გულანი
საცდელი · 1.11.4
28 მარტი 1 / 6წმ. იოანესი, მანგლელი ეპისკოპოსისა (1751)

28 მარტი

თვენი

წმიდათა ცხოვრება · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 16 წთ

წმ. იოანესი, მანგლელი ეპისკოპოსისა (1751)

წმ. იოანესი, მანგლელი ეპისკოპოსისა (1751)

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადიაკვნოს შესასვლელთან, თეთრი მარმარილოს ფილის ქვეშ განისვენებს წმიდა იოანე მანგლელის ნეშტი. ჩვენში, სამწუხაროდ, ბევრმა არამცთუ ამ საფლავის, თვით წმინდანის შესახებაც არაფერი იცის. არადა, ჩვენს დიდი წინაპრებს დიდი სასოება ჰქონდათ მისდამი. იმიტომაც დაუკრძალავთ სიონის ტაძარში მირონმწთოლარე მისი სხეული, რომ დაეცვა სამეუფო ქალაქი და სრულიად საქართველო.

წმინდა იოანე 1666 წელს დაბადებულა თავად გიორგი სააკაძის ოჯახში (ეს სხვა გიორგია, დიდი მოურავი არ გეგონოთ). ერისკაცობაში იოსები რქმევია. მორწმუნე მშობლებს კეთილი თესლი ჩაუდიათ იოსების სულში და ისიც უდაბნოში წასულა მის ასაღორძინებლად.

დავით-გარეჯის ბერთუბნის მონასტერში აღზრდილა იოსები. იქვე აღუკვეცავთ ბერად და იოანე უწოდებიათ. „მრავალი წელი დაჰყო ქვებსა შინა ბერთუბნისასა“. ცრემლით მოურწყავს სამყოფელი თვისი. ძალზე ლმობიერი გული ჰქონია. დიდად მოწყალე ყოფილა გლახაკთა და სნეულთა მიმართ. შემდგომში, უკვე მღვდელმონაზონს, მრავალი გლახაკი და ობოლი აღუზრდია „საფასითა და შრომითა თვისითა“. ზოგი სამღვდელო ხარისხამდე სრულყო, ზოგი ერისკაცად დარჩა.

პირუთვნელი იყო წმიდა იოანეს მსჯავრიც. ირანის შაჰმა საქართველოში განმგებლად გათათრებული იესე გამოგზავნა, რომელიც ტახტზე 1714 წელს ავიდა. რჯულშეცვლილი მეფე ცდილობდა, დაეთრგუნა ქრისტიანობა და მის წილ უცხო რჯული გაევრცელებინა. ისე გათავხედდა, თავის დედისძმას, ქაიხოსრო ამირეჯიბს, ცოლი წაართვა. „კათალიკოს-ეპისკოპოზთა და უმეტესად იოანე სააკაძემ“ მკაცრად ამხილეს, მაგრამ იესემ არად ჩააგდო წმინდა მამათა შეგონება. უთქვამს, მაჰმადიანი ვარ, ჩვენში კი ასეთი წესიაო. მერე ქართლში ვახტანგ VI-ის ძე ბაქარი გამეფდა და იესე ციხეში ჩასვა.

ბაქარმა შეამჩნია იოანეს ნიჭი, მისი ავტორიტეტი, განსწავლულობა და მანგლისის კათედრაზე ეპისკოპოსად აკურთხებინა. მანგლისის ეპარქია მალე ოსმალებმა მოსრეს და წმინდა იოანე იძულებული გახდა, ხირსის მონასტერში გახიზნულიყო. მერე კი...

ეპარქია დაკარგა, მაგრამ სამკალი უკეთესი პოვა; აღიჭურვა სახარებით, ჯვრით და დაადგა გზას. ჯერ კახეთი მოვლო ქადაგებით, შემდეგ დაღესტანში გადავიდა. თავისი ცხოვრებითა და სასწაულებით მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება. 1724 წელს დარუბანდში ჯერ ხის სამლოცველო აღმართა, მერე კი მის ადგილას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ქვის ეკლესია ააგო. დაღესტანში თერთმეტი სასულიერო პირი ახლდა თან, თავისივე გამოზრდილნი. აქ მრავალი ლეკი შემატებია მის სამწყსოს. ისეთი სახელი გაუვარდა წმინდა მღვდელმთავარს, თვით პეტრე დიდის ყურამდეც მისულა მისი ამბავი. იმპერატორსა და ვახტანგ VI-ს ნივთიერი შემწეობაც აღმოუჩენიათ ღირსი მამისთვის.

1737 წელს იოანემ დაღესტანში მოწაფეები დატოვა და ასტრახანში, სამების მონასტერში დასახლდა. იმჟამად იქ იმყოფებოდნენ ვახტანგ მეექვსე და ემიგრანტი ქართველებიც. დიდი ნუგეში მოჰგვარა მათ წმინდა მამის გვერდით ცხოვრებამ. წმინდა იოანემ ასტრახანშიც ააშენა ტაძარი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე აკურთხა. შემდგომ ეს ტაძარი რუსეთი მთავრობამ მონასტრად გადააკეთა.

ასტრახანში შეიტყო, რომ ყიზლარში მრავალი ქართველი ესახლა, ეკლესია კი არ ჰქონდათ. შეებრალა წმინდა მამას ქრისტეს მცირე სამწყსო და დასახმარებლად მიაშურა. მალე მან ყიზლარში ჯვართამაღლების ეკლესია ააგო და იქვე სკოლაც გახსნა, სადაც მქადაგებლებსა და მისიონერებს ამზადებდნენ. განსაკუთრებით იღვაწა ღირსმა მამამ ოსებისა და ინგუშების მოსაქცევად. მან იოსებ სამებელთან (ქვაბულიძესთან) ერთად შეადგინა პროექტი, რომელიც წმინდა სინოდს წარუდგინეს. 1746 წელს სინოდმა პროექტი დაამტკიცა. ამგვარად დაარსდა ოსეთის ქრისტიანობის აღდგენის კომისია, რომლის წევრებსაც მიეცათ ჯამაგირი და არსებობისა და ქადაგების საშუალება. მისია ძირითადად ქართველი სამღვდელოებისგან შედგებოდა. მათ კარგად იცოდნენ ოსური ენა და ხალხის ზნე-ჩვეულება. მისიას გარდაცვალებამდე წმინდა იოანე ხელმძღვანელობდა.

მრავალი სული მოიქცა ქრისტესკენ. ღირსი მამის ლოცვით მრავალს მიემადლა კურნება ხორციელ თუ სულიერი სნეულებათაგან. ნიშ-სასწაულებით სიცოცხლეშივე განადიდა უფალმა თავისი მსახური. მისი სულიერი შვილები ჰყვებოდნენ: ერთხელ, წირვისას, როცა სამღვდელონი წმინდა ტრაპეზის წინ იდგნენ და იგალობებოდა „წმიდაო ღმერთო“, ტრაპეზიდან ჯვარი მღვდელს უნდა აეღო და მღვდელმთავრისთვის მიერთმია ამბორის საყოფად, მაგრამ მას ლოცვა ჯერ არ დაესრულებინა, ამიტომ წმინდა იოანემ გაიწოდა ხელი ჯვრის ასაღებად. ყველამ დაინახა, რომ პატიოსანი ჯვარი წმინდა ტრაპეზიდან ერთი მტკაველის სიმაღლეზე აიწია და მიეგება „ხელსა წმიდისა მის მღვდელმთავრისასა... მან აკურთხა ერი იგი მორწმუნე“.

ბევრი იღვაწა წმინდა მამამ უცხოტომელთა მოსაქცევად... დამაშვრალ მოხუცს კი მაინც სამშობლო ეფიქრებოდა და ენატრებოდა. ანდერძად დაიბარა, გარეჯში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში დაესაფლავებინათ.

1751 წლის 28 მარტს, 85 წლისა, გარდაიცვალა წმინდა იოანე და ყიზლარში, თავისსავე აშენებულ ჯვართამაღლების მონასტერში დაკრძალეს. საქართველოში ნეშტის წამოსვენება გზის სიძნელის გამო ვერ მოუხერხებიათ. ერთი წლის შემდეგ, გადმოცემის თანახმად, წმინდა მღვდელმთავარი იმპერატრიცა ელისაბედს გამოსცხადებია და უთხოვია, სამშობლოში გაეგზავნათ. მაშინ წმინდანის ძმას, ჰუსართა პოლკის გადამდგარ პორუჩიკს თავად ნიკოლოზ სააკაძეს, ნება დართეს, წმინდანის ნეშტი საქართველოში გადმოესვენებინა. სინოდის კურთხევითა და თეიმურაზ მეორის ბრძანებით, ცხედარი სიონის ტაძარში დაკრძალეს, „მრავლითა ლამპრებითა და ლიტანიობითა პატივ-სცეს. ირგვლივ ღმრთისმშობლის სალხინებელისა აღუშენეს ლუსკუმა კეთილი“.

მეფე გიორგი XII-მ ორგზის გაახსნევინა წმინდა იოანეს საფლავი. პირველად - როცა მისი ძე ილია სახადით გახდა ავად. მკურნალებმა სნეულება უკურნებელად მიიჩნიეს. მაშინ, მეფის ბრძანებით, პარაკლისი გადაიხადეს და ლუსკუმიდან ამოღებული წმინდანის თითი პირსა და თვალებზე დაადეს სნეულს. იმავე წამს, მხილველთა გასაკვირად, ილია საღ-სალამათი წამოდგა. მეორედ ლუსკუმა მაშინ გახსნეს, როცა მეფის ასული თამარი დასნეულდა. წმინდანის ნაწილთან მიახლების შემდეგ მანაც მიიღო კურნება. ამ ორი სასწაულის გამო მეფე გიორგის წმინდა იოანეს ვერცხლის მოოჭვილი ხატი შეუწირავს მისი საფლავისთვის.

ერთხელ ერთი მღვდელმონაზონი ისე დასნეულდა, მკურნალთაგან მისი განკურნება ვერავის უდვია თავს. მიწოლილა ბერი სარეცელზე და უნუგეშოდ ატირებულა. ჩასძინებია და ძილში უხილავს, რომ სიონის ტაძრის კარიბჭეში იდგა თავმოდრეკილი, ღვთისმშობლისადმი მლოცველი. ამ დროს წარმოუდგა წმინდა იოანე, რომელიც მანტიით შემოსილი იდგა ღვთისმშობლის ხატთან. ყოვლადწმიდა ქალწულის ხატიდან ნათელი მოდიოდა და მღვდელმთავარს ეფინებოდა. წმინდა იოანე ღვთისმშობელს უკან მდგომ სნეულს უჩვენებდა და მის შეწყალებას ევედრებოდა. დედა ღვთისამაც „მოხედნა სნეულსა მას და განანათლა გული და გონება მისი“.

გაღვიძებულმა ბერმა თავი უკეთ იგრძნო, საჭმელიც კი მოითხოვა, ხოლო მცირე ხნის შემდეგ სრულიად განიკურნა.

ორსაუკუნე-ნახევარია, რაც წმინდა იოანე მანგლელი ზეციური საქართველოს მკვიდრი შეიქმნა და მეოხად ექცა მიწიერ სამშობლოს. ღვთისგან განდიდებულს, რაღა აკლია, თუ არა ჩვენი, მისთა შვილთა, პატივისცემა და სიყვარული! წმინდაო მამაო იოანე, ღვთისაგან განდიდებულო და ჩვენ უღირსთაგან მივიწყებულო, შეგვეწიე ცოდვილებს!

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა

ჟურნალი „კარიბჭე“, № 4 (15), 2005 წ.

ღირსისა ილარიონ ახლისა, პელიკიტელი იღუმენისა (დაახ. 754)

ღირსისა ილარიონ ახლისა, პელიკიტელი იღუმენისა (დაახ. 754)

ღირსი ილარიონ ახალი (+754) სიყრმითგან უფალს ემსახურებოდა და მრავალი წელი დაყუდებულად ცხოვრობდა. უბიწოებისა და სიწმიდისათვის ჯერ ხუცესად აკურთხეს, შემდეგ კი პელიკიტის მონასტრის იღუმენად (დარდანელის სრუტესთან). ღირსი ილარიონი უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და სასწაულთმოქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით გვალვაში წვიმა მოდიოდა, ყანას საქონელი არ ეკარებოდა, მეთევზურთა ბადეები თევზით ივსებოდა. გარდა ამისა, იგი ავადმყოფებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხმიდა.

754 წელს დიდ ხუთშაბათს პელიკიტის მონასტერს თავს დაესხა ხატმებრძოლი ლახანოდრაკონი, ლიტურღიისას შეიჭრა ტაძარში, შეაწყვეტინა მსახურება, წმიდა ძღვენი მიწაზე დაყარა, 42 ბერი შეიპყრო, ეფესოში გაგზავნა და დაახრჩობინა. დარჩენილი ბერ-მონაზვნები სასტიკად ცემეს, წვერები ცეცხლით შეუტრუსეს, ზოგიერთი კი ცხვირისა და ყურების მოჭრით დაასახიჩრეს. ამ თავდასხმის დროს ხატთა თაყვანისცემისათვის მოწამეობრივად აღესრულა ღირსი ილარიონი.

ღირსმა ილარიონმა დაგვიტოვა თხზულებები, რომლებიც ძირითადად ზნეობრივ დარიგებებს შეიცავს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა სტეფანე აღმსარებელისა (დაახ. 815)

ღირსისა სტეფანე აღმსარებელისა (დაახ. 815)

ღირსი სტეფანე აღმსარებელი (+815) ეწამა ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) დროს. ღირსმა სტეფანემ სიყრმითგან უფალს შესწირა თავი და ბერად აღიკვეცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლის ახლოს მდებარე ტრიგლიის მონასტრის წინამძღვარი გახდა. როდესაც წმიდა ხატთა დევნა დაიწყო, წმიდა იღუმენს ხატთა გმობა მოსთხოვეს. ღირსმა სტეფანემ უარი განაცხადა მართლმადიდებლობის ღალატზე და უშიშრად ამხილა იმპერატორი. წმიდანი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი გადაასახლეს.

წმიდა აღმსარებელი სტეფანე საპყრობილეში გარდაიცვალა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა: იონასი და ბარაქისესი და სხვათა (დაახ. 330)

მოწამეთა: იონასი და ბარაქისესი და სხვათა (დაახ. 330)

წმიდა მოწამენი იონა, ბარაქისი და სხვანი (+დაახლ. 330). ქრისტიანი ძმები, იონა და ბარაქისი სპარსეთში ცხოვრობდნენ მეფე საპორის (310-331) დროს. ძმებმა შეიტყვეს, რომ ქალაქ ბარაბოქში ქრისტიანებს აწამებდნენ, წავიდნენ და ნუგეშინის სცეს დატყვევებულ მორწმუნეებს: ზანითანს, ლაზარეს, მარუთანს, ნარსის, თლიას, მარინს, აბიბოს, საბეთინს, საბას. ძმებმა გაამხნევეს წამებულები. წმიდა იონა და ბარაქისი შეიპყრეს და სპარს მთავრებს წარუდგინეს. მათ ქრისტიანებისაგან მზის, ცეცხლისა და წყლის თაყვანისცემა მოითხოვეს. წმიდა მოწამეებმა საჯაროდ აღიარეს ქრისტე და წარმართთა სურვილის შესრულებაზე უარი განაცხადეს. ძმები სასტიკად აწამეს.

პირველად წმიდა იონა აღესრულა. ჯალათებმა წმიდანი ხეზე მიაბეს და დიდხანს სცემეს, მერე ყინულზე გააგდეს, მოაჭრეს თითები, ენა, თავიდან ტყავი გააძვრეს, ბოლოს გახერხეს და გვამი თხრილში გადააგდეს.

წმიდა მოწამე ბარაქისს ხელებზე გახურებული ბორკილები დაადეს, გამდნარი კალა ჩაასხეს პირში, შემდეგ კი ბორბალზე აწამეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ბოიანისა, ბულგარელი მთავრისა (დაახ. 830)

მოწამისა ბოიანისა, ბულგარელი მთავრისა (დაახ. 830)

წმიდა მოწამე ბოიან ბულგარეთის მთავარი (+830). როდესაც ბულგარეთის სამეფო ტახტზე ბონის ძმა, წარმართი მოლომირი (ვლადიმირი) ავიდა, მთავარმა მას ქრისტიანი კონამონის განთავისუფლება მოსთხოვა. კონამონი დიდხანს იტანჯებოდა საპყრობილეში კერპთაყვანისცემაში მონაწილეობაზე უარის თქმისათვის. ძმამ ბოიანს თხოვნა შეუსრულა. განთავისუფლებულ კონამონს მთავარმა კითხა, თუ რატომ იტანჯებოდა. ხანგრძლივი საუბრის დროს განათლებულმა ქრისტიანმა წარმართ მთავარს აუხსნა კერპთაყვანისმცემლობის სიცრუე და ცხონებისათვის ქრისტეს რწმენის აუცილებლობა. საუბრის ბოლოს კონამონმა თქვა: „ქრისტეს გარეშე არ არსებობს ნათელი გონებისათვის, სიცოცხლე – სულისათვის. მხოლოდ ის არის კაცობრიობის მოძღვარი და მაცხოვარი. თუ წარწყმედა არ გსურს, იწამე ქრისტე“. მთავარი ბოიანი სიხარულით მოინათლა. ახალმოქცეული კეთილმსახური მთავარი მარხვასა და ლოცვას მიეცა. მალომირმა ძმას მოსთხოვა უარეყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობა მიეღო. წმიდა მთავარმა უდრტვინველად უპასუხა: „ვაღიარებ ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს. არავის ძალუძს განმაშოროს მაცხოვრის სიყვარულს“. მალომირმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ძმას. მოწამეობრივი აღსასრულის წინ კეთილმსახურმა მთავარმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანობა მთელ ბულგარეთში გავრცელდებოდა, აშენდებოდა ქრისტიანული ტაძრები, ხოლო კერპები და სამსხვერპლოები შეიმუსრებოდა. ძმას კი უთხრა: „შენი სისასტიკის გამო სიკვდილით დაისჯები“.

წმიდა მოწამის წინასწარმეტყველება ყველაზე ადრე საკუთარ ძმაზე ახდა. მალე მალომირი გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ ტახტხე უფროსი ძმა პერსიანე (+836-852) ავიდა. შემდეგ პერსიანეს ძემ, წმიდა მოციქულთასწორმა ბორისმა, ნათლისღებით მიხეილმა (ხს. 2 მაისს), მთელი ბულგარელი ხალხი განანათლა. ასე აღსრულდა წმიდა მოწამე ბოიანის ეს წინასწარმეტყველებაც.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებულისა, კვართის მიმრქმელის წმ. სიდონიას დედისა (I)*

მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებულისა, კვართის მიმრქმელის წმ. სიდონიას დედისა (I)*

წმ. სიდონიას ღვთისსათნო დედა, რომლის წმინდა ხატიც, ღვთის განგებით ახლახანს დაიწერა, ურჩეულესი მოღვაწეა მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში.

მან ერთ-ერთმა პირველმა შეიცნო ხორცშესხმული ჭეშმარიტება და ახალი აღთქმის ზღურბლთან მდგომმა მოწამეობრივი ხვედრი დაითმინა, რითაც სრულად გაუხსნა გზა მაცხოვნებელი მადლის ვლენას ქართლის მიწაზე.

წმ. სიდონიას ღვთისსათნო დედა მოდგმით იყო ლევიტელი, წევრი სამღვდელო ოჯახისა, ელი მღვდლის შთამომავალი.

განსაკუთრებული ღმრთივგანბრძნობილობა ამ მოღვაწისა გამოვლინდა სწორედ იმ დროს, როდესაც მან უკანასკნელად დამოძღვრა უფლის ჯვარცმის ჟამს იერუსალიმისკენ მიმავალი თავისი ძე:

„წადი, შვილო, მეფის ხმობაზე და რჯულისწესზე, მაგრამ არანაირად არ შეუერთდე მათგან განზრახულს, ვინაიდან ეს ყოველივე ნაუწყებია წინასწარმეტყველთაგან, როგორც საიდუმლო, დაფარული ებრაელთათვის, წარმართებისთვის კი - სინათლე და საუკუნო ცხოვრება“.

ციტირებულ სიტყვებში მაცხოვართან დაკავშირებით განცხადებულია სამი ჭეშმარიტება: I.იგი არის წინასწარმეტყველთაგან მოსწავებული მესია, II. იგი არის ებრაელთათვის დაფარული საიდუმლო, რაც ნიშნავს, რომ ებრაელები არ მიიღებენ მას და ჯვარს აცვამენ. III. იგი არის წარმართთა სინათლე და საუკუნო სიცოცხლე, რაც იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მესიობას ანუ ცხებულობას (ქრისტეობას) სწამებს, ვინაიდან მხოლოდ მესიას ძალუძს გადარჩენა ანუ ცხონება კაცობრიობისა.

ამრიგად, სახეზეა უფალ იესო ქრისტეს როგორც ჭეშმარიტი მესიის სრული აღსარება, რაც ცხადია, განეკუთვნება არა მხოლოდ წმ. სიდონიას დედას, არამედ - მთლიანად იმ წმინდა წიაღს, მცხეთის ძველი აღთქმის ეკლესიას, სადაც აღიზარდა ხსენებული მოღვაწე და სადაც უბიწოდ იყო დაცული წინასწარმეტყველური სწავლება ქალწულისგან შობილი ყრმის როგორც ხორცშესხმული ღმერთის და მაცხოვრის შესახებ.

უცხადესია, რომ მცხეთელი ებრაელები, როგორც ძველი აღთქმის მართალთა და ღვთისგანმჭვრეტ სამღვდელოთა უცთომელი სარწმუნოებრივი ხაზის ჭეშმარიტი მემკვიდრენი, იმეცნებენ იესო ქრისტეს ღმერთობას, აცნობიერებენ, რომ მოსულია მხსნელი, რომ აღესრულება საიდუმლოთა საიდუმლო: ძლევა ჯოჯოხეთისა.

ეს სულიერი წინამოსწავებითი ცოდნა განაშორებს ქართლის ებრაელებს უფლის ჯვარცმულ ებრაელთაგან და თუმცა,რჯულის წესისამებრ,ისინი მიემგზავრებიან უფლის სამსჯავროზე, ამავე დროს, ყოვლითურთ განეშორებიან ღვთისმკვლელთა ყოვლადუკეთურ ზრახვას.

სწორედ ამიტომ ისათნოვა უფალმა, რომ საკუთრივ ქართლის ებრაელებს, იუდეველთა შორის სულიერებით გამორჩეულებს და სულით ქრისტიანებს ქართლის მიწაზე, მიჰმადლებოდათ <<უსასურველესი ყოველთა სასურველთა>> - უხრწნელი კვართი.

ამითვე განისაზღვრა ისიც, რომ კვართლწილხვდომილმა ქართლმა განიკუთვნა მადლთა მადლი-წილხვედრობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, რომელმაც, ხსენებული წილხვედრობის დასტურად, თავისი ხელთუქმნელი ხატი(აწყურის ხატად ცნობილი) მოავლინა საქართველოში წმინდა ანდრიას მიერ.

ამისივე კეთილი ნაყოფია ისიც, რომ კვართწილხვდომილი ქართლი ღირსი გახდა ხატთა დასაბამისა - მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისა (ანჩისხატად სახელდებულისა).

განსაკუთრებული გამორჩეულობა და ღვთის წინაშე საკვირველი შერაცხილობა წმ. სიდონიას დედისა სრულად განცხადდა მაშინ, როდესაც მან საიდუმლოდ ისმინა გოლგოთაზე უფლის მიმსჭვალვის (მილურსმნვის) საზარელი ხმა.

ეს ხმა გაისმა იქ (მცხეთაში), სადაც ჯვარზე მიმსჭვალული უფლის ჭეშმარიტება, ძალისამებრ, სრულად იყო შემეცნებული.

ეს ხმა ისმინა მან (წმ.სიდონიას დედამ), რომელიც უფლის ჯვარცმის ჟამს, პარასკევ დღეს მთელი ქვეყნიერების წინაშე გამოჩნდა როგორც ერთადერთი ღმრთივხმოვანი საყვირი ჭეშმარიტებისა, რომელმაც, საღვთო კადნიერებით ამეტყველებულმა, განცხადებულად სწამა, რომ ჯვარზე კაცობრივად მოკლული თავად იყო შემოქმედი და მაცხოვარი სოფლისა:

„მშვიდობით, ჰურიათა მეფობავ, ვინაიდან მოჰკალით თქვენი მაცხოვარი და მხსნელი და ამიერიდან გახდით მტრები შემოქმედისა“.

აღნიშნული სიტყვები იესო ქრისტეს როგორც ბუნებითი ღმერთის (შემოქმედის) და ჭეშმარიტი მხსნელის პირველი სრული აღსარებაა კაცობრიობის ისტორიაში.

ხსენებული აღსარება წარმოითქვა პარასკევ დღეს, როდესაც ამ აღსარების აღმომთქმელი დიდმოწამე დედა, უფლის ხორციელი ტკივილით სულშეძრული და ჯვარცმულისადმი თანალმობით გულგანგმირული, უფალთან თანამოწამეობის პატივით შეიმკო და ჩვენს წინაშე წარმოდგა როგორც პირველი მარტვილი საეკლესიო მარტვილოლოგიის ისტორიაში, რითაც კვლავ უდუდესი საიდუმლო განცხადდა:

მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს სწორედ მცხეთის ძველი აღთქმის ეკლესია წარმოჩნდა უბიწო მემკვიდრედ ღმრთივსულიერი ჭეშმარიტებისა, რისი უნათლესი დასტურიც, კვლავ ხაზს გავუსვამთ, არის კვართის წილხვედრობა, ვინაიდან, წმინდა სწავლების თანახმად, წილხვედრობა უფლის სამოსელისა წილხვედრობაა თვით ქრისტესი.

ამასთან, რადგან საუფლო კვართის სულიერება განუყრელია მისი ნივთიერი შეგვამოვნებისგან, შესაბამისად, შეხებადი კვართის წილად- მიმღები ქართლიც ღვთის წინაშე შეირაცხება როგორც კვართშემოსილი ანუ, რაც იგივეა, ქრისტეშემოსილი, ხოლო კვართშემოსილობის ღირსად გახდომა იმ საღვთო უბიწოებისა და სამოძღვრო შეუბღალაობის შედეგია, რითაც შემკული იყვნენ მცხეთის ძველი აღთქმის ეკლესიის რჩეული მოღვაწენი, მათგან უპირატესი და პირველთა - უპირველესი კი სწორედ ის პირველმარტვილია, წმ. სიდონიას და მასთან ერთად, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ის ღვთისსათნო დედაა, რომელმაც მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს, პარასკევ დღეს, აღმოთქმითად, აღსარებითად სრულად სწამა მაცხოვნებელი ჭეშმარიტება და ახოვნად განიკუთვნა ღვაწლი და პატივი უფალთან თანავნებულობისა.

ტექსტის ავტორი: ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი ედიშერ ჭელიძე.