მეუფისა ბრძანებასა შეუდეგ ვითარცა რჩეული მწყემსი, და…
კონდაკი
მეუფისა ბრძანებასა შეუდეგ ვითარცა რჩეული მწყემსი, და დასდევ სული შენი ქრისტეს ცხოვართათავის, მღვდელმოწამეო ათინოგენე: ამისთვის გაქებთ შენ და შენ თანა ათთა მოწაფეთა შენთა, რომელთა ივნეს შიშითა ღმრთისა შენთა მოძღურებათა წინამძღობითა, და ამის მიერ სათნო-ეყავ მეუფესა, და გვირგვინოსან-გყოთ თვენ ცხოვრებისა დასაბამისა მარჯვენითა, რომელსა ევედრენით ჩუენ ყოველთათვის.
მღვდელმოწამისა ათენოგენე ეპისკოპოსისა და ათთა მოწაფეთა მისთა (დაახ. 311)
მღვდელმოწამისა ათენოგენე ეპისკოპოსისა და ათთა მოწაფეთა მისთა (დაახ. 311)
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები.
მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მცირე მონასტერს მიაშურეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, რადგან მღვდელმთავარი იქ არ დახვდათ, მის ნაცვლად სავანის ძმები შეიპყრეს. როცა ათინოგენემ შეიტყო ამის შესახებ, სებასტიაში ჩავიდა. უსჯულოებმა თავად მწყემსმთავარიც დააპატიმრეს. საპყრობილეში ათინოგენე განამტკიცებდა სულიერ შვილებს. მისი მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამეებმა სამსჯავროზე ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს.
მოწაფეების დახოცვის შემდეგ ჯალათებმა ნეტარი ათინოგენეს წამება დაიწყეს. ღვთის შეწევნით მარტვილმა ღირსეულად დაითმინა საშინელი ტკივილები და ერთადერთი რამ ითხოვა - მონასტერში დაესაჯათ სიკვდილით. თავის სავანეში
მიყვანილმა წმიდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, რომ ქრისტეს სახელისთვის წამების ღირსი შეიქნა და მხურვალე ლოცვით ცოდვათა მიტევება გამოითხოვა ყველასთვის, ვინც მასა და მის მოწაფეებს მოიხსენებდა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა: პავლესი, ალევტინასი (ვალენტინასი) და ქიონიასი (308)
მოწამეთა: პავლესი, ალევტინასი (ვალენტინასი) და ქიონიასი (308)
წმიდა მოწამენი პავლე, ალევტინა და ქიონია ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმინეს (305-313) მიერ ქრისტიანთა დევნისას ისინი შეიპყრეს, ჯერ მძიმე სამუშაოები მიუსაჯეს ქვის სამტეხლოებში, შემდეგ კი პალესტინის კესარიაში წაიყვანეს ქრისტეს სხვა აღმსარებლებთან ერთად. სამსჯავროზე უსჯულოებმა ვერ შეძლეს, მოედრიკათ ღვთის რჩეულები, გამხეცებულებმა, ენით აუწერელი სატანჯველებით აწამეს ისინი, ბოლოს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. დები - ალევტინა და ქიონია ცეცხლში დაწვეს, პავლეს კი თავი მოჰკვეთეს (+308).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა ანტიოქე მკურნალისა (IV)
მოწამისა ანტიოქე მკურნალისა (IV)
წმიდა მოწამე ანტიოქე სებასტიელი მკურნალი იყო. იგი ქრისტიანობაზე ძმამ - წმიდა პლატონმა (ხს. 18 ნოემბერს) მოაქცია. როცა წარმართებმა შეიტყვეს, რომ ანტიოქე ჯვარცმული ღმერთის მოსავი იყო, სამსჯავროზე უხმეს და საშინლად აწამეს. მტარვალებმა მდუღარე წყალში ჩააგდეს ნეტარი, მაგრამ უვნებელი დარჩა; მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ისინიც თვინიერად გაუწვნენ ფეხთით... მოწამის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა, ბოლოს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს უფლის რჩეულს.
ანტიოქე მკურნალის სიკვდილით დასჯის მონაწილე - მხედარი კვირიაკე შეძრა წმიდა მარტვილის ახოვნებამ, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება. ამისთვის მასაც თავი მოჰკვეთეს (IV). წმიდა მოწამეები გვერდიგვერდ დაკრძალეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა იულია ქალწულისა (440 ან 613)
მოწამისა იულია ქალწულისა (440 ან 613)
წმიდა მოწამე იულია ქალწული კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
ერთხელ იულიას ბატონი გალიაში გაემგზავრა სავაჭროდ და წმიდა ქალწულიც თან გაიყოლა. როცა ხომალდი კუნძულ კორსიკას მიადგა, ვაჭარი წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ნაპირზე გადავიდა, იულია კი გემზე დარჩა. კორსიკელებმა შეიტყვეს, რომ სტუმრებს ქრისტიანი ქალწული ახლდა თან და მისი შესყიდვა ისურვეს, მაგრამ ბატონმა ვერ დათმო ერთგული მხევალი. მაშინ უღმრთოებმა დაათვრეს ვაჭარი და მისი მხლებლები. როცა მათ ჩაეძინათ, იულია გემიდან ჩაიყვანეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანეს. ნეტარმა უსჯულოთა მოთხოვნის შესრულებაზე მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს იგი: გვემდნენ, თმებს გლეჯდნენ, სხეულს უსერავდნენ... ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. როცა იულიას წმიდა სული ნაწამებ სხეულს გაეყარა, ბრბოს ნაწილმა შენიშნა, თუ როგორ მოსწყდა თოვლივით სპეტაკი მტრედი მის ბაგეებს, სხვებმა კი ნეტარის სხეულს გარშემორტყმული ნათლის ანგელოზები იხილეს ცხადად... საკვირველი ჩვენებებით დამფრთხალი უღმრთოები სწრაფად განერიდნენ იქაურობას, მარტვილის ცხედარი კი ჯვარზე დატოვეს. იმავე ღამეს მეზობელ კუნძულზე მდებარე მონასტრის ბერებს ღვთაებრივი გამოცხადებით ებრძანათ, თავიანთ სავანეში დაეკრძალათ უფლის სათნომყოფლის ნეშტი. ძმები ასეც მოიქცნენ.
763 წელს წმიდა იულიას უხრწნელი, სასწაულთმოქმედი ნაწილები ქალაქ ბრესჩიის დედათა მონასტერში გადააბრძანეს (ნეტარის მიცვალების თარიღი დანამდვილებით არაა ცნობილი: ერთი ცნობით ის 440 წელს აღესრულა, სხვა წყაროთა მოწმობით კი - 626 წელს).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.