ზესთაბრწყინვალისა და პატიოსნისა, და ყოველთა შემოქმედისა, ყოვლადგამოუთქმელისა…
კონდაკი
ზესთაბრწყინვალისა და პატიოსნისა, და ყოველთა შემოქმედისა, ყოვლადგამოუთქმელისა და საშინელისა სამებისა შენ ხარ ერის თავი, დიდებულო გაბრიელ, და მეოხი მვედრებელთა შენთა, წმინდაო, აწცა დაუცხრომელად ევედრე მას ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა და სატანჯველისა, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მფარველო მონათა შენთაო.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების დღესასწაულის წარგზავნა. კრება მთავარანგელოზისა გაბრიელისა
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების დღესასწაულის წარგზავნა. კრება მთავარანგელოზისა გაბრიელისა
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს მთავარანგელოზ გაბრიელს.
მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელება აუწყა, მოსე წინასწარმეტყველს, შესაქმის დაწერა შთააგონა, დანიელ წინასწარმეტყველს გაუცხადა ებრაელი ერის მომავალი (დან. 8,16; 9,21-24); ეცხადებოდა მართალ ანას და ახარებდა ყოვლადწმიდა ქალწულის შობას; მოუშორებლად ახლდა ყრმა მარიამს იერუსალიმის ტაძარში. გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა მღვდელმთავარ ზაქარიას და უწინასწარმეტყველა უფლის წინამორბედის – იოანე ნათლისმცემლის შობა. უფალმა გაბრიელი გაუგზავნა დურგალ იოსებს და აუწყა ყოვლადწმიდა მარიამის მიერ ძე ღვთისას შობა, გააფრთხილა ჰეროდეს მზაკვრობაზე და უბრძანა, ეგვიპტეში გაქცეულიყო ყრმა მაცხოვართან და ღვთისმშობელთან ერთად. როდესაც მაცხოვარი გეთსემანიის ბაღში ლოცულობდა, ეკლესიის სწავლებით, მამა ღმერთმა გაბრიელ მთავარანგელოზი გამოუგზავნა განსაძლიერებლად.
მთავარანგელოზ გაბრიელისაგან გაიგეს მენელსაცხებლე დედებმა უფლის ბრწყინვალე აღდგომა.
მართლმადიდებელი ეკლესია თავის შვილებს მოუწოდებს, სარწმუნოებით ილოცონ წმიდა მთავარანგელოზ გაბრიელისადმი, ითხოვონ მისგან მეოხება და ხილულ და უხილავ მტერთაგან დაცვა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მღვდელმოწამისა ირინეოსისა, სირმიელი ეპისკოპოსისა (304)
მღვდელმოწამისა ირინეოსისა, სირმიელი ეპისკოპოსისა (304)
მღვდელმოწამე ირინეოს სირმელი (+304) ეწამა დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს დროს.
ირინეოსი პრესვიტერი იყო. ის მეუღლესთან ერთად ქრისტიანული ღვთისმოსაობით ზრდიდა შვილებს და თავისი განათლებისა და მკაცრი ცხოვრების წესის გამო საყოველთაო პატივისცემას იმსახურებდა.
მოგვიანებით ირინეოსს ქ. სირმის (უნგრეთი) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ქრისტიანობის მხურვალე მქადაგებელი მღვდელმთავარი შეიპყრეს და კერპებისათვის მსხვერპლშეწირვა უბრძანეს. როცა უსჯულოებმა საწადელს ვერ მიაღწიეს, სასტიკად აწამეს წმიდანი. წამების მხილველნი – ირინეოსის მშობლები, ნათესავები, მეგობრები მოწამეს ევედრებოდნენ, დამორჩილებოდა ბრძანებას, მაგრამ მღვდელმთავარი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე.
ბოლოს წმიდანი მდინარის ნაპირას მიიყვანეს. წმიდა ირინეოსმა დაიჩოქა და უკანასკნელად შეავედრა უფალს სირმის ეკლესიის სამწყსო. ლოცვის შემდეგ მღვდელმთავარს თავი მოკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა მალქოს ასურისა (IV)
ღირსისა მალქოს ასურისა (IV)
ღირსი მალქოს ასური (IV) იყო ანტიოქიელი მიწათმოქმედის ერთადერთი ვაჟი. მშობლებს უნდოდათ მისი დაქორწინება, მაგრამ მალქოსი წავიდა სახლიდან და ერთ-ერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა. მამის სიკვდილის შემდეგ მალქოსმა დედის მონახულება გადაწყვიტა. მონასტრის იღუმენმა მორჩილს კურთხევა არ მისცა, მაგრამ მალქოსმა არ გაუგონა და ანტიოქიაში მიმავალ მოგზაურთა ჯგუფს შეუერთდა. გზაში მოგზაურებს სარკინოზები დაესხნენ თავს, შეიპყრეს და მონებად წაიყვანეს. ბატონმა ბერი მალქოსი აიძულა ერთ-ერთ მონა ქალზე დაქორწინებულიყო. წმიდა მალქოსმა მეუღლესთან შეთანხმებით უბიწოება შეინარჩუნა და მასთან ერთად გამოიქცა ტყვეობიდან. ბატონისაგან დევნილი ლტოლვილები ლომის ბუნაგში დაიმალნენ. ლომმა მდევარი გაგლიჯა, მალქოსსა და მის მეუღლეს კი არ გაჰკარებია. წმიდა მალქოსმა მეუღლე დედათა მონასტერში დატოვა, თვითონ კი თავის სავანეში დაბრუნდა. ამასობაში იღუმენი გარდაცვლილიყო. ამის შემდეგ მალქოსს მონასტერი არ დაუტოვებია და იქვე მიიცვალა მშვიდობით.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა ვასილი ახლისა (დაახ. 944)
ღირსისა ვასილი ახლისა (დაახ. 944)
ღირსი ვასილი ახალი (+დაახლ. 944) ახალგაზრდობაშივე განმარტოვდა უდაბნოში. ერთხელ გზად მიმავალმა ბიზანტიის იმპერატორის კარისკაცებმა შეამჩნიეს იგი კონკებში გახვეული, საეჭვო კაცად მიიჩნიეს, შეიპყრეს და სატახტო ქალაქში წაიყვანეს. ღირსი მამა პატრიცმა სამსონმა დაკითხა. ვასილიმ დამალა თავისი ვინაობა და თქვა, რომ მწირი იყო. სამსონმა წმიდანის დასჯა ბრძანა. ვასილი ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე თავდაღმა დაჰკიდეს, მაგრამ კრინტი ვერ დააძვრევინეს. ღირსი მამის დუმილის მიზეზი ის იყო, რომ არ სურდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ნაღვაწი კეთილი საქმეები სახალხოდ გამოეფინა. სამსონმა წმიდა ვასილი გრძნეულად ჩათვალა და მშიერ ლომს მიუგდო შესაჭმელად. ნადირი მორჩილად გაუწვა წმიდანს ფეხებთან. შემდეგ ღირსი ვასილი ზღვაში გადააგდეს. ყოვლადმოწყალე უფალმა კვლავ დაიცვა თავისი რჩეული: ორმა დელფინმა იგი კონსტანტინეპოლის მეშვიდე ზღუდესთან – ევდომთან გამოიყვანა. წმიდა მამას ბორკილები გაეხსნა და სრულიად თავისუფალი შევიდა დედაქალაქში. ქალაქის შესასვლელთან დასასვენებლად ჩამომჯდარ ვასილისთან ცხელებით შეპყრობილი კაცი, სახელად იოანე მივიდა. წმიდა მამის ლოცვით ავადმყოფი განიკურნა. იოანემ თავისთან მიიპატიჟა ღირსი მამა. მისი კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, განდეგილობა, სნეულთა კურნების ნიჭი დაფარული არ დარჩენილა. მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევისათვის და კურნებისათვის. წმიდა ვასილი ამხელდა ცოდვილებს და სინანულისაკენ მოუწოდებდა, მრავალს უწინასწარმეტყველებდა მომავალს. მიმსვლელთა შორის იყო ვინმე გრიგოლი, რომელიც დაემოწაფა მას და აღწერა წმიდანის ცხოვრება.
როდესაც წმიდა ვასილის მსახური, თეოდორა გარდაიცვალა, გრიგოლმა სთხოვა ღირს მამას, გაეცხადებინა მისთვის შესვენებულის სიკვდილის შემდეგი ცხოვრება. წმიდა ვასილის ლოცვით გრიგოლს ძილში გამოეცხადა თეოდორა და მოუთხრო, თუ როგორ გაიარა მისმა სულმა სიკვდილის შემდგომ საზვერეები და როგორ შეეწეოდა წმიდა ვასილის ლოცვა (ღირსი თეოდორას ხსენება – 30 დეკემბერს).
ღირსი ვასილი გარდაიცვალა დაახლ. 944 წელს, 110 წლის ასაკში. ეკლესია მას ახალს უწოდებს სხვა თანამოსახელე წმიდანთაგან გამოსარჩევად.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.