მართლმადიდებლობის სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღვარო…
ტროპარი
მართლმადიდებლობის სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღვარო, მონაზონთა სამკაულო, ღმრთისმეტყველებისათვის მბრძოლო უბრძოლველო, საკვირველთმოქმედო გრიგოლ, თესალონიკისა სიქადულო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო, მარადის ცხოვრებად სულთა ჩუენთა.
საღმრთოსა და ყოვლადბრძენსა ორღანოსა მას ღმრთისამეტყუელსა, რომელმან…
კონდაკი
საღმრთოსა და ყოვლადბრძენსა ორღანოსა მას ღმრთისამეტყუელსა, რომელმან გონიერებითა მოიპოვე სიბრძნე იგი უპირველესი და მდგომარე არს წინაშე მისა, და აწ ჩუენცა უღაღადოთ: წარგვიმართე, მამო ყოვლადსაკვირველო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო.
აწ ჟამი მოღუაწებითა გამობრწყინდა, წინაშე ბჭეთა მარხვისათა…
კონდაკი
აწ ჟამი მოღუაწებითა გამობრწყინდა, წინაშე ბჭეთა მარხვისათა მსაჯული მოახლებულ არს, აღვსდგეთ უკუე, ვიმარხვიდეთ და მოვიგოთ ცრემლნი, ლმობიერება და მოწყალება, და ვღაღადებთ: შეგცოდეთ უფროის ზღვისა ქვიშისა, არამედ დამიტკბი, დამბადებელი ყოვლეთაო, რაითა მოვიღოთ უხრწნელებისა გვირგვინი.
მოწამისა აგაპისა და მისთანა 7 მოწამეთა: პუპლიოსისა, ტიმოლაოსისა, რომილესი, ორთა ალექსანდრეთა და…
მოწამისა აგაპისა და მისთანა 7 მოწამეთა: პუპლიოსისა, ტიმოლაოსისა, რომილესი, ორთა ალექსანდრეთა და ორთა დიონისეთა (303)
წმიდა მოწამე აღაპი და მასთან შვიდი მოწამე ეწამნენ დიოკლეტიანეს დროს პალესტინის კესარიაში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ქრისტიანები, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, საჯაროდ აწამეს. წმიდა ტიმოთე (ხს. 19 აგვისტოს) კოცონზე დაწვეს, წმიდა აღაპი და თეკლე (ხს. 19 აგვისტოს) კი – მხეცებს დააგლეჯინეს. ხალხის ბრბოში მდგარმა ყრმებმა: პუბლიმ, ტიმოლაისმა, ალექსანდრემ, სხვა ალექსანდრემ, დიონისემ და დიასპოლის ეკლესიის იპოდიაკონმა რომილამ გადაწყვიტეს საჯაროდ ეღიარებინათ ქრისტე და თავი დაედოთ სარწმუნოებისათვის. მათ ხელები შეიკრეს და წარუდგნენ იქაურ მმართველს, ურბანს. ურბანი ამაოდ ეცადა გადაეთქმევინებინა ახალგაზრდებისათვის თავიანთი გადაწყვეტილება. წმიდა აღმსარებლები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც უკვე იმყოფებოდა ორი ქრისტიანი: აღაპი და მისი მსახური დიონისე. წმიდანები სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მღვდელმოწამისა ალექსანდრესი (270-275)
მღვდელმოწამისა ალექსანდრესი (270-275)
წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე ეწამა ქრისტესთვის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. წმიდანი მმართველმა ანტონიონმა დაკითხა, შემდეგ კი სასტიკად აწამა. ღვთისგან სასწაულებრივად დაცულმა ალექსანდრემ უდრტვინელად აიტანა ტკივილი. შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.
ანტონიონი მსაჯულის სავარძლიდან წამოდგომისთანავე ეშმაკეულ იქმნა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა ნიკანდრესი (დაახ. 302)
მოწამისა ნიკანდრესი (დაახ. 302)
წმიდა მოწამე ნიკანდრი ეგვიპტეში ეწამა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. ის მკურნალი იყო ქრისტიანთა დევნის დროს საპყრობილეებში აკითხავდა აღმსარებლებს და ეხმარებოდა მათ.
ერთხელ ნიკანდრიმ ნახა ქრისტიანთა გვამები, რომლებიც მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად და ღამით წავიდა მათ დასამარხავად. ის შეამჩნიეს, დაიჭირეს და სასტიკად აწამეს: ცოცხლად გააძვრეს ტყავი , შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.