წინასწარმეტყველო და წინამორბედო ქრისტეს მოსლვისაო, ღირსად ქებად…
ტროპარი
წინასწარმეტყველო და წინამორბედო ქრისტეს მოსლვისაო, ღირსად ქებად შენდა ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ, რომელნი სურვილით პატივს-გცემთ, რამეთუ ბერწობაჲ დედისა და უტყვებაჲ მამისა დაიხსნა დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, და განხორციელებაჲ სიტყვისა ღმრთისა სოფელსა ექადაგა.
ბერწი ჰშობს დღეს ქრისტეს წინა-მორბედსა, და იგი…
კონდაკი
ბერწი ჰშობს დღეს ქრისტეს წინა-მორბედსა, და იგი არს სავსებაჲ ყოვლისა წინასწარ-მეტყუელებისა, რამეთუ რომელი წინასწარ-მეტყუელთა პირველვე ქადაგებს, ამან იორდანესა შინა ნათელ-სცა, და გამოჩნდა ღმრთისა სიტყვისა, წინასწარ-მეტყუელად ქადაგად და წინამორბედად.
წინასწარმეტყუელო და წინამორბედო ქრისტეს მოსვლისაო, ღირსად ქებად…
ტროპარი
წინასწარმეტყუელო და წინამორბედო ქრისტეს მოსვლისაო, ღირსად ქებად შენდა ვერ შემძლებელთ ვართ ჩუენ, რომელნი სურვილით პატივს გცემთ სენ, რამეთუ ბერწობაი დედისა და უტყვებაი მამისა დაიხსნა დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, და განხორციელებაი სიტყვისა ღმრთისა სოფელსა ექადაგა.
ბერწი შობს დღეს ქრისტეს წინამორბედსა და იგი…
კონდაკი
ბერწი შობს დღეს ქრისტეს წინამორბედსა და იგი არს სავსება ყოვლისა წინასწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ამან იორდანესა შინა ნათელ-სცა, გამოსჩნდა ღმრთისა სიტყვისა წინასწარმეტყუელად, ქადაგად და წინამორბედად.
შობა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (I)
შობა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (I)
როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1, 5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი „იყვნეს... წინაშე ღმრთისა მართალ“, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერსუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე“. შეძწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა.
ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა, ხალხის დაცინვისთვის თავი რომ აერიდებინა, იგი „იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე“, სანამ შორეულმა ნათესავმა, ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა არ ჩამოაკითხა.
როცა „ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი... ესმა გარემოთა და ნათესავთა... და მის თანა იხარებდეს“. მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“. ყველანი გაოცდნენ, - ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი და დაუკვირდა ესე ყოველთა“. ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო და თქვა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთ ისრეაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის მონისა თჳსისასა“; ჩვილს კი მიმართა: „და შენ ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძეღუ შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა“.
მას შემდეგ, რაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მწყემსებმა და მოგვებმა თაყვანი სცეს მას, უსჯულო მეფე ჰეროდემ ბრძანა, მოეწყვიდათ „ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2, 16). ელისაბედმა ეს რომ შეიტყო, შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. ზაქარია და კი იერუსალიმში დარჩა და ერთგულად აღასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას. ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა ბრძანებით, გაემხილა ჩვილისა და მისი დედის ადგილსამყოფელი. მამამ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ, რისთვისაც ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა შვიდთა ძმათა: ორენტიოსისა, ფარნაკიოსისა, ეროსისა, ფირმოსისა, ფირმინესი, კვირიაკესი და ლონგინოზისა (IV)
მოწამეთა შვიდთა ძმათა: ორენტიოსისა, ფარნაკიოსისა, ეროსისა, ფირმოსისა, ფირმინესი, კვირიაკესი და ლონგინოზისა (IV)
წმიდა მოწამენი, შვიდნი ძმანი - ორენტი, ფარნაკი, ეროსი, ფირმოსი, ფირმინი, კვირიკე და ლონგინოზი რომაელი მხედრები იყვნენ და იმპერატორის ლაშქარში მსახურობდნენ. მაქსიმიანეს (284-305) მეფობაში ბერძნებს სკვითები დაესხნენ თავს. ორენტის ებრძანა, რომ გასაოცარი ფიზიკური ძალის მქონე სკვითების ბელადს, მაროთს შებრძოლებოდა. გაბედულებითა და ძლიერებით გამორჩეული მხედარი თავის ექვს ძმასთან ერთად ქრისტეს სასოებდა, ახლაც ღვთისგან გამოითხოვა შეწევნა და დაამარცხა სკვითების აქამდე დაუმარცხებელი ბელადი. ამ გამარჯვებამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა - სკვითები უკუიქცნენ. იმპერატორი წარმართული ღვთაებებისთვის სამადლობელი მსხვერპლის შესაწირავად გაემზადა და გამარჯვებულს - ორენტისაც უხმო. წმიდანმა უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებაზე და ახოვნად აღიარა, რომ მას ქრისტე ღმერთი სწამდა და მხოლოდ მას ემსახურებოდა. ვერც პატივისა და სიმდიდრის აღთქმამ და ვერც მუქარამ ვერ მოდრიკა აღმსარებელი. მაშინ სასტიკმა და უმადურმა თვითმპყრობელმა ბრძანა, იგი თავის ძმებთან ერთად კავკასიაში გადაესახლებინათ. გზაში ყველა მათგანი გარდაიცვალა: პირველად, 22 ივნისს, ეროსი აღესრულა პარემვოლში; შემდეგ ორენტიმ შეჰვედრა სული უფალს. მას ყელზე ლოდი გამოაბეს და ზღვაში ჩაძირეს. მთავარანგელოზმა რაფაელმა ქალაქ რიზის ნაპირებთან გამოიყვანა იგი და აქ მიიცვალა. ფარნაკი 3 ივლისს გარდაიცვალა კორდილში; წმიდა ფირმოსი და ფირმინი - 7 ივლისს, ასპარში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე; წმიდა კვირიკე კი - ზიგანიაში, 14 ივლისს. მეშვიდე ძმას, ლონგინოზს ხომალდზე აღმოხდა სული. ქარიშხალმა გემი ქალაქ ბიჭვინთასთან მიაგდო და წმიდანის ნეშტიც აქ მიაბარეს მიწას.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.