სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლსიისა…
ტროპარი
სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლსიისა, მღვდელმთავარო ათანასე, რამეთუ თანაარსად მამისა ქადაგებითა ძისათა სირცხვილეულ-ჰყავ არიოზ, ღირსო მამო; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
მართლმადიდებლობისა მოძღურებანი რა დანერგენ, ბოროტად მადიდებლობისა ეკლანი…
კონდაკი
მართლმადიდებლობისა მოძღურებანი რა დანერგენ, ბოროტად მადიდებლობისა ეკლანი აღმოსჭრენ და აღაორძინე თესლი სარწმუნოებისა წვიმითა სულისა წმინდისათა, ღირსო; ამისთვის გიგალობთ შენ, ათანასე.
წმ. ათანასე დიდისა, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (373)
წმ. ათანასე დიდისა, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (373)
წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373) დაახლოებით 297 წელს დაიბადა ალექსანდრიაში. მან დიაკვნის ხარისხში მიიღო მონაწილეობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს და წამოაყენა წინადადება, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება - „ერთარსი მამისა“. წმიდა ათანასე ალექსანდრიის ეკლესიას 325-373 წლებში განაგებდა. ამ ხნის განმავლობაში მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა. იყო დრო, როცა ნეტარი ერთადერთ მართლმადიდებელ ეპისკოპოსად რჩებოდა და უკაცრიელი თავშესაფრიდან ეპისტოლეებითა და ტრაქტატებით ამხელდა არიანელებს.
მხცოვანმა მღვდელმთავარმა 373 წელს შეჰვედრა სული უფალს. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება -2 მაისს და 18 იანვარს, წმიდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად (მისი ცხოვრება სრული სახით 18 იანვრის საკითხავშია მოთავსებული).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა: ესპერისა და ზოიასი და ძეთა მათთა - კვირიაკესი და თეოდულესი (II)
მოწამეთა: ესპერისა და ზოიასი და ძეთა მათთა - კვირიაკესი და თეოდულესი (II)
წმიდა მოწამე ესპერი, მეუღლე მისი ზოია და ძენი კირიაკე და თეოდულე მდიდარი წარმართ რომულის კატულუსის მონები იყვნენ (II). ისინი ეწამნენ ადრიანე იმპერატორის (117-138) მიერ ქრისტიანთა დევნისას. კატულუსის ვაჟის დაბადებასთან დაკავშირებით სასახლეში ქალღმერთ ფორტუნას სახელზე ზეიმი გამართეს. მონებს სადღესასწაულო ტრაპეზიდან გაუყვეს საჭმელი, რომელშიც ნაკერპავი ხორცი და ღვინოც შედიოდა. წმიდანები საჭმელს არ გაეკარნენ. ზოიამ ღვინო მიწაზე დაასხა, ხორცი კი ძაღლებს მიუგდო. მაშინ კატულუსმა ბრძანა, წმიდა ზოიას ვაჟები ეწამებინათ.
წმიდა კირიაკე და თეოდულე ხეზე მიაბეს და მშობლების თვალწინ სასტიკად აწამეს. წმიდა ესპერი და ზოია შვილებს განამხნევებდნენ და განსაცდელის ბოლომდე დათმენისკენ მოუწოდებდნენ. შემდეგ თვითონ მშობლებიც აწამეს, ბოლოს კი ოთხივე გახურებულ ღუმელში შეყარეს, სადაც ლოცვით მიაბარეს უფალს სული. მოწამეების სულებს სასუფევლისკენ ანგელოზთა გალობა მიაცილებდა, სხეულები კი უვნებლად იქნა დაცული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
კეთილმმორწმუნე ბულგარელი მთავრისა, მოციქულთა სწორისა ბორისის-მიხეილისა (907)
კეთილმმორწმუნე ბულგარელი მთავრისა, მოციქულთა სწორისა ბორისის-მიხეილისა (907)
ბულგარელები ხშირად ეომებოდნენ მეზობელ ტომებს, ქვეყანა შიმშილობდა, 860 წელს კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ბორის მეფე წარმართული ქვეყნის ხსნას ქრისტიანული რწმენის მიღებაში ხედავდა. ბერძნებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ბულგარელებმა ტყვედ ჩაიგდეს სახელოვანი დიდებული თეოდორე კუფარა, რომელსაც ბერობის აღთქმა ჰქონდა დადებული. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც სახარების მარცვალი დათესა ბულგარელთა მეფის გულში. ამის შემდეგ ბულგარეთზე გამოლაშქრებულმა ბერძნებმა თავად იგდეს ხელთ ძვირფასი ტყვე - მეფის მცირეწლოვანი და, რომელიც შემდგომ ბიზანტიის იმპერატორის კარზე მართლმადიდებლურად იზრდებოდა. როცა იმპერატორი თეოფილე გარდაიცვალა, ბორის მეფემ გადაწყვიტა, შური ეძია ბერძნებზე. იმპერატორის ქვრივმა თეოდორამ ელჩები გაუგზავნა მეფეს და გააფრთხილა, რომ ის თვითონ დაიცავდა იმპერიას. ბორის მეფემ ზავი ირჩია და შერიგების ნიშნად ტყვეებიც გაცვალეს - თეოდორე კუფარა საბერძნეთში დაბრუნდა, ბულგარელთა მეფის ასული კი სამშობლოში. მან უფრო განამტკიცა ძმის გულში ქრისტეს სასოება. მოგვიანებით ბულგარეთში ჩამოვიდა წმიდა მეთოდე, რომელმაც ძმასთან, წმიდა კირილესთან ერთად მოაქცია სლავები. წმიდა მეთოდემ ნათელ-სცა მეფე ბორისს, მის ოჯახს და მრავალ ბულგარელს. წარმართმა ბულგარელებმა მეფის მოკვდინება გადაწყვიტეს, მაგრამ ახალმონათლულმა ბორისმა დაამარცხა შეთქმულები. მეამბოხე ბელადებისაგან თავდახსნილმა ბულგარელმა ხალხმა ნებით მიიღო ქრისტიანობა. ბიზანტიასა და ბულგარეთს შორის დაიდო ზავი, რომელიც არ დარღვეულა კეთილმსახური მეფის აღსასრულამდე. ბულგარელი ხალხის სულიერი განმტკიცებისთვის დიდი ღვაწლი გასწია პატრიარქმა ფოტიოსმა. 867 წელს ბულგარეთში ჩამოვიდნენ რომის პაპის წარგზავნილები. სამი წელი გრძელდებოდა ბულგარეთში დავა ბერძნულ და რომის ეკლესიებს შორის. 869 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარებულმა კრებამ უთანხმოებას ბოლო მოუღო. 870 წლის 3 მარტს კი ბულგარეთის ეკლესია საბოლოოდ შეუერთდა აღმოსავლეთის ეკლესიას. კეთილმსახურმა ბორის მეფემ ქვეყანა ტაძრებით შეამკო. შემდეგ ბულგარეთში საპატრიარქო კათედრაც დაარსდა. ხანშიშესული წმიდა ბორისი მონასტერში წავიდა, სამეფო კი შვილებს - ვლადიმირს და სიმეონს დაუტოვა. მონასტერში მყოფმა ბორისმა, ნათლობით მიხეილმა, გაიგო, რომ ძე მისი ვლადიმირი ქრისტიანობისგან განდგომის გზაზე იდგა. ამით შეძრწუნებული მეფე კვლავ სამეფო პორფირით შეიმოსა, ურჩი შვილი დასაჯა და საპყრობილეში ჩასვა, უმცროსი ძე, სიმეონი აღასაყდრა სამეფო ტახტზე და კვლავ მონასტერში განმარტოვდა. მხოლოდ ერთხელ გამოვიდა მეფე-ყოფილი მონასტრიდან - უნგრელთა შემოსევა მოიგერია - და კვლავ ღვთის სადიდებელ მოღვაწეობას შეუდგა.
წმიდა ბორისი მშვიდობით მიიცვალა 907 წლის 2 მაისს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა კეთილმორწმუნეთა რუსეთის მთავართა ბორისისა და გლებისა, ნათლისღებით რომანოზისა და…
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა კეთილმორწმუნეთა რუსეთის მთავართა ბორისისა და გლებისა, ნათლისღებით რომანოზისა და დავითისა (1072 და 1115)
ეკლესია ამ დღეს მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმერის ვაჟებს ბორისსა და გლებს (წმინდა ნათლისღებით - რომანოზი და დავითი) იხსენიებს. მთავრის ვაჟები ბავშვობიდანვე სიკეთითა და ზნეობით გამოირჩეოდნენ. მამამ შვილებს თავისსავე სიცოცხლეში დაუნაწილა მიწები: ბორისს რიაზანის სამთავრო ერგო, გლებს კი - მურომისა. მთავარმა შვილობილ სვიატოპოლკსაც მისცა საუფლისწულოდ ტუროვის მხარე. ბორისი და გლები დაუცხრომლად იღვწოდნენ ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად.
1015 წელს, წმინდა ვლადიმერის ნეტარი აღსასრულის შემდეგ, დიდი სამთავრო ხელში ჩაიგდო მისმა შვილობილმა, რუსეთის ისტორიაში "წყეულის" სახელით შესულმა სვიატოპოლკმა. ამაში კი ძმები, ბორისი და გლები "უშლიდნენ" ხელს. ეტყობა, ეს შენიშნა ბორისის ერთგულმა ხალხმა და უთხრა: "მამისეული ლაშქარი თან გახლავს (პაჭანიკებზე ლაშქრობიდან იყო მობრუნებული), მიდი კიევს და ტახტი დაიკავეო". ბორისმა იუარა: "ხელს ვერ აღვმართავ უფროს ძმაზე, რადგან მამა მიიცვალა, იგი უნდა მყავდეს მამის მაგიერო". სვიატოპოლკმა ბორისის მოკვლა ვიშგოროდელებს დაავალა. ბორისს შეატყობინეს, მოკვლას გიპირებენო. ჯარისგან მიტოვებული ბორისი ფსალმუნებს გალობდა კარავში. ცისკრის ლოცვის დასრულების შემდეგ ღმერთს შეჰღაღადა: "ღმერთო, მტერთაგან კი არ ავიღებ ტანჯვას, არამედ ძმისგან და ამას ნუ ჩაუთვლი ცოდვადო". მერე კი ლოგინზე დაწვა. ამ დროს სვიატოპოლკის მხედრები მხეცებივით შემოიჭრნენ კარავში და შუბი აძგერეს. თურმე ვერ მოკლეს. მაშინ სვიატიპოლკმა ორი ვარიაგი შეგზავნა - გული ჯერ კიდევ უცემდა. იძრეს მახვილი და განგმირეს. წმინდა მთავრის ცხედარი ფარულად გადაასვენეს ვიშგოროდში, კიევიდან თხუთმეტი ვერსის მოშორებით, და წმინდა ბასილის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
ბორისის მკვლელობის შემდეგ სვიატოპოლკმა მალემსრბოლები გაგზავნა იმჟამად სმოლენსკის მახლობლად მყოფ გლებთან და თითქოს მძიმედ დასნეულებულ მამასთან მოუხმო. გლებიც დაუყოვნებლივ გაეშურა მშობლისგან უკანასკნელი კურთხევის მისაღებად. კეთილმა ხალხმა მასაც უთხრა: სვიატიპოლკს ბორისი მოუკლავს და ნუ წახვალო. მან კი: ვაი ჩემდა, უფალო. უმჯობესი იყო, ძმასთან ერთად მოვმკვდარიყავი, ვიდრე მის გარეშე მეცოცხლაო. მერე ბორისს სთხოვა: "ევედრე უფალს და ჩემთვის მოწამეობა გამოითხოვეო". ამ ლოცვაში იყო, რომ თავს დაესხნენ და კრავივით დაკლეს. წმინდა ბორისის კარზე სამი უნგრელი დიდებული ძმა: გიორგი, ეფრემი და მოსე - ცხოვრობდა. როცა ბორისის მოკვლა მოინდომეს, გიორგი ტანით გადაეფარა და მის გადარჩენას ლამობდა. გიორგის თავი მოჰკვეთეს სვიატიპოლკის მომხრეებმა. ეფრემს მკვლელობის ადგილზე ძმის პატიოსანი თავიღა დახვდა. თან წაასვენა. დაუტევა დიდებულის ხარისხი, ამქვეყნიური სუფევა, იქვე, მდინარის პირას დააფუძნა მონასტერი, ბორისისა და გლების სახელზე ეკლესია ააგო. მონასტერში წავიდა მესამე ძმა მოსეც.
გლების ცხედარი მკვლელებმა იქვე, მდინარე სმიადინის პირას მიაგდეს და ფიჩხი მიაყარეს. უფლის რჩეულის წმინდა ნეშტის ადგილსამყოფელი ზეციური სასწაულით გაცხადდა: ზოგჯერ მას ნათლის სვეტი ადგებოდა თავს, ზოგჯერ კი გამვლელებსა და მწყემსებს ანგელოზთა ტკბილი გალობა ესმოდათ. სმოლენსკელებმა ამას ყურადღება მიაქციეს, გლების ცხედარს მიაკვლიეს და პატივით გადაასვენეს იგი თავიანთ ქალაქში.
სვიატოპოლკი ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ დაამარცხა იაროსლავ ბრძენმა. ამ უკანასკნელმა გლების წმინდა ნეშტი ვიშგოროდში გადაასვენა და ბორისის გვერდით დაკრძალა, წმინდა ბასილის სახელობის ტაძარში. მოგვიანებით იაროსლავის ძემ, იზიასლავმა წმინდა მთავართა სახელობის ახალი ტაძარი ააგო და 1072 წლის 2 მაისს მათი უხრწნელი ნაწილები იქ გადააბრძანა.