გულანი
საცდელი · 1.11.2
16 მაისი 1 / 7სახლსა შინა ღმრთისასა, ვითარცა ფინიკი, აღყვავენ შენ…

16 მაისი

თვენი

ღირსი თეოდორე განწმენდილი (348) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 9 წთ

სახლსა შინა ღმრთისასა, ვითარცა ფინიკი, აღყვავენ შენ…

კონდაკი

სახლსა შინა ღმრთისასა, ვითარცა ფინიკი, აღყვავენ შენ, ხოლო ნაყოფნი სათნოებათანი უფლისასა შესწირენ მარხვითა სახარულევანითა, მამაო ღირსო; ამისთვის სანატრელ ხარ, ვითარცა უხოორცოთა თანა მოდასე.

ღირსისა თეოდორე განწმედილისა (368)

ღირსისა თეოდორე განწმედილისა (368)

ღირსი თეოდორე განწმენდილი (+368) წარმოშობით ეგვიპტელი იყო და იზრდებოდა მდიდარი და ცნობილი ქრისტიანი მშობლების ოჯახში. მასში ადრევე გაიღვიძა ბერული ცხოვრებისადმი მიდრეკილებამ. 14 წლისა სახლიდან გაიპარა და ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა. როცა ღირსმა მამამ პახუმი დიდის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, დატოვა მონასტერი და მასთან წავიდა. ღირსმა პახუმიმ, რომელსაც უფლისაგან წინასწარ განეცხადა ყრმის მოსვლა, სიყვარულით მიიღო იგი. სავანეში დარჩენილი თეოდორე მალე შეეგუა მეუდაბნოეთა ცხოვრების წესს. წმიდანის დედამ გაიგო, რომ მისი ვაჟი ტაბენისის სავანეში იმყოფებოდა, ეპისკოპოსის წერილით მივიდა პახუმი დიდთან და შვილთან შეხვედრა სთხოვა. თეოდორემ უარი განაცხადა დედის ნახვაზე, რადგან ეშინოდა, რომ დაარღვევდა სოფლის უარყოფის აღთქმას.

ღირსი პახუმი ხედავდა წმიდა თეოდორეს საღმრთო გონიერებას და დაავალა, ძმებისთვის წმიდა წერილის სწავლება აეხსნა. მაშინ წმიდა თეოდორე მხოლოდ 20 წლისა იყო. ის უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვრის კურთხევას, მაგრამ ზოგიერთი ასაკოვანი ბერი შეურაცხყოფილი დარჩა ახალგაზრდა ბერის სწავლებით და განეშორა მას. ღირსმა პახუმიმ მათ უთხრა: „თქვენ ეშმაკს დაემორჩილეთ და თვითდაჯერებულობით ამაოდ აქციეთ თქვენი ღვაწლი. თქვენ თეოდორე კი არ უარყავით, არამედ სიტყვა ღვთისა და მოაკლდით სულიწმიდის მადლს“. წმიდა თეოდორე მამაშვილური სიყვარულით ზრუნავდა თავის მოძღვარზე, უვლიდა სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულს და როცა აღესრულა, საკუთარი ხელებით დაუხუჭა თვალები.

ღირსი პახუმის სიკვდილის შემდეგ ტაბენისის მონასტერს წმიდა თეოდორე განაგებდა, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა თებოდის ყველა სავანეს. ღირს მამას სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მას კარგად იცნობდა წმიდა ათანასე ალექსანდრიელი. წმიდა თეოდორე აღესრულა ღრმად მოხუცი, 368 წელს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, იერუსალიმელი ეპისკოპოსისა (213-250)

მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, იერუსალიმელი ეპისკოპოსისა (213-250)

მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელის (+დაახლ. 217) მოწაფე იყო. III საუკუნის დასაწყისში იგი კაბადოკიის ფლაბიის ეპისკოპოსად აირჩიეს. სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც სამი წელი დაჰყო. განთავისუფლების შემდეგ უფლის რჩეული იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად, სადაც 212 წელს პატრიარქ ნარკისის თანამოსაყდრედ აირჩიეს. ეს ძველი ეკლესიის პრაქტიკაში მეტად იშვიათი შემთხვევა იყო. ჯერ პატრიარქის თანამოსაყდრე, შემდეგ კი პატრიარქად ხელდასხმული წმიდა ალექსანდრე 38 წელი მართავდა ეკლესიას და ფრიად დაშვრა სამწყსოს ქრისტიანული განათლებისათვის. უფლის რჩეულმა იერუსალიმში ქრისტიანი მწერლების თხზულებათა მდიდარი ბიბლიოთეკა შექმნა. იგი იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს გარდაიცვალა საპყრობილეში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამეთა: ვიტესი, მოდესტიოსისა და კრისკენტიასი (დაახ. 303)

მოწამეთა: ვიტესი, მოდესტიოსისა და კრისკენტიასი (დაახ. 303)

წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტო და კრისკენტია (+303) ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის დროს. წმიდა მოწამე ვიტე იყო ცნობილი სიცილიელი დიდებულის, წარმართი გილასის ვაჟი. უფალმა ვიტეს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ის სნეულებს კურნავდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამ დროს იმპერატორმა გამოსცა ბრძანება ქრისტიანთა დევნის შესახებ. წმიდა ვიტე სამსჯავროზე გამოიძახეს. აღმსარებლობისათვის წმიდანი უმოწყალოდ ცემეს. ვალერიანეს მოულოდნელად ხელი გაუშეშდა. წმიდანის ლოცვით მმართველმა კურნება მიიღო, სასამართლო შეწყვიტა, შვილი გილასს გააყოლა სახლში და უბრძანა, ქრისტიანობისაგან განეყენებინა იგი.

ხორციელი ცოდვით რომ დაცემულიყო, გილასმა შვილი ფუფუნებით აავსო და ლამაზი გოგონები მოუყვანა. წმიდანთან საუკეთესო საჭმელები მოჰქონდათ, ნადიმებს აწყობდნენ. მაგრამ ვერანაირმა ხერხმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. წმიდა ვიტე მოუკლებლად ლოცულობდა და შეწევნას შესთხოვდა უფალს. წმიდანს ანგელოზები ეცხადებოდნენ და მასთან ერთად ლოცულობდნენ. ერთხელ შვილთან შესულმა გილასმა ანგელოზები იხილა და დაბრმავდა. გილასმა აღთქმა დადო, რომ უარყოფდა კერპებს და წმიდა ვიტეს ლოცვით თვალები აეხილა, მაგრამ განკურნების შემდეგ სიძულვილით აღივსო შვილის მიმართ და მისი მოკვლა გადაწყვიტა. წმიდანის გადასარჩენად ფარულმა ქრისტიანებმა, მისმა აღმზრდელმა წმიდა მოდესტომ და ძიძამ, წმიდა კრისკენტიამ წმიდა ვიტე მალულად გაიყვანეს მშობლების სახლიდან, უფლის ანგელოზისაგან დაცულნი განმარტოვდნენ იტალიის ერთ-ერთ მხარეში, ლუკანიაში და დიდხანს ფარულად ცხოვრობდნენ. წმიდა ვიტე კვლავ კურნავდა სნეულებს, წარმართებს აქრისტიანებდა. მისი სასწაულების ამბავი მთელ ქვეყანაში გახმაურდა.

წმიდა ვიტე და მოდესტო იმპერატორის წინაშე დაასმინეს. წმიდა ვიტემ ამხილა კერპთაყვანისმცემლობის სიცოფე და განკურნა ბოროტი სულისაგან შეპყრობილი იმპერატორის ვაჟი. დიოკლეტიანე წმიდა ვიტეს სარწმუნოების უარყოფის ფასად სთავაზობდა პატივს, დიდებას, სიმდიდრეს, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა. მაშინ წმიდა მოდესტოსთან ერთად იგი დილეგში ჩააგდეს. მხურვალე ლოცვის შემდეგ წმიდანები საკვრელთაგან გათავისუფლდნენ. დიოკლეტიანემ ეს სასწაული ჯადოქრობად ჩათვალა და ბრძანა, გახურებული კალით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ ვიტე. უფალმა თავისი რჩეული უვნებლად დაიცვა. შემდეგ წმიდა ვიტე ლომს მიუგდეს. მან პირჯვარი გადასახა და მხეცი მორჩილად დაწვა მის ფეხებთან. წმიდა მოწამეები ბოძზე ჩამოკიდეს და რკინის კაუჭებით დასერეს. ამ საშინელების მხილველი წმიდა კრისკენტია გამოეყო ხალხს, ქრისტიანად გამოაცხადა თავი და იმპერატორი უღმრთოებასა და სისასტიკეში ამხილა. ამისათვის ისიც სასტიკად გვემეს. წმიდა ვიტემ ღმერთს შეჰღაღადა: „ღმერთო, გვიხსენ ჩვენ ძალითა შენითა და დაგვიფარე ჩვენ“. მოულოდნელად მიწა იძრა და ბევრი წარმართი დაიღუპა შენობების ნანგრევებში. ანგელოზმა მოწამეები ბოძიდან გარდამოხსნა და ლუკანიაში გადაიყვანა. წმიდა ვიტე უფალს შეევედრა, მშვიდობით მიეღო მათი სულები. უფალმაც ისმინა მათი ვედრება. წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტო და კრისკენტია აღესრულნენ დაახლოებით 303 წელს. მათი წმიდა ნაწილები გადაასვენეს პრაღაში. წმიდა კეთილმსახურმა მთავარმა ვიაჩესლავ ჩეხმა (ხს. 28 სექტემბერს) ააშენა წმიდა ვიტეს სახელობის ტაძარი, სადაც შემდგომ დაასვენეს წმიდა მოწამეთა ნაწილები.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

ნეტარისა მუზა ქალწულისა (V)

ნეტარისა მუზა ქალწულისა (V)

ნეტარი მუზა ქალწული (V) ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა. ერთხელ ნეტარს ძილში გამოეცხადა ყრმებით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ჰკითხა: „გსურს ჩემთან წამოხვიდე და ამათ გვერდით იცხოვრო?“ „მსურს“, - უპასუხა გოგონამ. „ცუდი არაფერი ჩაიდინო, თავი აარიდე მხიარულებას და საბავშვო თამაშობებს. 30-ე დღეს მოვალ და წაგიყვან“. ამ გამოცხადების შემდეგ მუზა ძალიან დასერიოზულდა, მთელ დღეებს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა, მისი საქციელით გაკვირვებულ მშობლებს ნეტარმა მოუთხრო თავისი ხილვის შესახებ. 25-ე დღეს მუზა დასნეულდა, 30-ე დღეს კი კვლავ იხილა ღვთისმშობელი. „მოვდივარ, დედოფალო“, - დაიძახა გოგონამ და მიიცვალა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

ღირსთა მამათა, წმიდა საბას ლავრაში გვემულთა (614)

ღირსთა მამათა, წმიდა საბას ლავრაში გვემულთა (614)

614 წელს სპარსელები შეიჭრნენ პალესტინაში. პალესტინელმა ბედუინებმა დრო იხელთეს და ხალხის ძარცვა დაიწყეს. იერუსალიმის აღებამდე ერთი კვირით ადრე ბედუინები წმინდა საბა განწმენდილის ლავრაში შევარდნენ. ბერების უმეტესობამ თავს გაქცევით უშველა. სავანეში მხოლოდ 44 მამა დარჩა, მოხუცებულნი, დიდად მოსაგრენი, თავმდაბალნი და მოწყალენი. ზოგიერთი მათგანი 50-60 წელი სავანიდან არ იყო გასული, თვით წმინდა მიწის მოსალოცადაც კი. ბუნებრივია, არ ისურვეს სავანის დატოვება, რომელიც მათთვის ზეციური სასუფევლის კარიბჭედ იქცა. ავაზაკებმა ისინი რამდენიმე დღის მანძილზე სასტიკად აწამეს და განძეულის სამალავის გათქმას ითხოვდნენ. მაგრამ, ბერებისაგან ვერაფერი გაიგეს. მაშინ განრისხებულმა სარკინოზებმა 44 ღირსი მამა ასო-ასო აქნეს. იერუსალიმის აღების შემდეგ არაბეთში დამალული მონაზვნები ლავრაში დაბრუნდნენ და იქ რაც იხილეს, გული უზომო მწუხარებით აევსოთ. ლავრაში მობრძანდა წმინდა მოდესტი (ხს. 16 დეკემბერს) რომელიც პატრიარქის არყოფნაში იერუსალიმის ეკლესიას ხელმძღვანელობდა. მან საკუთარი ცრემლებით განბანა ახალმოწამეთა დაკუწული სხეულები და წმინდა მამათა საძვალეს შეუერთა. ადიდა ღმერთი, რომელმაც ამგვარად დააგვირგვინა ღირს მამათა ღვაწლი. შემდეგ კი მონასტერში დარჩენილ მონაზვნებს მოუწოდა, არაფრისდიდებით არ მიეტოვებინათ წმინდა სავანე და, მიხედავად საფრთხისა, მტკიცედ დაეთმინათ თავს მოწეული განსაცდელი. მამები დაემორჩილნენ მის ბრძანებას, თუმცა ორი თვის შემდეგ, როცა მონასტერს ბარბაროსების თავდასხმა დაემუქრა, მონაზვნებმა წმინდა ათანასე დიდის მონასტერს შეაფარეს თავი, სადაც ორი წელი დაჰყვეს.

გიორგი II-სა, მიტილენელი ეპისკოპოსისა (IX)

გიორგი II-სა, მიტილენელი ეპისკოპოსისა (IX)

წმიდა გიორგი მიტილინელი (IX) ეპისკოპოსად მსახურობდა 820-829 წლებში, ხატმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს. 842 წელს გარდაიცვალა მიტილინში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.