გულანი
საცდელი · 1.11.1
7 აგვისტო 1 / 6მარხვითა აღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა…

7 აგვისტო

თვენი

ღირსმოწამე დომენტი სპარსი და ორნი მოწაფენი მისნი (+363) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 5 წთ

მარხვითა აღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა…

ტროპარი

მარხვითა აღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარისათა წარსწყმინდენ, ყოვლადსანატრელო, და კვალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე, და მრჩობლნი გვირგვინი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო დომენტი, მარადის სახსენებელო.

შეაიწრენ ხორცნი შენი და განიძარცვენ ქუეყანანი ზრახვანი…

კონდაკი

შეაიწრენ ხორცნი შენი და განიძარცვენ ქუეყანანი ზრახვანი, ღირსო მოწამეო დომენტი, და გამოსჩნდით დიდად წინამძღურად მონაზონთა, და არა შეუშინდი მეფისა გულისწყრომასა, რომელმან არა ინება თაყუანისცემაი ქრისტესი; ამისთვის აღესრულე ესრეთ მღაღადებელი: ვითარმედ ღმერთი არს ჩემ თანა და ვერ ვინ შემძლებელ არს ვნებად ჩემდა.

ღირსმოწამისა დომენტი სპარსისა და ორთა მისთა მოწაფეთა (363)

ღირსმოწამისა დომენტი სპარსისა და ორთა მისთა მოწაფეთა (363)

ღირსმოწამე დომენტი სპარსი იყო და წინაპართა ცრუსარწმუნოებას ერთგულებდა მანამ, სანამ სიყმაწვილეში ქრისტიანმა უარმა სახარების სწავლების ნათლით არ გაუნათა გონება. ამის შემდეგ ნეტარმა არ ისურვა სამშობლოში დარჩენა, სასაზღვრო ქალაქ ნიზიბიას მიაშურა (მესოპოტამიაში), ნათელიღო და ერთ-ერთ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარის მადლმოსილებამ შური აღუძრა სავანის მკვიდრთ, რის გამოც დომენტი განერიდა მათ და წმიდა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერს მიაშურა თეოდოსიპოლში. აქ წმიდანი მოღვაწეობდა მკაცრი ასკეტის, არქიმანდრიტ ნურველის ხელმძღვანელობით. დომენტის საკვირველი ღვაწლი რომ იხილა, ნურველმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ მოისურვა, ხუცესადაც დაედგინა, მაგრამ წმიდანმა თავი უღირსად ჩათვალა და სირიაში, ერთ უდაბურ მთაზე განმარტოვდა. აქ ნეტარი მამა ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა, შემდგომ კი გამოქვაბულში დამკვიდრდა ორ მოწაფესთან ერთად. დომენტიმ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ იმ მხარეში, სადაც ნეტარი მამა და მისი მოწაფეები მოღვაწეობდნენ, გაიარა სპარსელებთან საბრძოლველად მიმავალმა იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363). მისი ბრძანებით მხედრებმა მოძებნეს უფლის სათნომყოფელნი, შემდეგ კი, ერთი გადმოცემით, ქვებით ჩაქოლეს, სხვა ცნობით - მღვიმის შესასვლელი ამოქოლეს და შიგ ცოცხლად დამარხეს (+363).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა მარინისა და ასტერიოსისა (260)

მოწამეთა მარინისა და ასტერიოსისა (260)

წმიდა მოწამენი მარინ მხედარი და ასტერიოს სინკლიტიკოსი წარმართი იმპერატორის, გალიენუსის (260-268) ზეობაში აღესრულნენ.

წმიდა მარინი პალესტინის კესარიაში მსახურობდა და თავისი სიმამაცისა და სათნოებებისათვის თვით წარმართთა მხრიდანაც პატივისცემას იმსახურებდა. ახოვანი მეომარი ასისთავად დანიშნეს, მაგრამ ახალი ხარისხის მისაღებად საჭირო იყო ფიცის დადება წარმართულ ღვთაებათა სახელების მოხმობით. მარინმა მის წარმოთქმაზე მტკიცე უარი განაცხადა. მსაჯულმა წმიდანს სამი საათი მისცა მოსაფიქრებლად: თუ ურჩობას არ დაიშლიდა, სიკვდილი ელოდა.

სამსჯავროდან გასულ უფლის რჩეულს ეპისკოპოსი თეოტეკნი შეხვდა და ტაძარში შეიყვანა. მღვდელმთავარმა ნეტარს ჯერ სახარებაზე მიუთითა, შემდეგ კი ქამარში ჩამაგრებულ მახვილზე და უთხრა: „აირჩიე ან წიგნი ცხოვრებისა, რომელშიც ჩაიწერება შენი სახელი, როგორც ზეციური მეუფის მხედრისა, ან მახვილი, რომლითაც მიწიერ მეფეს ემსახურები“. მარინი ოდნავადაც არ შეყოყმანებულა - წმიდა სახარებისკენ გაიშვირა ხელი. თეოტეკნმა განამტკიცა, აკურთხა ნეტარი და უთხრა: „მიიღე ის, რაც ირჩიე“. ლოცვითა და მღვდელმთავრის კურთხევით მარტვილმა მსაჯულის წინაშე კვლავ უარი განაცხადა წარმართული ფიცის წარმოთქმაზე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს.

წმიდანის წამებას შეესწრო რომაელი სენატორი ასტერიოსი. იგი კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა ღმერთს, მტკიცე ქრისტიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ, ურყევად იდგა თავის სარწმუნოებაზე. ერთხელ, პალესტინაში ყოფნისას ნეტარი ფილიპიის კესარიაში ჩავიდა. აქ, ჩვეულებისამებრ, წარმართული მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. შეწირულ მსხვერპლს კერპში ჩაბუდებული ეშმაკი უჩინარს ხდიდა, რაც უღმრთოებს დიდ სასწაულად მიაჩნდათ. წმიდა ასტერიოსმა ცრუღვთაების ქანდაკიდან განდევნა ბოროტი სული.

როცა წმიდა მარინი სიკვდილით დასაჯეს, ასტერიოსმა გაიხადა სენატორის მდიდრული შესამოსელი, მიწაზე გაფინა, შიგ მარტვილის პატიოსანი ცხედარი გაახვია, საკუთარი მხრებით მიაბრძანა საფლავამდე და დაფლა. ამ საქციელისათვის იგი შეიპყრეს და თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ქრისტეს ტარიგმა 260 წელს შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა ორესი (დაახ. 390)

ღირსისა ორესი (დაახ. 390)

ღირსი ორე მონაზონი სიჭაბუკეშივე განერიდა ამსოფელს, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და მრავალი წელი ცხოვრობდა აქ განდეგილი ბერის მკაცრი ცხოვრებით. უკვე მხცოვან მოსაგრეს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალი ანდობდა მას ზრუნვას იმ ადამიანთა სულებზე, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ცხოვრებას მოისურვებდნენ. უფალმა მას საღვთო წერილის კითხვის ნიჭი მიმადლა, თუმცა ბავშვობიდანვე წერა-კითხვის უცოდინარი იყო. თანდათან ღირსი ორეს ირგვლივ შემოიკრიბა მრავალრიცხოვანი ძმობა, დაარსდა სავანე, ნეტარი კი მისი სულიერი წინამძღვარი შეიქნა. იგი ხშირად მოუთხრობდა მოწაფეებს იმ საცთურთა შესახებ, რომლებიც თავს ატყდებათ ხოლმე განმარტოებით მოღვაწე ბერებს, მაგრამ ყველაფერს ისე ყვებოდა, თითქოს ამის შესახებ ნაცნობ მეუდაბნოეთა ცხოვრებიდან უწყოდა მხოლოდ. ღირსი მამა ფარავდა თავის ღვაწლს, ის თავის მოწაფეთა ყველა აზრსა და მოქმედებას ჭვრეტდა; ვერავინ ბედავდა მის მოტყუებას. ღრმა მოხუცებულობას მიღწეულმა წმიდანმა რამდენიმე მონასტერი დააარსა, რომლებშიც ათასზე მეტი მონაზონი მოსაგრეობდა. ნეტარი ორე დაახლოებით 390 წელს მიიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

ღირსმოწამისა პოტამია საკვირველთმოქმედისა

ღირსმოწამისა პოტამია საკვირველთმოქმედისა

წმიდა დედა პოტამია საკვირველთმოქმედი ქრისტეს აღსარებისთვის მახვილით განგმირეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.