გულანი
საცდელი · 1.11.1
8 აპრილი 1 / 4გამოსჩნდით თქვუნ მოწაფეთ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო…

8 აპრილი

თვენი

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი (I) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 4 წთ

გამოსჩნდით თქვუნ მოწაფეთ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო…

კონდაკი

გამოსჩნდით თქვუნ მოწაფეთ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო იროდიონ დიდებულო, აგაბო, რეფე, ასინკრიტი, ფილამონ, ერმი ეპაფროსითურთ და მარადის ევედრენით უფალსა მოცემად ჩუენდა ცოდვათა მოტევებისა, რომელნი გიგალობთ თქვენ.

მოციქულთა: იროდიონისა, აგაბოსი, ასინკრიტესი, რუფესი, ფლეგონტისა, ერმისა და სხვათა (I)

მოციქულთა: იროდიონისა, აგაბოსი, ასინკრიტესი, რუფესი, ფლეგონტისა, ერმისა და სხვათა (I)

წმიდა მოციქულები იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვები (I) - იყვნენ სამეოცდაათთაგანნი, რომლებიც ქრისტემ აირჩია და გაგზავნა საქადაგებლად (ხს. 70 მოციქულთა კრებისა 4 იანვარს).

წმიდა იროდიონ მოციქული პავლე მოციქულის ნათესავი იყო და თან ახლდა მას მოგზაურობებში. როდესაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ქრისტიანობა გავრცელდა, პეტრე და პავლე მოციქულებმა იროდიონს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მოციქულებმა ბევრი წარმართი და იუდეველი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

წმიდა იროდიონის ქადაგებით გამძვინვარებული კერპთაყვანისმცემლები და იუდეველები ერთხელ თავს დაესხნენ მას და ცემა დაუწყეს. ერთმა იუდეველმა დანა ჩაარტყა მოციქულს. როცა მკვლელები თვალს მიეფარნენ, უფალმა უვნებლად აღადგინა იგი.

წმიდა იროდიონი დიდხანს ეხმარებოდა წმიდა პეტრეს სამოციქულო საქმიანობაში. პეტრე მოციქულის ჯვარზე გაკვრის დროს (+67) წმიდა იროდიონს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა აგაბოს წინასწარხედვის ნიჭი ჰქონდა მომადლებული. მან იწინასწარმეტყველა შიმშილობა იმპერატორ კლავდის მეფობისას (საქმე 11, 27-28) და წმიდა პავლეს წამება იერუსალიმში (საქმე 21,11). მოციქული აგაბო ქადაგებდა სხვადასხვა ქვეყანაში და ბევრი წარმართი მოაქცია.

მოციქული რუთოსი, რომელსაც ახსენებს წმიდა პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,11), იყო საბერძნეთის ქალაქ თებეს ეპისკოპოსი, მოციქული ასინკრიტე (რომ. 16,14) - გირკანიის ეპისკოპოსი, მოციქული ფლეგონტე - მარათონის (რაკია), მოციქული ერმი კი - დალმატიისა (ცნობილია სამოცდაათთაგან სხვა მოციქული ერმიც, რომელიც ფილიპოპოლისის ეპისკოპოსი იყო).

ყველა მოციქული სასტიკად ეწამა ქრისტესთვის და მოწამეობრივად აღესრულა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა პავსილიპესი (117-138)

მოწამისა პავსილიპესი (117-138)

წმიდა მოწამე პავსილიპე (+დაახლ. 117-138) - აღესრულა იმპერატორ ადრიანეს დროს. წარმართთაგან ქრისტიანობისათვის დასმენილი წმიდა პავსილიპე იმპერატორს მიჰგვარეს. ხანგრძლივი წამების შემდეგ პავსილიპეს ბორკილები დაადეს და მოსაკლავად წაიყვანეს. გზაში ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, რომ დაეხსნა ჯალათების ხელიდან და უშფოთველი აღსასრული მოემადლებინა მისთვის. უფალმა შეისმინა მისი ვედრება: ნაგვემმა და დასუსტებულმა მოწამემ ისეთი ძალა იგრძნო, რომ რკინის ბორკილები გაგლიჯა და გაიქცა. ჯალათები გამოუდგნენ, მაგრამ წმიდა პავსილიპემ მათ მოახლოებამდე შეჰვედრა სული უფალს.

ქრისტიანებმა მოწამის ცხედარი პატივით დაკრძალეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მღვდელმთავრისა კელესტინე რომის პაპისა (432)

მღვდელმთავრისა კელესტინე რომის პაპისა (432)

წმიდა კელესტინე - რომის პაპი (+432) - მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი, ცხოვრობდა წმიდა თეოდოსი მცირეს (408-450) დროს. მან კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავად იცოდა ფილოსოფია, მაგრამ ყველაზე გულმოდგინედ წმიდა წერილს სწავლობდა. გულმოწყალებამ და საღვთო წერილის ცოდნამ წმიდა მამას საყოველთაო ავტორიტეტი და სიყვარული მოუპოვა. წმიდა პაპის, ბონიფაცი I-ის (418-422) გარდაცვალების შემდეგ კელესტინე რომის კათედრაზე აირჩიეს.

ამ დროს აღმოცენდა ნესტორის ერესი. 430 წელს რომის ადგილობრივ კრებაზე წმიდა კელესტინემ ამხილა და დაგმო ერესი. კრების შემდეგ პაპმა ეპისტოლე გაუგზავნა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს წმიდა კირილეს (ხს. 18 იანვარს) და აუწყა, რომ თუ ნესტორი ათი დღის განმავლობაში არ უარყოფდა თავის ცრუსწავლებას, მოიკვეთებოდა ეკლესიიდან.

წმიდა კელესტინე ნესტორიანობას ამხელდა კონსტანტინეპოლისა და ანტიოქიის ეკლესიებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებშიც.

კრების შემდგომ ორი წლის განმავლობაში წმიდანი მხურვალედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სწავლებას ქრისტეზე, როგორც განხორციელებულ ღმერთზე და მშვიდობით მიიცვალა 432 წლის 6 აპრილს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.