დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას…
ტროპარი
დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.
იშუებს ტირონი და განსცხრების ღუაწლთა შენთა სიმრავლესა…
ტროპარი
იშუებს ტირონი და განსცხრების ღუაწლთა შენთა სიმრავლესა, მხნეო თოდორე ღირსო, აღმოსდის კურნება სასწაულთა შენთა და ჩუენ, მგალობელთა შენთა გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობა.
სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო…
კონდაკი
სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.
ღირსისა მოწამისა თევდორე აჭარელისა, მღვდელმონაზონისა, ოსმალთაგან წამებულისა (XVIII-XIX სს.)
ღირსისა მოწამისა თევდორე აჭარელისა, მღვდელმონაზონისა, ოსმალთაგან წამებულისა (XVIII-XIX სს.)
წმიდა თეოდორე აჭარელი ეკუთვნის საქართველოს უძველესი კუთხის აჭარის მკვიდრთა იმ მრავალათასიან წმიდა მოწამეთა დასს, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ ოსმალთაგან.
წმიდა თეოდორე დაიბადა XVIII სს 70-80-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსულმანების პროცესი, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება, რომლებიც მიუხედავად მუსულმანური სარწმუნოების გარეგნული აღიარებისა, მაინც საეჭვოდ ითვლებოდნენ დამპყრობლების თვალში. ზოგმა თვითონ დატოვა მშობლიური კუთხე და სულის გადარჩენის მიზნით უცხოობაში არჩია ცხოვრება. ერთ-ერთ ასეთ ოჯახში დაიბადა წმიდა თეოდორეც, ის თვალნათლივ ხედავდა ძალად გამუსულმანებული ქართველი მოსახლეობის მუსულმანური ტრადიციების იძულებით მორჩილებასა და მათ ფარულ ქრისტიანულ ცხოვრებას.
წმიდანის ცხოვრებიდან არ ჩანს, თუ რა მიზეზით აღმოჩნდა მათი ოჯახი ტრაპეზენტში, ან მათმა რამდენმა თაობამ იცხოვრა სამშობლოს გარეთ, ცნობილია, რომ წმიდა თეოდორემ უარი თქვა მუსულმანობაზე. მან მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება და რადგანაც ეს ძალიან საშიში იყო, წმიდა თეოდორემ თავი შეაფარა ქალაქ სმირნაში (იზმირი) არსებულ ერთ-ერთ ქართულ მონასტერს, იქვე აღიკვეცა მონაზვნად და მისი ძმის შვილიც მოაქცია ქრისტიანობაზე. მალე წმიდა თეოდორე ამ მონასტრის პროიღუმენიც გამხდარა.
1822 წელს წმიდა თეოდორემ ათონზე ქართველთა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია ამ დროისათვის ოსმალეთი ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი გამოსვლები. ოსმალთა ჯარებით იყო გარშემორტყმული ათონის წმიდა მთაც. სწორედ მათ შეუპყრიათ ათონს მიმავალი ბერი და მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ მოუკლავთ, მოწამის გვამი უსჯულოებს ზღვაში გადაუგდიათ.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (დაახ. 306)
დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (დაახ. 306)
წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო („ტირონი“ ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა - მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. პოლკის სარდალმა, ბრინკამ წმიდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმიდანმა „ღმერთების დედის“ - სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო. გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ.
ამასოფლის მოყვარეთაგან განწირულ მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: „გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ; ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა“. ნუგეშინისმიცემულმა თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო. მის გალობას ანგელოსთა დასიც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე ფანჯარაში შეიხედეს და დაინახეს თეთრ სამოსელში გამოწყობილ ჭაბუკთა სიმრავლე, რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. როცა კარები გააღეს, სენაკში არავინ იყო თეოდორეს გარდა.
წარმართებს მალე გაუარათ თავზარდაცემამ და სატანჯველებს მისცეს ნეტარი აღმსარებელი: ჯერ ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი უზარმაზარი კოცონი დაანთეს და მასთან მიიყვანეს. ძვლებგაშიშვლებული თეოდორე შევიდა ცეცხლში, პირჯვარი გადაისახა და სულიწმიდის მადლით გაძლიერებულმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, ევსებიამ სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი ცხედარი და თავის სახლში დაკრძალა. შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს, თავი კი იტალიის ქალაქ გაეტშია დაბრძანებული.
წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ უსჯულო მეფემ, იულიანე განდგომილმა (361-363), გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორი ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოს ევდოქსის და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისთვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.
ამ მოვლენის აღსანიშნავდ ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მართლისა მარიამნასი, მოციქულ ფილიპეს დისა (I)
მართლისა მარიამნასი, მოციქულ ფილიპეს დისა (I)
ღირსი მარიამი ფილიპე მოციქულის (ხს. 14 ნოემბერს) და იყო. წმიდა ქალწული თავის ძმასა და ბართლომე მოციქულს (ხს. 11 ივნისს) ახლდა თან და მქადაგებლურ მოღვაწეობაში ეხმარებოდა. ფრიგიის ქალაქ ივრაპოლში წმიდანები შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ფილიპე ვერ გადაურჩა წარმართთა შურისგებას, იგი ჯვარზე აღესრულა, მარიამი და ბართლომე კი გაანთავისუფლეს. ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად, წმიდა მარიამი კი ლუკაინიაში (მცირე აზია) ქადაგებდა და აქვე აღესრულა მშვიდობით.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მოწამისა მინასი (867-889)
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მოწამისა მინასი (867-889)
წმიდა მოწამე მინა კალიკელადი (მჭევრმეტყველი) წმიდა ერმოგენთან და ევგრაფთან (ხს. 10 დეკემბერს) ერთად აღესრულა დაახლოებით 313 წლს. წმიდანი ბასილი მაკედონელის (867-886) ზეობისას ძილში გამოეცხადა ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს და მიანიშნა თავისი ცხედრის ადგილსამყოფელზე. ამ ჩვენების მიხედვით, მისი წმიდა ნაწილები მოიპოვა მხედართმთავარმა მარკიანემ.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მღვდელმოწამისა ერმოგენისა, სასწაულთმოქმედისა, რუსეთის პატრიარქისა (1612)
მღვდელმოწამისა ერმოგენისა, სასწაულთმოქმედისა, რუსეთის პატრიარქისა (1612)
მღვდელმოწამე ერმოგენი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი დონელი კაზაკების ჩამომავალი იყო. იგი ჯერ ხუცესად მსახურობდა ყაზანში, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის არქიმანდრიტად იქნა დადგენილი. 1589 წელს ერმოგენს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი და იგი პირველი ყაზანელი მიტროპოლიტი გახდა.
წმიდანის ყაზანში მსახურების წლებში მოხდა ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის გამოჩინება.
1606 წლის 3 ივლისს წმიდა ერმოგენი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა.
წმიდა ერმოგენის პატრიარქობის წლებს დაემთხვა რუსეთში ცრუ-დიმიტრისა და პოლონეთის მეფის, სიგიზმუდ III-ის შემოჭრა. წმიდა ერმოგენი თანამემამულეებთან ერთად აღსდგა ქვეყნის და ეკლესიის დასაცავად. 1610 წლის 11 დეკემბერს თვითმარქვია მოკლეს, მაგრამ მოსკოვი კვლავინდებურად საფრთხეში იყო: შიგ პოლონელები და სიგიზმუდ III-ის ერთგული, მოღალატე ბოიარები პარპაშებდნენ. პატრიარქ ერმოგენის მიერ მთელი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ეპისტოლეები რუს ხალხს მოსკოვის განთავისუფლებისა და კანონიერი მეფის არჩევისკენ მოუწოდებდა. მოსკოველებმა ამბოხი დაიწყეს, პოლონელებმა კი პასუხად ცეცხლს მისცეს ქალაქი და კრემლში გამოიკეტნენ. მათ მოღალატეების დახმარებით პატრიარქი ერმოგენი ტახტიდან ჩამოაგდეს და გუშაგთა ზედამხედველობის ქვეშ ჩუდოვის მონასტერში გამოამწყვდიეს. ალყაშემორტყმული პოლონელები წმიდა პატრიარქთან ელჩებს ელჩებზე გზავნიდნენ და ითხოვდნენ, რუსი მოლაშქრეებისათვის ქალაქის დატოვება ებრძანებინათ. მღვდელმთავარი პასუხობდა: „რას მემუქრებით? მე მხოლოდ ღვთისა მეშინია. თუ თქვენ გახვალთ მოსკოვიდან, მე მოვუწოდებ რუს მხედრობას, რომ დატოვონ ქალაქი, მაგრამ თუ დარჩებით, ვაკურთხებ მათ, რომ წინ აღიდგნენ და მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად სისხლი დასთხიონ“. პატრიარქმა ერმოგენმა რუს ხალხს უკანასკნელი ეპისტოლე უკვე საპყრობილედან გამოუგზავნა: იგი აკურთხებდა მათ განმანთავისუფლებელ ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ. რუსმა მხედარმთავრებმა ურთიერთშეუთანხმებელი მოქმედების გამო ვერ შეძლეს კრემლის აღება და ერის სულიერი მამის განთავისუფლება. ცხრა თვეზე მეტი ხნის მანძილზე იტანჯებოდა იგი სატუსაღოში, სადაც 1612 წლის 17 თებერვალს შიმშილისგან ძალაგამოცლილი მოწამეობრივად აღესრულა.
რუსი ხალხის განმანთავისუფლებელი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა. მღვდელმოწამის ცხედარი მადლიერმა ხალხმა ჩუდოვის მონასტერში დაკრძალა, იქიდან კი, 1654 წელს, მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაასვენა. წმიდა პატრიარქის კანონიზაცია მოხდა 1913 წლის 12 მაისს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.