ვითარცა მღვდელმთავარი ყოვლადპატიოსანი და ღმრთისმსახურებისა მღვდელმოწამე, ზახებასა…
კონდაკი
ვითარცა მღვდელმთავარი ყოვლადპატიოსანი და ღმრთისმსახურებისა მღვდელმოწამე, ზახებასა ბოროტად მადიდებელთასა არა შეშინდი და მწვალებლობისა მისისა წინააღმდგომობასა სძლიენ, და ტკბილად ხმითა მაღალად ღაღად-ჰყავ და სთქუ: თაყვანს ვცემ ხატსა ქრისტესსა და ყოვლადწმინდისა დედისა მისისასა; ამისთვისცა პატივს გცემთ შენ, მიქაელ.
წმიდისა მოციქულთასწორისა ნინოსი და განათლება ქართველთა ერისა, წმ. მეფისა მირიანისა და დედოფლისა…
წმიდისა მოციქულთასწორისა ნინოსი და განათლება ქართველთა ერისა, წმ. მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV)
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. დედა ღვთისამ მოისურვა მოციქულებრივ ქადაგებაში მონაწილეობის მიღება და მას ივერია ხვდა წილად. სულიწმიდის გარდამოსვლისთანავე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოში გასამგზავრებლად გაემზადა, მაგრამ უფალმა მისი იერუსალიმში დარჩენა ისურვა და აღუთქვა, რომ არ უარყოფდა მის წილხვედრ ქვეყანას.
ღვთის განგებით ჩვენს ქვეყანაში საქადაგებლად მოციქული ანდრია პირველწოდებული მოივლინა, რომელმაც სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად საქართველოში პირველი სამოციქულო ეკლესია დააფუძნა. მოციქულებმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი მოაქციეს, მაგრამ მეფე და ქვეყნის უმეტესი ნაწილი კერპთმსახურების სიბნელეში დარჩა.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთასწორის - წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა - ზაბულონი, კეთილმორწმუნე და დიდგვაროვანი კაცი, იმპერატორ მაქსიმიანესთან მსახურებისთვის კაბადოკიიდან რომში წავიდა. ახოვანი და ბრძოლებში განთქმული ზაბულონი იმპერატორმა მალე მხედართმთავრად დაადგინა. ამ დროს მაქსიმიანეს ფრანგები განუდგნენ; ზაბულონმა ღვთის შეწევნით დაამარცხა ისინი და მათი მთავარი და წარჩინებულნი იმპერატორთან შეპყრობილნი მიიყვანა. მაქსიმიანემ უხვად დაასაჩუქრა ზაბულონი, ხოლო განდგომილთ სიკვდილი მიუსაჯა. ტყვეები ტირილით შეევედრნენ ზაბულონს: შეგვიყვანე შენი ღმერთის ტაძარში, მოგვნათლე მისი სახელით, ვისაც შენ ემსახურები და ჩვენს სიკვდილში ბრალი არ გექნებაო.
მან რომის პაპს აუწყა ტყვეთა სურვილი, რომელმაც მონათლა ისინი და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა.
მეორე დღეს სიკვდილმისჯილთ სამკვდრო სამოსელი შეიმოსეს და წმიდა ნათლისღებით აღბეჭდილნი უშიშრად მოელოდნენ სიკვდილს. ზაბულონმა შეხედა მათ ცხვრებივით მოდრეკილ თავებს, ატირდა და მაქსიმიანესგან მათი სიცოცხლე გამოითხოვა. განთავისუფლებული ფრანგები შეევედრნენ, რომ გაჰყოლოდა და მათი ერი ქრისტიანობის ნათელს ეზიარებინა. ზაბულონმა პატრიარქისაგან მღვდლები ითხოვა და თან გაჰყვა. ათი დღის განმავლობაში მდინარეში ინათლებოდა ხალხი; შემდეგ კარვები აღმართეს, უსისხლო მსხვრპლი შეწირეს და ყველანი წმიდა საიდუმლოს აზიარეს.
სამშობლოში დიდძალი ძღვენით დაბრუნებულმა ზაბულონმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო, მოელოცა წმიდა ადგილები და თავისი სიმდიდრე იქაური გლახაკებისთვის დაერიგებინა. იერუსალიმში იგი პატრიარქ იუბენალს დაუახლოვდა. ბავშვობაში დაობლებულმა იუბენალმა და მისმა დამ - სოსანამ გაყიდეს მშობლების ქონება, დატოვეს თავისი სამშობლო - კაბადოკია და იერუსალიმში მაცხოვრის საფლავს ემსახურებოდნენ. კეთილად ქცევისა და წესიერებისთვის პატივითი-პატივად აღყვანილი იუბენალი პატრიარქობამდე მიიწია, ხოლო სოსანა - მაცხოვრის საფლავის მომვლელ წარჩინებულ ქალს - სარა ბეთლემელს მორჩილებდა. სწორედ მისი რჩევით მიათხოვა პატრიარქმა სოსანა ვაჟკაცობით, სიბრძნითა და ღვთისმოშიშებით განთქმულ ზაბულონს და ახალშეუღლებულნი კაბადოკიაში გააგზავნა. ამათგან იშვა წმიდა ნინო - „ხეთა კეთილთაგან ნაყოფი კეთილი“.
თორმეტი წელი რომ შეუსრულდა წმიდა ნინოს, მისმა მშობლებმა გაყიდეს მთელი ქონება, თავის ასულთან ერთად იერუსალიმში წავიდნენ და მონაგები იქაურ გლახაკებს გაუნაწილეს. საღმრთო შურით აღძრული ზაბულონი ცრემლებით გამოეთხოვა შვილს და მოუწოდა, სამარადისოდ დაენერგა გულში ღვთის შიში და სიყვარული და მენელსაცხებლე დედებისა და ლაზარეს დებისთვის მიებაძა. უკანასკნელად ეამბორა მას და ამა სოფელს განშორებული იორდანის მიღმა უდაბნოში განმარტოვდა. პატრიარქმა სოსანა, მისივე სურვილისამებრ, უძლური დედების მომვლელად განაწესა, ხოლო წმიდა ნინო სარა ბეთლემელს მისცა აღსაზრდელად. ხედავდა რა წმიდა ნინოს დიდ სულიერ ძალას, იგი ასე უწინასწარმეტყველებს მას: „ვხედავ შვილო, შენში დამკვიდრებულ ძუ ლომის ძალას, რომელიც ყველა ოთხფეხზე ბატონობს. დედალი ორბი მამალზე უფრო მაღლა ადის ჰაერში; იქიდან მთელ ხმელეთს მცირე მარგალიტივით თვალის გუგაში მოიქცევს და შენიშნავს რა თავის საკბილოს, დაეშვება და ზედ დააცხრება. ამგვარივე იქნება შენი ცხოვრება სულიწმიდის წინამძღვრობით“.
ამ ღვთისმოშიშმა ქალმა ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი სჯული და წმიდა ნინო ყველაფერში კეთილად განსწავლა. წმიდანმა მისგან ისიც შეიტყო, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა სამეუფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული.
ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე“. შეძრწუნებულმა წმიდანმა მიუგო: „დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკ???იშნად და წინამძღვრად?“ მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: „ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ“.
ჩვენების შემდგომ წმიდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა და შეძრწუნებულმა ადიდა უფალი და ღვთისმშობელი. მან პატრიარქს მოუთხრო ყოველივე ეს და ამ სასწაულის ნიშანი - ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ჯვარი აჩვენა.
მალე ეფესოდან ერთი წარჩინებული ქალი მივიდა მაცხოვრის საფლავის მოსალოცად. როდესაც სახლში დაბრუნება დააპირა, წმიდა ნინომ პატრიარქს სთხოვა, მისთვის გაეყოლებინა იქ, სადაც უფალმა მოუწოდა. პატრიარქმა აღსავლის კართან დააყენა დისშვილი, აკურთხა და უფალს შეავედრა.
ეფესოში ჩასული წმიდა ნინო ერთ წარჩინებულ ქალს - რიფსიმეს შეხვდა, რომელიც მისი სწავლების შემდგომ თავის გამზრდელ გაიანესა და სახლეულთან - ორმოცდაათ ქალწულთან ერთად მოინათლა. წმიდანი ორი წელიწადი ცხოვრობდა მათთან.
ამ დროს ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლიტიანემ მშვენიერი რიფსიმეს ცოლად შერთვა მოინდომა, რისთვისაც რიფსიმემ, მისმა სახლეულმა და გაიანემ საბერძნეთი დატოვეს. მათთან ერთად წამოვიდა წმიდა ნინოც. ლტოლვილებმა სომხეთამდე მიაღწიეს და თავი სამეფო ბაღს შეაფარეს. დიოკლიტიანეს ბრძანებით ისინი სომხეთის მეფემ თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა.
ღვთის განგებით დაფარული წმიდა ნინო ხედავდა ანგელოზებს, რომელთაც დიდებით აჰყავდათ ზეცაში წმიდა მოწამეთა სულები. დავარდა მიწაზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დამტოვებ ასპიტთა და იქედნეთა შორის“. ამის პასუხად ზეციურმა ხმამ მოუწოდა, აღმოსავლეთით წასულიყო და ის საქმე აღესრულებინა, რისთვისაც უფალმა დაიფარა.
ზაფხულის დამდეგს წმიდა ნინო ჯავახეთის მთებით შემოვიდა საქართველოში. ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა: „ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, რადგანაც აქ ამისთვის მოივლინე“. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი:
„1. სადაც ეს სახარება იქადაგება, იქ ითქვას ამ დედაკაცის შესახებ (მათე 26,13).
2. არც მამაკაცებაა, არც დედაკაცება, არამედ თქვენ ყველანი ერთნი ხართ (გალ. 3,28)
3. წადით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა (მათე 28,19).
4. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა (ლუკა 12,32).
5. იქადაგეთ სახარება სასუფეველისა ყოველსა სოფელსა (მარკ. 16,15).
6. რომელმაც თქვენი ისმინოს და შეგიწყნაროთ, მე შემიწყნარა, და რომელმაც მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს ჩემი მომავლინებელი (მათ. 10,40).
7. ძალიან უყვარდა უფალს მარიამი, რამეთუ მარადის მის ჭეშმარიტ სიტყვას ისმენდა.
8. ნუ გეშინიათ მათგან, რომელთაც მოსწყვიტონ ხორცნი თქვენნი, ხოლო სულთა მოწყვეტა არ ძალუძთ (მათ. 10,20).
9. უთხრა მარიამ მაგდალინელს იესომ: წადი, დედაკაცო, და ახარე დათა ჩემთა (იოანე 20,17).
10. ყველგან იქადაგეთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“.
ჩვენების შემდეგ წმიდა ნინომ დიდხანს ილოცა. მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს და შემწეობა სთხოვა.
მრავალი ჭირითა და იწროებით, ძნელი და ფიცხელი გზებით მიიწია ქართლის სანახებამდე და ქალაქ ურბნისში შეჩერდა. აქ უცხო ღმერთთა მსახური ხალხი იხილა, რომელნიც ცეცხლს, ქვასა და ხეს სცემდნენ თაყვანს. რადგანაც ებრაული ენა კარგად იცოდა, ებრაელთა სინაგოგაში მივიდა საცხოვრებლად და ქართველთა ზნე-ჩვეულებას აკვირდებოდა.
ერთი თვის შემდეგ ურბნისიდან ურიცხვი ხალხი წავიდა მცხეთას სავაჭროდ და არმაზის კერპის თაყვანისსაცემად. მათ წმიდა ნინოც თან გაჰყვა. მცხეთაში მისული უყურებდა კერპთმსახურების საცდურით დაბნელებულ ხალხს და ტიროდა მათი ცდომილებისა და წარწყმედისათვის.
მეორე დღეს დასცეს საყვირს და ყოველი კუთხიდან შეკრებილმა ხალხმა ფერადი სამოსლითა და ყვავილებით შეამკო მოედანი, სადაც მეფე-დედოფალს უნდა გაევლოთ. მალე მთები ხალხით აივსო. წმიდა ნინო მათ შეუერთდა და მთაზე ასულმა იხილა არმაზის კერპი, რომელსაც ტანთ ოქროს ჯაჭვი ემოსა, თავზე ოქროს ჩაფხუტი ედგა, თვალად ზურმუხტი და ბივრილი ჰქონდა და ხელთ ბრწყინვალე მახვილი ეპყრა, რომელიც ელვასავით ტრიალებდა, თუ ვინმე შეეხებოდა, თავს სასიკვდილოდ გაწირავდა, ამიტომ შიშითა და ძრწოლით მიეახლებოდა მას მეფე და ერი. მარჯვნივ მას ოქროს კაცი ედგა - გაცი, ხოლო მარცხნივ - ვერცხლისა, - გაიმი. ეს კერპები ღმერთებად მიაჩნდათ ქართველებს.
იხილა რა მტრისგან დაბნელებული ერი, რომელიც ცოცხლივ შთაენთქა ჯოჯოხეთს, წმიდანი ატირდა, მცირედ მოშორდა იმ ადგილს და უფალს შეევედრა, გამოევლინა თავისი ძლიერება, რათა ხალხს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნო.
ლოცვის დასრულებისთანავე ჭექა-ქუხილი ატყდა და საშინელი ქარი ამოვარდა. შეშინებული ხალხი სწრაფად განეშორა იქაურობას. უეცრად მოიწია რისხვის ღრუბელი, საკერპოს ლოდებივით ეკვეთა სეტყვა და სრულიად დალეწა და შემუსრა; სასტიკმა ქარმა დაარღვია საკერპოს ზღუდეები და კლდის ნაპრალებში ჩააბნია. კლდის მცირე საფარველქვეშ მდგომარე წმიდა ნინო ღმერთს ქებასა და მადლობას სწირავდა.
როდესაც დამშვიდდა იქაურობა და ჰაერი გაიწმინდა, წმიდანმა ძველ ნაციხართან მდგარ აკაკის ხეზე ჯვარი გამოსახა და ღმერთს შეცდომილი ერის ხსნას ევედრებოდა.
მეორე დღეს ძრწოლამ შეიპყრო მეფე და ერი, თავისი ღმერთების კვალსაც რომ ვერ მიაგნეს. გაკვირვებით უყურებდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ: ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი მტერია ღვთისა ჩვენისა არმაზისა; როგორც სოფლისმპყრობელთა ჩვეულებაა, ერთმანეთს ებრძვიან და ეს ყველაფერი მის მიერ მოიწიაო.
დედოფლის სეფექალმა შროშანამ ხესთან წმიდა ნინო დაინახა, მასთან ბერძნულად მეტყველი ქალი მიიყვანა და ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი გამოჰკითხა. წმიდანმა ყველაფერი მოუთხრო, ოღონდ დაფარა, რომ განთქმული ოჯახის შვილი იყო და თავის თავს “ტყვე” უწოდა. შროშანას შეეცოდა უცხოობაში მყოფი ქალი და სასახლეში გაყოლა შესთავაზა. სამი დღის შემდეგ მცხეთაში ჩასული წმ. ნინო სამეფო ბაღში შევიდა. ბაღის მცველის მეუღლემ ანასტომ თბილად მიიღო, ფეხები დაბანა, ზეთი სცხო და დააპურა. ამ კეთილმა ოჯახმა ცხრა თვე შეიფარა წმიდა ნინო. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდათ, რასაც ძალიან წუხდნენ. ერთ ღამეს წმიდანმა ნათლითმოსილი კაცი იხილა, რომელმაც ბაღში მიუთითა ადგილი, საიდანაც მიწა უნდა აეღო და მათთვის შესაჭმელად მიეცა (ამ ადგილას იდგა მშვენიერი კვიპაროსი, რომელიც საოცარ სურნელებას გამოსცემდა). წმიდა ნინოს ლოცვით მათ შვილები ეყოლათ და ამ სასწაულით ქრისტე ირწმუნეს.
წმიდა ნინომ სამგზის იხილა ჩვენება: თითქოს მოფრინდებოდნენ ფრინველები, შავ ფრთებს მტკვარში განიბანდნენ და მშვენიერ კვიპაროსზე შემოკრებილნი წმიდანს შეჰღაღადებდნენ.
მან ეს ხილვა ებრაელი მღვდლის - აბიათარის ასულ სიდონიას მოუთხრო, რომელიც წმიდანის ფარული მოწაფე იყო. მან კარგად იცოდა მოსეს სჯული და სულიწმიდით აღძრულმა უთხრა: „ტყვეო და ტყვეთა მხსნელო, შენ მიერ ეგულება შემოქმედს სულთა ჩვენთა განათლება და შენ მიერ იცნობს წარმართთა სიმრავლე ჭეშმარიტ ღმერთს“.
წმიდა ნინომ განმარტოებით ცხოვრება მოისურვა. სამეფო ბაღის მახლობლად, კარვის მსგავსად გარდართხმულ მაყვლოვანში დასახლდა, იქ აღმართა ვაზის ჯვარი და დღე-დაღამ ევედრებოდა უფალს წარწყმედული ერის მოქცევას.
ექვსი წელიწადი იცხოვრა ფიცხელი მოღვაწეობით: ცრემლითა და მოუკლებელი ლოცვით. მისი საშვებელი მარხვა იყო, სამოსელი - უხეში ქსოვილისა, ხოლო განსასვენებელი სარეცელი - მიწაზე დაგებული ძაძა. იგი ნელ-ნელა თესავდა ქართველებში მაცხოვნებელი სარწმუნოების მარცვლებს და მისი მოწაფეების რიცხვი თანდათან იზრდებოდა.
წმიდა ნინომ მრავალი უძლური მოარჩინა. მისი ლოცვით განიკურნა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა, რომელმაც ამ სასწაულით ირწმუნა ქრისტე. წმიდანის მოძღვრებით განათლებულმა დედოფალმა მირიანს აუწყა თავისი სასწაულებრივი განკურნება და ძალი ღმრთისა, რომელსაც უცხო დედაკაცი ქადაგებდა. გაკვირვებულმა მეფემ აბიათარისგან ძველი და ახალი სჯულის გამოძიება დაიწყო და სურვილი გაუჩნდა ქრისტიანობის მიღებისა.
წმიდა ნინოს მიერ დღითი-დღე აღესრულებოდა სასწაულები და ურიცხვი კურნებანი. მირიანმა სთხოვა მას, განეკურნა ბოროტი სულით გვემული სპარსი მთავარი ხუარა და დაეჭვებით ჰკითხა: „რომელი ღმერთის ძალით კურნავ ხალხს? იქნებ არმაზისა და ზადენის შვილი ხარ და მათ მოგანიჭეს კურნების ძალა. ისინი, თუმცაღა ჰაერმა შემუსრა, კვლავ ცოცხლები არიან. თუ ამ მთავარს განკურნავ, დიდძალ სიმდიდრეს მოგანიჭებ და ამ ქალაქში ყველასგან პატივცემული იქნებიო. წმიდა ნინომ მიუგო: „ცისა და ქვეყნის შემოქმედი მალე გამოაბრწყინვებს შენ შორის ნათელს... შენს ქალაქში დაფარული იესო ქრისტეს სამოსლის ძალით აღესრულება კურნებანი და მისი წმიდა სახელით ეს მთავარიც განიკურნება“.
წმიდა ნინომ კვიპაროსთან განკურნა ხუარა, რომელიც მთელი ოჯახით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცა.
ერთხელ მირიანი მუხნარის მხარეს სანადიროდ წავიდა. კაცთა მოდგმის მტერმა ძველი კერპების სიყვარული გაუღვიძა და გადაწყვიტა, მახვილით მოესრა ქრისტიანები. მან მხლებლებს მიმართა: ჩვენ ღირსნი ვართ, რომ ბოროტება მოგვაწიონ ჩვენმა ღმერთებმა, რადგანაც შევწყვიტეთ მათი მსახურება და ჩვენს ქვეყანაში ქადაგების ნება გრძნეულ ქრისტიანებს მივეცით. მე განვიზრახე, რომ შევმუსრო ყველა ქრისტიანი და გულმოდგინედ ვემსახურო ჩემს ღმერთებს. თუ დედოფალი არ უარყოფს ქრისტეს, მასაც არ დავინდობო. მაშინ კაცთმოყვარე უფალმა პავლე მოციქულივით მოინადირა იგი და თხოთის მთაზე ასულს უეცრად თვალთ დაუბნელდა. მირიანმა სიარული ვეღარ შეძლო და შეძრწუნებული ერთ ადგილას შეჩერდა; მოუხმო არმაზს და ზადენს, მაგრამ არაფერი ეშველა. სასოწარკვეთილი მეფე ფიქრობდა: „ცოცხლივ ჯოჯოხეთში ვარ და არ ვიცი მთელი ქვეყანა დაიქცა თუ მხოლოდ ჩემს თავს მოიწია ეს ჭირი“. როდესაც სიცოცხლის იმედი გადაუწყდა, უფალმა კეთილად შეცვალა მისი გონება და ხმამაღლა ღაღადყო: „თუ ჩემთვისაა მხოლოდ ეს ჭირი, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი, რათა ვადიდო შენი წმიდა სახელი“. ეს თქვა თუ არა, სიბრმავისგან მყისვე განთავისუფლდა, მეფემ ხელები აღაპყრო და თქვა: „ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ღმერთთა და უფალი უფლებათა, შენ აღგიარებ და შენ თაყვანისგცემ“.
სამეფო სასახლეში დაბრუნებული მირიანი წმიდა ნინოსთან მივიდა და ხმამაღლა აღიარა: „მრწამს ამიერიდან, მოციქულო ღვთისაო, რომ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც შენ ჰქადაგებ“. შემდეგ სთხოვა, გამოესახა ეკლესია, რათა ღვთის სადიდებლად ტაძარი აეგოთ.
მირიანმა ბრძანა, მის ბაღში მდგარი კვიპაროსი მოეჭრათ და ტაძრის სვეტად აღემართათ. ამ კვიპაროსთან წმიდა ნინომ მრავალი სასწაული მოახდინა და უფალმა მისი მოკვეთისას ინება დაფარული საიდუმლოს გაცხადება.
როდესაც წმიდა ნინო მცხეთაში მოვიდა, იმ წელიწადს ებრაელთა მღვდელთმთავრობა აბიათარს ხვდა წილად. მან ანტიოქიაში მცხოვრები ებრაელი მღვდლებისაგან შემდეგი წერილი მიიღო: „ღმერთმა სამად განხეთქა ისრაელის მეფობა. ჩვენი წინასწარმეტყველნი დაცხრნენ. ყველაფერი აღესრულა და მთელ დედამიწაზე განვიბნიეთ. ჩვენი ქვეყანა რომაელებმა დაიპყრეს. ვტიროდით, რადგანაც შემოქმედი ღმერთი განვარისხეთ. შენ ნახე მოსეს წიგნები, სადაც წერია იმ კაცის სიკვდილზე, რომელიც თავის თავს ძე ღვთისას უწოდებდა. ნუთუ უკვე შევცდით იესო ნაზარეველის მოკვლით? - რადგანაც ვხედავთ, რომ როდესაც ჩვენი მამები შესცოდავდნენ და ღმერთს ივიწყებდნენ, უფალი მათ მძიმე ტყვეობით ტანჯავდა, ხოლო როდესაც ღვთისკენ სინანულით მოიქცეოდნენ, ჭირს მსწრაფლ მოაშორებდა. ახლა, როდესაც მათ ხელი შეახეს მწირი დედაკაცის ძეს და მოკლეს იგი, უფალმა წყალობის ხელი აიღო ჩვენგან და დაარღვია ჩვენი სამეფო. თავის წმიდა ტაძარს მოგვაშორა და ჩვენი მოდგმა სრულიად უგულებელსყო. სამასზე მეტი წელი გავიდა მას შემდეგ და ღმერთი აღარ ისმენს ჩვენს ვედრებას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის კაცი ზეცით იყო მოსული.
ამის შემდეგ აბიათარი წმიდა ნინოსგან გამოეძიებდა, ვინ იყო ქრისტე და რისთვის განკაცდა. წმიდანმა ყველაფერი მოუთხრო და განუმარტა ძველი და ახალი სჯულიდან. მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, წმიდანს დაემოწაფა და ქრისტიანობის მხურვალე მქადაგებელი გახდა.
წმიდა ნინო მცხეთაში მოსვლისთანავე ეძებდა მაცხოვრის კვართს. აბიათარმა მას წინაპართაგან გადმოცემული ამბავი მოუთხრო: როდესაც ებრაელები უფალ იესო ქრისტეს წინააღმდეგ აღიძრნენ, თვისტომთ ყოველი მხრიდან მოუწოდეს. მცხეთის მკვიდრ ებრაელებს იერუსალიმიდან მოწერეს: „იმ კაცისაგან, რომელსაც იესო ჰქვია, განქარდა მოსეს სჯული, დაირღვა ჩვენი ყოველი წესი და ლამის მთელი ქვეყანა მას შეუდგეს. მოდით და შეგვეწიეთ, კაცნო ბრძენნო და სჯულისმეცნიერნო და აღვასრულოთ მცნება ღვთისა და მოსესი“. ებრაელებმა სამღვდელო ტომის შთამომავალი ელიოზ მღვდელი და ლონგინოზ კარსნელი გააგზავნეს იერუსალიმში.
მოხუცებულმა დედამ წასვლის წინ ამცნო ელიოზს, რომ არ მიეღო მონაწილეობა მართალი კაცის სიკვდილში, რამეთუ იგი წინასწარმეტყველთაგან მოსწავებული მესიაა, ხოლო მისი ღვთისმოშიში და - ქალწული სიდონია შეევედრა ელიოზს, მისთვის იესოს ხელშენახები რაიმე ნივთი ჩამოეტანა.
როდესაც ებრაელებმა მაცხოვრის ჯვარცმა გადაწყვიტეს, ელიოზი და ლონგინოზი არ ეზიარნენ მათ განზრახვას. ისინი ჯვარცმის შორიახლოს იდგნენ.
მცხეთაში დაბრუნებულმა ელიოზმა შეიტყო, რომ იმ დროს, როდესაც გოლგოთაზე მაცხოვრის წმიდა ხელები ჯვარს მიამსჭვალეს, სულიწმიდით აღძრულმა ელიოზის დედამ ხმამაღლა დაიძახა: ამიერიდან მშვიდობით, მეუფებაო ურიათაო, რამეთუ განხორციელებული ღმერთი მოაკვდინეთო - და ამ სიტყვებით მიიცვალა.
მაცხოვრის ჯვარზე ვნების შემდგომ უფლის კვართი მცხეთელებს ხვდათ წილად. იერუსალიმიდან წამოსულმა ელიოზმა თან წამოიღო უფლის კვართი. მცხეთაში მოსულს ქალწული სიდონია მიეგება. ძმას გამოართვა მაცხოვრის კვართი, გულში ჩაიკრა და მყის სული განუტევა.
მცხეთელები შეშფოთდნენ ამ უცხო სასწაულის ხილვით. ელიოზმა შიშით და ძრწოლით კვართიანად დაკრძალა საყვარელი და, რადგანაც ვერ შეძლეს მის ხელთაგან უფლის სამოსლის გამოღება.
სწორედ მაცხოვრის კვართზე იყო ამოსული ის მშვენიერი კვიპაროსი, რომლის მოჭრაც ბრძანა მირიანმა.
მოკვეთილმა ხემ გამოუთქმელი სურნელება გამოსცა. მისგან სვეტი შეამზადეს და როდესაც აღმართვა დააპირეს, ვერაფრით ვერ დაძრეს ადგილიდან, რამეთუ საღმრთო ძალა აჩერებდა მათ. ამასობაში დაღამდა და ამ საოცრებით გაკვირვებული და შეწუხებული მეფე და ხალხი სახლებში წავიდა.
იმ ღამეს წმიდა ნინო თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად სვეტის მახლობლად ლოცულობდა. შუაღამისას კაცთა მოდგმის მტერმა, რომლის მეუფებაც ირღვეოდა ქართლში, დასაბრკოლებლად მათ ამგვარი ჩვენება მოუვლინა: თითქოს ჩამოირღვა არმაზისა და ზადენის მთები, რომელთაც მტკვრისა და არაგვის დინება შეაჩერეს. დაგუბებულმა მტკვარმა ნაპირებიდან გადმოხეთქა და ქალაქი წალეკა. ატყდა გრგვინვა და საშინელი გოდებისა და ვაების ხმები გაისმა. შეშინებულმა დედებმა გაქცევა დააპირეს. წმიდა ნინომ შეაჩერა ბოროტის მზაკვრებით მოტყუებულნი და უთხრა: „ნუ გეშინიათ, დებო, მთები იქვე დგანან და წყალნიც იქვე დიან; მთების ჩამოქცევა ნიშანია იმისა, რომ ურწმუნოების მთები დაირღვევა ქართლში, წყლის შეჩერება - ეშმაკთა მიმართ შეწირულ ყრმათა სისხლის შეწყვეტისა, ვაების ხმები - ეშმაკთა გოდებაა, რომელნიც ჯვრის ძალით აქედან განდევნილნი თავის თავს იგლოვენ. დაბრუნდით და ილოცეთ“. მეყვსეულად ჩაცხრა ხმები და ყველაფერი გაქრა. წმიდა ნინო ხელაღპყრობით ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა, არ დაბრკოლებულიყო საქმე სარწმუნოებისა, რასაც წადიერებით შეუდგა მეფე და ერი.
ცოტა ხნის შემდეგ გამძვინვარებულმა ბოროტმა სხვა შემაძრწუნებელი ჩვენება მოუვლინა მათ: თითქოს ძლიერმა ლაშქარმა დალეწა ქალაქის სამივე კარიბჭე და მცხეთა სპარსთა ლაშქრით აივსო. ატყდა საშინელი ხოცვა და სისხლი მდინარესავით მიდიოდა ქუჩებში. გაისმა საშინელი ძახილი: „ამას ბრძანებს სპარსთა მეფე ხუარა და მეფეთ-მეფე ხუარან-ხუარა: - ყოველი ურია განარიდეთ მახვილს“. შეშინებულ დედებს შეიარაღებულნი მიუახლოვდნენ. ამ დროს ვიღაცამ ძლიერად დაიძახა: მირიან მეფე შეიპყრესო. წმიდა ნინომ ირგვლივ მიმოიხედა და თქვა: „ვინც ყვირის, ვიცი, ახლა ძალიან უჭირს და ვმადლობ უფალს, რომ ეს მათი წარწყმედის, ქართლის ხსნისა და ამ ადგილის დიდების ნიშანია“. ნუგეშისცა დედებს და გაამხნევა. შემდეგ მიუბრუნდა მხედრებად გარდასახულ ეშმაკებს და უთხრა: „სად არიან სპარსთა მეფენი - ხუარა და ხუარან-ხუარა? - საბასტანით გუშინ წამოხვედით? - მალე მოსულხართ. დიდი ლაშქარი ხართ და ძლიერად დალეწეთ ქალაქი, მახვილი დაეცით ქართა და ნიავთ. წადით ჩრდილოეთის წყვდიადში, აჰა, მოვიდა, ვისაც თქვენ გაურბიხართ!“ ჯვარი გადასახა იქაურობას, უცბად გაუჩინარდა ყველაფერი და სიმშვიდე ჩამოვარდა.
ცისკრის ჟამს ღამის ჩვენებებით გადაღლილ დედებს ჩაეძინათ. მხოლოდ წმიდა ნინო და სიდონია იყვნენ მღვიძარედ და ლოცულობდნენ. ამ დროს წმიდანთან ნათლითმოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. წმიდა ნინო მიწაზე დავარდა; ჭაბუკმა ხელი მოჰკიდა სვეტს და მაღლა წაიღო. მალე სვეტი ცეცხლივით დაეშვა, ჰაერში ორი კაცის სიმაღლეზე შეჩერდა და ბრწყინვალებასა და საოცარ სურნელს გამოსცემდა.
გამთენიისას სვეტის ვერშეძვრით დაღონებული მეფე ბაღში მიმოდიოდა. დაწყებულ ეკლესიას თვალი შეავლო და იხილა, რომ ნათელი ელვასავით აღიწეოდა ცამდე. მთელი ქალაქი შეიკრიბა ამ სასწაულის სანახავად. მირონმდინარე ნათლის სვეტი ნელ-ნელა ქვემოთ დაეშვა და ხელშეუხებლად თავისსავე ძირს დაემყარა. შიშითა და სიხარულით აღვსილი მეფე და ერი ნინოს ღმერთს ადიდებდა.
სვეტიცხოვლის მიერ ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა. ხალხი თვალს ვერ უსწორებდა მის შემაძრწუნებელ ღვთაებრივ ნათელს. მისი ბრწყინვალება რომ დაეფარა, მეფემ საბურევლი შეუქმნა. სნეულნი საბურველს ეხებოდნენ და განიკურნებოდნენ. სვეტიცხოვლის ტაძარს „წმიდა წმიდათა“ ერქვა და შიშით იქ შესვლას ვერავინ ბედავდა.
ეკლესიათა დასრულების შემდეგ, წმიდა ნინოს ბრძანებით, მეფე მირიანმა საბერძნეთში მოციქულები გააგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან და მოძღვარნი და ღვთისმსახურების მასწავლელნი ითხოვა. იმპერატორმა კონსტანტინემ ისინი სიყვარულითა და დიდი პატივით მიიღო და საქართველოში ნიკეის კრების მონაწილე, მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი - ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი მიავლინა.
ქართლი ჯეროვანი პატივით მიეგება პატრიარქს. მან წმიდა ნინოს ელენე დედოფლისგან გამოგზავნილი ძელი ცხოვრების ნაწილი, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები და ქებითა და შესხმით შემკული წერილი გადასცა.
მირიანის ბრძანებით სამეფოს მკვიდრნი მცხეთას შემოიკრიბნენ. მოამზადეს სანათლო, სადაც წმიდა ნინომ ჯვარი აღმართა და პატრიარქის ხელით მეფე-დედოფალი, დიდებულნი და უამრავი წარმართი მოინათლა. ამ ადგილს „მთავართა სანათლო“ ეწოდა. პატრიარქმა ეკლესიები აკურთხა და საკურთხეველნი დაამყარა. მთავარეპისკოპოსად იოანეს დაასხა ხელი; აკურთხა მღვდელ-დიაკონნი და მეფე და ერი საღმრთო სწავლებით განამშვენა. მან მონათლა, აგრეთვე, ურიათა მღვდელთმოძღვარი აბიათარი, მისი ნათესავნი, ელიოზის სახლ-ტომი და სხვა ორმოცდაათი მოქცეული ებრაელი. ებრაელები აღსდგნენ აბიათარის წინააღმდეგ, დაარღვიეს სინაგოგა და გაიფანტნენ. მონათლულ ებრაელებს მეფემ დაბა ციხედიდი უბოძა.
წმიდა პატრიარქმა ევსტათიმ ქვეყანა მართალ სარწმუნოებაზე დაამტკიცა, განუწესა ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი, საეკლესიო და საღვთისმსახურო წესები ასწავლა, რის შემდგომ დიდი პატივით გააცილეს თავის ქვეყანაში.
ამავე დროს ფრანგმა დიაკონმა წმიდა ნინოს რომის პაპისგან წერილი ჩამოუტანა. პატრიარქი ლოცავდა მეფესა და ერს, წმიდა ნინოს ქებას ასხამდა და მისგან ლოცვას ითხოვდა. დიაკონს თან ჰქონდა წერილი ფრანგი მთავრისა, რომელიც წმიდანის მამას - ზაბულონს მოენათლა. ქართლში ქრისტიანობის ნათლის მიფენა და წმიდა ნინოს სასწაულები მათ ყურამდეც იყო მიწევნილი. დიაკონმა, მთავრის ბრძანებით, თვალით ხილული და მოსმენილი ყველაფერი ჩაიწერა და თავის ქვეყანაში წაიღო.
წმიდა ნინო არაგვის გადაღმა, მცხეთის პირისპირ მდგომარე მთაზე ავიდა და ღამეებს ლოცვაში ათევდა. მისი ლოცვით კლდის ძირას სასწაულებრივი წყარო აღმოცენდა, რომელსაც კურნების ძალა ჰქონდა. ამ კლდის სიახლოვეს უხსოვარი დროიდან ზამთარ-ზაფხულ ფოთოლმსხმოიარე სურნელოვანი ხე იდგა, რომელსაც კაცის ხელი არ შეხებოდა. ეს ხე საკვირველი იყო იმითაც, რომ სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირი მის ფოთოლს ან თესლს თუ შეჭამდა, გადარჩებოდა. როდესაც ეპისკოპოსს ამ ხის ამბავი აუწყეს, მან თქვა: ღმერთმა დასაბამიდანვე თავის სამსახურად განამზადა ეს ქვეყანა. და ეს ხეც ამ ჟამისა-თვის აღმოაცენა. რადგანაც ახლა მოეფინა ღვთის მადლი ქართლს, ჯვარცმული უფლის სადიდებლად ჯვრები მისგან შევქმნათო.
ხარებობას - 25 მარტს ეპისკოპოსისა და მეფისწულის თანხლებით რტოებიანად ჩამოიტანეს მოკვეთილი ხე, რომელიც ტაძრის სამხრეთ ნაწილში - სვეტიცხოველთან დაასვენეს. მის ფოთლებს 37 დღის განმავლობაში ფერიც კი არ შეუცვლია. ამ ხისგან სამი ჯვარი გამოკვეთეს და 7 მაისს მეფეთა ხელისდადებით ეკლესიაში აღმართეს.
რამდენიმე ღამის განმავლობაში მცხეთელებმა საკვირველი სასწაული იხილეს: ზეციდან ჩამოსული ვარსკვლავების გვირგვინით შემკული ცეცხლოვანი ჯვარი განთიადამდე ეკლესიის თავზე ჩერდებოდა; შემდეგ მისგან გამოყოფილ ორ ვარსკვლავთაგან ერთი აღმოსავლეთით მიდიოდა, მეორე - დასავლეთით. თვითონ ჯვარი კი ნელ-ნელა არაგვის გაღმა გადიოდა და წმიდა ნინოს წყაროსთან მცირე ხნით შეჩერებული ზეცად მაღლდებოდა.
მეფემ წმიდა ნინოსგან შეიტყო, რომ ამ სასწაულით უფალი ჯვრების აღსამართავ ადგილებს მიანიშნებდა. წმიდანის რჩევით მან ამ ადგილების გამოსაძიებლად ხალხი გააგზავნა და შეიტყო, რომ ერთი ვარსკვლავი თხოთის მთაზე ჩერდებოდა, სადაც მირიანმა ქრისტე ირწმუნა, მეორე კახეთში - დაბა „ბოდისში“, რითაც უფალი წინასწარ განადიდებდა თავისი სათნომყოფელის განსასვენებელ ადგილს.
წმიდა ნინომ უწყოდა, რომ ბოდბეში დასრულდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრება და ამიტომ უბრძანა: „წაიღეთ ერთი ჯვარი და თხოთს აღმართეთ, სადაც უფალმა თავისი ძალა გამოგიცხადათ, ხოლო მეორე - მეფეთა ქალაქ უჯარმაში, რადგანაც ბოდბე წინ არ აღუდგება ხალხმრავალ მეფეთა ქალაქს, ხოლო ბოდბეს, ღვთის სათნო ადგილს, თვითონ ვიხილავ“.
მესამე ჯვარი წმიდა ნინომ, ეპისკოპოსმა, სამეფო კარმა და ურიცხვმა ხალხმა დიდი პატივით წააბრძანეს და წმიდა ნინოს წყაროსთან მთელი ღამე ლოცვაში გაათენეს. მეორე დღეს წმიდა ნინომ ხელი დაადო ერთ ქვას და ეპისკოპოსს უთხრა, რომ ჯვარი გადაესახა მისთვის. იმ ადგილას, ბორცვზე დიდებით აღმართეს ჯვარი და მის წინაშე მუხლი მოიდრიკეს. მრავალი სასწაული აღესრულებოდა ამ ჯვართან: სნეულნი განიკურნებოდნენ, უშვილოთ - შვილი ენიჭებოდათ. ამ სასწაულებით მრავალი წარმართი მოიქცა. ერი ყოველწლიურად აღასრულებდა მასთან მსახურებას.
ერთხელ მირიანმა წმიდა ნინოს უთხრა: „მნებავს ჩემი სიძე პეროზი და მთიულნი მახვილით მოვაქციო“... მან მიუგო: „უფლისგან ნაბრძანები არაა მახვილის აღება; სახარებითა და პატიოსანი ჯვრით ვუჩვენოთ მათ ჭეშმარიტი გზა“.
წმიდა ნინომ მთიულეთში, ერწო-თიანეთსა და კახეთში იქადაგა ქრისტეს სარწმუნოება. ხალხმა შემუსრა კერპები და მოინათლა.
და, ბოლოს, უფალი მიუძღვა მისთვის განმზადებულ ადგილზე - კუხეთის დაბა „ბოდისში“, სადაც დაასრულა მოციქულებრივი მოღვაწეობა. აქ მისი ქადაგებით მოინათლა დედოფალი სუჯი, მისი მთავრები, მხედრები და მონა-მხევალნი.
სრულყო რა ქადაგება ჭეშმარიტებისა, ღვაწლით დამაშვრალ დედა ნინოს სულიწმიდისგან ეუწყა, რომ ამა სოფელს დატოვებდა. მან მირიანთან წერილი გაატანა დედოფალ სუჯის, რომელშიც ლოცავს მეფესა და ერს და ატყობინებს, რომ ქრისტეს სახარება ყველამ შეიწყნარა, შემუსრეს კერპები და წმიდა სამების სახელით მოინათლნენ. მეფეს მოუწოდა, რომ მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება და წმიდა ნათლისღების ბეჭედი. შემდეგ ითხოვს, რომ მასთან იოანე ეპისკოპოსი გააგზავნოს - რათა წარმგზავნოს და საუკუნო საგზალი მომცესო.
სუჯი მხლებლებით წავიდა მცხეთაში და მთელი გზა ფეხშიშველმა გაიარა. როდესაც სვეტიცხოვლის პირისპირ მიიწივნენ, ვერვინ გაბედა უზომოდ ადიდებულ არაგვში შესვლა. დედოფალმა ილოცა, პირჯვარი გამოისახა და სახედრით შევიდა მდინარეში. მდინარე შუაზე გაიპო და დედოფალი უვნებლად გავიდა ნაპირზე.
მირიანმა ცრემლებით დაალტო წმიდა ნინოს წერილი. მეფე-დედოფალი უამრავი ხალხით წავიდა ბოდბეში. იქ ჩასულთ მოიკითხეს წმიდანი და მისგან კურთხევა აიღეს. ეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა და წმიდა ნინო ქრისტეს განმაცხოველებელ სისხლსა და ხორცს აზიარა, რომელიც წაიღო საუკუნო საგზლად და უფალს შეჰვედრა სული. „ტალანტთა სიმრავლით წარმოუდგა წმიდა სამებას და პატიოსან ძღვნად სულიწმიდით შობილი ერი მიართვა“.
მთელი ერი შეიკრიბა მისი წმიდა სხეულის თაყვანისსაცემად. მირიანმა ძლივს დააცხრო ხალხი, რომელიც ერთმანეთს თელავდა, მის ღვაწლითშემოსილ გვამს რომ შეხებოდა.
მეფემ მთავარეპისკოპოსსა და მთავრებთან ერთად წმიდა ნინოს სვეტიცხოველში დაკრძალვა გადაწყვიტა, მაგრამ ორასმა კაცმა ადგილიდანაც ვერ დაძრა მისი სარეცელი. მირიანმა გულისხმაჰყო, რომ სწორედ ეს იყო მის განსასვენებლად ღვთისგან მოსწავებული ადგილი და დიდი პატივითა და დიდებით იქვე დაკრძალა. ოცდაათი დღე წმიდა ნინოს საფლავთან დარჩნენ და ერის დაობლებას იგლოვდა მეფე და ერი.
წმიდანის საფლავზე მეფემ მშვენიერი ტაძარი ააგო და საეპისკოპოსოდ განაჩინა. სიკვდილის სარეცელზე მყოფმა მირიანმა დედოფალს ანდერძი დაუტოვა: „შენ, ნანა, თუ დაგცალდება, ჩემი სიკვდილის შემდეგ სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შეწირე, რათა ჟამთა სიგრძემ და ცვალებამ არ შეარყიოს ეს ადგილი და უკუნისამდე შეუძვრელად იყოს... ასევე ვევედრები მთავარეპისკოპოსს, განადიდოს ეს ადგილი, რადგანაც პატივის ღირსია“.
წმიდა ნინოს საფლავთან ურიცხვი სასწაულები აღესრულებოდა და დღესაც სულიერად დაკნინებულსა და დაუძლურებულ ერს მანვე უნდა აღმოუცენოს ცხოველი წყარო კურნებისა და შემუსროს ურწმუნოების კერპები.
ღირსისა დამიანესი, მეფეყოფილისა დემეტრესი, გარეჯელისა, „შენ ხარ ვენახის“ ავტორისა (1157)
ღირსისა დამიანესი, მეფეყოფილისა დემეტრესი, გარეჯელისა, „შენ ხარ ვენახის“ ავტორისა (1157)
ღირსი დამიანე, მეფეყოფილი დემეტრე იყო წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის შვილი. წმიდანი დაახ. 1095 წელს დაიბადა. დემეტრეს აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ასე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები, როგორც მემატიანე წერს დემეტრე „სიბრძნით, სიწმინდით, ახოვნებითა და სიმხნევით უმჯობეს იყო ნანისა“.
1125 წელს წმიდა დავით მეფემ სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, „დაადგა გჳრგჳნი მისითა ჴელითა“ და „შეარტყა წელთა ძლიერთა მახჳლი“.
ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მეფობისას მოიხვეჭა დემეტრემ სახელი და დიდება: 1117 წელს დავითმა იგი შირვანს გაგზავნა სალაშქროდ. ახალგაზრდა სარდალმა „ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკჳრვნა“, აიღო ქალაძორის ციხე და ურიცხვი ტყვითა და ალაფით დაბრუნდა, ძლევამოსილი.
წმიდა დემეტრე მხნედ შეუდგა მამის მემკვიდრეობისა და საქართველოს საზღვრების დაცვას. დემეტრეს მეფობის დროს აღორძინდა ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაო, რომელნიც მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ჰერეთ-კახეთი შემოიერთა, თითქმის უკაცრიელი იყო.
ძლევამოსილი მეფე დემეტრე ვერ გადაურჩა ბოროტის მანქანებას: დავითიანთა კეთილ ძირს მიმსგავსებული, ღვთივდანერგული და ცხებული მეფე შეთქმულებებისა და ღალატის მსხვერპლი გახდა. ჯერ დიდგვაროვნები აუმხედრდნენ, რომლებსაც ტახტზე მისი ნახევარძმის, ვახტანგის (ცუატას) დასმა უნდოდათ. დემეტრემ სწრაფად ჩაახშო ერთიანი საქართველოს ძლიერების საწინააღმდეგოდ მიმართული ამბოხი. შემდეგ საკუთარი ძე - დავითი აუმხედრდა მამას. საყვარელი შვილის ღალატით საოცრად გულნატკენმა კეთილმსახურმა მეფემ უმწვავესი ფორმით იგემა ამ სოფლის ამაოება, მონაზვნად აღიკვეცა დამიანეს სახელით და დავით გარეჯის უდაბნოში დაეყუდა, სამეფო ტახტი კი დავითს დაუთმო. დავითმა მხოლოდ ექვს თვეს იმეფა და გარდაიცვალა.
ქვეყნის ინტერესების დასაცავად დემეტრე ენერგიულად ჩაერია სახელმწიფო საქმეებში, კვლავ ავიდა ტახტზე და თანამმართველად თავისი შვილი გიორგი გამოაცხადა.
დავით გარეჯის უდაბნოში აღკვეცილმა მეფემ შთამომავლობას ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშები დაუტოვა. ჩვენამდე მოღწეული იამბიკოებიდან განსაკუთრებით ცნობილია შესხმა ღვთისმშობლისა - „შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული, მორჩი, კეთილი ედემს შინა ნერგული, ალვა, სუნელი სამოთხეს აღმოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერვინა გჯობს ქებული, თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული“. ანტონ კათოლიკოსის თქმით, დემეტრე იყო „გამომთქმელი სტიხთა მაღალ შაირთა, რომელნიც დღესაც ჩანან აღწერილად“. იოანე ბატონიშვილი კი წერს, რომ „ის იყო მშვენიერი რიტორი, პიიტიკოსი და შემთხზველი უცხოთ შაირთა, რომელმანც მრავალნი სწავლანი გამოთქვა“.
კეთილმსახური მეფისა და წმიდა დამიანეს ფრესკა მაცხვარიშის (ლატალი) ეკლესიის მხატვრობამ შემოგვინახა.
ღრმა სულიერებისა და მტკიცე ქრისტიანული რწმენის მქონე დემეტრე-დამიანემ დაასრულა და აკურთხა დიდი დავითის დაწყებული გელათის ტაძარი. მეფეყოფილი წმიდა დამიანე გარდაიცვალა ბელტის ციხეში (+1157), დაასაფლავეს გელათის მონასტერში.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
ღირსისა მიქაელ აღმსარებელისა, სინადელი ეპისკოპოსისა (821)
ღირსისა მიქაელ აღმსარებელისა, სინადელი ეპისკოპოსისა (821)
წმიდა მიქაელ აღმსარებელი, სინაიდელი ეპისკოპოსი (+831) ბავშვობიდან მიესწრაფოდა მონასტრულ ცხოვრებას. ის წმიდა პატრიარქმა ტარასიმ (784-806) გაგზავნა შავი ზღვის ნაპირზე მდებარე მონასტერში. მასთან ერთად მონასტერში მოვიდა წმიდა თეოფილაქტე (ხს. 8 მარტს), ნიკომიდიის მომავალი მღვდელმთავარი. ორივე ბერი მხურვალედ მოღვაწეობდა მონასტერში. მათ მოშურნე ცხოვრებისათვის უფლისგან მადლი მიიღეს. ერთხელ, მკის დროს, წმიდა ბერთა ლოცვით ცარიელი ჭურჭელი წყლით აივსო.
პატრიარქმა ტარასიმ წმიდა მიქაელს ხელი დაასხა ქალაქ სინადის ეპისკოპოსად. ის მთელი გულით შეიყვარა მისმა სამწყსომ და იმპერატორებმა ნიკიფორე I-მა (802-811) და მიხეილ I-მა (811-813). 787 წელს წმიდა მიქაელი ესწრებოდა მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებას.
შემდგომ აღსაყდრებულმა ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ სომეხმა კათედრებიდან განდევნა მართლმადიდებელი მღვდელმთავრები და მათ ადგილზე დაადგინა თავისი თანამოაზრე მწვალებლები.
ლეონ სომეხმა წმიდა ეპიკოპოსის დასჯა გადაწყვიტა, მან კი უპასუხა: „თაყვანს ვსცემ წმიდა ხატებს მაცხოვრისა ჩემისა იესო ქრისტესი და დედისა მისისა, ყოვლადწმიდა ქალწულისა და ყოველთა წმიდათა. ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, ვერ გავასვენებ ტაძრიდან წმიდა ხატებს“. ლეონ სომეხმა წმიდა მიქაელი ევდოკიაში გადაასახლა, სადაც აღესრულა 821 წელს. წმიდა მიქაელის თავი ინახება ათონის წმიდა ათანასეს ლავრაში, წმიდა ნაწილები კი - ივერთა მონასტერში.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
ღირსმოწამისა მიქაელისა (IX)
ღირსმოწამისა მიქაელისა (IX)
წმიდა ღირსმოწამე მიქაელი (IX) იყო ერთგული მოწაფე წმიდა თეოდორე ედესელისა (ხს. 9 ივლისს). მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მიქაელმა ქონება ღარიბებს დაურიგა და იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილთა თაყვანისაცემად. ამ დროს იერუსალიმი მუსულმანებს ჰქონდათ დაპყრობილი. წმიდა მიქაელი პალესტინაში დარჩა და საბაწმიდის ლავრაში დასახლდა. ერთხელ წმიდა მამა მონასტრიდან იერუსალიმში გაგზავნეს ბერების ნახელავების გასაყიდად. მუსულმანი დედოფლის სეიდას საჭურისს ძალზე მოეწონა ძმათა ხელობა და წმიდა მიქაელი მონასტრის ნაკეთობებთან ერთად დედოფალს წარუდგინა. დედოფალს გულში ჩაუვარდა ახალგაზრდა ბერი და ცოდვით დაცემა შესთავაზა მას. უარის მიღებისას სეიდამ სასტიკად აცემინა იგი, შემდეგ კი მეფეს წარუდგინა, როგორც მაჰმადიანობის მტერი. ბერის დაკითხვის შემდეგ მეფე შეეცადა მაჰმადიანური სარწმუნოების მიღებაზე დაეყოლიებინა წმიდა მიქაელი, მაგრამ წმიდანმა უპასუხა: „ან სავანეში გამიშვი მოძღვართან, ან მართლმადიდებლურად მოინათლე, ან თავი მომკვეთე“, მეფემ ბრძანა, თასით საწამლავი მიერთმიათ წმიდა მიქაელისათვის. წმიდანმა დალია საწამლავი, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. ამ სასწაულის შემდეგ წმიდანს თავი მოჰკვეთეს. ბერებმა მისი ნეშტი გადაასვენეს საბაწმიდის ლავრაში და პატივით დაასაფლავეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
წმ. იოანე I, მცხეთისა და სრულიად ივერიის მთავარეპისკოპოსისა (დაახ. 340-360)
წმ. იოანე I, მცხეთისა და სრულიად ივერიის მთავარეპისკოპოსისა (დაახ. 340-360)
ქართლის (მცხეთის, იბერიის) ეკლესიას, 324- 325 წლებიდან IV საუკუნის 40-იანი წლების ჩათვლით, მამამთავრობდა იოანე, რომელიც სახელდებულია როგორც ქართლის პირველი ეპისკოპოსი, პირველი მამამთავარი.
ქართულ საისტორიო წყაროებში - "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა" - მისი სახელია "იოვანე." ამასთან, "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში იხსენიება როგორც ეპისკოპოსად, ასევე მთავარეპისკოპოსად, ხოლო "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ში - მხოლოდ ეპისკოპოსად.
ქართული წყაროების მიხედვით, წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობაზე ახალმოქცეულმა ქართლის მეფე მირიანმა ელჩები გაგზავნა კონსტანტინე დიდთან და სთხოვა მღვდლების გამოგზავნა: "და ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი მირიან მეფისანი კოსტანტინე ბერძენთა მეფესა წინაშე, და მიუთხრეს ყოველი, რაცა იქმნა, მაშინ აღივსო სიხარულითა მეფე და დედა მისი ელენე დედოფალი: პირველად ამისთჳს, რამეთუ მადლი ღმრთისა მიეფინებოდა ყოველთა ადგილთა და ჴელსა ქუეშე მათსა ნათელს იღებდა ყოველი ქართლი.
შემდგომად ამისათჳს განმხიარულდეს, რამეთუ დაიდასტურეს მირიან მეფისაგან სრულიად მოწყუედა სპარსთა და მტკიცედ მიღება სიყუარულისა მათისა. და ადიდებდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა. და წარმოგზავნა მღდელი ჭეშმარიტი იოვანე ეპისკოპოსად, და მის თანა მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი. და მოუწერა მირიანს კოსტანტინე მეფემან წიგნი ლოცვისა და კურთხევისა ღმრთისა მადლობისა. და წარმოსცა ჯუარი და ხატი მაცხოვრისა, და მის თანა ნიჭი დიდი. და ელენე დედოფალმან მოუწერა წიგნი ქებისა და ნუგეშისცემისა".
საბერძნეთიდან წამოსული რჩეული სასულიერო პირები მოვიდნენ მცხეთაში: "მოიწია იოვანე ეპისკოპოსი და მის თანა მღდელნი და დიაკონნი და მოციქულნი მცხეთად, და აღივსნეს სიხარულითა მეფე და დედოფალი და ყოველი ერი მათი, რამეთუ სურვიელ იყვნეს ყოველნივე ნათლისღებისათჳს".
აქედან ნათლად ჩანს, რომ ჯერ არ იყო შესრულებული სამეფო ოჯახის წევრთა ნათლობა და ამიტომაც ელოდნენ ივერიელნი დიდი სიხარულით საბერძნეთიდან მოვლინებულ სასულიერო დასს.
"მაშინ ნათელიღო მეფემან ჴელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა, და შემდგომად დედოფალმან და შვილთა მათთა ჴელსა ქუეშე მათ მღდელთა და დიაკონთასა. და შემდგომად ამისსა აკურთხეს მდინარე მტკუარი, და ეპისკოპოსმან შემზადა ადგილი ერთი, მიწურვით ჴიდისა კარსა მოგუეთისასა, სადა ყოფილ იყო სახლი ელიოზ მღდელისა, და მუნ ნათელს-ცემდა წარჩინებულთა თჳთოსა. და ეწოდა ადგილსა მას მთავართა სანათლო. ხოლო ქუემოთ მისსა, მდინარისავე პირსა, ორგან, ორნი იგი მღდელნი და დიაკონნი ნათელს-ცემ¬დეს ერსა. ...რამეთუ ესმინა ქადაგება (ერსა - მ.ც.) წმიდისა ნინოსი, რომელსა იტყჳნ: "ყოველმან რომელმან არა ნათელ-იღოს, არა პოვოს მან ნათელი საუკუნო".
როგორც ისტორია გადმოგვცემს, მთელი ერი განანათლა წმინდა ნინომ და ეპისკოპოსმა იოვანემ, მხოლოდ "მთიულთა კავკასიონის" მოსახლეობამ და "ჰურიათა მცხეთელთა" განაცხადეს უარი ნათლისღებაზე.
ამ უდიდესი მოვლენის შემდეგ უკვე ნათელღებულმა მირიან მეფემ სთხოვა ეპისკოპოს იოვანეს კვლავ წასულიყო კონსტანტინე დიდთან: "მაშინ წარავლინა მირიან მეფემან ეპისკოპოსი იოვანე და მის თანა წარჩინებული ერთი წინაშე კოსტანტინე მეფისა, და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, რომელი მას ოდენ ჟამსა გამოეჩინა ღმრთისმოყუარესა ელენე დედოფალსა".
გარდა ამისა, მირიან მეფე ითხოვდა "მღდელთა მრავალთა", რათა ისინი წარეგზავნა ქალაქებსა და დაბებში დანარჩენთა ნათლისღებისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების საქადაგებლად.
როდესაც მივიდნენ საბერძნეთში და ეახლნენ კონსტანტინე იმპერატორს, მანაც არ დააყოვნა და "სიხარულით მოანიჭა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფერჴნი დამსჭუალულ იყვნეს უფლისანი და სამსჭუალნი ჴელთანი".
როგორც ცნობილია, იმხანად იმპერატორმა კონსტანტინემ საბერძნეთში აღაშენა ხუთასამდე ტაძარი და არც მეფე მირიანს გაუცრუა იმედები და ქართლში "წარმოგზავნნა მღდელნი და ხურონი ფრიად მრავალნი" და ეპისკოპოს იოვანეს გამოატანა აურაცხელი განძი და სიმდიდრე, თან უბრძანა "სადაცა ჯერ იჩინო ადგილთა ქართლისათა, აღაშენენ ეკლესიანი სახელსა ზედა ჩემსა; და ნიჭნი ესე დაამკჳდრენ ქალაქთა ქართლისათა."
იოვანე ეპისკოპოსმა და მას თანა მყოფებმა გზადაგზა აღასრულეს იმპერატორის თხოვნა (ბრძანება) და "ვითარ მოიწივნეს ადგილსა, რომელსა ჰქჳან ერუშეთი, და დაუტევნა ხურონი საქმედ ეკლესიისა; დაუტევნა განძი და სამსჭუალნი უფლისანი და წარმოვიდა. და დაუტევნა წუნდას ხურონი და განძი და, რაჟამს ეწყო ოდენ ეკლესიასა, წარმოვიდა და მოვიდა მანგლისს, და იწყო ეკლესიასა შენება; და დაუტევნა ფიცარნი იგი უფლისანი".
როდესაც მირიან მეფემ ეპისკოპოს იოვანეს ასეთი საქციელი შეიტყო, ძალიან შეწუხდა, რომ "პირველ არა სამეფოსა ქალაქსა მოვიდეს" და წმინდა ნინოს მოახსენა, ხოლო თავის მხრივ მოციქულთასწორმა დაამშვიდა: "ნუ სწუხ, მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ არს: სადაცა მოვიდოდიან, დასთესვიდენ სახელსა ღმრთისასა. ხოლო არს ქალაქსა ამას შინა სამოსელი იგი დიდებული უფლისა".
უფლის კვართის ხსენებაზე მეფემ უმალვე თავისთან იხმო აბიათარ მღვდელი და მრავალნი ჰურიანი და გამოიკითხა დაწვრილებით კვართის ამბავი. მონათხრობმა მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და თქვა: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო; რამეთუ პირველითგანვე გინდა ჴსნა ჩუენი ეშმაკისაგან და ადგილისა მისგან ბნელისა. ამისთჳს სამოსელი იგი შენი წმიდა წარმოეც წმიდით ქალაქით იერუსალემით ებრაელთა მათ, ღმრთეებისა შენისაგან უცხო-ქმ¬ნილთა, და მომეც ჩუენ უცხოთა ნათესავთაგან".
ნათლისღება გრძელდებოდა ქართლში. ფეხდაფეხ და კარდაკარ დადიოდნენ წმინდა ნინო და ეპისკოპოსი იოანე, სასულიერო პირებთან ერთად, და ქადაგებდნენ მართალ და ჭეშმარიტ სიტყვას.
"ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმა თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, და მოიღეთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ" (საქმე 2, 38).
წმინდა ამბროსი მედიოლანელი ბრძანებს: "ვინაიდან არ არის უცოდველი ადამიანი, ამიტომ ვინც ქრისტეს ნათლისღებას მიმართავს და შეუვრდება, მხოლოდ ის აღიარებს თავს ადამიანად".
ეს ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა როგორც წმინდა ნინომ, ისე საბერძნეთიდან მოვლინებულმა და ქართლში დადგინებულმა მამამთავარმა, ეპისკოპოსმა იოანემ, ამიტომ, უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მეფე-დედოფლის და სახლეულის მონათვლა, რის შემდეგაც ასევე ნათლისღებითა და მირონცხებით ერსა ზედა გადმოვიდა სულიწმიდის მადლი.
ამის შემდეგ კიდევ ერთი უდიდესი ფაქტი მოხდა.
წმინდა ნინომ და იოანე ეპისკოპოსმა მოითხოვეს ხე ჯვრის შესაქმნელად. ხის საძებნელად გაგზავნილმა ხუროებმა მოახსენეს მეფეს და ეპისკოპოსს, რომ იპოვეს ერთი სურნელოვანი და მშვენიერი ხე, რომელსაც სხვა ხეებისგან განსხვავებით, ფოთლები არ სცვიოდა. ამ ამბით გახარებულმა ეპისკოპოსმა იოანემ ბრძანა: "აჰა ესერა, ჭეშმარიტად პირველითგანვე დამარხულ არს ქუეყანა ესე ღმრთისაგან მსახურად თჳსად, რამეთუ ღმრთისაგან აღმოსცენდა ხე იგი დამარხული ჟამისა ამისთჳს. რამეთუ აწ მოეფინა მადლი ღმრთისა ქართლსა, და მის ხისაგან ჯერ არს შექმნად ჯუარი პატიოსანი, რომელსა თაყუანის-სცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან".
მოგვიანებით, მაისის თვეში, ამ სურნელოვანი ხისაგან დაამზადეს სამი ჯვარი, რომლებიც ქართლის სამეფოს სხვადასხვა კუთხეში აღიმართა.
მირიან მეფემ წმინდა ნინოს და ეპისკოპოს იოვანეს გაანდო სურვილი: "მნებავს ესრეთ, რათა იძულებით მახჳლითა მოვაქცივნეთ მთეულნი და სიძე ჩემი ფეროზ, და დავამონნეთ ძესა ღმრთისასა და ვათაყუანნეთ პატიოსანსა ჯუარსა." ამის შესახებ წმინდა ნინომ და ეპისკოპოსმა მეფე მირიანს უპასუხეს: "არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახჳლისა აღება, არამედ სახარებითა და ჯუარითა პატიოსნითა უჩუენოთ გზა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, და მადლმან ღმრთისამან განანათლოს ბნელი იგი გულთა მათთა".
ამის შემდეგ წმინდა ნინო, მირიან მეფე და ეპისკოპოსი იოვანე, ერთ ერისთავთან ერთად, წავიდნენ მთიულეთში და სადაც პირველად შეკრიბეს მოსახლეობა, იყო წობენი (ისტორიულ-გეოგრაფიული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი დუშეთის რაიონში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, დაბა ჟინვალსა და სოფ. ჩინთს შორის).
აქ შეიკრიბნენ წილკნელები, ფხოველები, ჭართალელები და გუდამაყრელები, რომლებმაც უარი თქვეს ქრისტიანობის მიღებასა და ნათლისღებაზე, რასაც მირიან მეფის ერისთავმა "მცირედ წარმართა მახჳლი მათ ზედა, და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი".
ამ მოვლენის შემდეგ "წმინდა ნინო წარემართა წარსლვად რანს მოქცევად ფეროზისა. და ვითარცა მიეახლა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, დაყვნა მუნ დღენი რაოდენნიმე. და მოვიდოდეს მისსა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა მისსა სიმრავლე ერისა. მაშინ დასნეულდა მუნ; და ვითარცა ცნა რევ, ძემან მეფისამან, და სალომე, ცოლმან მისმან, რომელნი ცხორებდეს უჯარმას, მოვიდეს ნინოსა და აცნობეს მეფესა და დედოფალსა. ხოლო მათ მიავლინეს ეპისკოპოსი იოვანე წარმოყვანებად წმიდისა ნინოსსა, ხოლო წმინდა ნინო არა ერჩდა".
ეპისკოპოსის მიბრძანება და თხოვნა არა ისმინა წმინდანმა, რასაც მოჰყვა მეფისა და მასთან ერთად მრავალი მხლებლის ჩასვლა ბოდბეში.
წმინდა ნინომ გარს შემოიკრიბა სტუმრები და ბრძანა: "ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო დედოფალნო ჩემნო, გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ დედათა, ყოველთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და გნებავს გზათა ჩემთა ცნობა, გლახაკისა მჴევლისათა. აწ გაუწყოცა, რამეთუ ესერა მოსრულ არს სული ჩემი ჴორჴად ჩემდა, და მეძინების მე ძილითა დედისა ჩემისათა საუკუნოდ. არამედ მოიხუენით საწერელნი და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრება ჩემი, რათა უწყოდიან შვილთაცა თქუენთა სარწმუნოება თქუენი, და შეწყნარება ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელ გიხილვან".
სალომე უჯარმელმა და პეროჟავრი სივნელმა (მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15/28 იანვარს) ჩაიწერეს წმინდა ნინოს მიერ მონათხრობი, რომელმაც უდიდესი მნიშვნელობა და გავლენა იქონია მომდევნო საუკუნეების საქართველოს ისტორიის ჩამოყალიბებაში.
იქვე დაუტოვა ანდერძი მეფეს, რომ იოვანეს შემდგომ ეპისკოპოსად მღვდელი იაკობი ეკურთხებინათ.
ხოლო "იოვანე ეპისკოპოსმან შეწირა ჟამი და აზიარა წმიდა ნინო ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და შევედრა სული თჳსი მეუფესა ცათასა, ქართლად მოსლვითგან მისით მეთოთხმეტესა წელსა, ქრისტეს ამაღლებითგან სამას ოცდათხუთმეტსა წელსა, დასაბამითგანთა წელთა ხუთიათას რვაას ოცდათურამეტსა".
როგორც ვხედავთ, იოვანე ეპისკოპოსმა წმინდა ნინოსთან ერთად ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართლის მოქცევაში, რასაც ადასტურებს შემდეგი მასალებიც.
"მოქცევაჲ ქართლისაჲს" ჭელიშურ რედაქციაში ვკითხულობთ: "ხოლო მეფემან (საუბარია კონსტანტინე იმპერატორზე - მ.ც.) წარავლინნა ეპისკოპოსი იოვანე და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი, და ხატი მაცხოვრისაჲ, და ძელი ცხორებისაჲ და სხუაჲ წიგნები ელენე დედოფლისაჲ ნინოჲსათჳს, და წარვიდეს" (ფონდი H-600).
ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაშრომში იმასვე იმეორებს, რაც დაიწერა მის მოღვაწეობამდე 13 საუკუნით ადრე. კერძოდ: "წარმოუვლინა (კონსტანტინე იმპერატორმა - მ.ც.) ჯუარი და ხატი მაცხოვრისა, იოანე (იგივე იოვანე - მ.ც.) ეპისკოპოსი, მღუდელნი ორნი და დიაკონი სამი და მოუწერა წიგნი ძმობისა კოსტანტინემ და ელენემ ლოცვისა და სიყუარულისა".
მცხეთაში (ქართლში) მოსვლისთანავე "ნათელ-იღეს მეფემან და დედოფალმან და ყოველმან ივერიელმან ჴელითა მათითა მტკუარსა შინა."
ანუ საბერძნეთიდან მოსულმა სასულიერო პირებმა ქართლის პირველ ეპისკოპოსად დადგენილი იოანეს ლოცვა-კურთხევითა და წინამძღოლობით განანათლეს ივერიელნი, რასაც ნამდვილად ვერ შეძლებდა წმინდა ნინო, ვინაიდან მას როგორც ქალს ამის უფლება არ ჰქონდა. მაგრამ მან იტვირთა ყველაზე დიდი მისია-მასწავლებლობა, მოციქულობა გაუწია ერსაც და ბერსაც, რამაც უნაკლო და ფასდაუდებელი შედეგი გამოიღო.
ნათლობის შემდეგ მირიან მეფემ საბერძნეთში "წარავლინა იოანე ეპისკოპოსი და ერთი დიდებული თჳსი წინაშე კონსტანტინესა და ითხოვა წილი ძელისა ცხოველისა, რომელი ჟამსა მას გამოეჩინა დედოფალსა ელენეს".
ამ უდიდეს განძს თან გამოჰყვა სასულიერო პირების დასი და ეკლესიათა მაშენებელნი (ხურონი, ქტიტორნი), რათა განმრავლებულიყო ქრისტეს სარწმუნოება ივერიაში (იბერიაში).
თუ არა იოანეს, სხვას ვის შეეძლო ეკურთხებინა ადგილი, სადაც აღიმართა სასწაულმოქმედი ჯვრები? "ესე დაუკჳრდებოდათ წარმართთა მათ და მოუთხრეს ეპიზკოპოზსა იოანეს, ხოლო იგი მმადლობელი უფლისა ეტყოდა მათ, "რამეთუ ღმერთსა პირველითგანვე უნებიეს ამის ადგილისა მადლისა მოფენად, ამისთჳს ჯერ-არს მის ხისაგან ჯუარისა შექმნა." მაშინ წარვიდა ძე მეფისა რევ და იოანე ეპისკოპოზი და მოჰკუეთეს მარტისა დღესა კ-ე.
ხე მოიაზრებოდა როგორც უწყვეტი კავშირი ცასა და დედამიწას შორის, როგორც დედაბოძი, რომელიც სამყაროს ცენტრში იყო აღმართული და ბიბლიური იაკობის კიბესთან ასოცირდებოდა. ხე იყო სიცოცხლის, ნაყოფიერებისა და სამყაროს არსებობის ცენტრი.
"აჰა ჩამოვიდეს ჯუარი ცეცხლისაჲ დაგჳრგჳნებული ვარსკულავითა და დაადგრეს ზედა ეკლესიათა ვიდრე განთიადამდე. და რიჟურაჟუს ოდენ, გამოვიდეს მისგან ორი მარსკულავი და წარვიდეს ერთი აღმოსავალით, და ერთი დასავალით. და იგი თავადი ეგრევე ნელიად ადგებინ ჲმიერ კერძო არ[ა]გუსა და დაადგრეს ბორუცსა ზედა ეკლესიისასა, ზემო კერძო, ახლოსა წყაროსა მას, რომელი აღმოადინეს ცრემლთა წმიდასა ნინოჲსთა, და მუნ აღმაღლის ზეცად".
ერთი ჯვარი აღმართეს მცხეთას, მეორე ჯვარი თხოთს და მესამე ჯვარი უჯარმას - ასე განაწილდა მაკურნებელი და სასწაულმოქმედი ჯვრები.
"ხოლო ჯუარი იგი პირველი სასწაული მცხეთისა იპყრეს ჴელითა და მოვიდნენ წყაროსა მას ზედა, განათენეს ღამე იგი ცრემლით მლოცველთა ყოველთა და ხვალისად აღვიდნენ კლდესა მას ზედა და მითხრობითა ნინოსათა აკურთხა ეპისკოპოზმან იოანე ადგილი იგი და აღმართეს ჯუარი, მოდრკენ სრულად, თაყვანი-სცეს და ადიდეს ძე ღვთისა ცხოველისა ყოველთა".
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) ბრძანებს: "ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათელით არის გასხივოსნებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც "ძელმა ჭეშმარიტებისამ", წმინდა ნინოს მადლითა და ღვაწლით ამართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზე სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმიდა სისხლით დაწერილი იყო და არის მცნება, რომელიც უდიდესია ყოველს მცნებაზე: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი".
იოანე ეპისკოპოსს დაევალა დასნეულებული წმიდა ნინოს მცხეთაში წამოყვანა "მაშინ მუნ მყოფი დასნეულდა წმიდა ნინო და ვითარცა ესმა ესე ძესა მეფისასა რევს და დედოფალსა სალომეს, აცნობეს მეფესა; ხოლო წარმოავლინა მეფემან ეპისკოპოსი იოანე, რათა წარმოიყვანოს მცხეთას. ესე არა ინება წმიდამან ნინო, რათა წარეყვანათ მცხეთას".
ავადმყოფობის ჟამს წმინდა ნინოს გვერდიდან არ მოსცილებია ეპისკოპოსი იოანე და სწორედ მან აზიარა სიცოცხლის ბოლოს: "შესწირა ეპისკოპოზმან იოანე მსხუერპლი უსისხლო და აზიარა წმიდა ნინო, და შევედრაცა სული თჳსი ზეცისა მეუფესა წელსა ქ-სა ტ-კთ, ქართულსა პ-ა".
ვახუშტისთან იოანე ეპისკოპოსი მოიხსენიება კიდევ ერთგან, კერძოდ, მეფე ბაქარის მეფობის აღწერისას "მეფის ბაქარისზე მოკუდა ეპისკოპოზი იოანე და დასუა მეფემან იაკობ და აღაშენნა ეკლესიანი, მატა ქრისტიანობასა და მეფობდა კეთილად".
იმავეს ვკითხულობთ შატბერდის კრებულშიც "და ვითარცა აღაშენეს ეკლესიაჲ, (მირიან მეფემ) წარავლინა მოციქული და წიგნი ნინოჲსი საბერძნეთა, მეფისა კოსტანტინესა თხოვად მღდელთა, ხოლო იგინი მსწრაფლ მიიწინეს.
და მოსცა მეფემან იოვანე ეპისკოპოსი და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონნი და წიგნი ელენე დედოფლისაჲ და ხატი მაცხოვრისაჲ და ძელი ცხორებისაჲ ნინოჲსთჳს.
და ვითარცა მოვიდეს, ნათელი მიიღო მირეან მეფემან და დედოფალმან და ყოველმან სახლმან მათმან".
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წმინდა ნინომ დაიწყო ქართლის გაქრისტიანება, მაგრამ საჭირო იყო ეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები, რათა წმინდად აღსრულებულიყო ყველა წეს-განგებულება.
1672 წლის იერუსალიმის კრების მამები ასე ახასიათებენ ეპისკოპოსის მნიშვნელობას: "ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია ეკლესიად, ქრისტიანი ქრისტიანად არამცთუ ვერ იქნება, არამედ ვერც იწოდება, რამეთუ ეპისკოპოსი, როგორც მოციქულთა მემკვიდრე, ღმრთისგან მიიღო რა მემკვიდრეობით გადმოცემული უფლება შეკვრისა და გახსნისა, ხელთდასხმითა და სულიწმიდის მოწოდებით მასზე და სულიწმიდის სამღვდელმოქმედო ძალით, არის ღმრთის ცოცხალი ხატი მიწაზე და მსოფლიო ეკლესიის ყველა იმ საიდუმლოთა ხვავრიელი წყარო, რომელთა მეშვეობითაც ცხონება მოიპოვება. ეპისკოპოსი ისეა საჭირო ეკლესიისთვის, როგორც სუნთქვა-ადამიანისა და მზე-სამყაროსათვის".
ზოგიერთი მკვლევარი ეჭვქვეშ აყენებს ეპისკოპოს იოანეს კურთხევის დროსა და მის აღმსარებლობით მიმართულებას.
"არაფერია მოულოდნელი იმაში, რომ ნინოს ლეგენდა, მართლაც, შექმნილი და ჩაწერილი ყოფილიყო მცხეთელ იუდეველ-ქრისტიანთა წრეში, ე.წ. პალესტინურ-სირიულ, არამეულ დიალექტზე, საიდანაც მოგვიანებით (დაახლოებით V საუკუნის დასასრული) იგი ქართულად ითარგმნა. ე.ი. ქართულ წყაროებში ბუნდოვნად, მაგრამ მაინც, ქართლის მოქცევის თანდართული ფაქტებია გადმოცემული იმდროინდელი ქართლის პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, - წერს თ. მგალობლიშვილი,ბუნდოვნად ვამბობთ იმიტომ, რომ ამ წყაროებში საუკუნეების მანძილზე სრულიად მიჩქმალულია ქართლის მოქცევის თანადროული იუდაურ-ქრისტიანული ტრადიციის კვალი და ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ახალ, ე.წ. ბერძნულ ტრადიციაზე. მაგრამ ამ ტრადიციაზე საუბრისას, ბუნებრივია, ისმის კითხვა: რატომ არსად არის ნახსენები, თუ სად მოხდა საბერძნეთიდან გამოგზავნილი ქართლის პირველი ეპისკოპოსის კურთხევა? ქრისტიანული რელიგიის რომელი ტრადიციის მიმდევარი იყო იგი და ღვთისმსახურების რომელი წესი შემოიტანა მან ქართლში".
მკვლევარი იქვე აღნიშნავს: "წმ. ნინოს ლეგენდა იერუსალიმური, პალესტინური წარმოშობისაა და იგი სხვა ციკლს არ უნდა მივაკუთვნოთ. ე. ი. წმ. ნინო ქრისტიანობის უძველესი, პალესტინური წარმოშობის არამეული ტრადიციის აღმსარებელია. მართალია, მირიან მეფე წმ. ნინოს რჩევით მოციქულებს საბერძნეთში კონსტანტინე იმპერატორთან აგზავნის, მაგრამ ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყნის პოლიტიკური კურსის მაჩვენებელია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართულ წყაროებში ხაზგასმულია მოციქულთა საბერძნეთში გაგზავნა.
მაგრამ საბერძნეთიდან მოსული იოანე ეპისკოპოსისა და სხვა მისიონერთა სარწმუნოებრივ ორიენტაციაზე საერთოდ არაფერია თქმული, ნახსენებიც კი არ არის, სად ეკურთხა იოანე ეპისკოპოსი ქართლში წამოსვლამდე".
მსჯელობის ეს ხაზი დამაჯერებლად არ მიგვაჩნია. არც ის, რომ ავტორი დაეჭვებულია კონსტანტინეს, ელენეს და თვით წმინდა ნინოს სარწმუნეობრივ ორიენტაციაში. სწორედ წმინდა ნინოს რჩევით გაიგზავნნენ დესპანები, იგივე მოციქულები მირიან მეფემ იმპერატორ კონსტანტინესთან და სწორედ მათი ერთობლივი მუშაკობისა და ღვაწლის შედეგად იქნა გამორჩეული ქართლის პირველ ეპისკოპოსად იოანე, რომელსაც თან გამოაყოლეს მღვდლები და დიაკვნები.
თ. მგალობლიშვილი არ იზიარებს "ქართლის ცხოვრების" მონაცემებს: "იოანე ეპისკოპოსი რომ კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის ან რომის პატრიარქს ეკურთხებინა, ეს ცნობა ქართულ წყაროებში უთუოდ გამოყენებული იქნებოდა, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსის დამადასტურებელი. მაგრამ იოანე ეპისკოპოსის ხელდასხმის ფაქტის უგულებელყოფა კი, ვფიქრობთ, გამოწვეული უნდა იყოს მხოლოდ იმით, რომ იოანეც ქრისტიანობის უძველესი პალესტინური წარმოშობის არამეული, იუდაურ-ქრისტიანული ტრადიციის აღმსარებელი და მიმდევარი იყო, რაც იმდროინდელი ქართლის პოლიტიკურ კურსს ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომაც არ არის ეს მოვლენა აღნიშნული ქართულ წყაროებში".
ამ თვალსაზრისს სპეციალური განხილვა სჭირდება. ამ შემთხვევაში კი ერთი კითხვა გვებადება: იმ საუკუნეებში მოღვაწე სხვა ყველა მღვდელმთავრის ან მამამთავრის კურთხევისა და სარწმუნოებრივი ორიენტაციის შესახებ არსებობს ინფორმაცია? ან სად, რომელი ადგილობრივი ეკლესიის პირველი იერარქის ირგვლივ გაჩნდებოდა ასეთი კითხვები?
მიხ. თარხნიშვილი ბრძანებს: "ქართული ეკლესიის იერარქიული განვითარება დაახლოებით შემდეგნაირად უნდა წარმოვიდგინოთ: პირველი ეპისკოპოსი, რომელიც ბიზანტიიდან მოვიდა, იოანე იყო. მცხეთის საეპისკოპოსო ტახტზე იგი შეცვალა ბიზანტიიდან მასთან ერთად მოსულმა იაკობმა. ჩვენთვის უცნობია, სად ეკურთხა იგი (ალბათ, იოანე - მ.ც.) ეპისკოპოსად, რადგან საკუთარი იერარქის შექმნა ასეთ მცირე დროში შეუძლებელი იყო".
მიხ. თარხნიშვილი თავის სხვა ნაშრომში დაასკვნის: "მირიანმა ელჩი გაუგზავნა კონსტანტინე დიდს და სთხოვა, მისიონრები გამოეგზავნა. ისინი მოვიდნენ იოანე ეპისკოპოსის მეთაურობით და შემოიღეს ღვთისმსახურება ბერძნულად. ამით საქართველო ბერძნულ ეკლესიას დაექვემდებარა, კერძოდ, ანტიოქიისას, რომლის იურისდიქციაშიც იყო მოქცეული მთელი იმჟამინდელი აღმოსავლეთი. 337 წლის ახლო ხანებში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა".
განსხვავებული არგუმენტები აქვს მიხეილ თამარაშვილს. იგი წერს: "ესტატე (სხვაგან ევსტათი) ბერეს (ალეპოს, იგივე ჰალაბი) ეპისკოპოსი იყო. 325 წელს იგი ანტიოქიის პატრიარქი გახდა. 331 წელს კი კონსტანტინემ გადააყენა და გადაასახლა. გადასახლების შემდეგ კეისარი აღარ დაავალებდა პატივსადებ მისიას, მონაწილეობა მიეღო საქართველოში წმიდა ნინოს სამოციქულო საქმეში. ასევე საეჭვოა, რომ ანტიოქიაში ყოფნისას (325-331 წწ.) ესტატე საქართველოში გამგზავრებულიყო; მისი გამგზავრება შესაძლებელი ჩანს მხოლოდ 325 წლამდე. ეს პერიოდი ემთხვევა საქართველოში ნინოს ჩამოსვლას, რაც "მოქცევაჲ ქართლისაჲს" მიხედვით, 323 წელს უნდა შეესაბამებოდეს. კეისარს ესტატე შეიძლება გამოეგზავნა 323-325 წლებში".
მიხ. თამარაშვილის ეს თვალსაზრისი ფართოდ დამკვიდრდა და მასზე ეჭვი არ გამოთქმულა.
ამავე ხაზს ავითარებს ვ. გოილაძის კვლევაც: "ახლა რაც შეეხება ქართლის პირველი ეპისკოპოსის - იოანეს ხელდასხმას, ისევე, სომხეთისა და ეგრისის, ქართლის მოსახლეობის მოქცევის საქმეშიც კაპადოკიელმა მისიონერმა შეასრულა მთავარი როლი." ... "ქართლის ეკლესიის მეთაურის ხელდასხმა 324 წელს (უკიდურეს შემთხვევაში 325 წლის ივლისამდე) რომ უნდა მომხდარიყო, ზემომოტანილი მასალის გარდა, "ნინოს ცხოვრებაში" არსებული ის ცნობა მიმაჩნია, რომლის თანახმადაც, ნინოს ღმერთის აღიარების შემდეგ მირიანმა ეკლესიის მშენებლობა დაიწყო და მშენებლობის შემდეგ შეუთვალა კონსტანტინეს - "სრულიად მოწყვედა სპარსთა და მტკიცედ მიღება სიყვარულისა მათისა", რის პასუხადაც კონსტანტინემ "წარმოგზავნა მღდელი ჭეშმარიტი იოვანე ეპისკოპოსად, მის თანა მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი". როგორც "მირიანის ცხოვრებაშია" ნათქვამი, ამ დროს მირიანს კონსტანტინემ იმპერიაში მძევლად მყოფი ძეც კი დაუბრუნა".
შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ "ნიკეის კრების განჩინების საფუძველზე და კრების შემდეგ საუკუნენახევრის მანძილზე დაგროვილი სხვა ისტორიული მოწმობების საფუძველზე, რომელთაგან ზოგიერთი ჩვენ მიერ მოყვანილია, ვხედავთ, რომ ეპისკოპოსის გამორჩევა პირველი ხუთი საუკუნის მანძილზე ხდებოდა შემდეგნაირად: იკრიბებოდა ქრისტიანული ერი, ეკლესიის მსახურები და სამთავროს ეპისკოპოსები. ხდებოდა გამოკვლევა, თუ ვინ იყო ღირსი კათედრის დაკავებისა, და მას შემდეგ, რაც ერი გამოთქვამდა აზრს წარდგენილ პირთა შესახებ, შეკრებილი ეპისკოპოსები წყვეტდნენ, რომელი მათგანი იყო მეტადრე ეპისკოპოსობის ღირსი".
როგორც ვხედავთ, ეპისკოპოსის გამორჩევაში ერიც მონაწილეობდა და რატომ უნდა გამოირიცხოს ის, რომ მირიან მეფის მიერ საბერძნეთის იმპერატორ კონსტანტინესთან წარგზავნილი მოციქულები (ელჩები) ქართლის და სამეფო კარის სახელით მოქმედებდნენ? ჩვენი აზრით, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მღვდელ იოანეს (იოვანეს) გამორჩევა ქართლის ეპისკოპოსად და ეს დავას არ უნდა იწვევდეს.
შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ მანგლელი მიტროპოლიტის ანანიას (ჯაფარიძე) სიტყვები, "ვახტანგის დროს (საუბარია წმინდა მეფე ვახტან გორგასალზე) არა მარტო საეკლესიო მოღვაწენი აფასებდნენ უარყოფითად ქართული ეკლესიის შინაგან მდგომარეობას, არამედ თვით ხალხიც."
ხალხი, მაგალითად, ასე ხსნიდა თავის უბედურებას: "არაკეთილად ვიპყართ სჯული ქრისტესი და წესი იოვანეს მცნებისა." ვის უნდა გულისხმობდეს ხალხი "იოვანეში", რომლის "მცნებაც" არ დაუცავთ? ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ სახარებისეული რომელიმე იოვანე იგულისხმება (იოანე ნათლისმცემელი ან მოციქული იოანე), მაგრამ კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს ასე არაა. "იოავანეში", რომლის მცნების წესიც არ დაუცავთ, იგულისხმება მხოლოდ პირველი მეთაური ჩვენი ეკლესიისა, ეპისკოპოსი იოანე, რომელიც საბერძნეთიდან იყო ჩამოსული და რომლის დროსაც ქართული ეკლესია ბერძნული საეკლესიო ორიენტაციისა იყო. ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში გარკვეულია, რომ იოანე ნიკეის კრების ერთგული იყო".
როგორც საისტორიო წყაროებიდანაა ცნობილი, მრავალი ავტორი სხვადასხვაგვარად წარმოგვიდგენს თავის შეხედულებას ქართლის მოქცევისა და გაქრისტიანების შესახებ.
მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ქართლის მოქცევა მოხდა 337 წელს; კორნელი კეკელიძის აზრით, 355-356 წლებში, სიმონ ჯანაშია კი ფიქრობს, რომ ეს იყო 30-40-იან წლებში.
ვახუშტი, დიმ. ბაქრაძე, ივ. გვარამაძე და ვ. გოილაძე ათარიღებენ 317 წლით, დიუბუა დე მონპერე, საბინინი, დურნოვი, ცამციევი და პლ. იოსელიანი 318 წლით, მ. ჯანაშვილი და ს. გორგაძე 323 წლით, ხოლო ალ. ხახანაშვილი, ე. თაყაიშვილი, კალ. ცინცაძე და ს. კაკაბაძე თვლიან, რომ ეს იყო 332-335 წლებში.
ერთი სიტყვით, ქართლის მოქცევა მომხდარა 317-356 წლების შუალედში. თუმცა, ბოლო დროს გამოცემულმა ნაშრომებმა ზოგიერთი ცვლილება შეიტანა ამ საკითხის ირგვლივ, რამაც გარკვეული გავლენა იქონია ქართლის პირველი მამამთავრის ვინაობის დადგინებისა და მოღვაწეობის თვალსაზრისზე.
"ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, წმ. ნინო დევნილი ქრისტიანია; მირიანის მოქცევა ნინოს მოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ მოხდა, მოქცევას სწრაფად მოჰყვა იოანე ეპისკოპოსის კურთხევა "საბერძნეთში", რომელიც 324 წელზე ადრე არ შეიძლება რომ მომხდარიყო", - წერს ლალი პატარიძე.
ქართლის პირველი ეპისკოპოსის იოანეს ირგვლივ გამოიკვეთა სრულიად განსხვავებული ვერსიებიც, რომელთაც არსებობის უფლება ნამდვილად აქვთ და, შესაბამისად, ჩვენც განვიხილავთ.
შეუძლებელია გვერდი ავუაროთ X საუკუნეში არსენ დიდი კათალიკოსის მიერ შედგენილ ნაშრომს "ცხოვრება წმიდა ნინოსი", სადაც ვკითხულობთ: "ხოლო ვინაჲთგან განსრულდა შენება წმიდათა მათ ეკლესიათა და არღარა იყო ნაკლულევანებაჲ გარნა მღუდელნი ხოლო, წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად სწავლითა და მოძღურებითა ნეტარისა ნინოსითა მეფისა მიმართ და ითხოვნა მოძღუარნი და მასწავლელნი ღუთის-მსახურებისანი. ხოლო მჴურვალემან მან ტრფიალმან ღუთის-მსახურებისამან კონსტანტინე, ისწავა რა მიზეზი სათხოველისა, მოციქულნი მრავალსა პატივსა სიყუარულისასა ღირსყუნა და მოუვლინა მათ ევსტათი ანტიოქიელი პატრიარქი ფრიადითა პატივითა, კაცი სარწმუნო და სიბრძნითა და ცხორებითა განმშვენებული"... "და ვითარცა შემოვიდა წმიდა იგი პატრიარქი სანახებსა ქართლისასა, და თან აქუნდა ძელი ცხორებისაჲ და ხატი მაცხოვრისაჲ და ყოვლად წმიდისა ღუთის-მშობელისაჲ - მიეგება მეფე და მთავარნი მისნი და მოვიდა ღირსი ნინოჲცა და მიიღო კურთხევაჲ პატრიარქისაგან და მანცა ითხოვა ლოცვაჲ ჯეროვანი სიმდაბლითა და ქადაგად და მოციქულად და სანატრელად უწოდა"... "ამისსა შემდგომად განმზადეს სანათლო და ნათელიღეს მეფემან და დედოფალმან შვილითურთ მათით და ყოველთა მთავართა მათთა, და ურიცხუმან სიმრავლემან ერისამან სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ჴელითა პატრიარქისათა"... "ამისსა შემდგომად აკურთხა ეკლესიანი იგი მათ მიერ აღშენებულნი და დაამყარნა საკურთხეველნი და ყო სატფურებაჲ და დაასხნა ჴელნი ღირსსა იოანეს მთავარ-ებისკოპოზად საყდარსა ზედა ყოვლად წმიდისა ღუთის-მშობელისასა".
კორნელი კეკელიძე მიიჩნევს, რომ: "ერთი საქმეა მოქცევა, გაქრისტიანება ხალხისა, სხვა საქმეა მონათვლა უკვე მოქცეული ხალხისა".
არიანელობა მიმდინარეობაა, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიაში წარმოიშვა IV-VI საუკუნეებში. მას საფუძველი ჩაუყარა 318 წელს ალექსანდრიელმა ხუცესმა არიოზმა.
წინააღმდეგ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის დოგმისა, რომლის მიხედვითაც ძე ღმერთი (იესო ქრისტე) მამა ღმერთის ერთარსი და თანასწორია, არიანელობის თანახმად, ქრისტე დასაბამიდან არ არსებობდა მამა ღმერთთან ერთად, იგი შემდეგშია შექმნილი ადამიანის მსგავსად. ქრისტეში, ერთსა და იმავე დროს, ღმერთიც არის და ადამიანიც, ჭარბობს ადამიანურობა. არიანელობამ დიდი განხეთქილება შეიტანა როგორც ქრისტიანულ წრეებში, ისე მაშინდელ ბიზანტიურ საზოგადოებაში; იგი მჭიდროდ იყო გადახლართული სოციალური მოძრაობისა და რომის (მოგვიანებით ბიზანტიის) ორბიტაში მოქცეული პროვინციების პოლიტიკურ ბრძოლასთან.
320 წელს ალექსანდრიის საეკლესიო კრებაზე არიანელობა დაგმეს. მაგრამ მას მხარი დაუჭირა აღმოსავლეთის ეპისკოპოსთა ნაწილმა. კონსტანტინე დიდის მიერ მოწვეულმა ნიკეის საეკლესიო კრებამ 325 წელს არიანელობა მწვალებლობად გამოაცხადა და საეკლესიო დოგმად აღიარა ძე ღმერთის მამა ღმერთთან ერთარსებობა.
ასეთ უაღრესად რთულ ვითარებაში ანტიოქიის ეკლესიის მამამთავარი გახდა მთავარეპისკოპოსი ევსტათი, რომელიც მეტად შეურიგებელი ანტიარიოზელი იყო და ნიკეის საეკლესიო კრებაზე არიანელების წინააღმდეგ იბრძოდა. არიოზელმა ეპისკოპოსებმა ინტრიგებს მიმართეს ევსტათის წინააღმდეგ.
ანტიოქიის 330 წლის ადგილობრივი კრების მოწვევამდე მათ მოისყიდეს ერთი მეძავი, ფეხმძიმე ქალი, რომელიც კრების მსვლელობისას დარბაზში იჯდა და ბავშვის მამად პატრიარქი ევსტათი გამოაცხადა, რასაც მოჰყვა ანტიოქიის ეკლესიის წინამძღოლის ჯერ გადაყენება და შემდეგ გადასახლება თრაკიაში.
IV საუკუნის 30 -იან წლებში უკიდურესად რთულ ვითარებაში საჭიროდ შეიქნა ზრუნვა გაქრისტიანებული ერებისა და ქვეყნების მამამთავართა გამორჩევისა და კურთხევისათვის.
მეორე ცნობა (ჩვენი აზრით, პირველია დიდის არსენ კათალიკოზის ზემოდასახელებული შრომა) ეპისკოპოს ევსტათის მიერ ქართლის პირველი ეპისკოპოსის ხელდასხმისა, მოგვეპოვება შავ მთაზე XI საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწის, ფილოსოფოსისა და მთარგმნელის ეფრემ მცირეს ქართლის მოქცევისადმი მიძღვნილ თხზულებაში "უწყებაჲ მიზეზისა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენიების."
ვ. გოილაძეს მიაჩნია, რომ: "ქართლის ეკლესიის პირველი საჭეთმპყრობელი მართლაც ევსტათი ანტიოქიელს უნდა ეკურთხებინა, მაგრამ საეჭვოა ეფრემის მითითება ევსტათის ქართლში ჩამოსვლის შესახებ. ეს არც "ნინოს ცხოვრებით" დასტურდება და, იმ დროისათვის იმპერიაში არსებულ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ევსტათის ქართლში ჩამოსვლა არ შეეძლო. სხვა მხრივ, III-IV საუკუნეებისათვის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში ანტიოქიის ეკლესიის წამყვან მდგომარეობას თუ გავიხსენებთ, ანტიოქიიდან მომდინარე ტრადიციის სისწორეში ევსტათი ანტიოქიელის მიერ ქართლის პირველი ეპისკოპოსის - იოანეს ხელდასხმის შესახებ, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. ხელდასხმის ცერემონიალი, ჩემი ვარაუდით, ქ.ნიკეაში უნდა შემდგარიყო".
მაგრამ რატომ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ ეფრემ მცირესა და არსენ კათალიკოსის მოსაზრებანი? მით უმეტეს, მათ არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ გაეყალბებინათ ისტორია.
პატრიარქ ევსტათის ქართლში სტუმრობის შესახებ წერენ ანტიოქიელი პატრიარქები:
მიქაელი (მიქაელი, იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქი, 1470/74-1484 წწ. მიქაელი დასავლეთ საქართველოში მოსულა 1470- 1478 წწ. წლებში. მოსვლის მიზანი, ჩანს, შეწირულებათა შეგროვება იყო). მიქაელი აქტიურად ერეოდა საეკლესიო საქმეებში. მმართველმა წრემ იგი გამოიყენა თავისი სეპარატისტული მიზნებისათვის: ბაგრატ მეფემ და შამადავლა დადიან-გურიელმა მიქაელს "აფხაზთა კათოლიკოსად" აკურთხებინეს იოაკიმე ცაიშელ-ბედიელი. მიქაელის ამგვარმა ჩარევამ "აფხაზეთის" (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოსი საბოლოოდ ჩამოაშორა მცხეთის კათოლიკოს-პატრიარქის უმაღლეს ხელისუფლებას, ამით კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური განკერძოებულობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის. მიქაელს შეუდგენია კანონიკური ძეგლი "მცნება სასჯულო", რომელშიაც იგი ცდილობს თეორიულად დაასაბუთოს მის მიერ იოაკიმეს კურთხევის კანონიერება.
მაკარიოსი (მაკარიოს იბნ ალ-ზაიმ ალ-ჰალაბი ალ-ანტაქი) — ანტიოქიის პატრიარქი 1647 წლიდან. ფინანსური დახმარების მიღების მიზნით მან ორჯერ იმოგზაურა რუსეთში. პირველად — 1654-1656 წლებში (ეს მოგზაურობა აღწერა მისმა ვაჟმა პავლე ალეპოელმა); მეორე მოგზაურობის დროს 1664-1666 და 1669 წლებში საქართველოშიც იყო. დასავლეთ საქართველოში ის აქტიურად ჩაერია ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში, გამოდიოდა ტყვეთა ვაჭრობის წინააღმდეგ. მაკარიოსის მიერ არაბულ ენაზე დაწერილ თხზულებაში შესულია ცნობები დასავლეთ საქართველოს შესახებ.
გელასი კესარიელი (+395 წ. კესარიის ეპისკოპოსი 367-373, 379-395 წწ. და საეკლესიო მწერალი) წერს: "მეფისა და იბერთა კრებულის მიერ გაგზავნილი მოციქულები მიდიან კონსტანტინოპოლში, აუწყებენ კონსტანტინე მეფეს იქ (იბერიაში) ქრისტეს რწმენის განმტკიცებას და სთხოვენ მიეცეს მათ მისგან ეპისკოპოსი მათთან არსებული ეკლესიების კურთხევისათვის და აგრეთვე საეკლესიო წესების ჩამოყალიბებისათვის. სათნო და ქრისტეს მოყვარე კონსტანტინე მეფემ ისინი მეგობრულად მიიღო, რადგან უხაროდა უფლისათვის; მან შეიწყნარა თხოვნა და კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს ალექსანდრეს ხელთ-დაასხმევინა იბერთა ეპისკოპოსი".
ეს არის სრულიად განსხვავებული ფაქტი აღნიშნული საკვლევი საკითხის ირგვლივ. როგორც ცნობილია, პატრიარქი ალექსანდრე იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325 წწ) ქორეპისკოპოსი და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325). სიკვდილის წინ მამამთავარმა მიტროფანემ დაიბარა, რომ კონსტანტინოპოლის კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ.
ამ ხანებში პატრიარქ ალექსანდრეს უხდებოდა ბრძოლა არიანელებთან და კერპთმსახურებთან. ერთხელ, ერთ წარმართ ფილოსოფოსთან კამათში, მღვდელმთავარმა მას მიმართა: "ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!" და უღმრთოს ენა წაერთვა. შემდეგ მან უსიტყვოდ მიანიშნა, რომ აღიარებდა თავის ცდომას, მეტყველების უნარი დაუბრუნდა და სხვა წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად მოინათლა. მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღმრთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებითი თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე და წმიდა კონსტანტინე დიდმა მისი მიღების დღეც დანიშნა. ნეტარი ალექსანდრე მთელი ღამე ლოცვად იდგა და უფალს შესთხოვდა, არ დაეშვა ერეტიკოსის ცრუ კავშირი ეკლესიასთან. დილით, როცა მეფის მრჩევლებითა და საჭურველმტვირთველებით გარშემორტყმული არიოზი საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიისკენ, უეცრად კონსტანტინეს მოედანზე სნეულებამ დარია ხელი, მუცელი გაუსკდა და შიგნეული გადმოუცვივდა.
თეოდორიტე კვირელი განსხვავებულ, თუმცა, ქართულ საისტორიო მწერლობასთან ადეკვატურ ინფორმაციას გვაწვდის: "ხოლო მეფემან ისწავა რაჲ მიზეზი სათხოველისაჲ, რამეთუ კოსტანტინე იყო მჴურვალედ ტრფიალი ღმრთისმსახურებისაჲ, რომელმან იგი ფრიადსაპატივსა ღირს ყვნა მივლინებულნი იგი მისსა. და კაცი ვინმე სარწმუნოებითა და ცხოვრებითა და გულისჴმის-ყოფითა შემკობილი, ღირს-ქმნული მღდელ-მთავრობისაჲ, ქადაგად მიუვლინა ნათესავ¬თა მათ, უფროჲსღა ფრიად მრავლითა ნიჭითა." და იქვე აგრძელებს "ეგრეთვე სახელიცა მივლინებულისა მის ეპისკოპოსისაჲ ესრეთ პოვნილ არს, ვითარმედ თჳთ ევსტათი იყო ანტიოქელი პატრიაქი, რომელმან დაამყარა ეკლესიაჲ იგი მირიანის მიერ მცხეთას აღშენებული და უკურთხა მათ კათალიკოსი, მთავარეპისკოპოსი".
იმავეს წერს ეფრემ მცირე თავის ცნობილ ნაშრომში "უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნსა შინა მოიხსენიების", რომელიც თითქმის გადმოწერილია თეოდორიტე კვირელის შრომიდან "ფილოთეონ ისტორია."ამ თხზულების ქართულად მთარგმნელი ეფრემ მცირე აღნიშნავს: "ამას წიგნსა ეწოდების ფილოთეონ ისტორია, რომელ არს ღმრთისმოყუარებითი თხრობაჲ, რამეთუ, ვითარ-იგი კლემაქსი და დიალოღონსა იგივე ბერძნული სახელი უწოდიან ქართულადცა, აგრეთვე ამისთჳს უსაკუთრეს არს წოდებად ფილოთეონ ისტორიაჲ, რომელი ესე თჳთ აღმწერელისა ამისისა თეოდორიტესაგან სახელდებულ არს ამისდა" (შდრ: "უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნსა შინა მოიხსენიების").
ამ ნაწარმოების შექმნის წინაპირობა ასეთია: XI საუკუნის II ნახევარში საბერძნეთის სასულიერო პირები, რომლებიც მოღვაწეობდნენ შავ მთაზე, არ ცნობდნენ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას. ამის მიზეზად ისინი თვლიდნენ, რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანობა მოციქულების მიერ არ იყო ნაქადაგები, შესაბამისად, აუცილებელი გახდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დამტკიცება. შავ მთაზე მყოფმა ქართველი სასულიერო პირების დასმა ეს საქმე ეფრემ მცირეს დაავალა. ეფრემმა დაწვრილებით შეისწავლა ბერძნული საისტორიო წყაროები და შექმნა ქართული ეკლესიის თვითმყოფადობის დამამტკიცებელი უმნიშვნელოვანესი და, ამავდროულად, ფუნდამენტური დოკუმენტი.
ასევე საინტერესოა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კრება მოიწვია დავით აღმაშენებელმა რუისისა და ურბნისის მიდამოებში (ახლანდელი ქარელის რაიონი). კრების მოწვევას ბევრი მიზეზი ედო საფუძვლად: სამეფოს წინაშე იდგა ამოცანა ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში ჩაეყენებინა ეკლესია, აღმოეფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი (ხელდასხმის წესის დარღვევა, საეკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება და სხვა). კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის ერთგული "აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა" გიორგი "კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი," შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.
კრებამ დავით აღმაშენებლის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები, ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა), რომლის ძალითაც გადააყენა უღირსი მღვდელმთავრები; მათი ადგილი სამეფო ხელისუფლების ერთგულმა პირებმა დაიკავეს. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი.
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება დავით აღმაშენებლის საეკლესიო რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამიერიდან დიდი ფეოდალები მღვ¬დელმთავრების სახით ძლიერ მოკავშირეებს კარგავდნენ. რეფორმას მხარს უჭერდნენ მოსახლეობის ფართო ფენები. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცება-ცენტრალიზებაში.
ამ ძეგლისწერაში ვკითხულობთ: "...ქართველთა მეფემან მირიან მეფეთა შორის დიდისა კოსტანტინესსა მივლინებათა და მისგან გამოთხოჲთა მეფობისა თჳსისა ქალაქად მცხეთად შემოიყვანა ევსტათი დიდი საყდრისმპყრობელი ანტიოქიელთა ეკლესიისაჲ და წმიდათა მიერ ჴელთა მისთა ნათელ-იღო მან და ყოველმან ერმან ქართლისამან. და თჳთ პატრიარქთა შორის სახელგანთქმულმა ევსტათი ჴელითა თჳსითა შთადვა საფუძველი მაშინ სადმე მცხეთას აღშენებულისა ეკლესიისაჲ, რომელიცა ფრიადისა თანა გულსმოდგინებისა განასრულეს რაჲ მათ, გაწმიდა იგი და ჴელთდასხმულ-ყო მას შინა მათთჳს ეპისკოპოსი-კათოლიკოსი". თუმცა, ძეგლისწერიდან მოხმობილი ამონარიდის გამოკვლევაზე ე. გაბიძაშვილი არაფერს ამბობს, ანუ ამ კონკრეტულ მუხლს არ განმარტავს.
მეტად საინტერესოა პროფესორ ნ. ლომოურის მოსაზრება: "ყველა წყაროს ცნობით, სწორედ კონსტანტინე კეისრის მიერ გამოგზავნილმა მღვდელმთავრებმა მონათლეს იბერიის ერი და, მაშასადამე, წყაროთა მიხედვით, თვით ფაქტი იბერთა მოქცევისა კონსტანტინეს სიცოცხლეში მომხდარა. ამრიგად, ქართლში, ქრისტიანობის ოფიციალურ სარწმუნოებად გამოცხადებისათვის ტერმინუს პოსტ ქუემ ნონ 337 წ. უნდა იქნას მიჩნეული".
როგორც ვხედავთ, ნ. ლომოურს მიაჩნია, რომ კონსტანტინე დიდმა ქართლში გამოგზავნა მღვდელმთავრები, რაც სიმართლესთან ახლოსაა, თუმცა, რომელი მღვდელმთავრები (კონსტანტინოპოლის პატრიარქის ალექსანდრეს მიერ ნაკურთხი თუ ანტიოქიის პატრიარქის ევსტათის მიერ ნაკურთხი მღვდელმთავარი) ეს უკვე აღარ ჩანს.
ნიკოლოზ გულაბერისძე (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XII საუკუნის II ნახევარში) ფიქრობს, რომ: "ესე უკუე უეჭველ არს, რამეთუ თჳთ თავადი ევსტათი წარმოგზავნილ არს; გარნა ევსტათისა გუერდით უეჭუელად მაშინ იოანეცა ყოფილ არს; ევსტათი იმისათვის, რათა მეფე და ყოველი ერი გზასა ვიდრემდე ჭეშმარიტსა დააყენნეს და ასწაოს და განმართნეს სჯულნი საღმრთონი, და რაჟამს დაამტკიცნეს თჳთ თავადი უკუე კუალადიქცეს თჳსსავე მას საყდარსა; ხოლო იოანე - რათა დაადგრეს და არა დაუტევნეს, ვითარცა ახალნერგი და უსწავლელნი და საზრდე¬ლისა მტკიცისასა ჯერეთ უცხონი".
კორნელი კეკელიძის აზრით: "მართალია, ნიკოლოზის თეორია თავისთავად საყურადღებოა, მაგრამ მას ჩვენ ვერ გავიზიარებთ". და მიზეზად მოჰყავს ისეთი ფაქტები, რომლებიც ეხება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას (355-356 წწ.) და რომლებიც უარყოფილია ყველა სხვა მკვლევართა მიერ, შესაბამისად, ამ თემას ჩვენც აღარ შევეხებით. მაგრამ კორნელი კეკელიძე მაინც მიუთითებს, რომ: "ყოველ შემთხვევაში, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეს ორი თქმულება ერთიმეორეს და როგორც უნდა შევათანხმოთ ისინი, ერთი ცხადია: ორივე ისინი ამტკიცებენ, რომ პირველი იერარქი იბერიაში ბიზანტიის კეისარმა გამოგზავნა".
საინტერესოა ერთი გარემოებაც, კერძოდ, კონსტანტინე დიდის მეფობის ჟამს კონსტანტინოპოლს ჰყავდა პირველი მამამთავარი, პატრიარქი ალექსანდრე, ამის მიუხედავად (თურმე) ანტიოქიის პატრიარქს ევსტათის დაავალა იბერიის (ქართლის) ეკლესიის მოწყობა და პირველი მამამთავრის კურთხევა, რაც იწვევს საფუძვლიან შეკითხვას ჰქონდა თუ არა უფლება ანტიოქიის პატრიარქს კონსტანტინოპოლის პატრიარქის (მოცემულ შემთხვევაში, როგორც უპირატესი მამამთავრის) გვერდის ავლით განეხორციელებინა მსგავსი საეკლესიო კანონიკური აქტი.
სამწუხაროდ, ამ საკითხზე ჩვენ მიერ გაცნობილ საისტორიო-სამეცნიერო ლიტერატურაში არაფერია ნათქვამი და არც გვაქვს საამისო კომპეტენცია.
ეპისკოპოსმა (მამამთავარმა) იოანემ რომ განუზომელი წვლილი შეიტანა ქართლის გაქრისტიანებაში, ამას მიქაელ თამარაშვილი გადაჭრით აცხადებს: "კონსტანტინოპოლიდან გაგზავნილი ეპისკოპოსი იოანე ქართული ეკლესიის დამაარსებელი და მეთაური გახდა. წმინდა ნინოსა და მეფე მირიანის გარდაცვალების შემდეგ იგი დიდის მონდომებით შეუდგა ქრისტიანობის გავრცელებას და განმტკიცებას.
მღვდლები მოამრავლა და იმ ადგილებში, სადაც კერპ-თაყვანისმცემელთა ტაძრები იყო, ამ ტაძრების ნგრევა და ეკლესიების აშენება დაიწყო. ამის შემდეგ საქართველოს ყველაზე მივარდნილ ადგილებში გაავრცელა ჭეშმარიტი სარწმუნოება".
ამრიგად, ჩვენ შევეცადეთ, წარმოგვეჩინა ქართლის (მცხეთის) ეკლესიის პირველი მამამთავრის (ეპისკოპოსის) იოანეს ცხოვრება-მოღვაწეობის უმთავრესი თარიღები, წარმოგვეჩინა მისი ფასდაუდებელი ღვაწლი საქართველოში მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების, დამკვიდრებისა და ეკლესიათა აღმშენებლობის საქმეში. ამან მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ იოანე (იოვანე) ქართლის (მცხეთის) ეკლესიის მამამთავრად (ეპისკოპოსად) დადგენილი იქნა მოციქულთასწორის კონსტანტინე I დიდის იმპერატორობის დროს, მისივე წარდგინებით, დაახლოებით 324-325 წლებში, ხოლო ხელთდასხმა შეასრულა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ალექსანდრემ ან-ტიოქიის პატრიარქის ევსტათის მონაწილეობით.
ამის შემდგომ, პატრიარქი ევსტათი და ახალნაკურთხი იბერიის (ქართლის) მამამთავარ-ეპისკოპოსი იოანე გამოემგზავრნენ ქართლში მისიონერული და სამღვდელმთავრო მისიის აღსასრულებლად.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ თითქმის ყველა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიის პირველი ან იმ საუკუნეში მოღვაწე მამამთავარი არის წმინდანად კანონიზებული. მაგალითად, იგივე ღირსი ევსტათი ანტიოქიელი (324-331 წწ. (+337 წ.) ხსენება 21. 02/06.03), წმინდა ალექსანდრე კონსტანტინოპოლელი (239-337 წწ, პატრიარქობდა 325-337 წწ. ხსენება 30. 08/12. 09), წმინდა ათანასე ალექსანდრიელი (297-373 წწ. პატრიარქობდა ორჯერ 328-339 და 346-373 წლებში, ხსენება 2/15 მაისი), რუსეთის პირველი პატრიარქი წმინდა იობი (1589-1605 წწ.), სერბეთის პირველი პატრიარქი წმინდა საბა (1219-1233 წწ. ხსენება 12/25 იანვარი) და სხვა.
სწორედ საქართველოს ეკლესიის იმ მამამთავართა დიდ ღვაწლს გულისხმობდა წმიდა ილია მართალი, როცა წერდა: "აი, სად და რაში ჰპოულობდა უწინდელი ჩვენი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ეხვეოდნენ და ჰლამობდნენ, ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. აი, რამ მოაგერიებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნება მოაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული-მამულსა და ეროვნებას, და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა სამება წაიმძღვარა წინ. ათასხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა".
წმინდა იოანე I-ის ტროპარ-კონდაკი
ტროპარი:
"ღმრთის მეოხებითა და მამამთავრული ღვაწლით განანათლენ ერი ივერიისა, აღაშენენ წმიდა საყდარნი და განამრავლენ მოძღვარნი, ამისთვისცა გიგალობთ წმიდაო იოანე მთავარეპისკოპოსო მცხეთისა და სრულიად ივერიისა, დიდებაჲ შენდა".
კონდაკი:
"ლოცვითა მოციქულთა სწორისა და ქართველთ განმანათლებლისა ნინოსითა ღმერთმა ერსა ჩვენსა მოანიჭა წყალობა და გამოუჩინა პირველი ეპისკოპოსი ანტიოქიითგან, რომელმან აღმართნა მაკურნებელნი ჯვარნი და ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას აზიარა მრავალნი ურწმუნონი, ამისთვისცა დაიმკვიდრა ადგილი ზეცათა წმიდათასა".
ლოცვა:
"ღვაწლითა და შრომით განბრწყინვებულო, წმიდისა ქალაქისა მცხეთისა და ყოველთა ქართველთა პირველო მოძღვართმოძღვარო იოანე, ევედრე კაცთმოყვარესა ღმერთსა რაჲთა ერსა ჩვენსა მოანიჭოს წყალობა, მშვიდობა, სიყვარული და მტერთა ზედა ძლევაჲ საკვირველი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".
მონაზონი იოანე (მამუკა ცუხიშვილი)