გულანი
საცდელი · 1.11.2
9 მარტი 1 / 7წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს…

9 მარტი

თვენი

ორმოცი სებასტიელი მოწამე (+320) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 9 წთ

წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს…

ტროპარი

წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს თავს ისხნეს, მიიხუენ აწ მეოხებად ჩუენთჳს, და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყუარე, გევედრებით.

ყოველივე მხედრობა ქუეყანისა დაუტევეთ, და ზეცათა მეუფესა…

კონდაკი

ყოველივე მხედრობა ქუეყანისა დაუტევეთ, და ზეცათა მეუფესა შეუვრდით, ღვაწლით შემოსილნო უფლისანო ორმეოცნო, ცეცხლი და წყალი განვლეთ თქუენ სანატრელნო, და ღირსად მოიგეთ დიდება იგი ზეცათა და სიმრავლეჲ გვირგვინთა.

40 მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხიოსისა, ირაკლისა, სმარაგდესი…

40 მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხიოსისა, ირაკლისა, სმარაგდესი, ევნოიკესი, ვალენტისა, ვივიანესი, კლავდიოსისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქისა, იოანესი, ქსანთიოსისა, ილიანესი, სისინიოსისა, ანგიასი, აეტისა, ფლაბიოსისა, აკაკისა, ეკდიკიოსისა, ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ილისა, გორგონიოსისა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონიოსისა, ნიკოლოზისა, ვალერიუსისა, ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ქუდიონისა, მელიტონისა და აგლაიოსისა (დაახ. 320)

წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320). 313 წელს წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს აშკარად შეეძლოთ სარწმუნოების აღიარება და ისინი თავისი უფლებებით წარმართებს უთანასწორდებოდნენ. მისი თანამმართველი ლიკინიუსი კი თავგამოდებული წარმართი იყო და თავის სამფლობელოში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდა.

ამ დროს სებასტიაში მსახურობდა 40 კაბადოკიელი მეომარი. ისინი ქრისტიანები იყვნენ და ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. სებასტიის მმართველის, აგრიკოლას ბრძანებით, მეომრები ციხეში ჩასვეს. ერთხელ ლოცვისას მათ ზეციდან შემოესმათ ხმა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“.

ერთი კვირის შემდეგ, სებასტიაში, ქრისტიანთა სამსჯავროზე ჩამოვიდა ცნობილი კარისკაცი ლისიუსი. წმიდანებმა მას მტკიცედ უპასუხეს: „წაიღეთ ჩვენი წოდებებიც და სიცოცხლეც, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტეა“. ლისიუსმა ბრძანა, მეომრები ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ მოხდა სასწაული: ქვები მიზანს ვერ აღწევდა, სხვა მიმართულებით ცვიოდა. ლისიუსის მიერ ნასროლი ქვა აგრიკოლას მოხვდა სახეში. ჯალათები მიხვდნენ, რომ წმიდანს უხილავი ძალა იფარავდა. ღამით ლოცვად დამდგარმა მეომრებმა კვლავ გაიგონეს ღვთის ხმა: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უკუეთუ მოკუდეს, კულად ცხონდეს. ნუ გეშინინ, რამეთუ თქვენი არს უხრწნელი გვირგვინნი დიდებისაჲ“.

მეორე დღეს წმიდა მეომრები გააშიშვლეს, ახლო მდებარე ტბასთან მიიყვანეს და მთელი ღამე გაყინულ წყალში ჩააყენეს. მორწმუნეთა საცდუნებლად იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ღამის პირველ საათზე, როცა სიცივის დათმენა შეუძლებელი შეიქმნა, ერთ მეომარს უმტყუნა სიმტკიცემ, ადგილს მოწყდა და სირბილით გაიქცა აბანოსაკენ, მაგრამ ძალა წაერთვა. იქვე ჩაიკეცა და მოკვდა. სამ საათზე უფალმა წყალობა მოუვლინა ტანჯულებს: მოულოდნელად განათდა და ტბაში წყალი გათბა. ამ დროს დარაჯებს ეძინათ. მხოლოდ ერთი, სახელად აგლაოსი ფხიზლობდა. მან დაინახა, რომ ტბაში მდგარი ქრისტიანების თავზე გვირგვინები ბრწყინავდა. აგლაოსმა 39 გვირგვინი დათვალა და მიხვდა, რომ გაქცეულმა ჯარისკაცმა უფლისაგან ჯილდო ვერ მიიღო. მან გააღვიძა მძინარე დარაჯები, ტანთ განიძარცვა, განაცხადა, მეც ქრისტიანი ვარო და მოწამეებს შეუერთდა.

დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაბადოკიელი ჯარისკაცები ცოცხალნი იყვნენ, დარაჯი აგლაოსი კი მათ გვერდით იდგა. წმიდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს, შემდეგ მათი გვამები დაწვეს, გარუჯული ძვლები კი ტბაში გადაყარეს.

საშინელი წამების დროს ჯარისკაცთაგან უმრწემესის, მელიტონის დედა შვილს ამხნევებდა და მოუწოდებდა, უფლის სახელისათვის დაეთმინა ყოველივე. წამებულთა გვამები ურმებზე დააწყვეს და დასაწვავად წაასვენეს, ყრმა მელიტონს კი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა, თავი ანებეს. დედამ ხელში აიყვანა დაჭრილი შვილი და გარდაცვლილ თანამოღვაწეებს გვერდით მიუწვინა.

აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ მოწამეები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს, ნეტარ პეტრეს და სთხოვეს, მიწისთვის მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა რამდენიმე მღვდელთან ერთად ღამით შეაგროვა მოწამეთა წმიდა ნაწილები და პატივით დაფლა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ურპასიანესი (დაახ. 295)

მოწამისა ურპასიანესი (დაახ. 295)

წმიდა მოწამე ურპასიანე (+295) ქ. ნიკომიდიაში ეწამა. იმპერატორ მაქსიმელიან გალერიუსი სასტიკად დევნიდა ჯარში და სასახლის კარზე მომსახურე ქრისტიანებს. წარჩინებულმა კარისკაცმა ურპასიანემ თავისი მოსასხამი და ქამარი იმპერატორის წინაშე დაყარა და უთხრა: „ამიერიდან ვარ მხედარი ზეცათა მეუფისა, უფლისა იესო ქრისტესი. დაიბრუნე შენგან მოძღვნილი ნიშნები წარჩინებულობისა“. მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ იგი და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა. წმიდანის გვამი ზღვაში გადააგდეს - ის მიცვალების შემდეგაც კი საშიში იყო წარმართებისათვის, რომლებმაც მისი სული ვერ გატეხეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

წმიდისა კესარიოს მკურნალისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველის ძმისა (დაახ. 369)

წმიდისა კესარიოს მკურნალისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველის ძმისა (დაახ. 369)

წმიდა კესარიოს მკურნალი დიდხანს ცხოვრობდა იმპერატორ კონსტანცის (337-361) სასახლის კარზე. ის იმპერატორის მეგობარი და სასახლის კარის მკურნალი იყო. 368 წელს კესარიოსი სასწაულებრივად გადაურჩა ნიკეაში მომხდარ მიწისძვრას, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა უფლის განგებულებაში, სათნოებასა და ყოვლისშემძლეობაში. წმიდა კესარიოსმა დატოვა საერო ცხოვრება და უფლის მსახურებას შესწირა თავი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მართლისა ტარასისა

მართლისა ტარასისა

მართალი ტარასის ცხოვრების წლები უცნობია. გარდამოცემის თანახმად, წმინდანმა ბავშვობიდანვე მიუძღვნა ცხოვრება ღვთისმსახურებას. წმინდა ცხოვრების გამო მას ღვთისგან სასწაულმოქმედების ნიჭი ებოძა. მისი ლოცვით ეშმაკნი იდევნებოდნენ, კეთროვნები იკურნებოდნენ, მკვდრები აღდგებოდნენ. წმიდა ტარასის წინასწარ ჰქონდა უწყებული მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამი. მან მშვიდად მიაბარა სული უფალს.

ღირსისა იოანე კლემაქსისა (649)*

ღირსისა იოანე კლემაქსისა (649)*

ღირსი იოანე სინელი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა „კიბე“, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს (ბერძ. კლემაქს) უწოდებენ.

ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობები არ შემონახულა. არსებობს გადმოცემა, რომ იგი დაიბადა დაახლოებით 570 წელს და იყო წმიდა ქსენოფონტისა და მარიამის (ხს. 26 იანვარს) ვაჟი. 16 წლის იოანე მივიდა სინას მონასტერში. მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი იყო ამბა მარტირი. მონასტერში ოთხი წლის ცხოვრების შემდე იოანე ბერად აღიკვეცა. სინას მთაზე მოღვაწე ბერმა ამბა სტრატიგიმ მას უწინასწარმეტყველა, რომ გახდებოდა წმიდა ეკლესიის მნათობი. 19 წლის მანძილზე ღირსი იოანე მორჩილად იყო თავის სულიერ მამასთან. ამბა მარტირის გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანემ განდეგილური ცხოვრება აირჩია და თოლად წოდებულ უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ორმოცი წელი გაატარა მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და სინანულში.

ღირს იოანეს ჰყავდა მოწაფე, სახელად მოსე. ერთხელ ღირსმა მამამ მორჩილს დაავალა ბოსტნისათვის მიწა მოეზიდა. შუადღის ხვატით ქანცგაწყვეტილი მოსე კლდის ძირას წამოწვა. ამ დროს წმიდა იოანე სენაკში ისვენებდა. მოულოდნელად მას გამოეცხადა ღირსებით აღსავსე მამაკაცი და უთხრა: „რატომ ისვენებ, როცა მოსე განსაცდელშია?“ ღირსი იოანე ლოცვად დადგა. როდესაც მოწაფე დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა, რამე ხომ არ შეგემთხვაო. ბერმა უპასუხა, რომ კლდის ძირას დასასვენებლად წამოწოლილს ძილში მოესმა მოძღვრის ხმა, რომელიც უხმობდა, წამოხტა და გაიქცა. მოულოდნელად კლდეს ქვა მოწყდა და სწორედ იმ ადგილს დაეცა, სადაც მოსე იწვა.

ღირსი იოანე იკვებებოდა იმით, რასაც ბერული ცხოვრების წესი არ კრძალავდა. ღამით ეძინა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ძალების შესანარჩუნებლად. უმაღლესი გონიერებითა და ღრმა სულიერი გამოცდილებით აღჭურვილი მამა სიხარულით მოძღვრავდა ყველა მნახველს. როდესაც მას მრავალსიტყვაობა უსაყვედურეს, ღირსმა იოანემ საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი და ერთი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. მოშურნეებმა შეიგნეს თავიანთი შეცდომა და ღირს მამას შეევედრნენ, არ მოეკლო მათთვის სულის მარგებელი საუბარი.

ადამიანთაგან თავისი ღვაწლი რომ დაეფარა, ღირსი იოანე ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე გამოქვაბულში, მაგრამ მისი მოღვაწეობის ამბავი ყველგან იყო ცნობილი. ხალხი რჩევის თუ ლოცვის სათხოვნელად უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მასთან. 74 წლის ასაკში წმიდა მამა სინას სავანის იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის ბოლო წლებში წმიდა იოანეს სასწაულმოქმედებისა და წინასწარხედვის ნიჭი მიემადლა უფლისაგან.

რაითის მონასტრის იღუმენის წმიდა იოანეს (ხს. ყველიერის შაბათს) თხოვნით წმიდა იოანემ დაწერა „კიბე“ – სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილების მიღწევისთვის. ამ ნაწარმოების მიზანია ქრისტიანს ასწავლოს, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელია თავგანწირვა და მოღვაწეობა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცოდვათაგან განწმენდა, ძველი ადამიანის ნაკლისა და ვნებების აღმოფხვრა, შემდგომ კი ადამიანში ღვთის ხატის აღდგენა. თუმცა წიგნი მონაზვნებისთვის დაიწერა, მისი მეშვეობით ნებისმიერი ქრისტიანი სწავლობს სულიერი ცხოვრების კიბის საფეხურების გავლასა და უფალთან მიახლოებას.

ღირსი იოანე სინელის ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება: დიდი მარხვის მე-4 კვირას და ძვ.სტ 30 მარტს (ახ. სტ 12 აპრილი).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ