ვითარცა რა მღვდელმთავარი, ღმრთისმსახურებით სცხორებდი და გვირგვინი…
კონდაკი
ვითარცა რა მღვდელმთავარი, ღმრთისმსახურებით სცხორებდი და გვირგვინი მღუდელმოწამეობისა მიითვალენ, მსხვერპლი კერპთა დაშრიტე და იქმენ მწყემს კეთილი ქრისტეს სამწყსოსა, ნრძენო და მოძღუარ ჭეშმარიტ პანტელეიმონისა; ამისთვის პატივს-გცემთ შენ შესხმით მგალობელნი: გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან მარადის მეოზებითა შენითა ერმოლაოს, მამაო ჩუენო.
ჰოი, სანატრელო პარასკევა, ღვაწლით შემოსილო, სამართლად გეწოდა…
ტროპარი
ჰოი, სანატრელო პარასკევა, ღვაწლით შემოსილო, სამართლად გეწოდა სახელი ეგე, და სიბრძნითა შენითა შეუდეგ წესიერებით სახელსა მას, გარდაცვალებითა პირველისა სარწმუნოებისა შენისათა, დაემკვიდრე ზეცათა შვებასა, რომლისა-თჳსცა მიფენ სიმრთელესა ყოველთა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის.
მოვედით ვაქებდეთ ყოველნი ერთ ხმობით წმიდასა პარასკევას…
კონდაკი
მოვედით ვაქებდეთ ყოველნი ერთ ხმობით წმიდასა პარასკევას, რამეთუ სარწმუნოებით იღვაწა, და სასწაულითა განაბრწყინვა სოფელი, რამეთუ მან განაქარვა მაცთურისა დაბნელებული სიცბილი, და მორწმუნეთა თვისთა მიანიჭებს მადლთა უშურველად, რომელნი ვღაღადებთ: გიხაროდენ ღირსო და მრავალ-მოღვაწეო.
მღვდელმოწამისა ერმოლაოსისა, ერმიპესი და ერმოკრატესი - ნიკომიდიელ ხუცესთა (დაახ. 305)
მღვდელმოწამისა ერმოლაოსისა, ერმიპესი და ერმოკრატესი - ნიკომიდიელ ხუცესთა (დაახ. 305)
მღვდელმოწამენი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა (ხს. 28 დეკემბერს). ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ ქრისტიანობის ქადაგებას წარმართთა შორის. იმ სახლის წინ, სადაც ერმოლაოზი იმალებოდა, ხშირად მიმოდიოდა ხოლმე წარმართი ჭაბუკი პანტელეონი (წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონი; ხს. 27 ივლისს). პატიოსანმა მღვდელმა „ცნა სულითა, ვითარმედ ჭური რჩეული ყოფად არს იგი, ვითარცა პავლე მოციქული“, ერთ დღეს გამოეგება მას, „დაისუა იგი გუერდითა მისა“ და ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა. „ნეტარმან პანტელეონ, ვითარცა ქუეყანამან რაჲ კეთილმან“, შეიწყნარა „თესლი დათესული მას შინა“ და სიხარულით აღსავსე დაბრუნდა შინ. ამიერიდან იგი ყოველდღე მიდიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და „დაიმტკიცებდა მისგან სწავლასა სარწმუნოებისასა“. როცა დიდმოწამე პანტელეიმონი სამსჯავროზე წარადგინეს, მასთან ერთად შეიპყრეს მისი მოძღვარიც. წინა ღამეს ერმოლაოზს თავად უფალი იესო ქრისტე ეჩვენა და აუწყა, რომ ტანჯვისა და სიკვდილის დათმენა მოუწევდა მისი სახელისათვის. შემდეგ ერმიპე და ერმოკრატეც დაატუსაღეს. მტარვალებმა სამივე აღმსარებელს ქრისტეს უარყოფა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა და პანტელეიმონის გადაბირება მოსთხოვეს, მათ კი მტკიცედ მიუგეს: „ჩუენ ვევედრებით ღმერთსა, რაჲთა ჩუენ და იგი აღვესრულნეთ სახელისა მისისათუის, რამეთუ იგი არს სასოებაჲ ჩუენი“. წარმართები წამებითა და მოკვდინებით ემუქრებოდნენ უფლის რჩეულებს. უეცრად მიწა საშინლად შეიძრა, საკერპოში ცრუღმერთების ქანდაკები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. როცა ამის შესახებ იმპერატორს მოახსენეს, იგი საშინლად განრისხდა. მისი ბრძანებით პანტელეიმონი საპყრობილეში ჩააგდეს, ხუცესებს - ერმოლაოზს, ერმიპეს და ერმოკრატეს კი თავები მოჰკვეთეს (+305).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა მოწამისა პარასკევასი (138-161)
ღირსისა მოწამისა პარასკევასი (138-161)
ღირსმოწამე პარასკევა კეთილმორწმუნე მშობლების ერთადერთი ასული იყო. მან სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ უღმრთოს ცხონების გზაზე აყენებდა. როცა ამის შესახებ იმპერატორ ანტონინუს პიუსს (138-161) მოახსენეს, წმიდა პარასკევა შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება მსაჯულთა წინაშე. ვერც პატივისა და დიდების აღთქმამ, ვერც წამებისა და სიკვდილის მუქარამ ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. წმიდანს გახურებული მუზარადი დაახურეს თავზე, ჩააგდეს ქვაბში, სადაც გამლღვალი კუპრი თუხთუხებდა, მაგრამ სულიწმიდის მადლით დაცული მარტვილი უვნებელი გადარჩა. როცა იმპერატორმა ქვაბში ჩაიხედა, პარასკევამ მდუღარე ფისის რამდენიმე წვეთი შეასხა სახეში და იგი დაბრმავდა. სასოწარკვეთილმა თვითმპყრობელმა ქრისტეს ტარიგსვე სთხოვა შემწეობა და მანაც უფლისადმი აღვლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა უსჯულოს. ამის შემდეგ იმპერატორმა შეწყვიტა პარასკევას წამება და გაათავისუფლა იგი.
მიმოდიოდა რა სახარების ქადაგებით, ნეტარი დედა ჩავიდა ქალაქში, რომელსაც ასკლიპიოსი მართავდა. აქ იგი ისევ დაატუსაღეს, სამსჯავროზე წარადგინეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სიკვდილმისჯილი ერთ გამოქვაბულში დაბუდებულ საზარელ გველეშაპთან მიიყვანეს შესაჭმელად, მაგრამ მან ჯვრის გადასახვით მოაშთო ქვეწარმავალი. ამ სასწაულით შეძრულმა ასკლიპიოსმა და ქალაქის მცხოვრებლებმა ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხევალი გაათავისუფლეს. პარასკევამ ისევ განაგრძო მაცხოვნებელი სწავლების ქადაგება. ქალაქში, სადაც ვინმე ტარასი იყო მმართველად, ღირსი დედა შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს (+138-161).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.