გულანი
საცდელი · 1.11.2
22 მარტი 1 / 6ცხოვრებაი სჯულიერ აღასრულე და სარწმუნოებაი დაიმარხე, მღვდელმოწამეო…

22 მარტი

თვენი

წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი (+662-663) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 13 წთ

ცხოვრებაი სჯულიერ აღასრულე და სარწმუნოებაი დაიმარხე, მღვდელმოწამეო…

კონდაკი

ცხოვრებაი სჯულიერ აღასრულე და სარწმუნოებაი დაიმარხე, მღვდელმოწამეო ბასილი; ამისთვისცა წამებისა გვირგვინისა ღირს-იქმენ და გამოსჩნდი ეკლესიისა სუეტად შეურყეველად ძე მამისა თანა დაუსაბამოდ, და სული აღიარე სამებით განუყოფელად, რომელსა ევდრე, რაითა გვიხსნას განსაცდელთაგან პატივისმცემელნი შენნი, რაითა გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, ბასილი ღვთივგანბრძნობილო.

მღვდელმოწამისა ბასილისა, ანკვირელი ხუცისა (362-363)

მღვდელმოწამისა ბასილისა, ანკვირელი ხუცისა (362-363)

წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი პრესვიტერი იყო და გალატეის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების დროს მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისათვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ წმიდა ბასილის ხარისხი აჰყარა, მაგრამ პალესტინის კრებაზე 230 ეპისკოპოსის თანხლებით დაუბრუნდა სამღვდელო ხარისხი.

როდესაც ქალაქ ანკვირიაში ჩავიდა იმპერატორი იულიანე განდგომილი (+361-363), წმიდა ბასილიმ სამსჯავროზე უშიშრად აღიარა ქრისტე, იმპერატორი კი ამხილა განდგომილებაში. იულიანეს ბრძანებით, წმიდა ბასილის ზურგზე ტყავი ააძვრეს. წმიდანმა უდრტვინველად აიტანა საშინელი ტკივილები. შემდეგ წმიდა მამას გახურებული შანთებით დაუწყეს წამება; წმიდა ბასილი მიწაზე დაემხო და ხმამაღლა აღმოხდა: „ნათელო ჩემო, ქრისტეო! სასოებაო ჩემო, იესო! მყუდრო ნავთსაყუდელო დევნულთაო! მშვიდობით შეივედრე ჯოჯოხეთიდან წარმოტყვევნილი, აწ უკვე შენი აღმსარებლის სული. მოწყალე არს და დიდებულ ნება შენი!“ ლოცვის დამთავრებისთანავე გახურებული შანთებით დასახიჩრებულმა წმიდანმა სული უფალს მიაბარა. წმიდა ბასილი გარდაიცვალა 362 წლის 29 ივნისს. პეტრე-პავლობის დღესასწაულის გამო მისი ხსენება დაწესებულია 22 მარტს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117)

მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117)

წმიდა მოწამე დროსიდა – ტრაიანე მეფის ასული (+104-117). 99 წელს იპერატორმა ტრაიანემ (98-117) აღადგინა კანონი, რომლის მიხედვით ქრისტიანებს ეკრძალებოდათ საიდუმლო შეკრებები, 104 წელს კი გამოსცა საგანგებო განკარგულება ქრისტიანთა წინააღმდეგ. აქედან დაწყებული ქრისტიანების დევნა გრძელდებოდა მისი მეფობის დასასრულამდე. სხვების დასაშინებლად მოკლული ქრისტიანების გვამებს ხშირად დაუმარხავად ტოვებდნენ. ხუთმა ქრისტიანმა ქალწულმა: აგლაიდამ, აპოლინარიამ, დარიამ, მამთუსამ და ტაისიამ გადაწყვიტეს, დაეკრძალათ მიცვალებულები. მათ საიდუმლოდ მიჰქონდათ ქრისტიანთა ცხედრები, ნელსაცხებლებს სცხებდნენ და მარხავდნენ. როცა ეს ამბავი გაიგო ქრისტეს მორწმუნე მეფის ასულმა დროსიდამ, რომელიც ნათელღებული არ იყო, წმიდა ქალწულებს სთხოვა, ისიც თან წაეყვანათ. წმიდა დროსიდას საქმროს, სასახლის წარჩინებული კარისკაცის, ადრიანეს რჩევით, წამებული ქრისტიანების გვამებთან დარაჯები დააყენეს, რათა ხელთ ეგდოთ მიცვალებულთა გამპატიოსნებლები. პირველსავე ღამეს წმიდა დროსიდა და ხუთივე ქალწული შეიპყრეს. ტრაიანეს ბრძანებით, დროსიდა ცალკე გაიყვანეს, ქალწულები კი ცოცხლად დაწვეს სპილენძის სადნობ ღუმელში. ქალწულთა წმიდა ნეშტგარეული სპილენძისგან სამფეხები ჩამოასხეს ტრაიანეს ახალი აბანოსათვის, მაგრამ სანამ ეს სამფეხები აბანოში იდგა, შიგ ვერავინ შედიოდა – ყველა, ვინც ზღურბლს გადააბიჯებდა, უსულოდ ეცემოდა. ქურუმები მიხვდნენ, რატომაც ხდებოდა ეს სასწაული და ურჩიეს, სამფეხები გაეტანათ.

ადრიანემ იმპერატორს ურჩია, სამფეხები გადაედნოთ, ქალწულმოწამეთა მსგავსი შიშველი ქალის ძეგლი ჩამოესხათ და აბანოს შესასვლელთან დაედგათ. როდესაც ძეგლები აღმართეს, იმპერატორმა ძილში იხილა სამოთხეში მობალახე ხუთი კრავი და მწყემსი, რომელმაც უთხრა: „უსჯულოო და უწმიდურო მეფეო! კეთილმა და მოწყალე მწყემსმა წარგგვარა შენს მიერ შეურაცხყოფილთა სულები და დააწესა იქ, სადაც მოვა წმიდა კრავი დროსიდა, ასული შენი“. გამძვინვარებული ტრაიანეს ბრძანებით გაახურეს ორი უზარმაზარი ღუმელი და იქვე ჩამოჰკიდეს იმპერატორის ბრძანება: „გალილეველნო, ჯვარცმულის თაყვანისმცემელნო, თავი აარიდეთ აუტანელ წამებას, ჩვენ კი აგვარიდეთ შრომას – მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს, თუ ეს არ ძალგიძთ, ნებაყოფლობით შედით ღუმელში“. ბევრი ქრისტიანი საკუთარი სურვილით ეწამა ქრისტესთვის.

წმიდა დროსიდამაც გადაწყვიტა, ქრისტესთვის შეეწირა თავი და უფალს შეევედრა, შეუმჩნევლად გაეყვანა საპყრობილიდან. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება: დარაჯებს ჩაეძინათ. მოუნათლავი ასული მდინარისაკენ გაეშურა, სამჯერ ჩაეფლო წყალში და ნათელიღო. შვიდი დღე იმალებოდა წმიდანი, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. წმიდა ქალწული ქრისტიანებმა იპოვეს და მისი მონათხრობიდან გაიგეს ყოველივე. მერვე დღეს წმიდა მოწამე დროსიდა საკუთარი ნებით შევიდა გახურებულ ღუმელში და უფალს შეჰვედრა სული.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა ისააკ დალმატიელისა (IV)

ღირსისა ისააკ დალმატიელისა (IV)

წმიდა ისააკ მონაზონი (+383) ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინეპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემლად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინეპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტინი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“ იმპერატორმა ყურადღება არ მიაქცია ბერის სიტყვებს და თავდაჯერებულმა განაგრძო გზა. სამგზის გაიმეორა ღირსმა მამამ თხოვნა და წინასწარმეტყველება. გაბრაზებულმა ვალენტიმ ბრძანა, ეკალ-ბარდებით სავსე ხრამში ჩაეგდოთ. წმიდა ისააკი გადარჩა, ხრამიდან ამოვიდა იმპერატორს დაეწია და უთხრა: „ჩემი დაღუპვა გსურდა, მაგრამ წმიდა ანგელოზებმა გამომიყვანეს უფსკრულიდან შეისმინე ჩემი ვედრება, გააღე მართლმადიდებლური ტაძრები და უფალი შეგეწევა. თუ არ დამიჯერებ, ცოცხალი ვერ დაბრუნდები, ცეცხლში დაიწვები“. იმპერატორს გაუკვირდა ბერის გამბედაობა და თავის თანხმლებლებს – სატურნისა და ბიქტორს უბრძანა, მის დაბრუნებამდე ღირსი მამა დაეტყვევებინათ.

მალე წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა: იმპერატორმა არიანელ მხედართმთავართან ერთად ისლით დახურულ ქოხს შეაფარა თავი და შიგ დაიწვა. ვალენტინის გარდაცვალების შემდეგ ღირსი ისააკი გაანთავისუფლეს და დიდ პატივს მიაგებდნენ. როცა ტახტზე ავიდა წმიდა თეოდოსი დიდი (+379-395) სატურნინისა და ბიქტორის რჩევით აღასრულა: კონსტანტინეპოლიდან განდევნა არიანელები და მართლმადიდებლებს ტაძრები დაუბრუნა. ღირს ისააკს სურდა, უდაბნოს დაბრუნებოდა, მაგრამ სატურნინმა და ბიქტორმა სთხოვეს, დარჩენილიყო ქალაქში და ლოცვით დაეფარა იგი. კონსტანტინეპოლის გარეუბანში წმიდა მამას საცხოვრებელი აუშენეს, სადაც ბერები შეიკრიბნენ. ასე შეიქმნა სავანე, რომლის იღუმენი და სულიერი მოძღვარი გახდა ღირსი ისააკი. ღრმა სიბერეს მიღწეულმა ისააკმა იღუმენად აკურთხა ღირსი დალმატი.

ღირსი ისააკი გარდაიცვალა 383 წელს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება*

მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება*

დიდმარხვის მე-6 შვიდეულის შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას, ლაზარეს შაბათს აღნიშნავს.

ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავის მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას (იოანე 11. 1-45). ეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან“ („ქება და დიდება ქართული ენისა“).

ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია.

საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია თევზით.

იოანეს სახარება, თავი 11, 1-46

ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის – მართას სოფლელი. ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო. დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს:

უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის

. ეს რომ გაიგო, იესომ თქვა:

ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ.

უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე. როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო. ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა:

ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში.

მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ? იესომ უთხრა მათ:

განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში. ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას.

ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, მომჯობინდება. მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას. მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ:

ლაზარე მოკვდა. და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან.

ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ. როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა. ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე. ბევრი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი. მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა. და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი. უთხრა მას იესომ:

აღდგება შენი ძმა.

მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას. უთხრა მას იესომ:

მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?

მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად. ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას – მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო. ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია. რადგანაც იესო ჯერ იდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა. როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო. მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით, ვითარცა მრისხანე და თქვა:

სად დაკრძალეთ?

უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე. მაშინ აცრემლდა იესო. იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი. ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო? ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ. იესომ თქვა:

მოაშორეთ ლოდი;

ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ. უთხრა მას იესომ:

აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი.

და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა:

მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის

მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა:

ლაზარე, გამოდი გარეთ!

და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ:

გახსენით და გაუშვით, წავიდეს.

მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი. ზოგიერთი მათგანი კი წავიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა.

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ**

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ**

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ",

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა.

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ესე წილი ანბანისაჲ.

იოანე ზოსიმე