ჯუარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა და…
ტროპარი
ჯუარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა და, ვითარცა პავლე, წოდებაი არა კაცთაგან მიიღო, რომელი იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოსჩნდა, უფალო, და სამეუფეო ქალაქი ხელთა შენთა შეგვედრა, რომელი აცხოვნებ მარადის მშვიდობით მეოხებითა ღმრთისმშობელისათა შეგვიწყალენ ჩუენ.
კონსტანტინე დღეს დედისა თვისისა თანა ელენესა პატიოსნი…
კონდაკი
კონსტანტინე დღეს დედისა თვისისა თანა ელენესა პატიოსნი ძელი გამოაჩინეს ყოველთა იუდიანთა მარცხვენელად, ხოლო საჭურველად მტერთა ზედა მორწმუნეთა და ჩუენდა გამოსჩნდა სასწაული დიდი, და ბრძოლათა შინა სიქადული.
ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღვთივდაცული ერი ჩუენი, დედუფალო…
ტროპარი
ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღვთივდაცული ერი ჩუენი, დედუფალო, მიმრქმელი, ვითარცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქვეშე შევრდომილნი მოვილტვით შენდამი და გიგალობთ ესრეთ: ჰოჲ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღვთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა იჴსნას ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და მხარენი ქრისტეანეთანი და უვნებლად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იჴსნენ სულნი ჩუენნი,
მოციქულთა სწორთა: კონსტანტინე მეფისა (337) და დედისა მისისა ელენე დედოფლისა (327)
მოციქულთა სწორთა: კონსტანტინე მეფისა (337) და დედისა მისისა ელენე დედოფლისა (327)
წმიდა დიდი მეფენი, მოციქულთასწორნი კონსტანტინე (+337) და ელენე (+327). კეისარ კონსტანცი ხლორუსის (305-306) ვაჟმა, კონსტანტინემ ეკლესიისგან მიიღო მოციქულთასწორის წოდება, მსოფლიო ისტორიაში კი კონსტანტინე დიდი ეწოდა. იმ დროს რომის იმპერია ორ - დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილად იყო დაყოფილი. მათ სათავეში ედგა ორი დამოუკიდებელი იმპერატორი, რომელთაც თანამმართველებიც ჰყავდათ. ერთ-ერთი ასეთი თანამმართველი დასავლეთის იმპერატორისა იყო იმპერატორ კონსტანტინეს მამა. წმიდანის დედა - წმიდა ელენე ქრისტიანი იყო. რომის მომავალი იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანული სარწმუნოებისადმი პატივისცემით იზრდებოდა. კონსტანცი ხლორუსი არ დევნიდა ქრისტიანებს მაშინ, როდესაც მისი თანამედროვე სხვა ხელისუფალნი: დიოკლეტიანე, მაქსიმიანე გალერიუსი, მაქსიმიანე ჰერკულესი უსასტიკესად უსწორდებოდნენ მაცხოვრის სწავლების მიმდევრებს. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე აირჩიეს გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად. ახალმა იმპერატორმა უპირველეს ყოვლისა, აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს. ფანატიკოსმა წარმართმა მაქსიმიანე გალერიუსმა და მკაცრმა ტირანმა მაქსენტიმ მოიძულეს იმპერატორი და აღდგნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ წმიდა კონსტანტინემ ღვთის შემწეობით დაამარცხა მოწინააღმდეგეები. წმიდანი უფალს ევედრებოდა, ზეცით მოეცა ნიშანი, რომელიც მის მომხრეებს გაამხნევებდა ბრძოლის წინ. მართლაც, ცაზე გამოჩნდა მოელვარე ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“. რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ერთპიროვნულ მმართველად გახდომის შემდეგ, 313 წელს იმპერატორმა მილანში გამოსცა ედიქტი რწმენის შემწყნარებლობის შესახებ, 323 წელს კი, როცა სრულიად რომის იმპერატორი გახდა, მილანის ედიქტი გაავრცელა მთელს იმპერიაში. სამასწლიანი დევნის შემდეგ ქრისტიანებს საშუალება მიეცათ თავისუფლად ეღიარებინათ სარწმუნოება.
წარმართებისაგან განდგომის შემდეგ წმიდა კონსტანტინემ იმპერიის დედაქალაქი გადაიტანა ბიზანტიაში, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლი ეწოდა. წმიდა კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა; ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმიდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და, ღვთის განგებულებით, სასწაულებრივად აღმოაჩინა კიდეც 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმიდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმიდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა. წმიდა ელენემ ცხოველსმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინეპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა.
ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენისათვის წმიდა ელენე დედოფალს მოციქულთასწორი ეწოდა.
ქრისტიანული ეკლესიის მშვიდობა დაარღვია მწვალებლობამ, რომელიც ეკლესიის შიგნით გაჩნდა. ჯერ კიდევ იმპერატორის მოღვაწეობის დასაწყისში დასავლეთში გაჩნდა დონატისტთა და ნოვაცისტთა ერესი, რომელიც მოითხოვდა დევნილობის დროს განდგომილ ქრისტიანთა განმეორებით მონათვლას. ორი ადგილობრივი კრების მიერ უარყოფილი ეს ერესი საბოლოოდ დაგმო მილანის 316 წლის კრებამ. ეკლესიის ცხოვრება განსაკუთრებით შეარყია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელმა არიოზის ერესმა. იმპერატორის ბრძანებით 325 წელს ქ. ნიკეაში ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება. მას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, ეკლესიის მნათობნი, რომლებმაც უსასტიკესი დევნილობა დაითმინეს. კრებას თვით იმპერატორიც ესწრებოდა. არიოზის ერესი დაგმეს და შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელშიც შეტანილი იქნა ტერმინი „ერთარსი მამისა“.
ნიკეას კრების შემდეგ მოციქულთასწორმა კონსტანტინემ გააგრძელა მოღვაწეობა ეკლესიის სასარგებლოდ. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელ-იღო. გარდაიცვალა სულთმოფენობის დღეს, 337 წელს, დასაფლავებულია წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
დღესასწაული ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატისა
დღესასწაული ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატისა
„ვლადიმირის“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს ევედრებიან უცხოტომელთა შემოსევისას, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისათვის, ერესებისა და სქიზმებისაგან დასახსნელად, მოშუღართა შესარიგებლად, სამშობლოს დაცვისათვის.
ვლადიმირის ხატის დღესასწაული წელიწადში სამჯერ აღინიშნება. გადმოცემის მიხედვით ხატი ლუკა მახარებელმა დაწერა იმ მაგიდის დაფაზე, რომელზედაც მაცხოვარი ყოვლადწმიდა დედასთან ერთად და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. ხატი ღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა და მადლმოსილმა ავტორმა იგი ყოვლადწმინდა ქალწულს მიუტანა. როდესაც თავისი გამოსახულება იხილა ხატზე, ღვთისმშობელმა წინასწარმეტყველური სიტყვები გაიმეორა: „ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“ და დაამატა: „მადლი ჩემი და ჩემგან შობილისა ძისა იქმნას ხატსა ამას ზედაო“. ხატის ასლები მრავალ ქვეყანაში სასწაულებით განდიდდა.
გამოჩინება პატიოსნისა ჯვარისა მცხეთას*
გამოჩინება პატიოსნისა ჯვარისა მცხეთას*
გამოჩინება პატიოსნისა ჯვარისა მცხეთას - მცხეთის ჯვრის დღესასწაული
გარდამავალია, აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს
ლომისობა (აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს)
ლომისობა (აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს)
ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას, არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან.
ლეგენდა
მოგვითხრობს:
XIII საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ხვარაზმელების ლაშქარი, რომელსაც ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს": დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.
თავზარდაცემულ სულთანს მისნები მოუხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. სულთანს მისი დაწვა უბრძანებია. ხატი საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ იქიდან უვნებლად ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს და ა.შ.
არავინ იცის, სად არის ამჟამად ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული.
მეორე
ლეგენდა
ლომისის სალოცავის კარს ეხება. ეს კარი მუხის ხისგან არის დამზადებული და რკინა აქვს გადაკრული. მის შესახებ ასეთ ამბავს ყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და ცეცხლი იმით დაუნთიათ. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.
ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.
ხალხური გადმოცემით, ჯაჭვი მლეთაზე ამოუტანია დადიანის ქალიშვილს, რომელსაც დიდი ცოდვები ჩაუდენია. მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში. მართლაც, აღუსრულებია აღთქმა ქალიშვილს, რა დღიდანაც ითვლება, რომ გამოისყიდა ცოდვები წმიდა გიორგის მეოხებით. ამის შემდეგ ჯაჭვი წმიდა გიორგის ეკლესიაში დარჩა და იმ დროიდან მოსახლეობა ცდილობს ამ რიტუალის გამეორებას.