გულანი
საცდელი · 1.11.1
21 აპრილი 1 / 6სამღვდელოთა საცხებელიტა განშუენდით, დიდებულნო იანვარა და თეოდორე…

21 აპრილი

თვენი

მღვდელმოწამე იანუარ ეპისკოპოსი და მისთანა წამებულნი ფავსტო, პროკულ და სოსიოს დიაკონნი, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (დაახლ. 305) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 10 წთ

სამღვდელოთა საცხებელიტა განშუენდით, დიდებულნო იანვარა და თეოდორე…

კონდაკი

სამღვდელოთა საცხებელიტა განშუენდით, დიდებულნო იანვარა და თეოდორე, და წამებისა სისხლითა შეიმკვენით, და ბრწყინავთ მაღალთა შინა მოხარულნი, და ჩუენ გარდამოგვხედავთ ტაძართა შინა თქუენთა მოსრულთა, და მას შინა დაუცხრომელად მღარადებელთა, ვითარმედ დაგვიფარენით ჩუენ ყოველნი შეწევნითა კაცთმოყვარისა ღმრთისა.

მღვდელმოწ. ექვთიმესი, გაენათელი მიტროპოლიტისა (შარვაშიძე, 1822)

მღვდელმოწ. ექვთიმესი, გაენათელი მიტროპოლიტისა (შარვაშიძე, 1822)

ღირსი ეფთვიმე გაენათელი (შერვაშიძე) დაიბადა 1746 წელს. მამამისი ქრისტეფორე შერვაშიძე გურიის მთავარი იყო. ეფთვიმეს წინაპრები დაახლოებულნი იყვნენ იმერეთის სამეფო კარზე და ყოველთვის საქართველოს გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.

ეფთვიმე თორმეტ წლამდე გურიაში იზრდებოდა, შემდეგ კი იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა იოსებმა, იმერეთში წაიყვანეს. ეფთვიმე ოცი წლის განმავლობაში სულ თან ახლდა მეფესა და კათოლიკოსს და მათი ყველა ბრძანება და წესები სრულიად იცოდა. ბრწყინვალე საერო კარიერას ეფთვიმემ სასულიერო მოღვაწეობა არჩია და მონაზვნად აღიკვეცა. ეფთვიმე მალევე აკურთხეს მღვდლად. 1778 წლის ახლო ხანებში კი მღველმთავრად დაასხეს ხელი და ამ დროიდან 1820 წლამდე, გაენათის კათედრას განაგებდა მიტროპოლიტის ხარისხით.

ეფთვიმეს მოღვაწეობის დროს საქართველოს წინაშე მწვავედ იდგა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის და პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. წმიდა ეფთვიმეს მთელი სულიერი და ფიზიკური ძალები დედა ეკლესიის სიწმინდისა და ქვეყნის გასაძლიერებლად იყო მიმართული.

1787 წელს, ეფთვიმემ საფუძვლიანად განაახლა წმიდა ნიკოლოზის ეკლესია გელათის კომპლექსში, იგი აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში.

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ (1783 წელს), იმერეთის სამეფოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თანდათან დაიძაბა. 1790 წელს ეფთვიმე ტფილისში ჩავიდა იმერეთის წარმომადგენლებთან ერთად და ცდილობდა მეფე ერეკლე საქართველოს გაერთიანების აუცილებლობაში დარწმუნებინა, მაგრამ სამწუხაროდ მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1801 წელს ქართლ-კახეთში მეფობისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდე, რუსეთის მთავრობამ 1810 წელს იმერეთის სამეფო ტახტიც გააუქმა და იმერეთის მეფე სოლომონ მეორე მთებში გაიხიზნა. წმიდა ეფთვიმეს შუამავლობითა და დიდი ავტორიტეტით მოხერხდა სოლომონ მეორისა და რუსეთის გენერლის სვიმონოვიჩის პირისპირ შეხვედრა ფერსათში, რომელმაც არსებითად ვერაფერი სასიკეთო შედეგი ვერ გამოიღო.

რუსეთის იმპერიის სასტიკი პოლიტიკის შედეგად ხალხის მასობრივმა უკმაყოფილებამ მთელი საქართველო მოიცვა. 1819 წელს აჯანყდა იმერეთიც, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა სამღვდელოებაც. რუსეთის მთავრობის ბრძანებით 1820 წლის 4 მარტს საღამოს, გელათის მონასტერში მიტროპოლიტი ეფთვიმე შეიპყრეს, ამავე დროს შეიპყრეს ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი. ორივე მღვედლმთავარს წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ტომრები ჩამოაცვეს თავზე და მშიერ-მწყურვალნი მათრახების ცემით წაიყვანეს. სურამში ერთ-ერთ დედაკაცს წყალი მიუტანია მღვდელმთავრებისთვის დასალევად. სიცხითა და ცემით გატანჯულმა წმიდა ეფთვიმემ პირის გაღების დროს სისხლი აღებინა, ცემისაგან მას მთლიანად დასცვენოდა კბილები.

ეფთვიმე ქალაქ ნოვგოროდში წაიყვანეს. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ მღვდელმთავრისთვის შესაფერისი პატივით მიიღო წმიდანი. ეფთვიმემ იმპერატორს ახალი ნერონი უწოდა და უშიშრად ამხილა საქართველოს ეკლესიისა და ერისათვის თავისუფლების წართმევასა და სამშობლოს დამცველთა წამებისათვის. წმიდა ეფთვიმე სვირის მონასტერში გაგზავნეს ოლოვენცკის გუბერნიაში.

წმიდა ეფთვიმეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბატონიშვილებთან, ახერხებდა წერილობითი ურთიერთობა ჰქონოდა მის მოძღვართან, ცნობილ სასულიერო მოღვაწესთან, მღველმონაზონ იონა ხელაშვილთან.

1822 წლის 21 აპრილს, საღამოს 9 საათზე წმიდა ეფთვიმი გარდაიცვალა. 23 აპრილს მის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო. წესის აგების დროს მეუფე ეფთვიმე წამოიწია „დასწერა ჯვარი ვითარცა ცოცხალმან და კუალად მიწვა კუბოსავე და მიიძინა, დაეცათ შიში დიდი მუნ მყოფთა ყოველთავე და აქებდეს ღმერთსა“. ეფთვიმე დაასაფლავეს სვირის მონასტერში სამების ტაძრის საკურთხეველში.

2004 წლის 1 აპრილს წმიდა ეფთვიმეს ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.

„ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.

მღვდელმოწ. იუანუარიუს ეპ. მისთანა მოწ. პროკულე, სოსიოს და ფავსტო დიაკონთა, დისიდერიოს წიგნისმკითხველისა…

მღვდელმოწ. იუანუარიუს ეპ. მისთანა მოწ. პროკულე, სოსიოს და ფავსტო დიაკონთა, დისიდერიოს წიგნისმკითხველისა, ევტიქისა და აკუტიონისა (დაახ. 305)

მღვდელმოწამე იანუარ ეპისკოპოსი, მოწამენი ფავსტო, პროკულ და სოსიოს დიაკონნი, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (305) იმპერატორ დიოკლეტიანეს დევნილობის დროს აღესრულნენ ქრისტესთვის.

წმიდა იანუარი შეიპყრეს და მიჰგვარეს კამპანიის (შუა იტალია) მმართველ ტიმოთეს. მტკიცე აღმსარებლობისათვის წმიდა ეპისკოპოსი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ბაბილონელ ყრმათა მსგავსად უვნებლად გამოვიდა ცეცხლიდან. ამის შემდეგ წმიდა მოწამე შეკრეს და სასტიკად ცემეს.

წამების ადგილას თავმოყრილ ბრბოში იდგნენ წმიდა დიაკონი ფავსტო და წმიდა დოსითეოზ მკითხველი, რომლებიც, ეპისკოპოსის ტანჯვის შემყურენი, გულისტკივილს ვერ მალავდნენ და ტიროდნენ. წარმართები მიხვდნენ, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ და მღვდელმოწამე იანუართან ერთად ქალაქ პუტეოლას ციხეში ჩაყარეს. ციხეში მათ დახვდნენ ქრისტიანობისთვის დევნილნი, წმიდა დიაკონნი: სოსიოს და პროკული და ერისკაცები: წმიდა ევტიქი და აკუტიონი.

მეორე დილით ყველა ქრისტიანი ცირკში წაიყვანეს და მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნადირებმა მათ პირი არ დააკარეს. ტიმოთემ განაცხადა, რომ ეს სასწაული ქრისტიანთა ჯადოქრობით აღესრულებოდა. მკრეხელს დაატყდა თავს ღვთის რისხვა: იგი დაბრმავდა და სასოწარკვეთილმა შემწეს უხმო. მღვდელმოწამე იანუარმა ილოცა ტიმოთეს განკურნებისთვის და მას თვალები აეხილა, მაგრამ სულიერად მაინც ბრმად დარჩა: კვლავ გამძვინვარებული აბრალებდა ქრისტეს აღმსარებლებს ჯადოქრობას. მმართველის ბრძანებით ეპისკოპოსი იანუარი, დიაკონნი: ფავსტო, პროკული და სოსიოს, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს (+305).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მოწ. თეოდორე პერგიელისა და დედისა მისისა ფილიპიასი, დიოსკორესი, სოკრატესი და დიონისესი (II)

მოწ. თეოდორე პერგიელისა და დედისა მისისა ფილიპიასი, დიოსკორესი, სოკრატესი და დიონისესი (II)

წმიდა მოწამენი თეოდორე, დედა მისი ფილიპია, დიოსკორე, სოგრაფტი და დიონისე (+დაახლ. 138-161) აღესრულნენ იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს. როცა სამხედრო სამსახურისთვის ლამაზ და ჯანმრთელ ყმაწვილებს არჩევდნენ, სხვებთან ერთად მხედართმთავარ თეოდორიტეს მიჰგვარეს ჭაბუკი თეოდორეც.

მხედართმთავარმა ჭაბუკს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, მაგრამ იგი არც რჩევას დამორჩილდა და არც მუქარას. თეოდორიტემ ბრძანა, წმიდანი გახურებულ ქვაბში ჩაესვათ და ადუღებული ფისი გადაესხათ, მაგრამ, როგორც კი ბრძანებით შესრულება დაიწყეს, მოხდა სასწაული: მიწა იძრა და ნაპრალიდან ამოხეთქილმა წყალმა ცეცხლი ჩააქრო. უვნებლად გადარჩენილი წმიდა თეოდორემ ღმერთი ადიდა და მხედართმთავარს შესთავაზა, კერპების მეშვეობით გაემეორებინა ეს სასწაული.

თეოდორიტემ წარმართ ქურუმ დიოსკორეს მოსთხოვა, გახურებულ ქვაში ჩაწოლილიყო და მხსნელად ზევსისთვის მიემართა. წმიდა დიოსკორემ უპასუხა, რომ მან უკვე ქრისტე იწამა და მზადაა ზევსის კერპი ცეცხლში ჩააგდოს. გაბრაზებულმა მხედართმთავარმა კვლავ ქვაბში ჩაწოლა უბრძანა აწ უკვე ქურუმყოფილს. მაშინ მოწამე დიოსკორე ფეხებში ჩაუვარდა წმიდა თეოდორეს და სთხოვა, ელოცა მისთვის, თვითონ კი ქვაბში ჩადგა ფეხი ლოცვით: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ შემრაცხე მონათა შენთა თანა. მიიღე მშვიდობით სული ჩემი“.

წმიდა თეოდორე ველურ ცხენებს გამოაბეს და ათრევინეს. ქალაქის კედლებთან რბევისგან ქანცგამწყდარი ცხენები დავარდნენ, მოწამე კი უვნებლად გადარჩა. ორმა მხედარმა - სოგრაფტიმ და დიონისემ იხილეს, თუ როგორ აამაღლა წმიდა თეოდორე ზეციდან გადმოსულმა ცეცხლოვანმა ბორბალმა. მათ გაოცებისაგან შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანთა!“ ახალი აღმსარებლები მაშინვე დაიჭირეს და მეორე დღეს წმიდა თეოდორესთან ერთად გახურებულ ქვაბში ჩაყარეს. ზეციურმა ცვარმა ქვაბი გააგრილა და წმიდანები უვნებლად დაიცვა. დილით მხედართმთავარმა ჯარისკაცებს უბრძანა, მოწამეთა დამწვარი ძვლები ქვაბიდან გადმოეყარათ, მაგრამ გაოცებულმა მსახურებმა თეოდორიტეს აუწყეს, რომ ჭაბუკები უვნებელნი იყვნენ. სასწაულებრივ გადარჩენილ წმიდა თეოდორესთან მივიდა დედა - ფილიპია და გაამხნევა.

თედორიტემ ქალს ურჩია, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის და ამით შვილი გადაერჩინა. წმიდა ფილიპიამ კი უპასუხა, ძის შობამდე მაუწყაო უფალმა, რომ იგი ჯვარზე აღესრულებოდა. მაშინ თეოდორიტემ ბრძანა, თეოდორე ჯვარზე გაეკრათ, სხვებისთვის კი თავი მოეკვეთათ.

წმიდა მოწამე თეოდორე სამი დღე ეკიდა ჯვარზე და სულის ამოხდომამდე უფალს განადიდებდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მოწ. ისააკისა, აპოლოსისა და კოდრატესი (303)

მოწ. ისააკისა, აპოლოსისა და კოდრატესი (303)

ღირსი ისააკი, აპოლოსი, კოდრატე (+303) წარმართები იყვნენ და იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) კარზე მსახურობდნენ. ისინი დაესწრნენ წმიდა გიორგის (ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) წამებას, იხილეს დიდმოწამის სარწმუნოება, თავდადება, უფლის ძალით აღსრულებული სასწაულები და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. საჯაროდ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება და ამხილეს იმპერატორი უშჯულოებასა და სისასტიკეში, რისთვისაც მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს: წმიდა კოდრატეს თავი მოჰკვეთეს, მოწამენი აპოლოსი და ისააკი კი შიმშილით მოაკვდინეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

წმ. მაქსიმიანესი, კონსტანტინეპოლელი პატრ. (434)

წმ. მაქსიმიანესი, კონსტანტინეპოლელი პატრ. (434)

წმიდა მაქსიმიანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+434) დაიბადა მდიდარი და ღვთისმოსავი რომაელის ოჯახში.

უბრალოებით გამორჩეულ წმიდა მაქსიმიანეს განდეგილი ცხოვრება უყვარდა. თუ ვინმე წმიდა ცხოვრებით ცნობილი ადამიანი გარდაიცვლებოდა, მაქსიმიანე მას საკუთარი ხარჯით ასაფლავებდა. სიწმიდისა და ქველმოქმედებისათვის პატრიარქმა სისინმა (426-427) იგი მღვდლად აკურთხა, მწვალებელი პატრიარქი ნესტორის (428-431) განდევნის შემდეგ კი, 431 წლის 25 ოქტომბერს, ღირსი მამა კონსტანტინეპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობელად დაადგინეს. ეს მოხდა წმიდა მეფის თეოდოსი მცირის (408-450) მეფობის ჟამს.

წმიდა მაქსიმიანე მშვიდობით მიიცვალა 434 წლის 12 აპრილს, დიდ ხუთშაბათს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.