გულანი
საცდელი · 1.11.2
18 მაისი 1 / 6ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე…

18 მაისი

თვენი

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (303) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 12 წთ

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე…

კონდაკი

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვიანიცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მოწამეთა: დავით და ტარიჭანისა (693)

მოწამეთა: დავით და ტარიჭანისა (693)

წმიდა დავითი და ტარიჭანი ერისთავთა ცნობილი გვარის წარმომადგენლები იყვნენ. ქართველ მეფეთა კარზე დაახლოებული და დანათესავებული მათი მშობლები ვარდანი და თაგინე ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ ვაჟიშვილებს. ვარდან ერისთავი დავითისა და ტარიჭანის სიყრმეში გარდაიცვალა. მისი მამული მძლავრებით მიიტაცა თაგინეს წარმართმა ძმამ, თევდოსიმ, თან გადაწყვიტა წმიდა ოჯახი უსჯულოებისაკენ მიედრიკა: „დაუტევეთ შჯული ეგე ჯუარცმულისაჲ და იპყარით შჯული ჩემი შენ და შვილთა შენთა და გავზარდნე ყრმანი ეგე შვილად ჩემდა და მე გავზარდნე იგინი შუებითა და სიხარულითა დიდითა“. თაგინე მტკიცედ აღუდგა წინ ძმის ბოროტ განზრახვას: „სამკვიდრებელი ესე შვილთა ჩემთაჲ და ყოველი მონაგები მამისა მათისაჲ კმა ეყავნ შენდა, ხოლო საფასე იგი გამოუპარველი და სამკჳდრებელი მიუღებელი მამისა მიერ ზეცათაჲსა და ღმრთისაჲ ვერ შემიძლოთ“.

როდესაც დის შეუპოვრობა იხილა, უკეთურმა თევდოსიმ ჩუმად იხმო დისწულნი, ამბორს-უყო მათ, კეთილად ისტუმრა და უთხრა: „თქუენ აწ შვილნი ჩემნი ხართ, დღეს მე ვითარცა მამაჲ თქუენი და აწ ჩემიცა თქუენი არს. ესე ხოლო ყავთ ჩემდა მომართ და რომელი გრქუა თქუენ, ისმინოთ ჩემი, ვითარცა შვილთა მორჩილთა საყუარელთა. შჯული ეგე, რომელი ეპყრა მამასა თქუენსა, განუტევეთ და მე უკეთესი შჯული მოგცე თქუენ“. წმიდა ყრმებმა მცირეოდენი დუმილის შემდეგ მტკიცედ მიუგეს ბიძას: „ჩუენდა კმა-არს შჯული იგი, რომელი ეპყრა მამასა ჩუენსა და ვჰგიეთ მას, ვიდრე სული ესე იყოს-ღა ხორცთა შინა ჩუენთა. ხოლო სიყუარულისათჳს და მოთმინებისა ღმრთისა სხუად თჳნიერ შჯულისა დატევებისა, განმზადებულ ვართ, ვითარცა მამისა ჩუენისა“.

განრისხებულმა თევდოსიმ ქრისტიანების შიშით ვერ გაბედა ყრმათა მოკვლა, მშვიდობით გაუშვა, გულიში კი მათი მალულად მოკვდინება გადაწყვიტა.

თაგინემ იგრძნო მოსალოდნელი უბედურება და შვილებთან ერთად ტაოში გადავიდა, ნათესავთან.

თევდოსის მრისხანება და სიძულვილი უღრღნიდა გულს. მან მსტოვრები გაგზავნა, გაიგო, რომ ძმები მაღალ მთაზე აძოვებდნენ ცხვარს, წაიყვანა მეომრები და ტყეში ჩაუსაფრდა წმიდანებს.

მთის წვერზე მოთამაშე ძმებმა ხმაური გაიგონეს, შემდგომ შეიარაღებული მეომრები იხილეს და შიშის ზარი დაეცათ. ნეტარმა დავითმა ბიძა იცნო და სიხარულით გაექანა მისკენ. უკეთურმა თევდოსიმ ამბორისყოფის წილ მახვილი უგმირა დისწულს და მოკლა. „პოვა მან მსწრაფლ გზაჲ ზეცისაჲ და მოიგო გვირგვინი იგი მოწამებისა“. წმიდა მოწამის ხელიდან გავარდნილი კომბალი მიწაზე დაეცა და უზარმაზარ ხედ იქცა. ორასი წლის შემდეგ მლოცველებმა ის ხე წმიდა ნაწილებად დაინაწილეს.

ტარიჭანი სოფელ დივრისაკენ გაიქცა, მაგრამ მდევრები დაეწიენ და ისიც მოკლეს. სოფლის მცხოვრებმა რომლებმაც მათკენ მომავალი და შემდეგ უკან გაბრუნებული მეომართა ჯგუფი იხილეს, მივიდნენ იმ ადგილას, საიდანაც მეომრები უკუიქცნენ და ნახეს მოკლული ყრმა.

ტარიჟანის მკვლელნი დაბრუნდნენ მთაზე და იხილეს დაბრმავებული თევდოსი. მეომრები გაკვირვებად შეიპყრო. ვერც ხმა ამოიღეს და ვერც ის ადგილი დატოვეს, სადაც ეს სასწაული და სასჯელი აღსრულდა. თევდოსი ღვთის სასჯელმა მოაქცია, სინანულით აღივსო და მწარედ აქვითინდა: „არა უჯეროჲ ვქმენა, რამეთუ მოვსწყვიდენი დისწულნი ჩემნი“.

თაგინეს ტირილითა და გოდებით ამხილა ძმა: „რად მიმიხუენ ნათელნი თუალთა ჩემთანი? არა კმა-იყოა გლოვად ჩემდა სიქურივე ესე ჩემი? არა კმა გეყოა სამკვიდრებელი შვილთა ჩემთა და ყოფაჲ ჩემი წყუდიადსა ამას ქუეყანისასა? ვერ კმა-გეყოა სამკვიდრებელი ქმრისა ჩემისაჲ? რად დამიბნელე მზე ჩემი ჟამსა ოდენ პირველსა დღისასა? ვიდრემდის არა დასცხერი დევნად ჩემდა? არღარა მოიხსენეა საშოჲ იგი მშობელისა შენისა და ჩემისაჲ და ძუძუნი იგი, რომელთა გამოგუზარდნეს შენ და მე? რად დამივსენ სანთელნი ესე ჩემნი, ჰოი, უშჯულოვო?“ ხალხი მდუმარედ უსმენდა გულმკვდარ დედას და ცხარე ცრემლებით დასტიროდა უმანკო ყრმებს. სხვებთან ერთად მწარედ ტიროდა თევდოსიც.

როდესაც დედა შვილების ცხედრებს მოეფერა, თევდოსიმ თაგინეს უთხრა: „შენ ნათელი გამოგიბრწყინდა მიუწვდომელი ნათლისა მისგან წარუვალისა და ჭეშმარიტისა მისგან დაუსრულებელისა ნათლისა... ევედრე შენ წმიდათა მოწამეთა, რაჲთა ყონ ჩემთჳს წყალობაჲ, რაჲთა არა ღირსი ესე ვიქმნე ღირს ბეჭედსა მას ქრისტეს მოწყალისა ღმრთისასა, რომელი იგი მოვიდა ცოდვილთათვის. მრწამს მე ჭეშმარიტი ღმერთი“.

ამ სიტყვებზე თაგინე გონს მოეგო, მიხვდა, რომ ღმერთმა მსხვერპლად შეიწირა „მშუენიერნი საკურთხნი“, შვილნი მისნი, და ძმას უთხრა: „იყავნ ღმერთი მიმტევებელ შენდა და ნუ შეგირაცხოს შენ უფალმან მოწყალემან სიკუდილი შვილთა ჩემთაჲ და დისწულთა შენთაჲ, ვითარცა იგი ოდესმე პავლეს დისწული მისი სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე“, შემდეგ უფალს შეევედრა, კურნება მიენიჭებინა თევდოსისათვის, აიღო წმიდა დავითის სისხლით გაჟღენთილი მიწა, თვალებზე სცხო ძმას და მყის აღეხილნენ თვალნი. ხალხი კი გაოგნებული შეჰყურებდა წმიდა მოწამე დავითის ცხედართან ქმნილ სასწაულს.

კაცთმოყვარე ღმერთმა ჯერ-იჩინა ყველასათვის ეუწყებინა ძმათა სიწმიდე და მოწამეობა - ღამით მათ ცხედრებს ნათელი დაადგა.

თევდოსიმ შენდობა სთხოვა კათოლიკოსს, ცრემლით მოინანია დისშვილების მკვლელობა, მოინათლა და ეკლესია აღაშენა მის მიერ მოკლული დავითის სახელზე. დივრის მთავარმა წაასვენა წმიდა ტარიჭანის ნაწილები და მისი სახელობის ტაძარი აღაშენა.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა და მოწამეთა შვიდთა ქალწულთა: ალექსანდრასი, ტეკუსასი, კლავდიასი, ფაინასი, ევფრასიასი…

მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა და მოწამეთა შვიდთა ქალწულთა: ალექსანდრასი, ტეკუსასი, კლავდიასი, ფაინასი, ევფრასიასი, მატრონასი და იულიასი (303)

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (+303) ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის IV ს-ის დასაწყისში.

იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას ანკვირიაში დანიშნეს სისასტიკით ცნობილი თეოტეკნი. თეოტეკნმა ქრისტიანები გააფრთხილა, რომ კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წამება და სიკვდილი არ აცდებოდათ. მრავალმა ქრისტიანმა დატოვა სახლი და ქალაქიდან გაიქცა. დარჩენილებს წარმართები გვემდნენ და ძარცვავდნენ.

ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ამ მძიმე დღეებში წმიდა თეოდოტე თავის ოჯახში და კვებავდა ქრისტეს აღმსარებლებს, გაძარცულ ეკლესიებს სწირავდა საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად საჭირო ნივთებს. წმიდანი უშიშრად შედიოდა საპყრობილეებში, ეხმარებოდა უდანაშაულოდ დასჯილებს და განამხნევებდა მოსალოდნელი აღსასრულის წინ, მეომრებისაგან გამოსასყიდით გამოხსნილ ქრისტიანების გვამებს კი პატივით მარხავდა. როცა ანკვირიაში ქრისტიანული ეკლესიები გაძარცვეს და დაკეტეს, საღვთო ლიტურღია წმიდა თეოდოტეს სახლში სრულდებოდა.

იმ დროს ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა 7 ქალწული. მათგან უფროსი, წმიდა ტეკუსი, წმიდა თეოდოტეს დეიდა იყო. წმიდანებმა ტეკუსიმ, ფაინამ, კლავდიამ, მატრონამ, იულიამ, ალექსანდრამ და ევფრასიამ სიყრმითგან უფალს უძღვნეს თავი. თეოტეკნის სამსჯავროზე წარდგენილმა მოწამეებმა თამამად აღიარეს ქრისტე. წმიდანებს ქვები გამოაბეს ყელზე და ტბაში ჩაახრჩვეს. მეორე ღამეს წმიდა ტეკუსი ძილში გამოეცხადა წმიდა თეოდორეს და შეევედრა, ტბიდან ამოეღო მათი ცხედრები და ქრისტიანულად დაემარხა. წმიდანმა წაიყვანა მეგობარი პოლიხრონიოსი, სხვა ქრისტიანები და უკუნ ღამეში ტბისკენ გაემართნენ. ამ დროს ტბის ნაპირზე მყოფ დარაჯებს გამოეცხადა წმიდა მოწამე სისანდრე. შეშინებული დარაჯები გაიქცნენ. ქრისტიანებმა მოწამეთა გვამები ეკლესიის ეზოში დამარხეს. როცა მმართველმა გაიგო წმიდანთა ცხედრების ამბავი, განრისხდა და ბრძანა, ყველა ქრისტიანი შეეპყროთ და ეწამებინათ. სხვებთან ერთად პოლიხრონიოსიც დაიჭირეს. მან წამებას ვერ გაუძლო და განაცხადა, რომ ყველაფრის მიზეზი წმიდა თეოდოტე იყო. წმიდანი სასამართლოზე წარადგინეს მას წამების იარაღები აჩვენეს, თან დიდ პატივს და სიმდიდრეს დაპირდნენ ქრისტეს უარყოფისათვის. წმიდა თეოდოტემ ადიდა იესო ქრისტე და აღიარა იგი ღმერთად და მაცხოვრად. გამძვინვარებულმა წარმართებმა გააგრძელეს წმიდანის ტანჯვა, მაგრამ ღვთის ძალამ დაიფარა იგი და ცოცხლად გადარჩა. წმიდა მოწამე დილეგში ჩააგდეს. მეორე დღეს მმართველმა კვლავ განაგრძო მისი წამება, მაგრამ მიხვდა, რომ ვერას გახდებოდა და თავის მოკვეთა ბრძანა. სასჯელი აღსრულდა, მაგრამ ამოვარდნილმა გრიგალმა მეომრებს წმიდანის ცხედრის დაწვის საშუალება არ მისცა. ღვთის ნებით ამ ადგილას გამოიარა მღვდელმა ფრონტონმა, წმიდა ცხედარი ვირს აჰკიდა და წმიდა თეოდოტეს მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილას დაკრძალა იგი. მოგვიანებით წმიდანის საფლავზე ეკლესია აშენდა. წმიდა თეოდოტე აღესრულა 303 ან 304 წელს.

წმიდანის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული, აგრეთვე წმიდა ქალწულთა ვნებანი აღწერა წმიდა თეოდოტეს თანამედროვემ და თანამოსაგრემ ნილოსმა, რომელიც ქრისტიანთა დევნის დროს ცხოვრობდა ანკვირაში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა: სვიმეონისა, ისააკისა და ბაქტისისა (IV)

მოწამეთა: სვიმეონისა, ისააკისა და ბაქტისისა (IV)

წმიდა მოწამე სვიმეონ, ისააკი და ვახტისი (IV) ცხოვრობდნენ სპარსეთში ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის საპორ მეფის დროს. წმიდანებს აიძულებდნენ ცეცხლთაყვანისმცემლობა მიეღოთ, მაგრამ მათ მხნედ მიუგეს წარმართებს: „ჩვენ არ უარვყფოთ შემოქმედს ყოველთასა და არ შეუვრდებით მზესა და ცეცხლს“. მოწამენი სასტიკად ცემეს, შემდეგ დილეგში ჩააგდეს და შვიდი დღე უჭმელ-უსმელად ამყოფეს, ბოლოს ხმლით წარკვეთეს თავი.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა: ირაკლისა, პავლინესი და ვენედიმესი

მოწამეთა: ირაკლისა, პავლინესი და ვენედიმესი

წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე ქალაქ ათენში აღესრულნენ ქრისტესთვის. ისინი წარმართთა შორის ქადაგებდნენ სარწმუნოებას ღვთის რჩეულები მოწაფეებთან: პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინესთან ერთად სამსჯავროზე წარადგინეს და ხანგრძლივი წამების შემდეგ გახურებულ ღუმელში დაწვეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

წმ. მამათა და დედათა აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XV)*

წმ. მამათა და დედათა აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XV)*

აჭარა ოდითგანვე იყო ქრისტიანობის შეურყეველი ბურჯი და ერთგული მეციხოვნე. სწორედ დიდაჭარით შემოვიდა საქართველოში წმიდა ანდრია პირველწოდებული და აქ იქადაგა პირველად სახარება. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებული წმიდა მატათა მოციქულიც აჭარის მიწამ მიიბარა. იგი გონიოშია დაკრძალული.

საქართველოს ეს განაპირა კუთხე სისხლით და ოფლით წერდა გმირულ ფურცლებს ერის ისტორიაში.

XVI საუკუნიდან აჭარა თურქთა მუდმივი აგრესიის ობიექტი გახდა. ირან-ოსმალეთს შორის გამართული ომი ოსმალეთის გამარჯვებით დამთავრდა. ზავით დასავლეთ საქართველოს ოსმალეთს ერგო. სამცხე, აჭარა, ჭანეთი თურქებმა საქართველოს მოსწყვიტეს, ოსმალეთის პროვინციად გამოაცხადეს და ოსმალური მმართველობა დაამყარეს.

უსჯულო მტერმა კარგად იცოდა, რომ ქართველი ერის გასანადგურებლად აუცილებელი იყო ქრისტიანობის აღმოფხვრა, ამიტომ ყოველ ღონეს მიმართავდა აჭარლების გასამაჰმადიანებლად. როცა ცბიერებით და მოტყუებით ვერაფერს გახდა, მან ძალადობას მიმართა.

ცნობილ მეცნიერს ზაქარია ჭიჭინაძეს თავის ნაშრომში „ქართველების გამაჰმადიანება ანუ ისლამის გავრცელება დასავლეთ საქართველოს ქართველებში XVII-XVIII საუკუნეებში“, მოჰყავს ღრმად მოხუცი აჭარელის ნაამბობი: „აჭარაში გამაჰმადიანების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთი მოხუცებული კაცები და ნამეტურ დედაკაცები ქრისტიანობაზე მტკიცედ იდგნენ და თან ოსმალოს მოლა-ხოჯებსაც ეკამათებოდნენ და ედავებოდნენ... ასეთ მოხუცებულთა რიცხვი აჭარაში დიდი ყოფილა... ბოლოს მთავრობისაგან ასეთი ბრძანება გამოსულა, რომ ყველა ეგენი დაიჭირეთ და გაამაჰმადიანეთ, თუ არ გამაჰმადიანდნენ, მერე დახოცეთო. მალე აჭარის მოხუცებულები შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ, ესენი აჭარისწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა და რომელ ხიდის ნიშნებიც დღესაც დგას. ამ ხიდზე დაუდვითა თავ-საკვეთი. მოხუც ქრისტიანებს თავს სჭრიდნენ, მერე ენის წვერსა და ფაშას უგზავნიდნენ: თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენ. ეს საქმეები მომხდარა ამ ასი წლის წინათ, ე.ი. 1790 წლებში“.

სახრჩობელები და თავსაკვეთები იყო აღმართული სოფელ აჭარისწყალში, ქედაში, დანდალოში, ჩაქვში, ხულოში, მაჭახელაში და გონიოში.

ახალციხის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული დოკუმენტი უფრო შემზარავად აღწერს ქრისტესთვის თავდადებულთა წამებას: „რომელ ხორცეულ ენას შეუძლია წარმოთქვას იმდროინდელ ქრისტიან მამათა და დედათა დასჯა-ტანჯვანი. ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის ოთხ პალოზე გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულ-მუცელს უპობდნენ, ვის შამფურზედ გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზე სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ... რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხამდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ...“

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა ქრისტიანობის დაცვისათვის აჭარაში მოწყვეტილი დედები და მამები.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.