მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილ-კრძალულებისა მოძღუარო გიორგი, ყოვლისა…
ტროპარი
მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილ-კრძალულებისა მოძღუარო გიორგი, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მონაზონთა კანონო, ღმრთივსულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგუანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
ათორმეტთა მზეთა შორის, მნათობთა მათ სოფლისათა, ვითარცა…
კონდაკი
ათორმეტთა მზეთა შორის, მნათობთა მათ სოფლისათა, ვითარცა მთიები ბრწყინავ ნათლითა ღმრთისმეტყუელებისაჲთა, ბრძენო გიორგი, რამეთუ ადიდა მიცუალებაჲ შენი დღესასწაულსა თჳსთა მეგობართასა, ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელთა თანა გადიდებთ, მეოხ-გუეყავ ჩუენ.
რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სიბრძნითა გამოუკვლეველითა, ქრისტემან ღმერთმან…
იკოსი
რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სიბრძნითა გამოუკვლეველითა, ქრისტემან ღმერთმან სოფლით გამოაჩინა უმეცარნი და უსწავლელნი მოწაფედ და მეგობრად თჳსად, ხოლო სულითა წმიდითა რაჲ აღავსნა, ღმრთივგანბრძნობილთა წარწყმიდეს სიბრძნჱ ბრძენთა ამაოთა, რომლისა მიერ შენცა აღივსე საკჳრველად, მამაო, სიბრძნითა საღმრთოჲთა, მეტყუელებად ენათა და თარგმანებად წიგნთა, ღმრთისმეტყუელთა და მოციქულთა თანა მადლისა ზიარ-ქმნილი, რომელთა თანა გადიდებთ, ღირსო გიორგი, მეოხ-გუეყავ ჩუენ. სადიდებელი: ფშვის ქუეყანაჲ ქართლისაჲ, სუნნელებითა გადმოთარგმანებითა წერილთა შენთაჲთა, და უმეცრებისა გვალვითა განხმელი ერი ქართველთაჲ, სწავლათა შენთა წჳმისა სიხშოჲთა მწყურნები შენდავე მოვივლტით, ითხოვე ღმრთისაგან მშვიდობაჲ ერისა ჩუენისაჲ და ხსნაჲ მისი უღლისაგან მტერთაIსა. წარდგომა: გიხმობ მუშაკობისა საღმრთოჲსა სეხნაო, გონებაო ვრცელო, ენაო ღმრთისმეტყუელო, და აღმწერელო უცთომელო თარგმანებითა წიგნთა შენთათა, ბრძენო, რამეთუ გულის-ჴმის-ყოფაჲ მიუწდომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან, დიდებულო, და ვითარცა რაჲ ღრუბელმან აღმოიწრიდენ მდინარენი სიბრძნისანი და დაათრვენ, მამაო, გულნი მორწმუნეთანი წერილთა მიერ და ეკლესიაჲ მსგავსად დედოფლისა განაშუენე, და პირად-პირადად შეამკევ იგი, ღმერთშემოსილო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ ჴსენებასა შენსა.
ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ…
ტროპარი
ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი. სხვა
ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი…
ტროპარი
ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. წარდგომა: მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და…
კონდაკი
უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!
მოთმინებითა შენითა მოიგე სასყიდელი შენი, ღირსო მამო…
ტროპარი
მოთმინებითა შენითა მოიგე სასყიდელი შენი, ღირსო მამო, და ლოცვითა შინა სამარადისოდ მღვიძარე იყავ, გლახაკნი შეიყუარენ და ესენი პოვნიერ-ჰყვენ, მამაო წმიდაო სამსონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ვითარცა მკურნალის ყოველად სახარულევანისა და მეოხისა ღმრთივშემწყნარებელისა…
კონდაკი
ვითარცა მკურნალის ყოველად სახარულევანისა და მეოხისა ღმრთივშემწყნარებელისა საღმრთოსა ლარნაკისა შენისა მიმართ მილტოლვილნი, ღმრთივგანბრძნობილო სამსომ ღირსო, სიყუარულით მოსრულნი, ფსალმუნითა და გალობითა მოხარულნი ქრისტესა ვადიდებდეთ, რომელმან მოგცა შენ ესე ვითარნი მადლნი კურნებათანი.
ღირსისა გიორგი მთაწმინდელისა (1065)
ღირსისა გიორგი მთაწმინდელისა (1065)
წმიდა გიორგი მთაწმინდელი დაიბადა 1009 წელს თრიალეთში, ღვთისმოსავი ქრისტიანების ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების იაკობისა და მარიამის ოჯახში.
შვიდ წლამდე გიორგი დედ-მამასთან იზრდებოდა. „და იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა“. შვიდი წლის ყრმა ტაძრისის მონასტერში მიიყვანეს და ჩააბარეს ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით განთქმულ წინამძღვარს - წმიდა საბიანეს (ხს. 31 დეკემბერს). ტაძრისში გიორგიმ სამი წელი დაჰყო.
ათი წლის გიორგი მამამ ხახულის მონასტერში წაიყვანა და აღსაზრდელად ჩააბარა იქ მოღვაწე თავის ორ ძმას, ღირს გიორგი მწერალს და საბა ხახულელს (ხს. 19 დეკემბერს).
ბიძებმა ყოველგვარი სიკეთით შემკული ძმისწული ხახულის მონასტრის წინამძღვარს, სიწმინდით განთქმულ ღირს მაკარი მმარხველს (ხს. 21 დეკემბერს) მიჰგვარეს. გაიხარა ღვთისგან მომავლის განჭვრეტით დაჯილდოებულმა წინამძღვარმა ყრმა გიორგის ხილვით და „სულისა თვისისა შვილად უწოდა“.
ამ დროს ხახულში მოღვაწეობდნენ „ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“ ცნობილი მამა ბასილი, ბაგრატ III-ის ძე (ხს. 27 ივნისს), ილარიონ თვალელი (ხს. 21 ივლისს), „რომლისა სათნოებათა და მოღვაწებათა წარმოთქმაჲ შეუძლებელ არს“, ანტონი მნათე - ღმერთშემოსილი, „ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი წერილთა“ და სხვა მრავალნი, რომელთა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა გიორგის ჩამოყალიბებაში. თვითონ გიორგიმაც ყველა გააკვირვა თავისი გონიერებით და სიბეჯითით, „საგალობელნი იგი საწელიწადონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი ყოველნივე მეყსა შინა ზეპირად დაისწავლნა“.
როცა თრიალეთის ერისთავმა ფერის ჯოჯიკის ძემ გიორგის ბიძა, გიორგი მწერალი, თავის სასახლეში მიიწვია მოძღვრად, მოხუცმა გიორგიმ ძმისშვილიც თან გაიყოლა. ყრმა გიორგის სიკეთით განცვიფრებულმა ფერისის მეუღლემ, „საღმრთომან მან დედაკაცმან შვილად თვისად“ აღიარა იგი და „დაყვეს მრავალი ჟამი კეთილსა და ღმრთისა სათნოსა ცხოვრებასა შინა“.
1022 წელს ბიზანტიის კეისარმა ბასილიმ მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ფერისსაც დასწამა ცილი, კონსტენტინოპოლში დაიბარა და თავი მოჰკვეთა. ფერისის მეუღლე თორმეტი წელი დარჩა დედაქალაქში. ღვთისმოყვარე დედაკაცმა გიორგი „სასწავლოდ მისცა კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორთავე ცხოვრებითა შემკობილთა“. ღვთივგანბრძნობილმა ჭაბუკმა ნიჭიერებითა და გამჭრიახობით ყველა გააკვირვა.
თორმეტი წლის შემდეგ 1034 წელს კეისრის ბრძანებით ფერისის მეუღლე კვლავ სამშობლოში, ტვარწატაფს მივიდა და გიორგიც თან წამოიყვანა. გიორგი ხახულის მონასტერში მივიდა და ოცდახუთი წლისამ „ტკბილსა მას უღელსა მონაზონებისასა ქედი თჳსი მოუდრიკა. მოძღუარი მისი სულიერი და ღუაწლთა მიმართ მონაზონებისათა მწურთელი, დიდი ილარიონ წუთ ხორცთა-ღა შინა იყო და ჴელთაგან მისთა მიიღო კურთხევაჲ მონასონებისაჲ, რამეთუ იგი იყო პირველი მოძღუარი მისი და მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ“.
1036 წელს „უცხოებისა და თვისთაგან განშორებით“ მოღვაწეობის სურვილით გიორგიმ ფარულად დატოვა მონასტერი და, გლახაკის ძონძებში გადაცმული, სირიაში გაემართა. „შრომითა და მოღვაწებითა შემკულმან მამამან“ გაჭირვებით მიაღწია შავ მთამდე. იქაური სიწმიდეების მოლოცვისა და მოღვაწე მამების მოკითხვის შემდეგ გიორგიმ „ყოვლისა პირვალად იწყო ძიებად წინამძღვრისა სულიერისა, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ თჳნიერ მოძღვრისა არა არს ცხოვრებაჲ სულისა და წარმატებაჲ მონაზონებისა“. იპოვა კიდეც მთის ნაპრალებში დაყუდებული საოცარი მამა - „კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ, ყოვლითურთ უცხო და განშორებული ჴორცთა და ჴორციელთა ზრახვათაგან და გონებითა ღმრთისა მიცვალებული“ - ქართველი ბერი გიორგი დაყუდებული (ხს. 3 ივლისს).
სამი წლის მოღვაწეობის შემდეგ გიორგი დაყუდებულმა „ჰასაკით, სიბრძნითა და გონიერებით“ სრულქმნილი გიორგი სქემით შემოსა და იერუსალიმში გაუშვა წმიდა ადგილთა მოსალოცად, უკან დაბრუნებულს კი 1040 წელს მთაწმიდაზე წასვლა და „თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ ბერძნულისაგან ქართულად“, ანუ წმიდა ექვთიმე ათონელის (ხს. 13 მაისს) საქმის გაგრძელება უბრძანა. გიორგი შეაკრთო ბრძანებამ. „შეუძლებელ არს ჩემგან და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა შვენის, ვითარცა იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმე“, - შეჰკადრა მან მოძღვარს. „შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი სიკვდილისაგან ისხნა და ქართული ენა განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყვარს ნათესავი ჩუენი და თჳთ მას წმიდასა მამასა ეფთჳმის ვევედრნეთ, რათა შეგეწიოს“, - დაამშვიდა ექვთიმე ათონელის ღირსეული მემკვიდრე გიორგი დაყუდებულმა და ათონს გაგზავნა.
ათონელმა ქართველებმა სიხარულით მიიღეს წმიდა მამა. გიორგიმ მონასტრის ყველაზე მძიმე საქმეები იტვირთა „ყოვლისა თავისა თვისისა შეურაცხქმნითა... ვითარცა კაცმან ლიტონმან და უსწავლელმან“. როგორც მისი ცხოვრების აღმწერელი მოგვითხრობს, ღირსი გიორგი ყოველთვის თავდახრილი დადიოდა და „თჳნიერ საჭიროთა საქმეთა“ არავის შეხედავდა. მისი სულიერი თვალები კი „მარადის უხილავსა მას დიდებასა ღვთისასა“ განიცდიდა.
გიორგი დაყუდებულმა თავისი მოწაფის, თეოდორეს პირით კიდევ ერთხელ შეახსენა გიორგის ათონზე გაგზავნის მიზეზი და საყვედურიც შეუთვალა.
გიორგიმ პატიება სთხოვა მოძღვარს, მოწიწებითა და შიშით მიიღო მღვდლობის პატივი, საღმრთო წიგნების თარგმნასაც მიჰყო ხელი და მალე მთელი საძმოს წინამძღვარიც შეიქნა. ამ დროიდან იწყება ფართო მოღვაწეობა მამა გიორგი მთაწმინდელისა. მან შეკრიბა ცნობები ექვთიმესა და იოანეს შესახებ, აღწერა მათი ცხოვრება, გადმოასვენა და დიდებულ ლარნაკში მოათავსა წმიდა მამათა ნაწილები, გაამშვენიერა და „ყოვლითურთ სრულჰყო წმიდა ეკლესიაჲ“.
საბერძნეთში იმპერატორ კონსტანტინე მონომახთან ჩასულმა ქართველთა მეფემ, ბაგრატ IV-მ საქართველოში დაბრუნება და ჭყონდიდლის მიტროპოლიტობა შესთავაზა წმიდა მამას, მაგრამ ქვეყნიურ დიდებას და შფოთს განრიდებულმა გიორგიმ მეფეს უარი მოასხენა.
წინამძღვრობა და მონასტრის საქმეებზე ზრუნვა ბევრ დროსა და შრომას, ხშირად კი მონასტრიდან გასვლასაც მოითხოვდა და ამიტომ სამწერლო მოღვაწეობისათვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. გიორგი წინამძღვრობიდან გადადგა და შავ მთაზე წავიდა გიორგი დაყუდებულთან. გიორგი დაყუდებულმა ღვთის სიყვარულისთვის ისევ უკან დაბრუნება უბრძანა თავის სულიერ შვილს. გიორგი დამორჩილდა მოძღვრის ლოცვა-კურთხევას, ათონის მთაზე დაბრუნდა და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. ამ საოცარი მამის მიერ თარგმნილ წიგნთა მხოლოდ ჩამონათვალიც კი ნათელს ხდის მისი მოღვაწეობის განუზომელ მნიშვნელობას: დიდი სვინაქსარი, საწელიწადო გამოკრებული, პავლენი სრული, პავლენი გამოკრებული, საწელიწადო, თვენი, სადღესასწაულო, წიგნი ექვსთა დღეთა - ბასილი დიდისა, დავითნი, დიდი პარაკლიტონი, დიდი მარხვანი, ზატიკი, დაბადების თარგმანება იოანე ოქროპირისა, მეექვსე კრების ძეგლისწერა, წიგნი გრიგოლ ნოსელისა და სხვანი.
ერთხელ ბოროტისაგან შურით აღვსილმა სვიმონწმინდელმა ბერებმა მოინდომეს ქართველი მამების გაძევება მონასტრიდან. „გვიხსენ დიდისა ჭირისაგან და განგვათავისუფლენ კაცთაგან ამაოთა და უცხოთესლთა, რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩუენსა ვითარ სამეოცი კაცი, რომელნი ქართველად სახელ-იდებენ თავთა თჳსთა და არა უწყით, რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი“, - შესჩივლეს მათ ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსის. პატრიარქმა თავისთან დაიბარა ბერძნულად მოლაპარაკე წმიდა გიორგი მთაწმინდელი. ღირსმა გიორგიმ ისეთი სიბრძნით იქადაგა მართლმადიდებლობა, რომ მსმენელები განაკვირვა. პატრიარქმა ცუდისმზრახველი სვიმონწმინდელნი შერისხა.
ცოტა ხნის შემდეგ პატრიარქს კვლავ მოახსენეს, საქართველოში მოციქულებს არ უქადაგიათ, თვითონაც მცირერიცხოვანნი არიან, ამიტომ ჯერ-არს ანტიოქიის პატრიარქის ხელმწიფების ქვეშ იყვნენო. პატრიარქმა მამა გიორგის აუწყა: „მეფე თქუენი წინაშე ჩუენსა მოვიდეს და ჴელმწიფებასა ჩუენსა დაემორჩილოსო“. წმიდა მამამ უპასუხა: „შენ იტყჳ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყჳ კანანელსა - ქვეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს და არღა ოდენ წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი... ჯერ არს წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას და რათა თქუენ ჩუენ დაგვემორჩილნეთ!“ ბოლოს კი დაამატა: „იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობაჲ არა იპოვებოდა და იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთას ეკურთხა ეპისკოპოსად“.
გაკვირვებულმა პატრიარქმა კეთილად გაიღიმა და თქვა: „ხედავთ ბერსა ამას, ვითარ მარტოჲ ესოდენსა სიმრავლესა გუერევის“. შემდეგ თეოდოსიმ და ანტიოქიელებმა აღიარეს საქართველოს ეკლესიის მოციქულებრივი წარმოშობაც და სარწმუნოებრივი სიწმიდეც.
ღვთისმოყვარე ბაგრატ მეფე ხშირად სთხოვდა მამა გიორგის საქართველოში ჩამოსულიყო სამოღვაწეოდ. ნეტარი მამა ჯერ უარობდა, მაგრამ ბოლოს, როცა „სრულქმნა თარგმანებაჲ საღმრთო წიგნთაჲ“, აღასრულა მეფისა და კათოლიკოსის სურვილი. მათი ბრძანებით წმიდა მამამ გამოიკვლია მაშინდელი მდგომარეობა სასულიერო წოდებისა და მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრება.
ხუთი წლის შემდეგ მამა გიორგი ისევ მთაწმინდაზე დაბრუნდა. ბაგრატ მეფემ პატივით და დიდძალი შესაწირავით გაისტუმრა ქართველთა მნათობი. ათონს მიმავალმა ნეტარმა მამამ თან ოთხმოცი ობოლი ბავშვი წაიყვანა აღსაზრდელად. კონსტანტინოპოლში ჩასულმა ნეტარმა გიორგიმ წანასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება და ბრძანა, ობოლნი იმპერატორის წინაშე წარსადგენად მოემზადებინათ. „უკუეთუ დღეს არა ვიხილო მეფე, ხვალე ხელთა არა გვაქვს!“ - ჩქარობდა წმიდა მამა.
მამა გიორგიმ „პატივი მისცა მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ „შემდგომად ღვთისა ხელთა შენთა შევვედრებ ობოლთა ამათ“. შემდეგ ყრმებს წმიდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა „აწ განუტევე...“ აგალობა და მეორე დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მიიცვალა.
ათონელმა მამებმა წმიდანის გვამი ათონზე გადაასვენეს და „ლუსკუმასა შინა მარმარილოსა გიორგის თანა მაშენებელისასა (ხს. 28 ივლისს) დაკრძალეს, ვითარცა მეორედ მაშენებელი და შემამკობელი ეკლესიათა“.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
მღვდელმოწამისა კირიონ II-ისა, სრულიად საქართველოჲს კათოლიკოს-პატრიარქისა (1918)
მღვდელმოწამისა კირიონ II-ისა, სრულიად საქართველოჲს კათოლიკოს-პატრიარქისა (1918)
მღვდელმოწამე კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი), დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, წმიდანმა სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1880 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.
1883-1897 წლებში წმიდა კირიონი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა გორში, თელავში, ქუთაისში, თბილისში; 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად; აარსებდა სამრევლო სკოლებს, წიგნსაცავებს და ბიბლიოთეკებს, ამავე დროს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე.
1897 წელს უფლის რჩეული მონაზვნად აღიკვეცა კირიონის სახელით და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამ პერიოდში ღვთისმსახურების პარალელურად კირიონი მეცნიერულ მოღვაწერობასაც აგრძელებს: კრებს ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობს ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მუშაობს ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე. თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა საცავს იგი უხვად სწირავს ეკლესია-მონასტრების ნესტიან სენაკებში მიკვლეულ და საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ იშვიათ ხელნაწერებს.
1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად, რასაც ქართული საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა. წმიდა კირიონმა საკუთარი საფასით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, ხელი მიჰყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს სხვა ხელნაწერებთან ერთად გადასცა ბაგრატ IV-ის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო. მან ვრცელი დასაბუთებული ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა ამ ტაძრების დაბრუნება საქართველოს ეკლესიისთვის.
1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. ამ დროისათვის საქართველოს საეგზარქოსომ შენიშნა, რომ წმიდა მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობა ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდა ეპარქიებს: 1903 წელს იგი გაამწესეს, 1904 წელს - ორიოლში, 1906 წელს - სოხუმში. სოხუმში წმიდა კირიონმა ბევრი იღვაწა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღდგენისათვის. მალე იგი კონვოს ეპარქიაში გადაიყვანეს.
1907 წლის სექტემბერში წმიდანს უფლება არ მისცეს, საქართველოში ჩამოსულიყო და უკანასკნელი პატივი მიეგო წმიდა ილია მართლის ცხედრისთვის. მან მხოლოდ დეპეშის გამოგზავნა მოახერხა. 1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო კირიონის დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის.
კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც კი შექმნეს და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მისი გათავისუფლების მოთხოვნით. წმიდა მღვდელმთავარი მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია“.
მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ მისცეს.
წმიდანი უდიდესი ქველმოქმედი იყო. მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამასამდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება.
ჯერ კიდევ XIX ს-ის 90-იან წლებში, როცა ქართული ენა ოფიციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა.
1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოს ქართველი საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსკენ გამოემგზავრა. არაგვის ხეობაში მას შეეგება ასოცამდე ცხენოსანი, რომელთაც დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე. თბილისშიც ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს წმიდანს.
1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც საზეიმოდ ეკურთხა იმავე წლის 1 ოქტომბერს.
სვეტიცხოველში აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ბრძანა: „სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა... ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა მცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომაპყარ: „არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა“ (მთ. 20,28). მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდით დადგინებული, არამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი“.
კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ და დასაბუთებულად გადმოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორია და მოითხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.
საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების დამკვიდრებისა და აღორძინებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი წმიდა პატრიარქის მოღვაწეობა ზღუდავდა ეკლესიის და ქვეყნის წინააღმდეგ შეკრებილი ბოროტი ძალების მოქმედებას, რომელთა გამოსვლები თანდათან უფრო და უფრო საშიშ და ცინიკურ სახეს იღებდა. ამ დროს მრავალი საეკლესიო და საერო მოღვაწე იქნა მოკლული. ბოროტების უპირველესი სამიზნე იყო ის წმიდა ადამიანები, რომელთა ავტორიტეტი ძალიან დიდი იყო ხალხში. საქართველოს წმიდა ეკლესიის სამოციქულო ტახტზე მჯდომი საჭეთმპყრობელის წმიდა კირიონის სარწმუნოებრივ-ეროვნული მოღვაწეობა მოსვენებას არ აძლევდა ეკლესიისა და ქვეყნის მტრებს, დაიწყო დაუსრულებელი ცილისწამებები, პროვოკაციები, შანტაჟები, მუქარები და... 1918 წლის 26 ივნისს წმიდა კირიონ კათალიკოსი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში.
წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მოწამეობრივად აღსრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II წმიდანთა დასში შეირაცხა.
ღირსისა სამსონ უცხოთშემწყნარებელისა (დაახ. 530)
ღირსისა სამსონ უცხოთშემწყნარებელისა (დაახ. 530)
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი მდიდარი და კეთილშობილი რომაელების შვილი იყო. სიჭაბუკეში მან მშვენიერი განათლება მიიღო, ექიმობის ხელოვნებას დაეუფლა და უსასყიდლოდ მკურნალობდა სნეულებს. მშობლების სიკვდილის შემდეგ სამსონმა მონები გაათავისუფლა და მთელი ქონება მოწყალებად გასცა. მას სურდა, უდაბნოში დაყუდებით განეგრძო ცხოვრება და ამ მიზნით რომიდან აღმოსავლეთისკენ გაეშურა, უფალმა კი სულ სხვაგვარი ღვაწლისკენ მოუწოდა. კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდანი ერთ პატარა სახლში დამკვიდრდა, რომლის კარებიც დღემუდამ ღია იყო ყველასთვის. მოყვასის სიყვარულით აღსავსე მასპინძელი დაუზარლად ემსახურებოდა სტუმრებს. ღმერთმა აკურთხა სამსონის მოღვაწეობა და მას სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანის შესახებ მთელ ქალაქში გავრცელდა ხმა. პატრიარქმა თავისთან იხმო იგი და მღვდლად დაასხა ხელი.
ერთხელ მძიმედ დასნეულებულ იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ზეგარდმო ეუწყა, რომ მხოლოდ სამსონს შეეძლო მისი განკურნება. მართლაც, მადლმოსილმა მკურნალმა ილოცა, ხელით შეეხო მტკივან ადგილს და თვითმპყრობელმაც შვება იგრძნო. მალე იუსტინიანე სრულიად განიკურნა და გახარებულმა, წმიდანს ოქრო-ვერცხლი შესთავაზა საზღაურად. სამსონმა ჯილდოზე უარი განაცხადა და დავრდომილთა თავშესაფრისა და ქსენონის აგება ითხოვა. იმპერატორმა ხალისით შეასრულა სათხოვარი.
ცხოვრების მთელი დარჩენილი ნაწილი სამსონმა მოყვასის მსახურებას შესწირა. მან ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 530). წმიდანი წმიდა მოწამე მოკის სახელობის ტაძარში დაკრძალეს. მის საფლავთან მრავალი კურნება აღესრულა. დავრდომილთა თავშესაფარი და ქსენონი არ დახურულა. ნეტარი მამა სიკვდილის შემდგომაც ზრუნავდა ტანჯულებზე. იგი ორჯერ გამოეცხადა ქსენონის ერთ დაუდევარ მსახურს და სიზარმაცის გამო გაკიცხა. ღირსი სამსონის თაყვანისმცემელთა თხოვნით დავრდომილთა თავშესაფარი ტაძრად გადაკეთდა, გვერდით კი ახალი შენობა აიგო მწირების მისაღებად. კონსტანტინეპოლის ხანძრის დროს სამსონის თავშესაფარს ალი არ გაჰკარებია. წმიდანის ლოცვით ზეციდან წვიმა გარდამოხდა და ცეცხლი ჩააქრო.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მართლისა იოანა მენელსაცხებლისა (I)
მართლისა იოანა მენელსაცხებლისა (I)
წმიდა იოანა მენელსაცხებლე, მეუღლე ჰეროდეს სახლის უფლისა, ხუზასი, იყო ერთი იმ დედათაგანი, რომლებიც მქადაგებლური მოღვაწეობის დროს თან ახლდნენ და ემსახურებოდნენ უფალ იესო ქრისტეს. მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ სხვა დედებთან ერთად იოანაც მივიდა უფლის საფლავთან და „ანგელოსთაგან ესმა ხმა საწადელი: რასა ეძიებთ ცოცხალსა მას მკვდართა თანა?! არა არს აქა, არამედ აღსდგა საფლავით და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა“.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა სევეროს ხუცისა (VI)
ღირსისა სევეროს ხუცისა (VI)
ღირსი სევირე ხუცესი VI საუკუნეში მოღვაწეობდა იტალიის სოფელ ინტეროკლეაში და კეთილმსახური, ღვთივსათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა. ერთხელ წმიდანი ყურძნის მოსავალს იღებდა, როცა მომაკვდავის საზიარებლად უხმეს. მას სულ რამდენიმე მტევანი რჩებოდა და მოსულებს გასძახა, წადით და წამოგეწევითო; სულთმობრძავთან მისულმა შეიტყო, რომ ის უკვე გარდაცვლილიყო. თავისი მიზეზით ამ სოფლიდან ადამიანის მოუნანიებლად გასვლამ თავზარი დასცა ხუცესს, მწარე სინანულში ჩავარდა, ცხედრის წინ დამხობილი გულამოსკვნით ტიროდა და მკვლელს უწოდებდა საკუთარ თავს. უეცრად მიცვალებული წამოდგა და იქ მყოფთ უთხრა: „დემონებს სურდათ დაუფლებოდნენ ჩემს სულს, მაგრამ ერთმა ანგელოზმა თქვა: „დააბრუნეთ იგი, რადგან მის გამო სევირე ხუცესი ტირის. უფალმა უბოძა მას ამ ადამიანის სიცოცხლე!“ წმიდა მამამ მადლობა შესწირა ღმერთს, აღსარება ჩაიბარა და ზიარებით განამტკიცა სნეული. ამ უკანასკნელმა კიდევ შვიდი დღე იცოცხლა და სიხარულით შეჰვედრა სული უფალს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.