გულანი
საცდელი · 1.11.2
28 მაისი 1 / 5სიწმინდითა მით საქმეთა შენთათა განბრწყინდი, ღირსო, და…

28 მაისი

თვენი

წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი (IX) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 3 წთ

სიწმინდითა მით საქმეთა შენთათა განბრწყინდი, ღირსო, და…

კონდაკი

სიწმინდითა მით საქმეთა შენთათა განბრწყინდი, ღირსო, და მოციქულთა საყდართა მკვიდრ იქმენ, ნიკიტა, და მსგავსად მზისა განანათლე სამწყსო შენი, მამაო, და ყოველნი აღავსენ საღმრთოთა მოძუღურებითა, ვინაცა გიხმობთ: გიხაროდენ ქალკედონისა მშუენიერებაო.

ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა, ქალკედონელი ეპისკოპოსისა (IX)

ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა, ქალკედონელი ეპისკოპოსისა (IX)

წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი (IX) VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული. ხატმბრძოლი ლეონ სომეხის (813-820) დროს წმიდანი თამამად ამხელდა ერეტიკოსებს. ამისთვის მრავალი დევნა დაითმიანა უსჯულო იმპერატორისა და მისი მიმდევრებისაგან. წმიდა აღმსარებელი გარდაიცვალა IX საუკუნის დასაწყისში. მის ნაწილებთან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა. კონსტანტინეპოლელი პრესვიტერის იოსების მიერ დაწერილ კანონში მოიხსენიება წმიდა ნიკიტას ძმაც - წმიდა ეგნატე.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მღვდელმოწამისა ევტიქისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (I)

მღვდელმოწამისა ევტიქისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (I)

მღვდელმოწამე ევტიქი მელიტინელი (I) წმიდა მოციქულთა თანამოსაგრე იყო. ქრისტესთვის აღესრულა ქალაქ მელიტინაში I საუკუნეში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ელიკონიდასი (244)

მოწამისა ელიკონიდასი (244)

წმიდა მოწამე ელიკონიდა (+244) ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა. მმართველმა ჯადოქრობა დასწამა წმიდანს და კვლავ სატანჯველად გადასცა ჯალათებს, შემდეგ ბრძანა, შეეწყვიტათ წამება და ელიკონიდას პატივსა და ქურუმების წოდებას დაჰპირდა, თუ კერპთაყვანისცემის რიტუალს აღასრულებდა. მოულოდნელად წმიდანი დათანხმდა. გახარებულმა ქურუმებმა და ხალხმა ყიჟინით წაიყვანეს მოწამე სამსხვერპლოში და მისივე თხოვნით მარტო დატოვეს. ღვთის ნებით ელიკონიდა უეცრად გოლიათური ძალით აღივსო და ყველა კერპი დალეწა. შეძრწუნებულმა ქურუმებმა მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. სასჯელის მოლოდინში საპყრობილეში გამომწყვდეულ წმიდა აღმსარებელს მაცხოვარი გამოეცხადა წმიდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების თანხლებით და წყლულებისაგან განკურნა. ხუთი დღის შემდეგ ელიკონიდასთან სამი დამშეული ლომი შეუშვეს, მაგრამ მხეცები მორჩილად მიუახლოვდნენ მას და ფეხები აულოკეს. გამხეცებული წარმართთა ბრბო მოითხოვდა, მოეკვდინებინათ წმიდანი. ლომები გამოცვივდნენ საკნიდან და ხალხს დაერივნენ. პერინიუსის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 244 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის ნეშტი.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მღვდელმოწამისა ელადი ეპისკოპოსისა (VI-VII)

მღვდელმოწამისა ელადი ეპისკოპოსისა (VI-VII)

მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი (VI-VII) ქრისტეს აღსარებისათვის ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. აღესრულა სასტიკი ცემისაგან. წმიდანისადმი მიძღვნილ კანონში ნათქვამია, რომ საპყრობილეში მას გამოეცხადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და წყლულებისაგან განკურნა. სხვა ცნობით, წმიდა ელადი აწამეს სპარსელებმა რომის იმპერიაზე თავდასხმის დროს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.