მმართებელად დიდად გამოუჩნდი შენ ყოველსა სოფელსა, წმიდაო…
კონდაკი
მმართებელად დიდად გამოუჩნდი შენ ყოველსა სოფელსა, წმიდაო, ღმრთისა მიმართითა მაგით მეოხებითა შენითა; ამისთვის გიგალობთ შენ დღეს, მოწამეო ღმრთივგანბრძნობილო ისიდორე, ყოვლადდიდებულო.
მოწამისა ისიდორესი (251)
მოწამისა ისიდორესი (251)
წმიდა მოწამე ისიდორე (+251) ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ვარგისი ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში განამწესეს. ისიდორე ქრისტიანი იყო და თავს არიდებდა ყოველგვარ წარმართულ სანახაობას. როცა იმპერატორმა მოითხოვა, რომ ყველა მეომარს მსხვერპლშეწირვის წესი აღესრულებინა, ასისთავმა წმიდა ისიდორე ნუმერიუსთან დაასმინა. ვერც მუქარამ გაჭრა, ვერც მოფერებამ და ვერც დაპირებებმა. წმიდანმა განაცხადა, რომ მხოლოდ საუკუნო მეფის, იესუ ქრისტეს ნებას ემორჩილება და არასოდეს განუდგება მას. მხედართმთავრის ბრძანებით წმიდანს ენა მოაგლიჯეს, მაგრამ ღვთის ნებით წმიდა ისიდორე ბრძანების აღსრულების შემდეგაც განაგრძობდა ღვთის დიდებას. ამ სასწაულით ზარდაცემული ნუმერიუსი მიწაზე დაეცა უგონოდ და თავად დაკარგა მეტყველების უნარი. ჯარისკაცების დახმარებით წამომდგარმა მხედართმთავარმა ფურცელზე წააწერა განაჩენი - თავის მოკვეთა. წმიდა ისიდორე სიხარულით შეხვდა სასიკვდილო განაჩენს და ღმერთს მადლობა შესწირა. გვამი უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ წმიდანის მეგობარმა, ფარულმა ქრისტიანმა ამონამ პატივით მიაბარა იგი მიწას. მოგვიანებით თვითონ ამონაც მოწამეობრივად აღესრულა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა მაქსიმესი (დაახ. 250)
მოწამისა მაქსიმესი (დაახ. 250)
წმიდა მოწამე მაქსიმე (+250) აღესრულა იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251). წმიდა მაქსიმე ვაჭარი იყო, ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ, როცა წარმართები შეიკრიბნენ მსხვერლშეწირვისათვის, წმიდა მაქსიმემ ვერ აიტანა ამაზრზენი სანახაობა, მიეჭრა უღმრთოებს, ხმამაღლა ამხილა მათი უსჯულოება და კერპებს ადამიანთა ხელით ქმნული უსულო არსებები უწოდა. გამძვინვარებულმა წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს წმიდა მოწამე.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
წმ. ლეონტისა, იერუსალიმელი პატრიარქისა (1175)
წმ. ლეონტისა, იერუსალიმელი პატრიარქისა (1175)
წმიდა ლეონტი იერუსალიმის პატრიარქი (+1175) - წმიდა გრიგოლ პალამას გადმოცემით, 1223-1261 წლებში მართავდა იერუსალიმის ეკლესიას. მისი ცხოვრება დაწვრილებით აღწერა კონსტანტინეპოლელმა მონაზონმა თეოდორემ. ეს თხზულება თარგმნა ღირსმა ნიკოდიმოს მთაწმიდელმა, რომელიც პატრიარქის აღსრულების თარიღად თვლის 1175 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა დოდო გარეჯელისა (VI)*
ღირსისა დოდო გარეჯელისა (VI)*
ღირსი დოდო გარეჯელი წარმოშობით კახელი იყო, ანდრონიკაშვილთა გვარიდან. სიყრმიდგან მონაზვნობის ღვაწლის მიმღები და ქრისტეს მსახურებას შემდგარი, ყოველგვარი სათნოებით იყო შემკული. უპოვარებისა და დაყუდების მოყვარული ბერი განმარტოებით მოღვაწეობდა ნინოწმინდაში.
როცა ღირსმა დოდომ გაიგო მამა დავით გარეჯელის სასწაულების ამბავი, გარეჯში წავიდა. ღირსმა მამებმა კეთილად მოიკითხეს ერთმანეთი და გვერდიგვერდ დაიწყეს მოღვაწეობა.
რამდენიმე ხნის შემდეგ მამა დავითმა იხილა ღირსი დოდოს სარწმუნოებრივი სიმტკიცე, მოეწონა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“ და კურთხევა მისცა პირდაპირ აღმართული კლდის წვერზე აეგო სენაკები და იქ წაეყვანა თანამოსაგრეები.
ძმებმა ააგეს სენაკები და დაიწყეს მოღვაწეობა. შემდეგ სენაკების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა. თვითონ ღირსი დოდო დაეყუდა ერთ ვიწრო ნაპრალში, რომელიც ერთ კაცს ძლივს იტევდა და დღე და ღამ, ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და ყინვაში ცრემლებით ევედრებოდა უფალს ცოდვათა მიტევებას, ძმათა გაძლიერებას და ქვეყნის მოქცევას ჭეშმარიტ სჯულზე.
ერთხელ მამა დავითმა სასწაულებრივად განკურნა რუსთავის მთავრის, ბუბაქარის დავრდომილი ვაჟი. მადლიერმა მთავარმა მეუდაბნოე ბერებისთვის აუცილებელი ნივთები მიართვა ღირს მამას. წმიდა დავითმა მიიღო ნაწილი, დანარჩენი კი ღირს დოდოს გაუგზავნა და ბუბაქარს ურჩია, მისი ხელით მონათლულიყო. წმიდა დოდომ სიხარულით აღასრულა ნათლობის საიდუმლო და ნათელ-სცა ბუბაქარს, მის სამ ვაჟს და მთელს ამალას.
ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა ღირსი დოდო მის მიერ დაარსებულ მონასტერში და იქვე აღესრულა მშვიდობით.
სულიერმა შვილებამა და თანამოსგარეებმა სენაკშივე დაფლეს მისი წმიდა სხეული. შემდგომ წმიდა დოდო გარეჯელის საფლავზე ეკლესია აშენდა.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ