მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა…
ტროპარი
მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
შენ, სარწმუნოებისა კლდესა, გადიდებს ქრისტე ბრწყინვალედ, ყოვლადპატიოსნებასა…
კონდაკი
შენ, სარწმუნოებისა კლდესა, გადიდებს ქრისტე ბრწყინვალედ, ყოვლადპატიოსნებასა მოწაფეთასა და პავლეს თანა ყოველსა ათორმეტ რიცხვსა კრებულსა, რომელთა ხსნებისა აღმასრულებელნი სარწმუნოებით მადიდებელსა მათსა ვადიდებთ.
დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრება: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი…
დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრება: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იაკობისასი (თადეოზისა), სიმონ მოშურნესი და მატათიასი
კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.
ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
კეთილმორწმუნისა დინარა დედოფლისა (X)
კეთილმორწმუნისა დინარა დედოფლისა (X)
წმიდა დინარ დედოფალი. რუსულ საეკლესიო მატიანეებს დაცული აქვთ ცნობები „ივერიის დედოფალ დინარას“ შესახებ, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქრისტიანობის წინაშე. მეცნიერები დიდხანს დაობდნენ, თუ საქართველოს რომელ ისტორიულ პირს გულისხმობდა რუსული საეკლესიო გადმოცემა. ფიქრობდნენ, რომ წყაროები გულისხმობდნენ წმიდა მეფე თამარს, მაგრამ ცნობები თამარამდელ პერიოდს მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ „ქართლის ცხოვრებას“ დაცული აქვს ცნობა ჰერეთის დედოფალ დინარას შესახებ, რომელმაც თავის შვილ იშხანიკთან ერთად ჰერეთის ანუ ალბანეთის მრავალრიცხოვან მოსახლეობას აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება და იხსნა ისინი მწვალებელ-მონოფიზიტთა საეკლესიო უღლისაგან X საუკუნეში.
ჰერეთის ანუ ალბანეთის უდიდესი ნაწილი ძველთაგანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, ამიტომაც ძველი წყაროები მასაც ივერიას უწოდებდნენ, შავიზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე გადაშლილი ქვეყნის (ივერიის) ნაწილად მიიჩნევდნენ. სლავურ-რუსული მეომარი ტომები, რომლებიც მოსე კალანკატუელის თანახმად ზოგჯერ ლაშქრავდნენ სამხრეთის მხარეებს და ამიერკავკასიაში შემოდიოდნენ კასპიის ანუ დარუბანდის კარით, ხვდებოდნენ ივერიელ (ჰერ) მოსახლეობას, ამიტომაც როგორც ჩანს, ჰერთა ანუ ივერიელთა დედოფალ დინარას შესახებ ცნობებიც მათ გაიტანეს რუსეთში. მართლაც, ქართული ეკლესია დიდ პატივს მიაგებდა წმიდა დედოფალ დინარას. თუ არა მისი თავგამოდებული ღვაწლი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა შეემატებოდა მწვალებელ-მონოფიზიტთა რიგებს, რომელნიც აქ გაბატონებულნი იყვნენ სპარსელთა ხელშეწყობით.
მოსკოვის კრემლის სასახლეში ოქროს სადედოფლო დარბაზის ჩრდილოეთის კედელზე გამოხატულია თეთრ ცხენზე ამხედრებული მტერთა მძლეველი წმიდა დედოფალი დინარა.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.