ვითარცა რა მთიები დიდი აქუ შენ ეკლესიასა…
კონდაკი
ვითარცა რა მთიები დიდი აქუ შენ ეკლესიასა, არქიპოს, სასწაულთა შენთა შარავანდედითა განათლებული გიხმობს შენ: აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.
მოციქულთა: არქიპოსი და ფილიმონისი, სამოცდაათთაგანთა და მოწამისა, მოციქულთა სწორისა აპფიასი (I)
მოციქულთა: არქიპოსი და ფილიმონისი, სამოცდაათთაგანთა და მოწამისა, მოციქულთა სწორისა აპფიასი (I)
წმიდა სამეოცთაგანნი მოციქულნი, არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ. ფილიმონის მიმართ ეპისტოლის დასაწყისში იგი წერს: „ფილიმონს საყუარელსა და თანა შემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა საყუარელსა, და არქიპოსს, თანამოსაგრესა ჩუენსა.“
არქიფო მოციქული ფრიგიის ქალაქ კოლასეს ეპისკოპოსი იყო, ფილიმონი კი იმავე ქალაქის წარჩინებული მოქალაქე. ქრისტიანები მის სახლში იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. პავლე მოციქულმა მასაც ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მისი მეუღლე, აპფია სახლში მწირებს და დავრდომილებს იფარებდა და სიყვარულით ემსახურებოდა მათ. იგი ერთგულად ედგა მხარში თავის მეუღლეს მოციქულებრივ ღვაწლში.
იმპერატორ ნერონის (54-68) დროინდელ დღევნულობის ჟამს მოციქულები არქიფო, ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია ქრისტიანობის ქადაგებისათვის ქალაქის თავს, არტიკოლისს გადასცეს დასასჯელად, წმიდა არქიფო დანებით მხეცურად დასერეს, ფილიმონი და აპფია კი, მხეცური წამების შემდეგ, წელამდე მიწაში ჩამარხეს და ქვებით ჩაქოლეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა მაქსიმესი, თეოდოტისი, ევსუქისი და ასკლიპიდოტასი (305-311)
მოწამეთა მაქსიმესი, თეოდოტისი, ევსუქისი და ასკლიპიდოტასი (305-311)
წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე, ისიხი და ასკილიპიოდოტა ადრიანოპოლში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ქალაქში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისათვის. მაქსიმე, თეოდოტი და ისიხი ხეზე დაკიდეს და რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში დაატარებდნენ დაცინვითა და ლანძღვა-გინებით, ბოლოს კი მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. ღვთის მადლით შემოსილი მარტვილები მხეცებისგან უვნებლად იქნენ დაცულნი და ჯალათებს ხელით აღესრულნენ.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსთა ევგენი და მაკარი აღმსარებელთა, ანტიოქიელ ხუცესთა (363)
ღირსთა ევგენი და მაკარი აღმსარებელთა, ანტიოქიელ ხუცესთა (363)
ღირსი აღმსარებლები: ევგენი და მაკარი ანტიოქიის ტაძრის ხუცესები იყვნენ. ერთხელ, ივლიანე განდგომილის ზეობისას (361-363), მათ წარმართულ ორგიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რისთვისაც სამსჯავროზე წარადგინეს. ხუცესებმა უშიშრად ამხილეს იმპერატორი განდგომილებაში და ახოვნად დაითმინეს სასტიკი სატანჯველები. ნაწამებ მამებს ბორკილები დაადეს და არაბეთის უდაბნოში გადაასახლეს. აქ მათ ერთი მთა აირჩიეს სამკვიდრებლად, მაგრამ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ურჩიეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ეს არემარე, რადგან იგი ერთი უზარმაზარი გველის საბუდარი იყო. წმიდანებმა ლოცვის ძალით შემუსრეს ურჩხული. აღმსარებლები ღმერთს ევედრებოდნენ, ერთად მიებარებინა მათი სულები. უფალმაც შეისმინა ნეტარი მამების ლოცვა და 363 წელს ისინი ერთდროულად მიიცვალნენ.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა დოსითეოზისა (VII), ღირსი აბბა დოროთეს მოწაფისა
ღირსისა დოსითეოზისა (VII), ღირსი აბბა დოროთეს მოწაფისა
ღირსი დოსითეოზი, წმიდა ამბა დოროთეს (ხს. 5 ივნისს) მოწაფე, VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მდიდარ წარჩინებულ ოჯახში იზრდებოდა. ერთხელ მან მოისმინა თავისი მხედარმთავარი ბიძის მონათხრობი წმიდა ქალაქის, იერუსალიმის შესახებ და ძალიან მოუნდა იქაურობის მონახულება. მისი ნატვრა მალე აღსრულდა. გეთსემანიაში ის დიდხანს შესცქეროდა საშინელი სამსჯავროს გამოსახულებას. უეცრად დოსითეოზის გვერდით წარმოდგა ქალი, რომელმაც გულდაგულ აუხსნა მას, თუ რა იყო სურათზე გამოსახული. ჭაბუკმა იკითხა, „როგორ შეიძლება თავი დავაღწიო საუკუნო სატანჯველს?“ პასუხად მიიღო: „იმარხულე, ხორცს ნუ მიიღებ, ლოცვას უმატე!“ ამის თქმა და საკვირველი მოძღვრის გაუჩინარება ერთი იყო. წმიდანმა დიდხანს ეძება იგი, მაგრამ ამაოდ – დიდებული ქალბატონი თავად ღვთისმშობელი იყო. ყოვლადწმიდა ქალწულის გამოჩენამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყმაწვილზე, რომ მან გადაწყვიტა მონაზვნურ ღვაწლს შესდგომოდა და საღვთო შურით ანთებულმა ამბა სერიდის სავანეს მიაშურა. აქ იმ დროს ისეთი მამები მოღვაწეობდნენ, როგორებიც იყვნენ: წმიდა ბარსანოფი (ხს. 6 თებერვალს) და იოანე (ხს. 19 ივნისს). დოსითეოზი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, მიეღოთ ძმობაში, ამბა დოროთეს დაუმოწაფეს. ღირსი მამა მონასტრის საავადმყოფოში აღასრულებდა მორჩილებას და გულმოდგინედ ემსახურებოდა ყველა სნეულს. ღირსი დოროთე პურის ყოველდღიური ულუფის თანდათანობით შემცირებით აჩვევდა თავის მოწაფეს თავშეკავებასა და მარხვას, გაღიზიანებასა და მრისხანებას გადააჩვია იმით, რომ გამუდმებით მოაგონებდა, სნეულისადმი მიმართულ ყოველ უკეთურ სიტყვას თავად იესო ქრისტეს ვეუბნებითო. ამგვარად განვლო ხუთმა წელმა, რის შემდგომაც სნეულთა მსახურებისა და მოძღვრის მორჩილების ღვაწლში მყოფი მამა მძიმედ დასნეულდა. წმიდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველს და გამუდმებით ლოცულობდა. მისი სიკვდილის შემდეგ ერთმა მოსაგრემ, რომელსაც მონასტრის მიცვალებული ძმების ადგილსამყოფელი გაუცხადა, წმიდანთა დასში ჭაბუკი დოსითეოზიც იხილა. ღირსი მამა ცათა სასუფევლის დიდებას ეზიარა მოძღვრის სრული მორჩილებითა და საკუთარი ნების მოკვეთით.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა რაბულასი (დაახ. 530)
ღირსისა რაბულასი (დაახ. 530)
ღირსი რაბულა სირიის ქალაქ სამოსატში დაიბადა და კარგი განათლება მიიღო. ის ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად და წმიდა წინასწარმეტყველის ელიას (ხს. 20 ივლისს) და იოანე ნათლისმცემლის (ხს. 7 იანვარს) მსგავსად მთებსა და უდაბნოებში მოსაგრეობდა. შემდგომში წმიდანი ფილიკიაში გადავიდა, სადაც სახელი გაითქვა მადლმოსილი მოღვაწეობით. იმპერატორმა ზენონმა ღირს რაბულას ფული გამოუყო მონასტრის მოსაწყობად.
ახალი სავანე წარმართი მოსახლეობით იყო გარემოცული, მაგრამ აქ, მოსაგრე მამების ძალისხმევით, ისინი თანდათან ქრისტეს სჯულზე მოექცნენ. ზენონის მემკვიდრის, ანასტასის (491-518) ზეობისას, ღირსი რაბულა კონსტანტინეპოლში გადავიდა. მან იმპერატორისაგან კვლავ მიიღო ფულადი დახმარება და კიდევ რამდენიმე მონასტერი ააშენა სხვადასხვა მხარეში. ღირსმა მამამ მთელი ცხოვრება დაუზარებელ მოღვაწეობაში გალია. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულმოწყალებითა და კეთილმოსურნეობით, ამასთან, დიდი მლოცველიც იყო. წმიდანმა 80 წლის ასაკს მიაღწია. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაახლოებით 530 წელს, ღირსმა რაბულამ უფალს შეჰვედრა სული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.