გულანი
საცდელი · 1.11.4
8 მაისი 1 / 7ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა…

8 მაისი

თვენი

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 11 წთ

ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა…

ტროპარი

ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ-გვეყავნ ჩუენ.

მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გუეწიე და…

ტროპარი

მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გუეწიე და გვიხსენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქვს შენ კადნიერება მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყველო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.

დიდებულბანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ…

კონდაკი

დიდებულბანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და მეგობარი ქრისტესი.

რომისაგან აღმობრწყინდი, ვითარცა მზე დიდი, და მიიწიე…

კონდაკი

რომისაგან აღმობრწყინდი, ვითარცა მზე დიდი, და მიიწიე სამეუფოსა მიმართ ქალაქისა, ყოვლადსანატრელო, განმანათლებელი მისი სიტყვითა შენია და საქმითა, და ყოვლისა უგულისხმოებისა ბნელისა განმდევნელი; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მამათა დიდებულო, ღირსო არსენი.

წმ. მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (98-117)

წმ. მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (98-117)

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფე გახდა. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და სულიერი სიძლიერისათვის „ძე ქუხილისა“ უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი სამყარო უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრისტეს თავდადებული, უზენაესი სიყვარულით აევსო. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იოანე პეტრესთან ერთად გულმოდგინედ ქადაგებდა სახარებას იერუსალიმში, თავის სახლში, რომელიც მდებარეობდა სიონის მაღლობზე, ზრუნავდა ყოვლადწმიდა მარიამზე - მაცხოვრის დედაზე, რომელიც მას მიანდო ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ და რომელიც მასთან ცხოვრობდა მიძინებამდე. პეტრესთან ერთად მოღვაწეობდა იგი სამარიაშიც, შემდეგ დაბრუნდა იერუსალიმში, იერუსალიმიდან გადავიდა მცირე აზიაში და მოციქულებრივი საქმიანობის ცენტრად აირჩია ქალაქი ეფესო. იოანე ცდილობდა ქრისტიანობის განმტკიცებას იმ ადგილებში, სადაც მას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული, რათა მტკიცე ნიადაგზე დაფუძნებული ქრისტიანობა შემდეგ სხვაგანაც გავრცელებულიყო. დომიციანეს მეფობის დროს იოანე ხმელთაშუა ზღვის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, რომელიც მან გაანათლა. კუნძულზე დღემდე არსებობს მონასტერი, აგებული ქრისტეს მოძღვრებისათვის პყრობილის, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.

უფალმა პატმოსის კუნძულზე წმიდა მოციქულ იოანეს მოუვლინა მთელი რიგი საიდუმლო გამოცხადებანი, რომლებშიც წარმოდგენილი იყო კრავის ბრძოლა გველთან და პირველის გამარჯვება. უფალმა უბრძანა მას, დაეწერა წიგნი ამ ჩვენებებზე და გაეგზავნა ის ასიის შვიდი ეკლესიისათვის ქრისტიანთა სანუგეშოდ და სახელმძღვანელოდ. აპოკალიფსი - გამოცხადება, ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულს გვიცხადებს.

რომის ტახტზე იმპერატორ ტრაიანეს ასვლის შემდეგ პატმოსის პატიმარმა თავისუფლება მიიღო და დაბრუნდა ეფესოში, სადაც განაგრძო მოღვაწეობა ქრისტიანული მოძღვრების სიწმიდის დასაცავად.

მორწმუნეთა დაბეჯითებული თხოვნით მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო.

მოციქულის სწავლებით, სადაც არ არის სრული ერთგულება, იქ არაფერი არ არსებობს. წმიდა იოანე წერს, რომ მორწმუნემ უფალს მთლიანად უნდა უძღვნას თავი, მისი ერთგული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი ცოდვას განიხილავს არა როგორც სისუსტეს, ან ადამიანური ბუნების არასრულყოფილებას, არამედ როგორც ბოროტებას, სიკეთის საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებას. წმიდა მოციქულის თვალსაზრისით, ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს (1 ინ. 2,22; 4,3), ამიტომ ღმერთს ემსახურებოდა სრული სიყვარულით და სიმტკიცით; რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ქრისტე, მით უფრო სძულს ანტიქრისტე; რაც უფრო მეტად მიელტვის ჭეშმარიტებას, მით უფრო მეტად განეშორება სიცრუეს, რამეთუ ნათელი განდევნის ბნელს (ინ. 8,12; 12,35-36).

მოციქულთაგან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა. იგი მშვიდად მიიცვალა ეფესოში 26 სექტემბერს, დაახლოებით 110 წელს. ძველი გადმოცემის მიხედვით, როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თვითონ გაათხრევინა საფლავი, ჩაწვა შიგ, ვითარცა სარეცელში და მშვიდად განუტევა სული. დასაფლავებულია ეფესოში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა არსენი დიდისა (დაახ. 449-450)

ღირსისა არსენი დიდისა (დაახ. 449-450)

ღირსი არსენი დიდი (+449-450) დაიბადა 354 წელს რომში, კეთილმსახური ქრისტიანის ოჯახში, ღრმა სარწმუნოებამ ყმაწვილში მეცნიერებათა შესწავლის შეწყვეტისა და ღვთის მსახურებისთვის თავის გადადების სურვილი აღძრა. მალე წმიდა არსენის დიაკვნად დაასხეს ხელი.

რომის იმპერიის აღმოსავლეთის მმართველმა იმპერატორმა თეოდოსიმ (379-395) მისი განათლებისა და ღვთისმოსაობის შესახებ შეიტყო და თავისი ვაჟების, არკადისა და ჰონორიუსის აღზრდა დაავალა. თავისი სურვილის წინააღმდეგ, არსენი იძულებული გახდა დამორჩილებოდა იმპერატორის სურვილს. მაშინ წმიდა მამა 29 წლისა იყო.

კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდა არსენი დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა თეოდოსიმ და სთხოვა, მეფისწულები ღვთისმოშიშებით აღეზარდა: „თუმცა ისინი უფლისწულები არიან, მაგრამ ყველაფერში უნდა დაგემორჩილონ, როგორც მამას და მასწავლებელს“.

ღირსი მამა გულმოდგინედ შეუდგა ყრმათა აღზრდას, მაგრამ დიდი პატივი, რომლითაც გარშემორტყმული იყო, უმძიმებდა ბერული ცხოვრებისა და მდუმარებისკენ მოწოდებულ სულს. წმიდა არსენი მხურვალედ ევედრებოდა უფალს, გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზა. უფალმა ისმინა მისი და, ერთხელ, წმიდა მამას ზეციდან მოესმა ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა და ცხოვნდები“. წმიდა არსენმა განიძარცვა მდიდრული სამოსელი, მალულად დატოვა სასახლე, ხომალდზე ავიდა და ალექსანდრიაში წავიდა, აქედან კი უდაბნოს მიაშურა. მონასტერში მისულმა წმიდა არსენმა წინამძღვარს საძმოში მიღება სთხოვა. წმიდანი მიიყვანეს ღირს იოანე კოლოვასთან (ხს. 9 ნოემბერს). ღირსმა იოანემ წმიდა არსენის მორჩილების გამოსაცდელად ტრაპეზთან კი არ დასვა მისული, არამედ პურის ნაჭერი გადაუგდო და უთხრა: „ჭამე, თუ გინდა“. ღირსი არსენი მორჩილებით დაემხო მუხლებზე, მადლიერებით მიიღო პური და კუთხეში დადგა. წმიდა იოანემ თქვა: „ის უდიდესი მოღვაწე იქნება“ და სიხარულით აღკვეცა ბერად.

ღირსმა არსენმა გულმოდგინედ დაიწყო მოღვაწეობა და მალე აღემატა უდაბნოს ბევრ მამას. ერთხელ, ლოცვისას კვლავ გაიგონა ზეციური ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა, მდუმარება დაიმარხე, რადგან ესაა ძირი უცოდველობისა“. ღირსი არსენი განმარტოებულ კელიაში დასახლდა და მდუმარების ღვაწლს შეუდგა. იშვიათად გამოდიოდა გარეთ, მხოლოდ დღესასწაულზე და კვირაობით მიდიოდა ეკლესიაში. ერთი ბერის კითხვაზე, თუ რატომ განუდგა ხალხს, მოწამემ უპასუხა: „ღმერთი ხედავს, რომ ყველა მიყვარს, მაგრამ არ ძალმიძს ერთდროულად ღმერთთანაც ვიყო და ხალხთანაც“.

დიდი მოღვაწის სახელი შორს გავარდა. ბევრს უნდოდა მისი ნახვა, ამით კი ღირსი მამის მდუმარების აღთქმა ირღვეოდა, ამიტომ წმიდანი იძულებული იყო ხშირად გამოეცვალა საცხოვრისი, მაგრამ მისი ნახვის მსურველები მაინც ახერხებდნენ მის პოვნას.

ერთხელ ერთმა ბერმა ჰკითხა წმიდა არსენის, როგორ მოქცეულიყო, როდესაც ფსალმუნის კითხვისას სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა. წმიდა ბერმა უპასუხა, რომ საჭიროა ფსალმუნის კითხვის გაგრძელება, რადგან ბოროტი ძალები გარბიან ადამიანისაგან წმიდა წერილის სიტყვების გაგონებისას.

ბერებს ხშირად ესმოდათ წმიდა არსენის სიტყვები: „იშრომე, არსენი, ნუ ზარმაცობ, შენ აქ დასასვენებლად კი არ მოსულხარ, არამედ საღვაწოდ“. წმიდა ბერი ხშირად იტყოდა ხოლმე: „ბევრჯერ ჩავვარდნილვარ სინანულში წარმოთქმული სიტყვების გამო, დუმილის გამო კი არასოდეს!“

წმიდა მამამ ბერულ მოღვაწეობაში 55 წელი გაატარა, თანამედროვეთაგან „დიდის“ ზედწოდება დაიმსახურა და აღესრულა 95 წლისა, 449 ან 450 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.

საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

მაცხოვრის ამაღლების მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ.

პირველი - მოვლენის ონტოლოგიური მხარეა: ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღმრთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი მიწისთვისაც კი უღირსი - ზეცაში დამკვიდრდა. კაცთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით ქერუბინებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა“ (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, „ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს“ (ფილ. 3, 20).

უფლის ამაღლებას აქვს ესქატოლოგიური მნიშვნელობაც, რადგან სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება. ამაღლებას ზნეობრივი მნიშნვნელობაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერიასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე.

სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ვკითხულობთ: „და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ღმერთი ხომ დროისა და სივრცის მიღმიერია? როგორ უნდა გავიგოთ ეს ანთროპომორფისტული მეტაფორა? როდესაც იმპერატორი თანამმართველს ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა - მაშინ განსაკუთრებული რიტუალი - ინტრონიზაცია ტარდებოდა. სასახლის დარბაზში ორ ტახტს დგამდნენ. ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე, მარჯვენა მხარეს თანამმართველი. მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებას ნიშნავდა. ამდენად, აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს. ეს სახე-სიმბოლო კიდევ უფრო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას: ღმერთკაცის სახით მთელ კაცობრიობას დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიეცა.

ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.

ზურაბ ეკალაძე

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 21 (72), 2000 წ.