გულანი
საცდელი · 1.11.1
4 ივნისი 1 / 9სარწმუნოებაი ქრისტესი ცხადად და ხმამაღლად ჰქადაგე შენ…

4 ივნისი

თვენი

წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (326) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 6 წთ

სარწმუნოებაი ქრისტესი ცხადად და ხმამაღლად ჰქადაგე შენ…

კონდაკი

სარწმუნოებაი ქრისტესი ცხადად და ხმამაღლად ჰქადაგე შენ, და წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ, და შერთე საწყსო შენი ანგელოზთა თანა, ვინაცა აწ იხარებ ქრისტეს თანა, მიტროფანე, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ოფლითა მით მოღვაწებისათა, განზავებულნი ცრემლთა წყარონი ძღუნად…

ტროპარი

ოფლითა მით მოღვაწებისათა, განზავებულნი ცრემლთა წყარონი ძღუნად მიუპყრენ აწ სავედრებელად მეუფესა, და ითხოვე აღორძინებაჲ მისი, რამეთუ ცრემლით სთესე, და სიხარულით მოიმკენ ნაყოფნი უდაბნოსანი, ჰოი დავით, ბრწყინვალებაო სოფლისაო, და მეოხო სულთა ჩუენთაო.

საზრდელითა პირუტყელითა იზრდებოდი სიბრძნითა და ცხოვრებითა ანგელოზებრ…

ტროპარი

საზრდელითა პირუტყელითა იზრდებოდი სიბრძნითა და ცხოვრებითა ანგელოზებრ სცხოვრებდი, სანატრელო გარეჯელო დავით, დასცნენ მტერნი ჩვენნი, ვითარცა ვეშაპნი იგი.

შუამდინარით აღმოხედ ვარსკულავი ყოვლად-ბრწყინვალე, და მოიწიე უდაბნოდ…

კონდაკი

შუამდინარით აღმოხედ ვარსკულავი ყოვლად-ბრწყინვალე, და მოიწიე უდაბნოდ გარესჯად და მიერითგან მოსლვითა შენითა, ვითარცა სამოთხე ნერგთაგან წმიდათა სცენდებიან, ნერგნი სიტყვიერნი, რომელთათვის ოხასა ნუ დააცადებ, დავით სანატრელო.

წმ. მიტროფანესი, კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა (დაახ. 326)

წმ. მიტროფანესი, კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა (დაახ. 326)

წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+325-326) მოღვაწეობდა კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. მისი მამა, დომენტი რომის იმპერატორის პრობის (276-282) ღვიძლი ძმა იყო. დომენტიმ შეიცნო წარმართული რელიგიის უძლურება და ირწმუნა ქრისტე. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო და წმიდანი თავის ორ ვაჟთან - პრობსა და მიტროფანესთან ერთად ბიზანტიაში გაიხიზნა, სადაც სიწმიდით გამორჩეული ეპისკოპოსის ტიტეს (242-272) ხელმძღვანელობით დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა. ტიტემ, რომელიც ხედავდა თავისი მოწაფის საღვთო მოშურნეობასა და უფლის სადიდებლად მოღვაწეობის დაუცხრომელ სურვილს, მღვდლად დაასხა მას ხელი. ტიტეს სიკვდილის შემდეგ მღვდელმთავრის კვერთხი დომენტის გადასცეს (272-303), ამ უკანასკნელს კი საეპისკოპოსო ტახტზე მისი ვაჟები შეენაცვლნენ: ჯერ პრობი (303-315), შემდეგ კი - მიტროფანე (316 წელს).

ერთხელ ბიზანტიაში ჩასული იმპერატორი კონსტანტინე აღტაცებაში მოვიდა ქალაქის მშვენიერებითა და მოხერხებული ადგილმდებარეობით. მან იხილა სიბრძნით გაბრწყინებული მიტროფანეს წმიდა ცხოვრებაც და თან წაიყვანა იგი რომში. მალე კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიონში გადაიტანა და წმიდა მამაც დააბრუნა აწ უკვე სამეფო ქალაქში. 325 წელს არიოზის ერესის უარსაყოფად ნიკეაში შედგა I მსოფლიო საეკლესიო კრება. წმიდა იმპერატორმა კრების წმიდა მამებს შესთავაზა, პატრიარქად წმიდა მიტროფანე აერჩიათ და, ამგვარად, იგი შეიქნა კონსტანტინეპოლის პირველი პატრიარქი. უკვე ღრმად მოხუცი წმიდანი ვერ ესწრებოდა კრებას და თავის ნაცვლად ქორეპისკოპოსი ალექსანდრე გაგზავნა. კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა წმიდა მამებთან ერთად მოინახულა ავადმყოფი პატრიარქი კონსტანტინე დიდის თხოვნით მან დაასახელა თავისი ღირსეული მემკვიდრე - ეპისკოპოსი ალექსანდრე და იწინასწარმეტყველა, რომ ამ უკანასკნელის შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდებოდა პავლე, რომელიც იმჟამად მედავითნედ მსახურობდა. პავლეს შემდეგ კი პატრიარქის ტახტს არქიდიაკონი ათანასე დაიკავებდა.

წმიდა მიტროფანე გარდაიცვალა დაახლოებით 326 წელს, 117 წლის ასაკში. მისი უხრწნელი ნაწილები განისვენებს კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა: ფრონტასიოსისა, სევერინესი, სევერიანესი და სილანესი (I)

მოწამეთა: ფრონტასიოსისა, სევერინესი, სევერიანესი და სილანესი (I)

წმიდა მოწამენი: ფრონტასი, სევერიანი, სევერიანე და სილანი (I) ქრისტესთვის ეწამნენ იმპერატორ კლავდიუსის (41-54) დროს. ისინი პეტრაგორიის ეპისკოპოსმა ფრონტონმა გაგზავნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად სამხრეთ გალიაში (დღევანდელ საფრანგეთში). ამ მხარის წარმართმა მმართველმა სკვირიდონმა შეიპყრო წმიდანები და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გამხეცებულმა სკვირიდონმა ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ აღმსარებლები, ძელებზე მიემსჭვალათ და თავში ლურსმნები ჩაერჭოთ ეკლის გვირგვინის მსგავსად, რის შემდეგაც მათ თავები მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა კონკორდიოსისა (დაახ. 175)

მოწამისა კონკორდიოსისა (დაახ. 175)

წმიდა მოწამე კონკორდიოსი (II), ხუცეს გორდიანის ვაჟი, ქრისტეს სარწმუნოებითა და კეთილმსახურებით იზრდებოდა. რომის ეპისკოპოსმა პიუსმა იგი იპოდიაკვნად აკურთხა. შემდეგ, მამის ნებართვის, რომის მახლობლად თავის ნათესავ ევტიქისთან დასახლდა და ლოცვასა და ქველმოქმედებაში ატარებდა დღეებს. ხმამ მისი კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ტურის ოლქის მმართველ ტორკვატამდეც მიაღწია. მან მოუხმო წმინდანს, და ქრისტეს უარყოფის სანაცვლოდ წარმართთა ცრუღმერთების ქურუმობა აღუთქვა. პასუხად კონკორდიოსმა მოუწოდა ტორკვატს, თავად მოქცეულიყო ჭეშმარიტი ღვთის - ქრისტეს სარწმუნოებაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ეპისკოპოსმა ანთიმმა, ტორკვატის მეგობარმა, სთხოვა გამგებელს, მასთან გამოეგზავნა ტუსაღი. წმიდა აღმსარებელმა კარგა ხანი იცხოვრა ეპისკოპოსთან და მის მიერ მღვდლად ეკურთხა. როცა ტორკვატმა კვლავ მოუწოდა წმიდანს და ჰკითხა, რას ფიქრობ შენი ცხოვრების შესახებო, მან უპასუხა, რომ ქრისტეა მისი ცხოვრება. გაუტეხელი კონკორდიოსი საპყრობილეში ჩააგდეს. სამი დღის შემდეგ გამგებელმა მასთან შეიარაღებული მეომრები გაგზავნა და შეუთვალა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავ, სიკვდილით დაისჯებიო. მოწამემ კვლავ ადიდა უფალი, შეჰნერწყვა ჯალათების მიერ მოტანილ ზევსის ქანდაკებას და ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მღვდელმოწამისა ასტიოსისა, დირაქიელი ეპისკოპოსისა (II)

მღვდელმოწამისა ასტიოსისა, დირაქიელი ეპისკოპოსისა (II)

მღვდელმოწამე ასტიოსი მაკედონიის ქალაქ დირაქიის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ტრაიანეს დროს (98-117). ერთხელ წმიდანს ძილში საღვთო გამოცხადებით ეუწყა, რომ ახლო მომავალში წამებისა და სიკვდილის დათმენა მოუწევდა ქრისტესთვის. მან თავის დიაკვნებს ურჩია, დამალულიყვნენ, თვითონ კი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. წმიდა ასტიოსმა არ უარყო ქრისტე. მაშინ მას სხეულზე თაფლი წაუსვეს და კრაზანების ნაკბენებით განატანჯი ჯვარზე გააკრეს. წმიდა მოწამის ცხედარი ქრისტიანებმა პატივით დაფლეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა ზოსიმესი, ეგვიპტის ბაბილონელ ეპისკოპოსისა (VI)

ღირსისა ზოსიმესი, ეგვიპტის ბაბილონელ ეპისკოპოსისა (VI)

წმიდა მოწამე ზოსიმე მეგვიპტელი - ბაბილონის ეპისკოპოსი (VI) დაიბადა კირიაკიაში (მცირე აზია). იგი ახალგაზრდობაშივე განერიდა ამ სოფელს და სინას მთაზე დაემკვიდრა, შემდეგ კი მარტომყოფობისთვის უფრო შესაფერ ადგილს, ლიბიას მიაშურა. აქ იგი შეხვდა ბერს, რომელმაც უწინასწარმეტყველა, რომ იგი ბაბილონის ეპისკოპოსი გახდებოდა. სინას მთაზე დაბრუნებული ზოსიმე იღუმენმა მონასტრის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნა, ალექსანდრიის პატრიარქმა კი წმიდანი ბაბილონის ეპისკოპოსად დაადგინა. ღირსი მამა ზოსიმე მეგვიპტელი ღრმა მოხუცებულობამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. ბოლოს კი, როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, სინაზე დაბრუნდა და იქ აღესრულა მშვიდობით.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.