მოციქული წმიდაო ბართლომე, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა…
ტროპარი
მოციქული წმიდაო ბართლომე, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
იქმენ მსახურ ღმრთისა ყოვლითა ჭეშმარიტებითა, და სამეოცდა…
კონდაკი
იქმენ მსახურ ღმრთისა ყოვლითა ჭეშმარიტებითა, და სამეოცდა ათთა მოციქულთა შორის პირველად გამოსჩნდი, და განაბრწყინვე პავლეს თანა ქადაგებაცა შენი, და მიუთხარ ყოველთა ქრისტე ღმერთი, ამის-თჳსცა შესხმითა გალობათა საღმრთოსა ხსენებასა შენსა აღვასრულებთ, ბართლომე.
იხილე დიდად მზედ ეკლესიისა მოძღურებათა ელვითა და…
კონდაკი
იხილე დიდად მზედ ეკლესიისა მოძღურებათა ელვითა და სასწაულთა საკვირველთა ნათელ მყვანებელ პატივისმცემელთა შენთა, ბართლომე, უფლისა მოციქულო.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი…
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
სამართლად კადნიერებით მოვილტვით მოწყალისა ხატისა შენისა მომართ…
ტროპარი
სამართლად კადნიერებით მოვილტვით მოწყალისა ხატისა შენისა მომართ, ღუთისმშობელო და ლმობიერებითა ვხმობთ მისდა მომართ: გარდამომივლინენ მდიდარნი წყალობანი შენნი: განამტკიცე ეკლესიაჲ ჩუენი, კეთილდღეობანი კაცთანი დაიცევ და იხსენ ქუეყანაჲ ჩუენი ყოვლისაგან გარემოდგომილებისა, ერსა ამას მშვიდობაჲ მოჰმადლე და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
მოციქულთა: ბართლომესი და ბარნაბასი (I)
მოციქულთა: ბართლომესი და ბარნაბასი (I)
წმიდა მოციქულნი ბართლომე და ბარნაბა (I). წმიდა მოციქული ბართლომე, ათორმეტთაგანი, კანას გალილეიდან იყო. უფლის მოწაფეებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მას და ფილიპე მოციქულს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმიდა ფილიპეს თან ახლდა და, მარიამი. სირიასა და მიზიაში მოგზაურობისას უფლის რჩეულებს მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა უხდებოდათ.
ერთ-ერთ დაბაში წმიდანები იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში. ლოცვის ძალით ქალაქ იერაპოლში მათ მოაშთვეს უზარმაზარი იქედნე, რომელსაც წარმართები თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას.
წმიდა მოციქულების ქადაგება მრავალი ნიშ-სასწაულით მტკიცდებოდა.
იერაპოლში ცხოვრობდა კაცი, სახელად სტაქოსი, რომელსაც ორმოცი წლის მანძილზე წართმეული ჰქონდა თვალისჩინი. მოციქულთა ლოცვამ მას მხედველობა დაუბრუნა. გახარებულმა სტაქოსმა ირწმუნა ქრისტე და ნათელ იღო. ხმა ამ სასწაულის შესახებ მთელ ქალაქს მოედო და სახლთან, სადაც მოციქულები იდგნენ, ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან განთავისუფლებული წარმართები ინათლებოდნენ და ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. განრისხებულმა წარმართმა ქურუმებმა სამსჯავროში იჩივლეს. ქალაქის თავმა ბრძანა, შეეპყროთ მქადაგებლები და საპყრობილეში გამოემწყვდიათ, სტაქოსის სახლი კი დაეწვათ. უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს. უეცრად საშინლად შეირყა ქვეყანა, მიწა დასკდა და მმართველი და ბრბოს ნაწილი თან ჩაიტანა. შეშინებულმა ხალხმა მოციქულების გარდამოხსნა დაიწყო ჯვრებიდან. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. იერაპოლის ეპისკოპოსად სტაქოსის დადგინების შემდეგ ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი.
ამის შემდეგ მარიამმა ღვთის სიტყვის ქადაგებით მიაშურა ლიკაონიას, სადაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (ხს. 17 თებერვალს). ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე; იყო დიდ სომხეთშიც, სადაც მრავალი სასწაული აღასრულა და მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერებით აღსავსე ხელმწიფემ მოციქულს ძღვენი გაუგზავნა, მაგრამ წმიდანმა მის მიღებაზე უარი განაცხადა: მე ადამიანთა სულების ხსნისთვისღა ვიღვწიო. მაშინ პოლიმიოსი დედოფალთან, განკურნებულ მეფის ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად მოინათლა. მათ მაგალითს დიდი სომხეთის ბევრმა მკვიდრმა მიჰბაძა. ამით შეშფოთებული ქურუმების შეგონებით მეფის ძმამ, ასტიაგმა შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თავდაღმა აცვა ჯვარს. აღსასრულს მიახლებული უფლის რჩეული არ წყვეტდა სახარების ქადაგებას. მაშინ გამხეცებულმა ასტიაგმა ბრძანა, ჯერ ტყავი გაეძროთ ნეტარისთვის, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. მორწმუნეებმა მისი ცხედარი ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაკრძალეს. დაახლოებით 508 წელს ბართლომეს უხრწნელი ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ დარში გადაასვენეს. როცა 574 წელს ქალაქი სპარსელებმა აიღეს, ქრისტიანებმა ხელთ იპყრეს მოციქულის ნაწილები და შავი ზღვის სანაპიროსკენ გაემართნენ, მაგრამ გზად მტრები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ზღვაში ჩაეშვათ. ღვთის ნებით, სიწმიდე კუნძულ ლიპარასთან მიცურდა. IX საუკუნეში ეს კუნძული არაბებმა იგდეს ხელთ და უხრწნელი ნეშტი ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადააბრძანეს. X საუკუნეში წმიდა ძვლების ნაწილი რომში იქნა გადასვენებული.
წმიდა მღვდელმთავრები: იოანე ოქროპირი, კირილე ალექსანდრიელი, ეპიფანე კვიპრელი და ეკლესიის ზოგიერთი სხვა მამა ბართლომეს ნათანაელთან (ინ. 1,45-51; 21,2) აიგივებენ.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
ღვთისმშობლის ხატისა, რომელსაც ეწოდება „ღირს არს“ („მოწყალე“; X)
ღვთისმშობლის ხატისა, რომელსაც ეწოდება „ღირს არს“ („მოწყალე“; X)
ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ღირს არსი ეწოდება. ამ სავანის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში მაღალ დასაჯდომელზეა მოთავსებული ეს ხატი, რომელიც შემდეგი მოვლენის გამო განსაკუთრებითაა განდიდებული: ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის ახლოს განდეგილურად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის დღეს, ღამისთევაზე დასასწრებად ბერი კარეასის ეკლესიაში წავიდა. მოწაფე სენაკის დასარაჯოდ დარჩა და მისგან ბრძანება მიიღო, რომ მსახურება შინ აღესრულებინა. დაღამებისთანავე მან კაკუნი გაიგონა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზით მიიღო. როცა ღამისთევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, მათ ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ორივე ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს - „უპატიოსნესს ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა...“ და ა.შ., მაგრამ საოცარმა სტუმარმა თქვა: „ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: „ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა“. ახალგაზრდა ბერს გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა გაიგონა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი და არც ქაღალდი არ აღმოჩნდა. მაშინ სტუმარმა უთხრა: „მაშინ მე შენთვის ამ ქვაზე დავწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“. საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი მორჩილს მისცა, საკუთარი თავი გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა. მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინაშე, მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარაესიდან დაბრუნებულმა ბერმა იგი ამ საოცარი გალობის აღვლენისას ნახა.
მორჩილმა მას ქვა აჩვენა და რაც მოხდა, ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმიდა მთის საკრებულოზე განაცხადა და ყვალ ერთი პირით და ერთი გულით ადიდებდა უფალს, დედა ღვთისას და გალობდნენ ახალ საგალობელს. მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოსის გალობას „ღირს არსს“ აღავლენს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც ის მთავარანგელოზმა აღასრულა, კარეასის ტაძარში გადააბრძანეს. მთავარანგელოსის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა პატრიარქის ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.) დროს, ბასილი და კონსტანტინე რომან-უმცროსის ვაჟების ზეობის ჟამს, კონსტანტინეპოლში გადაიტანეს. ხოლო ის სენაკი ათონზე დღემდე ღირს არსის სახელითაა ცნობილი. პეტერბურგში, გალერების ნავსადგურში აიგო მოწყალე ღვთისმშობლის დიდებული ხუთგუმბათიანი ტაძარი, სადაც ათონიდან გამოგზავნილი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული.
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.