრიამ თავის მხედრებს მოუწოდა, არ შეშინებოდათ სიკვდილის; ილოცა ყველასათვის, ვინც მათ ხსოვნას პატივს მიაგებდა და უფალს შესთხოვა, მაკურნებელი წყარო აღმოეცენებინა იმ ადგილას, სადაც მათი სისხლი დაიღვრებოდა. ამ ლოცვის დროს მოწამეები, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ მომხდურთ, მახვილებით აჩეხეს (+დაახლ. 302). იმავ წამს მიწიდან მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა. ეპისკოპოსები პეტრე და ნონე ღვთისმსახურებთან ერთად ფარულად მიჰყვებოდნენ ნეტარი ანდრიას რაზმის კვალს. უფალმა სწორედ მათ არგუნა მარტვილთა წმიდა ცხედრების დაფლვა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა: ტიმოთესი, აღაპისა და თეკლასი (დაახ. 304-306)

მოწამეთა: ტიმოთესი, აღაპისა და თეკლასი (დაახ. 304-306)

წმიდა მოწამენი ტიმოთე, აღაპი და თეკლე 304 წელს ეწამნენ. წმიდა ტიმოთე პალესტინის კესარიის ქალაქ ღაზაში დაიბადა. მან შეისწავლა საღმრთო წერილი და თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის წლებში ნეტარი მარტვილი შეიპყრეს და მმართველი ურბანოსის სამსჯავროზე წარადგინეს. წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს, ბოლოს კი, როცა მის მოუდრეკლობაში დარწმუნდნენ, ცეცხლში შეაგდეს და დაწვეს.

იმავე ქალაქში და იმავე წელს ეწამნენ ქრისტესთვის წმიდა აღაპი და თეკლა. ისინი მტარვალებმა ველურ მხეცებს დააგლეჯინეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

წმ. პიტირიმისა, პერმის ეპისკოპოსისა (1456)

წმ. პიტირიმისა, პერმის ეპისკოპოსისა (1456)

წმიდა პიტირიმმა, ველიკოპერმელმა ეპისკოპოსმა, მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმთავრის, გერასიმეს (+1441 წლის შემდგომ; ხს. 24 იანვარს) შემდეგ ჩაიბარა ველოკომპერის საეპისკოპოსო კათედრა. მანამდე ნეტარი მამა არქიმანდრიტის ხარისხში წინამძღვრობდა ჩუდოვოს მონასტერს. მოგვიანებით მან შექმნა კანონი მოსკოველი მიტროპოლიტის, წმიდა ალექსისა (ხს. 12 თებერვალს) და შეკრიბა ცნობები მისი ცხოვრების შესახებ. წმიდა პიტირიმის მოციქულებრივი ღვაწლი მალე დაეტყო ეპარქიაში შემავალ წარმართთა ცხოვრებას და ნელ-ნელა, მათი ქრისტიანობაზე მოქცევის პარალელურად, სისხლისღვრამაც იკლო.

წმიდანის ღვაწლით გაავებული ვოგულთა ტომის წარმართი მეთაური ასიკა, რომელიც თანდათან კარგავდა გავლენას ხალხზე, ერთხელ თავს დაესხა მღვდელმთავარს და სიცოცხლეს გამოასალმა. ორმოცი დღის განმავლობაში ესვენა წმიდა პიტირიმის გვამი პაპანაქება სიცხეში, მაგრამ ხრწნილება არ მიჰკარებია. იგი დაკრძალეს უსტ-ვიმის ხარების საკათედრო ტაძარში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.