სინანულისა აღვსებული წყარო ხარ დაულევნელი და ნუგეშინისცემლისა…
კონდაკი
სინანულისა აღვსებული წყარო ხარ დაულევნელი და ნუგეშინისცემლისა დაუსრულებელისა მომცემელი, და ლმობიერისა უფსკრული, იოსებ, მოგვცენ ჩუენ ცრემლნი საღმრთოისა სინანულისანი, რომლითა აქავე ჰპოვნეთ ნუგეშინისცემისა მიმთხვევა რმრთისა მიერ სეწევნისა შენისა მთხოველთა, წმინდაო.
ღირსისა იოსებ მგალობელისა (883)
ღირსისა იოსებ მგალობელისა (883)
წმიდა იოსებ მგალობელი (+883) - დაიბადა სიცილიაში, ღვთისმოსავი ქრისტიანის ოჯახში. მისი მშობლები, პლატონი და აღათია ბარბაროსების თავდასხმებს გაერიდნენ და პელოპონესში გადასახლდნენ. თხუთმეტი წლის იოსები თესალონიკეში წავიდა და მონასტერში დასახლდა. ღვთისმოსაობით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით გამორჩეული ღირსი იოსები პრესვიტერად აკურთხეს.
ერთხელ მონასტერში მოვიდა ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი (ხს. 20 ნოემბერს). მან შეამჩნია ახალგაზრდა ბერი და თან წაიყვანა კონსტანტინეპოლში. ეს იყო ლეონ სომეხის (813-820) მეფობის ხანა - ხატმებრძოლობის ერესის აღზევების ჟამი. ღირსი გრიგოლი და იოსები უშიშრად იცავდნენ წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონს. ისინი ქადაგებდნენ ქალაქის მოედნებზე, მიდიოდნენ მართლმადიდებლებთან და განამტკიცებდნენ მათ რწმენას. კონსტანტინეპოლის ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო: იმპერატორიც და პატრიარქიც ხატმბრძოლები იყვნენ.
მაშინ რომის ეპისკოპოსები ერთიანობაში იყვნენ მსოფლიო ეკლესიასთან და პაპ ლეონ III-ს, რომელიც დამოკიდებული არ იყო ბიზანტიის იმპერატორზე, შეეძლო დახმარების ხელი გაეწოდებინა მართლმადიდებლებისათვის. ბერებმა პაპთან გასაგზავნად ღირსი იოსები შეარჩიეს. ღირსმა გრიგოლმა აკურთხა წმიდა მამა.
გზად მიმავალი იოსები შეიპყრეს ხატმბრძოლებისაგან მოსყიდულმა არაბმა ყაჩაღებმა, კუნძულ კრეტაზე წაიყვანეს და ერეტიკოსებს გადასცეს. ტყვე საპყრობილეში ჩააგდეს. ღირსი იოსების ლოცვით და მაგალითით ერთი სულიერად მოუძლურებული ეპისკოპოსი ისე გამხნევდა, რომ მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.
ღირსმა იოსებმა ექვსი წელი გაატარა საპყრობილეში. 820 წლის შობის ღამეს მას გამოეცხადა წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი და აუწყა ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის გარდაცვალება და წმიდა ხატთა დევნის შეწყვეტა. წმიდა ნიკოლოზმა ღირს მამას გადასცა გრაგნილი, რომელზეც ეწერა: „მსწრაფლ ჰყვნენ, მოწყალეო, და შეგვეწიენ“. იოსებმა გრაგნილი გადაყლაპა და თქვა: „რაბამ ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“ (ფს. 118, 103). ამ გალობის შემდეგ წმიდა იოსებს ბორკილები შეეხსნა, საპყრობილის კარები განიხვნენ, ქარმა წმიდა მამა ცაში აიტაცა და კონსტანტინეპოლის მახლობლად ჩამოსვა. ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი გარდაცვლილიყო, დარჩენილიყო მხოლოდ მისი მოწაფე ნეტარი იოანე (ხს. 18 აპრილს). ისიც მალე გარდაიცვალა. ღირსმა იოსებმა წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ეკლესია ააგო და ღირსთა - გრიგოლისა და იოანეს წმიდა ნაწილები იქ გადაასვენა. შემდგომ ამ ადგილას მონასტერი გაშენდა.
ღირსმა იოსებმა ერთი ღვთისმოსავი კაცისაგან მიიღო ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილი, ააშენა ეკლესია წმიდა მოციქულის სახელზე და გადაწყვიტა, მის განსადიდებლად საგალობელი შეეთხზა. ორმოცი დღე ლოცვითა და მარხვით, ცრემლით ემზადებოდა ღირსი იოსები წმიდა ბართლომეს დღესასწაულისათვის. მწუხრის ლოცვაზე მას მოციქული გამოეცხადა, მკერდზე წმიდა სახარება დაადო და საეკლესიო საგალობლების შეთხზვის კურთხევა მისცა. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ ღირსმა იოსებმა დაწერა ჯერ წმიდა ბართლომეს, შემდეგ კი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა განსადიდებელი კანონები.
ხატმებრძოლობის ერესის განახლებისას, იმპერატორ თეოფილეს (829-842) დროს, ღირსმა იოსებმა მეორეჯერ დაითმინა დევნა ერეტიკოსთაგან: თერთმეტი წელი ხერსონში იყო გადასახლებული; 842 წელს წმიდა თეოდორა დედოფლის (ხს. 11 თებერვალს) ბრძანებით იგი გაანთავისუფლეს, მაგრამ დედოფლის ძმის, ბარდას მხილებისთვის კვლავ გადაასახლეს და დააბრუნეს მხოლოდ ბარდას გარდაცვალების შემდეგ, 867 წელს.
პატრიარქმა ფოტიოსმა (857-867, 877-886) წმიდანი ძველ ხარისხსა და უფლებებში აღადგინა და კონსტანტინეპოლელი ქრისტიანების მოძღვრად დანიშნა.
ღრმად მოხუცი ღირსი იოსები დაავადმყოფდა. დიდ პარასკევს უფალმა მას გამოუცხადა, რომ მალე განისვენებდა მართალთა ძილით. ღირსმა მამამ აღწერა სოფიის ტაძრის საგანძური და გაუგზავნა პატრიარქ ფოტიოსს; რამდენიმე დღე ემზადებოდა სიკვდილისათვის. ეზიარა, აკურთხა მასთან მყოფნი, ბოლოს კი სიხარულით შეავედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა ზოსიმესი (დაახ. 560)
ღირსისა ზოსიმესი (დაახ. 560)
ღირსი ზოსიმე პალესტინელი (+560) - ცნობები მის შესახებ იხილეთ ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაში (ხს. 1 აპრილს).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა: ფერბუთა ქალწულისა და დისა მისისა და მხევლისა მისისა (341-343)
მოწამეთა: ფერბუთა ქალწულისა და დისა მისისა და მხევლისა მისისა (341-343)
წმიდა მოწამე ფერბუთა ქალწული დასთან და მხევალთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 341-343 წლებს შორის. ფერბუთა და მისი და, რომლის სახელიც უცნობია, იყვნენ ქრისტესთვის აღსრულებული სელევკიის ეპიკოპოსის სიმეონის ღვიძლი დები. ისინი მოსამსახურესთან ერთად წაიყვანეს სპარსეთის მეფის, საპორის კარზე. წმიდა ფერბუთა საარაკო სილამაზით გამოირჩეოდა. დედოფალმა მას ურჩია, გათხოვილიყო, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა, რადგან ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. მალე დედოფალი დასნეულდა. მის სამკურნალოდ მოწვეული მოგვი დაატყვევა ქალწულის სილამაზემ და ცოლობა სთხოვა. წმიდა ფერბუთამ კი უპასუხა, რომ ის ქრისტეს სასძლოა.
გაბოროტებულმა მოგვმა მეფეს მოახსენა, დედოფალი მოახლეების მიერ არისო მოწამლული, რის შემდეგაც, საპორის ბრძანებით, წმიდა ფერბუთა დასთან და მოახლესთან ერთად დაატყვევეს.
სასამართლოზე წმიდა მოწამეებმა უშიშრად აღიარეს ქრისტიანობა, განაცხადეს, რომ ბოროტება არ ჩაუდენიათ, მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილის დასათმენად მზად არიან.
მთავარი მოსამართლე, მოგვი მავპტისიც დააბრმავა ქალწულის სილამაზემ და საიდუმლოდ შესთავაზა საპყრობილიდან განთავისუფლება, თუ ის ცოლობაზე დათანხმდებოდა. იმავე წინადადებით მიმართა ფერბუთას ორმა სხვა მსაჯულმაც. წმიდა ქალწულმა ყველა წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ქრისტეს სასძლოა და მიწიერ ქორწინებაზე არასოდეს დათანხმდება.
ამის შემდეგ მოწამეებს ჯადოქრობაში და დედოფლის მოწამლვაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. ქრისტიანებმა მალულად ამოასვენეს წმიდა მოწამეთა ნეშტი და პატივით დაასაფლავეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
"წყარო ცხოვრებისად" წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული*
"წყარო ცხოვრებისად" წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული*
ხატი ღმრთისმშობლისა "ცხოველსმყოფელი წყარო" - "წყარო ცხოვრებისა"
(ხსენება - ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს)
აღდგომის პირველი კვირის პარასკევს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის განახლების დღესასწაული აღინიშნება. მას ცხოველსმყოფელი წყარო ეწოდება და ლეონ I-ის მიერ V ს-შია დაარსებული. აქ ღვთისმშობლის სახელზე გაშენებული იყო ჭადრების ხეივანი და საუცხოო წყარო ამოდიოდა. ამ წყაროსთან მრავალგვარი სნეულებით შეპყრობილი ადამიანები განიკურნებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ადგილი გაუდაბურდა.
ერთხელ აქ მხედარმა ლეონ მარკელაოსმა მოინდომა წყალი ეპოვა დამაშვრალი ბრმა მწირისთვის, რომელიც ამ მიდამოებში შეხვდა გზად. მას წყლის ძებნაში სასწაულებრივად ესმა ხმა, რომელმაც მიასწავლა წყარო. მითითების მიხედვით ლეონმა წყალი ბრმას თვალებზე სცხო, მოხუცს მხედველობა დაუბრუნდა. ეს ამბავი 450 წლის 4 აპრილს მოხდა. სწორედ იმ დროს დაიწერა ეს ხატიც.
როდესაც ლეონი იმპერატორი გახდა, ეს ადგილი აღადგინა და მას "ცხოველსმყოფელი წყარო" უწოდა. ბალაკლია ანუ ცხოველსმყოფელი წყარო კონსტანტინეპოლიდან დასავლეთით ათი ვერსის დაშორებით მდებარეობს. ბერძნულ ტაძრებს შორის ის ბრწყინვალებითა და სილამაზით გამოირჩევა. XV ს-ში ნიკიფორე კალისტისმა ცხოველსმყოფელი წყაროს ეკლესიის განახლების დღესასწაულისთვის საღვთისმსახურო წესი შეადგინა.
"ცხოველსმყოფელი წყაროს" ხატის ერთ-ერთი ასლი, საროვოს უდაბნოში განდიდდა. მის წინაშე ლოცულობდა წმ. სერაფიმე საროველი.