ხედ ცხორებად სულსა შორის თვისსა სარწმუნოებაი შენი…
კონდაკი
ხედ ცხორებად სულსა შორის თვისსა სარწმუნოებაი შენი მოიგო, ქრისტე, მოწამემან შენმან და ხე გველისა საცთურისა წარსწყმინდა კადნიერებითა სულისათა, ამისთვისცა გვირგვინოსან-ჰყავ დიდებითა შენითა, მრავალმოწყალე.
ღირსისა გიორგი ღმერთშემოსილისა, ღირსი გიორგი მთაწმიდელის მოძღვრისა (XI)
ღირსისა გიორგი ღმერთშემოსილისა, ღირსი გიორგი მთაწმიდელის მოძღვრისა (XI)
წმიდა გიორგი ღმერთშემოსილი განდეგილობისა და ამა სოფლის შფოთისაგან განრიდების სურვილით საქართველოდან წავიდა და შავ, ანუ საკვირველ მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამ დროს იქ უამრავი ეკლესია-მონასტერი იყო. ყველა ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას და არცთუ იშვიათი იყო სხვადასხვა ეროვნების ბერმონაზონთა შორის გაუგებრობანი. წმიდა მამამ მიუვალი მთის ნაპრალებში ჰპოვა თავშესაფარი და იქ დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.
გიორგი დაყუდებულის წმიდა ცხოვრების შესახებ კარგად იცოდნენ იქაურმა მოღვაწე ბერებმა. დღეს ჩვენ მის შესახებ ძალზე ცოტა რამ ვიცით, მაგრამ კარგად ჩანს, რომ ის ერთდროულად იყო უდიდესი ასკეტიც და ქვეყნიური მოღვაწეც, ყოველგვარ ეროვნულზე ამაღლებულიც და უდიდესი პატრიოტიც. მის პიროვნებაზე საუკეთესოდ მეტყველებს მისი წოდება - ღმერთშემოსილი.
როდესაც საქართველოდან ფარულად წასულმა დიდმა მამამ, გიორგი მთაწმინდელმა (ხს. 27 ივნისს) შავი მთის მონასტრები მოილოცა და თაყვანი სცა წმიდა სვიმეონ მესვეტისა და მისი დედის, ნეტარი მართას საფლავებს, დაიწყო სულიერი მამის მოძიება, რადგან იცოდა, რომ თვინიერ მოძღვრისა „არა არს ცხოვრებაჲ სულისა და წარმართებაჲ მონაზონებისაჲ“. მან საკვირველ მთაზე იპოვა კლდის ნაპრალში დაყუდებული წმიდა ბერი, „ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ“. ეს იყო გიორგი ღმერთშემოსილი, ბერი „განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელ ზრუნვათაგან, გონებით ღმრთისა მიცვალებული“. წმიდა გიორგი შეყენებულმა დაიმოწაფა ღირსი გიორგი, მონასტერში დაამკვიდრა და სამი წელი შრომასა და მოღვაწეობაში, მარხვასა და მღვიძარებაში აცხოვრა.
სამი წლის შემდეგ ნეტარმა ბერმა იხილა, რომ მისი მოწაფე „ყოვლითა სრულქმნილ არს ჰასაკისა თანა სიბრძნითა და გონიერებითა“, სქიმით აკურთხა და „ამით სრულჰყო მონაზონობა მისი“.
მოძღვრის კურთხევით წმიდა გიორგიმ იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა და კვლავ შავ მთაზე დაბრუნდა. გიორგი დაყუდებულმა აკურთხა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელი, ათონზე წასულიყო და გაეგრძელებინა წმიდა ექვთიმე ათონელის (ხს. 13 მაისს) საქმე, ბერძნულიდან ქართულად ეთარგმნა საღმრთო წიგნები, თან შეურყეველი რწმენითა და სასოებით განმსჭვალული სიტყვებით გაამხნევა: „შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი (ექვთიმე ათონელი) სიკუდილისაგან იხსნა და ქართული ენაჲ განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყუარს ნათესავი ჩუენი“.
ღირსი გიორგი წმიდა ათონის მთაზე გაემგზავრა, მაგრამ წიგნების თარგმნის ნაცვლად შვიდი წლის მანძილზე ასრულებდა მორჩილის საქმეს. ეს რომ გიორგი შეყენებულმა გაიგო, ათონზე თავისი მოწაფე გაგზავნა და „დიდი მდურვა მიუმცნო“ გიორგის „არღა აღსრულებისათვის ნებისა მისისა“. გიორგი მთაწმინდელმა, თანახმად მოძღვრის სურვილისა, მღვდლობის ხარისხი მიიღო და შემდგომ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც მიჰყო ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ წმიდა გიორგი დაყუდებული განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, მან უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებას. მას მტკიცე კავშირი ჰქონდა ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთან, საიდანაც, მისი სიტყვით, „სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან ყოველი აღმოსავლეთი საღმრთოჲთა ნათლითა განაბრწყინვა და წმიდანი ეკლესიანი ქართლისანი ახლად შეამკვნა“. მან ლიტერატურული მოღვაწეობის გზაზე დააყენა წმიდა გიორგი მთაწმინდელი. მისივე თხოვნითა და დავალებით აღწერა გიორგი მცირემ თავისი მოძღვრის, წმიდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება. წმიდა გიორგი დაყუდებულს გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი ცხოვრება სვიმეონ საკვირველთმოქმედის დედის, მართასი, და წმიდისა ბარლაამ სიროკავკასიელისა.
წმიდა გიორგი დაყუდებული გარდაიცვალა 1068 წელს, თავისი სახელოვანი მოწაფის გარდაცვალების შემდეგ.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
მღვლდემოწამისა ათენგენე (ათინოგენე) სებასტიელი ეპისკოპოსისა (დაახ. 311)
მღვლდემოწამისა ათენგენე (ათინოგენე) სებასტიელი ეპისკოპოსისა (დაახ. 311)
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები.
მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მცირე მონასტერს მიაშურეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, რადგან მღვდელმთავარი იქ არ დახვდათ, მის ნაცვლად სავანის ძმები შეიპყრეს. როცა ათინოგენემ შეიტყო ამის შესახებ, სებასტიაში ჩავიდა. უსჯულოებმა თავად მწყემსმთავარიც დააპატიმრეს. საპყრობილეში ათინოგენე განამტკიცებდა სულიერ შვილებს. მისი მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამეებმა სამსჯავროზე ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს.
მოწაფეების დახოცვის შემდეგ ჯალათებმა ნეტარი ათინოგენეს წამება დაიწყეს. ღვთის შეწევნით მარტვილმა ღირსეულად დაითმინა საშინელი ტკივილები და ერთადერთი რამ ითხოვა - მონასტერში დაესაჯათ სიკვდილით. თავის სავანეში მიყვანილმა წმიდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, რომ ქრისტეს სახელისთვის წამების ღირსი შეიქნა და მხურვალე ლოცვით ცოდვათა მიტევება გამოითხოვა ყველასთვის, ვინც მასა და მის მოწაფეებს მოიხსენებდა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა იაკინთესი (108)
მოწამისა იაკინთესი (108)
წმიდა მოწამე იაკინთე კესარიის კაბადოკიაში მცხოვრებ მართლმორწმუნეთა ოჯახში აღიზარდა. იგი რომის იმპერატორ ტრაიანეს (98-117) კარზე მსახურობდა.
ერთხელ იაკინთე ოთახში გამოკეტილი, მხურვალედ ლოცულობდა. ლოცვის სიტყვები ერთმა მსახურმა გაიგონა და ჭაბუკი ტრაიანესთან დაასმინა: მეფის ბრძანებას არ ასრულებს, რომაულ ღვთაებებს არ ეთაყვანება და ქრისტეს მიმართ ფარულად ლოცულობსო.
წმიდანი შეიპყრეს და იმპერატორს მიჰგვარეს. უსჯულო თვითმპყრობელმა ნაკერპავი ხორცი შესთავაზა უფლის რჩეულს, მან კი მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა თავისი სარწმუნოება. ტრაიანეს ბრძანებით აღმსარებელი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილს შიმშილითა და წყურვილით ტანჯავდნენ და ნაკერპავის ჭამას აიძულებდნენ. 38-ე დღეს ერთმა მცველმა, რომელიც ნაკერპავით შედიოდა წმინდანთან, იხილა, თუ როგორ მიეახლნენ მას უფლის ანგელოზები, ნათლის სამოსლით შემოსეს და გვირგვინით შეამკეს.
მტარვალებმა გადაწყვიტეს, კვლავ სამსჯავროზე გაეყვანათ იაკინთე, მაგრამ საკანში შესულებმა იხილეს, რომ მას უკვე სული უფლისთვის შეევედრებინა. წმიდა მოწამე ოცი წლის ასაკში აღესრულა ქალაქ რომში (+108). მისი წმიდა ნაწილები მოგვიანებით კესარიაში გადაასვენეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა: დიომიდესი, ევლამპიოსისა, ასკლიპიოდოტესი და გოლინდუხასი (II)
მოწამეთა: დიომიდესი, ევლამპიოსისა, ასკლიპიოდოტესი და გოლინდუხასი (II)
წმიდა მოწამენი დიომიდე, ევლამპიოსი, ასკლიპიოდოტე და გოლინდუხა ნეტარ იაკინთესთან ერთად მოწამეობრივად აღსრულებული თეოდოტესა და თეოდოტიას (ხს. 4 ივლისს) რაზმის წევრები იყვნენ. ახოვანმა მეომრებმა გაბედულად აღიარეს ქრისტე, სისხლი დასთხიეს მისი სახელისთვის და, განწმენდილები, ზეციურ მხედრობას შეერთვნენ.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა მოკისა და მარკოზისა (IV)
მოწამეთა მოკისა და მარკოზისა (IV)
წმიდა მოწამენი მოკიოსი და მარკოზი ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს და მმართველ მაქსიმიანეს სამსჯავროზე წარადგინეს. მარტვილებმა უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც თავები მოჰკვეთეს (IV).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა ალექსანდრესი, „მღვიძარეთა“ სავანის დამაარსებელისა (დაახ. 430)
ღირსისა ალექსანდრესი, „მღვიძარეთა“ სავანის დამაარსებელისა (დაახ. 430)
ღირსი ალექსანდრე, „მღვიძარეთა“ სავანის დამაარსებელი დაიბადა აზიაში, განათლება კონსტანტინეპოლში მიიღო. ერისკაცობაში ის მხედრად მსახურობდა, მაგრამ მისი სული სხვა სარბიელს ითხოვდა, ამიტომ დატოვა ეს სოფელი, ანტიოქიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სავანეში მონაზვნობა შეიმოსა და იღუმენ ილიას ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას. წმიდანი თანდათან ამკაცრებდა ღვაწლს, ბოლოს კი მეუდაბნოეობაზეც მიიღო კურთხევა. ერთადერთი, რაც მან თან გაიყოლა უდაბნოში, წმიდა სახარება იყო, ამის შემდეგ უფალმა ალექსანდრეს წარმართებს შორის ქადაგებისკენ მოუწოდა. ღირსმა მამამ ქრისტიანობაზე მოაქცია ქალაქის თავი რაბულა, რომელმაც შემდგომ მღვდელმთავრის ხარისხიც მიიღო და მთელი 30 წლის განმავლობაში განაგებდა ედესის საეპისკოპოსო კათედრას.
ბოლოს ღირსი ალექსანდრე მდინარე ევფრატის მახლობლად დაემკვიდრა. მალე მის ირგვლივ ძმები შემოიკრიბნენ. ჩამოყალიბდა მონასტერი, რომელიც 400-მდე ბერს ითვლიდა. მაშინ საღვთო შურით ანთებულმა იღუმენმა გადაწყვიტა, სავანეში უფლის დაუდუმებელი დიდება განეწესებინა და სამი წელი შესთხოვდა უფალს, განეხორციელებინა, სათნოეყოფოდა თუ არა მას მისი განზრახვა. ბოლოს, ზეგარდამო კურთხევით, მან ძმები დაჰყო 24 ჯგუფად, რომლებიც დღე-ღამის ყოველი საათის განმავლობაში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და დაუსრულებლად აღუვლენდნენ ფსალმუნის გალობას მეუფეს. გამონაკლისს შეადგენდა ის საათები, როცა ტაძრებში ღვთისმსახურება აღესრულებოდა. სწორედ აქედან მოდის მონასტრის სახელიც - „მღვიძარეთა“.
20 წელი განაგებდა ღირსი ალექსანდრე ევფრატის სანაპიროზე მდებარე სავანეს. შემდეგ თავის მოწაფეს, გამოცდილ ბერს – ტროფიმეს გადააბარა წინამძღვრობა, თვით კი სპარსეთის მოსაზღვრე ქალაქები მოიარა სახარების ქადაგებით. ასე ჩააღწია ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლამდე, სადაც კიდევ ერთი მონასტერი დააარსა მისთვის მეტად საყვარელი „მღვიძარეთა“ ტიპიკონით. ღირსი მამა მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 430 წელს.
წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
წმ. ანატოლისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (458)
წმ. ანატოლისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (458)
წმიდა ანატოლი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, ალექსანდრიაში დაიბადა IV საუკუნის მეორე ნახევარში. მან ფილოსოფიური განათლება მიიღო, შემდეგ კი ქრისტეს სამსახურში ჩადგა. 431 წელს ეფესოში გამართულ III მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმიდანი დიაკვნის ხარისხში ახლდა ღირს კირილე ალექსანდრიელს (ხს. 18 იანვარს). კრების მამებმა დაგმეს ნესტორის ცრუსწავლება.
444 წელს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ტახტი მწვალებელმა დიოსკორემ დაიკავა. დიოსკორე იყო ევტიქის ერესის მიმდევარი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს განხორციელების შემდეგ მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ კაცობრივი მთლიანად შთანთქა. ეს ცრუსწავლება არყევდა თვით საძირკველს ეკლესიის სწავლებისა კაცობრიობის გამოხსნისა და გამოსყიდვის შესახებ. 449 წელს ეფესოში დიოსკორემ მოიწვია ერეტიკული კრება, რომელიც ისტორიაში „ავაზაკთა კრების“ სახელით შევიდა. მწვალებელთა ამ თავყრილობამ, რომელსაც თვით იმპერატორმაც დაუჭირა მხარი, ტახტიდან ჩამოაგდო და ხარისხი აჰყარა მართლმადიდებლობის ერთგულ დამცველს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფლაბიანეს.
დაქვრივებული კათედრა წმიდა ანატოლიმ დაიჭირა და გაბედულად შეუდგა ბრძოლას მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის დასაცავად. უკვე 450 წელს კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე ნეტარმა მღვდელმთავარმა დაგმო ევტიქისა და დიოსკორეს ერეტიკული სწავლებანი. დევნილობაში აღსრულებული აღმსარებელი პატრიარქი - ფლაბიანე წმიდანად შეირაცხა, მისი ნეშტი კი დედაქალაქში გადაასვენეს.
მომდევნო, 451 წელს პატრიარქ ანატოლის მონაწილეობით ქალაქ ქალკედონში შედგა IV მსოფლიო კრება, რომელმაც ქრისტოლოგიური დოგმატის ამომწურავი სარწმუნოებრივი განსაზღვრება დაადგინა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
ყოვლადწმიდა სამების დღესასწაული სტეფანწმინდის რაიონის სოფელ გერგეტში
ყოვლადწმიდა სამების დღესასწაული სტეფანწმინდის რაიონის სოფელ გერგეტში
გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია" მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.
ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო". მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის" ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.
მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო". ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.
გერგეტის სამება სტეფანწმინდის რაიონში მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. ტაძარი ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. ეკლესია და სამრეკლო იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი ტაძრის სილუეტები, რომლისთვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც, ადრიდანვე, ხევის უმთავრეს სალოცავს, რომელიც ხშირად მთის თეთრ ღრუბლებსაა შეფარებული, თავისი მშვენიერების გამო „ხევის პატარძალს" უწოდებენ. გერგეტი იმითაცაა გამორჩეული, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუბმათოვანი ტაძარია. წყაროთა უწყებით სამება სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. დღეისათვის კი ძველი მონასტრიდან შემორჩენილია გალავნით შემოსაზღვრული: ყოვლადწმიდა სამების სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული მცირე ზომის საბჭეო (საბჭეოში მთის ძველი ჩვეულების თანახმად, უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ორგანო გახლდათ).
ტაძრის აგების თარიღი უცნობია, არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის" მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX ს. ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წ. სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ "გერგეტის სამება"-ს უწოდებენ.
უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტეველები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.
კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაკვდა სულიერი ცხოვრება, ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერ-მონაზვნური ცხოვრების გამოღვიძება მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების შემდეგ დაიწყო. შეუძლებელია, ეს სულიერი გამოღვიძება მის მშობლიურ კუთხეს, ხევსაც არ შეხებოდა. მისმა უწმიდესობამ 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაზე წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას.
მისი უწმიდესობა ყოვლწლიურად ესტუმრება ხოლმე მშობლიურ ხევს და მოილოცავს მის სიწმიდეებს. თუმცა გერგეტის ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელობისაა, აქ მარიამობის მიძინების დღესასწაულსიც (15 (28) აგვისტო) დიდი ზეიმით აღინიშნება. ერთხელ, როდესაც მორწმუნე მრევლი ჩრდილო კავკასიიდან ფეხშიშველი მოდიოდა წმ. სამების მოსალოცად, მორწმუნეების თავზე ცა გაიხსნა, ღვთისმშობელი გამოეცხადათ და დალოცა მართლმადიდებელი მრევლი. დღეს აქ მამათა მონასტერი შენდება და ბერები მოღვაწეობენ.
ჩრდილო კარიბჭიდან საქართველოს უპირველეს დამცველ სალოცავში, გერგეტის სამებაში ღვთისმსახურება კვლავაც აღესრულება და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან საეკელსიო დღესასწაულზე ჩამოსულ მომლოცველთა სიმრავლე არ წყდება ხოლმე, განსაკუთრებით კი გერგეტობას, სიყვარულის დღესასწაულზე, რომელიც პეტრე-პავლობის მარხვის შემდეგ, 16 ივლისს (ახ. სტ.) იდღესასწაულება.
2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ".