გულანი
საცდელი · 1.11.2
28 ივლისი 1 / 6პატიოსანნი დიაკონნი და თვიტ მხილველნი სიტყუისა, და…

28 ივლისი

თვენი

სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენ დიაკონნი (I) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 9 წთ

პატიოსანნი დიაკონნი და თვიტ მხილველნი სიტყუისა, და…

კონდაკი

პატიოსანნი დიაკონნი და თვიტ მხილველნი სიტყუისა, და ჭურნი რჩეულნი გამოსჩნდით სარწმუნოებისა ნიკანორა და პროხორე, პარმენა და ტიმონა დიდებულნო; ამისთვის დღეს საღმრთოდა ხსენებსა თქუენსა ვდღესასწაულობთ და სიხარულითა გულისათა თქუენ გნატრით.

ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ცოდუითა მოწყლულნი ესე, სასწაულთმოქმედსა…

ტროპარი

ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ცოდუითა მოწყლულნი ესე, სასწაულთმოქმედსა მოალერსესა ხატს მისსა ამბორს-უყოფდეთ და ცრემლით უგალობდეთ: დედუფალო, შეიწირენ უღირსთა მონათა შენთა ლოცუანი და მოგუანიჭე ჩუენ, მვედრებელთა შენთა, დიდი წყალობაჲ.

ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩუენ ცოდუილნი და ესე…

ტროპარი

ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩუენ ცოდუილნი და ესე გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისაჲთ. ჰოი, დედუფალო წყალობითა შემწე მეყავ ჩუენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ შემეწიე, რამეთუ წავრწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდუათა ჩუენთასა, ნუ გარე მაქცევ მონათა ამათ შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა.

ღირსისა გიორგი მაშენებელისა (ათონელისა, 1033)

ღირსისა გიორგი მაშენებელისა (ათონელისა, 1033)

ღირსი გიორგი მაშენებელი იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი. როგორც ათონელ წმიდა მამათა ცხოვრების აღმწერელი გიორგი მთაწმინდელი (ხს. 27 ივნისს) მოგვითრობს, მონასტრის პირველმა იღუმენმა, ღირსმა იოანემ (ხს. 12 ივლისს), თავის შვილს, ღირს ექვთიმეს (ხს. 13 მაისს) გადააბარა წინამძღვრობა და თან დაუბარა: „შემდგომად თავისა... რაჲთა გიორგის დაუტეოს მამობაჲ, რომელ იგი თვისივე იყო მათი, კაცი სახელოვანი და ფრთხილი ჴორციელთა საქმეთა ზედა“. ზოგი ცნობით, გიორგი იოანეს ძმისშვილი იყო.

ექვთიმეს გადადგომის შემდეგ გიორგიმ აქტიურად დაწყო მონასტრის მართვა. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ივერონის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა. ტაძრის წარწერაში ნათქვამია: „მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი და უკუნისამდე არა შეიძრნენ. გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი“.

ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე, „დიდად წარჩინებულ იქმნა გიორგი წინაშე რომანოზ მეფისა და დიდად საკუთარ და პატივცემულ“, შემდეგ კი „თუ ვითარ ექმნა, ღმერთმან უწყის, განდგომილებაჲ და ორგულებაჲ დასწამეს“, კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს და იქვე აღესრულა.

გიორგის გადასახლება საბედისწერო გახდა ივერთა ლავრისათვის, ცილისმწამებლებმა ახალი საბაბი იპოვეს, „საბერძნეთის დიდებულნი და პალატისა წარჩინებულნი ყოველნი მოდრიკნეს“, და ათონელ ქართველებს მძიმე ვითარება შეუქმნეს. ამ დროს გაიძარცვა და განადგურდა „მამათა ჩვენთა მოგებული“, სისხლითა და ოფლით მოპოვებული მონასტრის სიმდიდრე.

კეთილმსახურ და ქრისტესმოყვარე იმპერატორ მიხეილის დროს ივერთა მონასტერს ისევ დაუბრუნდა კუთვნილი ქონება და ძველებური სიტკბოება მოეფინა სავანის ძმობას.

ქართველმა ბერებმა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონს გადაასვენეს.

ათონის ივერთა მონასტერში წმიდა გიორგი მაშენებლის ხსენება იოანესა და ექვთიმესთან ერთად აღესრულება.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

70-თაგანთა მოციქულთა: პროხორესი, ნიკანორასი, ტიმონასი და პარმენ დიაკონთა (I)

70-თაგანთა მოციქულთა: პროხორესი, ნიკანორასი, ტიმონასი და პარმენ დიაკონთა (I)

წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენი ქრისტეს ეკლესიის პირველი დიაკვნები იყვნენ.

„საქმე მოციქულთაში“ (6;1-6) მოთხრობილია, რომ ქრისტიანთა გამრავლებასთან ერთად ბერძენთა შორის წარმოიშვა დრტვინვა ებრაელთა მიმართ, რამეთუ „უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ“. მაშინ ათორმეტთა მოციქულთა მოუწოდეს მოწაფეთა სიმრავლეს და მიმართეს: „აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყჳსასა განვეკრძალნეთ“. შვიდ რჩეულს შორის აღმოჩნდნენ პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენიც. „და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი“.

წმიდა დიაკვნები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას აღესრულნენ, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს ერთად აღნიშნავს მათ ხსენებას.

წმიდა პროხორე თავდაპირველად მოციქულ პეტრეს თანმხლები და თანაშემწე იყო და მის მიერვე იკურთხა ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსად. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ნეტარი მამა წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ახლდა თან სამოციქულო მოგზაურობებში, მასთან ერთად იყო გადასახლებული კუნძულ პატმოსზეც. აქ პროხორემ ჩაწერა გამოცხადება სამყაროს აღსასრულის შესახებ (აპოკალიფსი), რომლის ხილვის ღირსად თავისი უსაყვარლესი მოწაფე გახადა ღმერთმა. ნიკომიდიაში დაბრუნების შემდეგ წმიდა მამა დაუცხრომლად იღვწოდა გონებადაბინდულ წარმართთა ქრისტეს ნათლით განსანათლებლად და იქვე ჰპოვა მოწამეობრივი აღსასრული.

წმიდა ნიკანორი იყო ერთი იმ ორი ათას ქრისტიანთაგან, რომლებიც პირველმოწამე სტეფანესთან ერთად ამოხოცეს ებრაელებმა.

წმიდა ტიმონი არაბეთის ქალაქ ბოსტრის (ბასტრის) ეპისკოპოსი იყო. სახარების ქადაგებისთვის იუდეველებმა და წარმართებმა მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, გახურებულ ქურაშიც შეაგდეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა. რომის ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ტიმონ დიაკონი ჯვარზე აღესრულა.

წმიდა პარმენი გულმოდგინედ იღვწოდა სახარების სწავლების გასავრცელებლად მაკედონიაში. ერთი ცნობით, იგი სნეულებამ იმსხვერპლა, სხვა წყაროთა მოწმობით კი, ტრაიანეს (98-117) მეფობის უკანასკნელ წელს წამებით ამოჰხადეს სული.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა: იულიანესი (II), ევსტათი (დაახ. 316) და აკაკისა (დაახ. 321)

მოწამეთა: იულიანესი (II), ევსტათი (დაახ. 316) და აკაკისა (დაახ. 321)

წმიდა მოწამე იულიანე ანტონინუს პიუსის (138-161) მეფობის დროს ეწამა იტალიაში, კამპანიის პროვინციაში. მმართველმა ფლაბიანემ განკარგულება გასცა, მოეძებნათ ქრისტიანები და მის წინაშე წარედგინათ. სწორედ ამ დროს ჩავიდა იქ დალმაციიდან ქრისტიანი ჭაბუკი იულიანე და შემხვედრ მეომრებს თბილად მიესალმა: „მშვიდობა თქვენდა, ძმებო!“ პასუხად სადაურობა და აღმსარებლობა გამოჰკითხეს ნეტარს. მაცხოვრის სახელისთვის წამებისა და სიკვდილის მაძიებელმა ყმაწვილმაც დაუფარავად აღიარა ქრისტე. მხედრები გააოცა მისმა ვაჟკაცობამ, მაგრამ მაინც შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს, თან ეუბნებოდნენ: „ვნახოთ, მართლა გინდა კი ჯვარცმულისთვის სიკვდილი?!“

იულიანე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, სატანჯველის ბოლომდე დათმენის უნარი მიემადლებინა მისთვის. წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, იულიანე, მე შენთან ვიქნები და მოგანიჭებ ძალას და მხნეობას!“ ნეტარი ჭაბუკი დილეგში ჩააგდეს და შვიდი დღე უჭმელ-უსმელი ამყოფეს. უფლის ანგელოზი უზიდავდა საზრდელს და განამტკიცებდა აღმსარებელს.

მმართველმა ბრძანა, ხეზე მიეკრათ ჭაბუკი და ეგვემათ. ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვა დაიწყო და კვლავ ჩაესმა: „ნუ გეშინინ, იულიანე, მტკიცედ დეგ!“ ამის შემდეგ სულიერ ძალებგანახლებული მარტვილი ირგვლივ შემოჯარულ ბრბოს მიუბრუნდა: „სასმენელნი მომაპყარით, საბრალონო! თქვენივე ხელით ქმნილ კერპებს კი ნუ სასოებთ, ჭეშმარიტი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი სცანით!“ საოცარი ძალით წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა ოცდაათზე მეტი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. დილით, როცა იულიანეს წამება განაახლეს, ქალაქში ხმა გავარდა, სერაპისის ბომონი მასში აღმართული კერპითურთ დაიმსხვრაო. ყველანი გაოცდნენ, ქრისტიანებმა კი გაიხარეს და ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი. წარმართებმა მომხდარი იულიანეს ჯადოქრობას მიაწერეს და მოითხოვეს, დაეჩქარებინათ მისი სიკვდილით დასჯა. მტარვალებმა გადაწყვიტეს, დამსხვრეული ბომონის ადგილას მოეკლათ ქრისტეს ტარიგი. აღსასრულის წინ მან მუხლი მოიდრიკა, ილოცა და კიდევ ერთხელ შეიქნა ღირსი უტკბესი ზეციური ხმის გაგონებისა, რომელიც სასუფევლისკენ მოუწოდებდა.

წმიდა მოწამე ევსტათი მხედარი იყო. ქრისტეს აღიარებისთვის იგი შეიპყრეს და ქალაქ ანკვირიის მმართველს მიჰგვარეს. დაკითხვაზე წმიდანმა მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც მრავალგვარი სატანჯველი დაატეხეს თავს. ნეტარი დაუნდობლად გვემეს, ქუსლები გაუბურღეს, ბაწრით შეკრული მიათრიეს მდინარე საგკის (სანგარის) ნაპირამდე. აქ ევსტათი ხის ყუთში ჩაჭედეს და ზღვაში მოისროლეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა კიდობანი ნაპირზე გამორიყა. ამ სასწაულით შეძრწუნებულმა მმართველმა თავი დამარცხებულად იგრძნო, იძრო მახვილი და მოისწრაფა სიცოცხლე. ნეტარი ევსტათი გაბრწყინებული სულით შეერთო უფალს (+დაახლ. 316). მარტვილის წმიდა ნაწილები ქალაქ ანკვირიაში დაკრძალეს.

წმიდა მოწამე აკაკი ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. სამი მმართველი ამაოდ ცდილობდა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა იგი: მმართველმა ლიკინიუსმა სასტიკად აწამა წმინდანი. შემდეგ კი მმართველ ტერენტიუსთან გაგზავნა. ამ უკანასკნელის ბრძანებით, ნეტარი ადუღებული კუპრითა და ქონით სავსე ქვაბში ჩააგდეს, საიდანაც იგი სრულიად უვნებელი ამოვიდა. წმიდანი წარმართულ ტაძარში შეიყვანეს, მაგრამ მისი ლოცვით შიგ აღმართული ყველა კერპი შეიმუსრა, უფლის რჩეული მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნეტარს არც ნადირებმა დააკარეს პირი. ამის შემდეგ ქრისტეს ტარიგი გახურებულ ღუმელში შეაგდეს და, როცა, ყველას გასაოცრად, არც ახლა დაუშავდა რამე, მმართველი თავად მიუახლოვდა ქურას იმის გასარკვევად, საკმარისად იყო თუ არა იგი გახურებული. უფალმა, რომელიც მადლის საბურველით იფარავდა თავის რჩეულს, უსჯულოს რისხვა დაატეხა თავს: მას, დაფუფქულს, იქვე აღმოხდა სული. მაშინ წმიდა აკაკი ვინმე პოსიდონიუსს გადასცეს საწამებლად, რომელმაც მძიმე ბორკილები დაადო და ქალაქ მილეტში გაგზავნა. ღვთის სათნომყოფელმა ლოცვის ძალით აქაც შემუსრა კერპები. ბოლოს გაავებულმა მტარვალებმა აკაკის თავი მოჰკვეთეს (+დაახლ.321). ხუცესმა ლეონტიმ მისი წმიდა ნეშტი ქალაქ სინადში (მცირე აზია) მიაბარა მიწას.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.