გულანი
საცდელი · 1.11.1
23 თებერვალი 1 / 4ნაყოფნი სიტყვერნი შესწირენ შენ უფლისა, ბრძენო პოლიკარპე…

23 თებერვალი

თვენი

მღდელმოწამე პოლიკარპე, ზმირნელი ეპისკოპოსი (+167) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 7 წთ

ნაყოფნი სიტყვერნი შესწირენ შენ უფლისა, ბრძენო პოლიკარპე…

კონდაკი

ნაყოფნი სიტყვერნი შესწირენ შენ უფლისა, ბრძენო პოლიკარპე, და მსხვერპლი სათნოებათანი, და ღმრთისა მიერ ღირსად იდიდე; ამისთვის დღეს განათლებულნი სიტყვათა შენთაგან უგალობთ შენსა ღირსსა სახსენებელსა და ვადიდებთ უფალსა.

მღვდელმოწ. პოლიკარპესი, სმირნელი ეპისკოპოსისა (167)

მღვდელმოწ. პოლიკარპესი, სმირნელი ეპისკოპოსისა (167)

მღდელმოწამე პოლიკარპე სმირნელი ეპისკოპოსი დაიბადა დაახლოებით 80 წელს და მცირე აზიის ქალაქ სმირნაში ცხოვრობდა. ადრე დაობლებული წმიდანი, ანგელოზის მინიშნებით, კეთილმსახურმა ქვრივმა, კალისტამ აღზარდა. დედობილის სიკვდილის შემდეგ პოლიკარპემ მთელი ქონება მოწყალებად გასცა და დავრდომილთა და სნეულთა მსახურება იტვირთა. წმიდანი ძლიერ შეიყვარა და დაიახლოვა სმირნის ეპისკოპოსმა ვუკოლმა (ხს. 6 თებერვალს). მან დიაკვნად აკურთხა პოლიკარპე და ტაძარში ღვთის სიტყვის ქადაგება დაავალა.

ამ დროს წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. პოლიკარპე მეტად დაახლოებული იყო მასთან და თან ახლდა სამოციქულო მოგზაურობებში. მღვდელმთავარმა ვუკოლმა ხუცესად დაასხა ხელი წმიდანს, სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე კი დაიბარა, სმირნის კათედრა პოლიკარპესთვის ჩაებარებინათ. წმიდა პოლიკარპე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მას თბილად ეპყრობოდა და დიდ პატივს სცემდა წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი.

როცა ტახტზე იმპერატორი მარკუს ავრელიუსი (161-180) ავიდა, დაიწყო ქრისტიანთა ერთ-ერთი უსაშინლესი დევნა. წარმართები ითხოვდნენ, რომ მსაჯულს მოეძებნა წმიდა პოლიკარპე - „ყველა ქრისტიანის მამა“ და „მთელი აზიის მაცდუნებელი“. ამ დროს, სამწყსოს დაჟინებული მოთხოვნით, წმიდანი პატარა სოფელში იმყოფებოდა, სმირნის მახლობლად. როცა მხედრები მოვიდნენ მის წასაყვანად, მღვდელმთავარი გამოეგება მათ და ბრძანა, დაეპურებინათ მეომრები, თვითონ კი ილოცა მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულის წინ. მისი წამება და სიკვდილი აღწერილია ქრისტიანული მწერლობის ერთ-ერთ უძველეს ძეგლში „სმირნის ეკლესიის ეპისტოლე სხვა ეკლესიათა მიმართ“. სამსჯავროზე წარდგენილმა წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც დაწვა მიუსაჯეს. ჯალათებს უნდოდათ, ძელზე მიელურსმნათ ქრისტეს მხნე აღმსარებელი, მაგრამ პოლიკარპემ დაამშვიდა ისინი, კოცონიდან არ ჩამოვალო. ცეცხლის ალი გარს შემოერტყა წმიდანს და მის თავს ზევით, ჰაერში შეერთდა. წარმართებმა და იუდეველებმა დაინახეს, რომ ღვთის რჩეულს ცეცხლი არ ვნებდა და მოითხოვეს, მახვილით მოეკლათ იგი. როცა პოლიკარპეს ლახვარი უგმირეს, ჭრილობიდან გადმოსულმა სისხლმა კოცონი ჩააქრო. მღვდელმოწამის ცხედარი დაწვეს. ზმირნელმა ქრისტიანებმა კრძალვით შეკრიბეს და დაიცვეს მისი წმიდა ნაწილები.

წმიდა პოლიკარპეს ეკუთვნის რამდენიმე ეპისტოლე სამწყსოსა თუ კერძო პირების მიმართ. ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლემ ფილიპელთა მიმართ, რომელიც ნეტარი იერონიმეს ცნობით, ღვთისმსახურების დროს იკითხებოდა მცირე აზიის ეკლესიებში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირ. იოანესი, ანტიოქესი, ანტონინესი, მოსესი, ზევინისა, პოლიქრონიონისა, სხვა მოსესი და დამიანესი, სირიელ…

ღირ. იოანესი, ანტიოქესი, ანტონინესი, მოსესი, ზევინისა, პოლიქრონიონისა, სხვა მოსესი და დამიანესი, სირიელ მეუდაბნოეთა (V)

ღირსი იოანე, წმიდა ლიმნეის (ხს. 22 თებერვალს) მოწაფე, V საუკუნეში ცხოვრობდა, სირიაში. მან „მიუსაფარი ცხოვრების“ ღვაწლი იტვირთა. ღია ცის ქვეშ, მთის მწვერვალზე დაემკვიდრა და აქ 25 წელი დაჰყო. ღირსი მამა მხოლოდ პურითა და მარილით იკვებებოდა და სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდა. მასთან სტუმრად მოსულმა ერთმა მოსაგრემ მთაზე ნუშის ხე დარგო, რომ პაპანაქების დროს ჩრდილში თავის შეფარება შესძლებოდა, მაგრამ წმიდანმა ბრძანა, ხე მოეჭრათ – სხეულს ოდნავი განსვენების ნებაც არ მისცა.

ღირსი მოსე წმიდა იოანეს მიბაძვით მთის მწვერვალზე დაემკვიდრა, სოფელ რამის მახლობლად.

ამგვარივე ღვაწლი იტვირთეს ღირსმა ანტიოქემ და ანტონინემ, რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე ახოვნად მოსაგრეობდნენ და სულის სიმტკიცის მაგალითს იძლეოდნენ.

ღირსი ზევინიც იმავე მთაზე მოღვაწეობდა. მან ღრმა სიბერემდე იცხოვრა, ღირსი მამის სავანის ახლომახლო მკვიდრნი დიდ პატივს მიაგებდნენ წმიდანს და მისი ლოცვებით განსაცდელებში შეწევნას ღებულობდნენ.

წმიდა პოლიქრონი, ზევინის მოწაფე, ბაძავდა მოძღვარს - მანაც მარხვისა და ღამისთევის ღვაწლი იტვირთა. წმიდა პოლიქრონი ბორკილებს არ ატარებდა, მაგრამ ლოცვის დროს ბეჭებზე მუხის დიდ ფესვს იდებდა, რომელიც თვითონ ამოთხარა მიწიდან. ერთხელ, გვალვის დროს, წმიდა მამის ლოცვით წვიმა მოვიდა, ქვის ცარიელი ჭურჭელი კი, გლახაკთა შესაწევნად ზეთით აავსო. ღირს პოლიქრონთან ერთად ცხოვრობდა მისი მოწაფე – მოსე, რომელიც ცდილობდა, ყველაფერში მიებაძა მოძღვრისთვის და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა.

წმიდანის მეორე მოწაფე – ღირსი დამიანე იერად წოდებულ სავანეში დაემკვიდრა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. წმიდა მამას კელიაში მხოლოდ ერთი მომცრო ყუთი ჰქონდა ოსპით, რომელიც მის ერთადერთ საკვებს წარმოადგენდა.

ეს წმიდა მამები მშვიდობით მიიცვალნენ V საუკუნეში, სირიაში.

წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირ. ალექსანდრე მონაზონისა, "დაუძინებელთა" სავანის წინამძღვრისა (დაახ. 430)

ღირ. ალექსანდრე მონაზონისა, "დაუძინებელთა" სავანის წინამძღვრისა (დაახ. 430)

ღირსი ალექსანდრე, „მღვიძარეთა“ სავანის დამაარსებელი დაიბადა აზიაში, განათლება კონსტანტინეპოლში მიიღო. ერისკაცობაში ის მხედრად მსახურობდა, მაგრამ მისი სული სხვა სარბიელს ითხოვდა, ამიტომ დატოვა ეს სოფელი, ანტიოქიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სავანეში მონაზვნობა შეიმოსა და იღუმენ ილიას ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას. წმიდანი თანდათან ამკაცრებდა ღვაწლს, ბოლოს კი მეუდაბნოეობაზეც მიიღო კურთხევა. ერთადერთი, რაც მან თან გაიყოლა უდაბნოში, წმიდა სახარება იყო, ამის შემდეგ უფალმა ალექსანდრეს წარმართებს შორის ქადაგებისკენ მოუწოდა. ღირსმა მამამ ქრისტიანობაზე მოაქცია ქალაქის თავი რაბულა, რომელმაც შემდგომ მღვდელმთავრის ხარისხიც მიიღო და მთელი 30 წლის განმავლობაში განაგებდა ედესის საეპისკოპოსო კათედრას.

ბოლოს ღირსი ალექსანდრე მდინარე ევფრატის მახლობლად დაემკვიდრა. მალე მის ირგვლივ ძმები შემოიკრიბნენ. ჩამოყალიბდა მონასტერი, რომელიც 400-მდე ბერს ითვლიდა. მაშინ საღვთო შურით ანთებულმა იღუმენმა გადაწყვიტა, სავანეში უფლის დაუდუმებელი დიდება განეწესებინა და სამი წელი შესთხოვდა უფალს, განეხორციელებინა, სათნოეყოფოდა თუ არა მას მისი განზრახვა. ბოლოს, ზეგარდამო კურთხევით, მან ძმები დაჰყო 24 ჯგუფად, რომლებიც დღე-ღამის ყოველი საათის განმავლობაში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და დაუსრულებლად აღუვლენდნენ ფსალმუნის გალობას მეუფეს. გამონაკლისს შეადგენდა ის საათები, როცა ტაძრებში ღვთისმსახურება აღესრულებოდა. სწორედ აქედან მოდის მონასტრის სახელიც - „მღვიძარეთა“.

20 წელი განაგებდა ღირსი ალექსანდრე ევფრატის სანაპიროზე მდებარე სავანეს. შემდეგ თავის მოწაფეს, გამოცდილ ბერს – ტროფიმეს გადააბარა წინამძღვრობა, თვით კი სპარსეთის მოსაზღვრე ქალაქები მოიარა სახარების ქადაგებით. ასე ჩააღწია ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლამდე, სადაც კიდევ ერთი მონასტერი დააარსა მისთვის მეტად საყვარელი „მღვიძარეთა“ ტიპიკონით. ღირსი მამა მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 430 წელს.

წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.