გულანი
საცდელი · 1.11.2
15 თებერვალი 1 / 5ვნებათა ქრისტესთა საჩინოდ მობაძვაო, თვით მხილველო და…

15 თებერვალი

თვენი

წმიდა მოციქული ონისიმე (+დაახლ. 109) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 6 წთ

ვნებათა ქრისტესთა საჩინოდ მობაძვაო, თვით მხილველო და…

კონდაკი

ვნებათა ქრისტესთა საჩინოდ მობაძვაო, თვით მხილველო და მესაიდუმლეო რჩეულო, საღმრთოსა პავლესა ქადაგის შედგომილო, ნეტარო ონისიმე, მის თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მოციქულისა ონისიმესი, სამოცდაათთაგანისა (დაახ. 109)

მოციქულისა ონისიმესი, სამოცდაათთაგანისა (დაახ. 109)

წმიდა მოციქული ონისიმე (სამოცდაათთაგანი), ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც შესცოდა ბატონის წინაშე, შემდეგ კი სასჯელს გაექცა და რომს მიაშურა. აქ გაქცეული მონა დაატუსაღეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეში ონისიმეს დახვდა შებორკილი პავლე მოციქული, რომელმაც სახარების სიტყვა დამოძღვრა, შემდეგ კი ნათელ-სცა მას. ახალნათელღებული შვილივით ემსახურებოდა პყრობილ წმიდანს. პავლემ, რომელიც პირადად იცნობდა ფილიმონს, ონისიმეს წერილი გაატანა მასთან და სიყვარულით სთხოვა, შეეწყალებინა შეცოდებული მონა და ძმასავით მიეღო იგი. ფილიმონმა (ხს. 4 იანვარს, 19 თებერვალს და 22 ნოემბერს) ამ წერილის პასუხად არა მარტო შეუნდო მომავალ წმიდანს, არამედ გაანთავისუფლა კიდეც იგი და უკანვე, რომში გაგზავნა მოციქულთა თავთან. აქ ონისიმე ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული. პეტრე და პავლე მოციქულების სიკვდილის შემდეგ მან სახარების ქადაგებით მოიარა ესპანეთი და აზია. ღრმა მოხუცებულობაში წმიდანი ტიმოთეს შეენაცვლა ეფესოს სამღვდელმთავრო კათედრაზე. როცა ეგნატე ღმერთშემოსილი რომში სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაზე მას ნეტარი ონისიმე გამოეგება რამდენიმე ქრისტიანთან ერთად, რასაც თავად ეგნატე ახსენებს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში.

იმპერატორ ტრაიანეს მეფობისას ონისიმე შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ქრისტეს მხნე აღსარებისათვის იგი ჯერ საპყრობილეში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი ქვებით თავი მოჰკვეთეს. ერთმა დიდგვაროვანმა და კეთილმსახურმა ქალმა მოწამეობრივად აღსრულებული მოციქულის წმიდა ცხედარი ვერცხლის ლუსკუმაში ჩაასვენა. ეს მოხდა დაახლოებით 109 წელს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსთა პაფნუტისა და ასულისა მისისა ევფროსინესი (V)

ღირსთა პაფნუტისა და ასულისა მისისა ევფროსინესი (V)

ღირსი პაფნუტი და ასული მისი ევფროსინე ალექსანდრიელები იყვნენ. ევფროსინია 18 წლის იყო, როცა დატოვა მშობლიური სახლი და მამათა სავანეში დაემკვიდრა საჭურის იზმარაგდის სახელით. იღუმენმა მამაკაცის სამოსლის ქვეშ ქალწული ვერ იცნო და მას განკრძალული კელია გამოუყო, სადაც წმიდა მოსაგრე ახოვნად ებრძოდა ბოროტ სულებს, კეთილგონიერებით და თავშეკავებით იგერიებდა მათ საცდურებს, თრგუნავდა ვნებებს და სათნოებებში წარემატებოდა. ნეტარი ქალწულის მამა, პაფნუტი ხშირად მოდიოდა ხოლმე იმ სავანის წინამძღვართან, სადაც ევფროსინია მოღვაწეობდა და ასულის დაკარგვით დამწუხრებული მასთან პოულობდა შვებას. იღუმენს არაერთხელ უნახავს პაფნუტი დაუცხრომელი ღამისთევებითა და შრომით გამორჩეულ „ბერ“ იზმარაგდთან მოსაუბრე. მამა სახეშეცვლილ, შუბლზე ბარტყულაჩამოფხატულ მოწესეში ვერ ცნობდა საკუთარ შვილს. ევფროსინიამ 38 წელი დაჰყო სავანეში და სულიერ სრულყოფილებამდე ამაღლებულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ მან მამას გაუმჟღავნა თავისი საიდუმლო. ამის შემდეგ პაფნუტიმ მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თავისი ასულის კელიაში დაემკვიდრა და აქ 20 (ზოგის ცნობით 28) წელი მოსაგრეობდა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა ევსებისა, სირიელი მეუდაბნოისა (V)

ღირსისა ევსებისა, სირიელი მეუდაბნოისა (V)

ღირსი ევსები მეუდაბნოე სირიის ქალაქ ასიქაში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. ის მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა ღირს ევსების მნახველები მოუმრავლდა, მან ახლოს მდებარე მონასტერს მიაშურა, მის ზღუდესთან მცირე თავშესაფარი მოაწყო და აღსასრულამდე შიგ იყო დაყუდებილი.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (დაახ. 306)*

დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (დაახ. 306)*

წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო („ტირონი“ ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა - მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. პოლკის სარდალმა, ბრინკამ წმიდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმიდანმა „ღმერთების დედის“ - სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო. გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ.

ამასოფლის მოყვარეთაგან განწირულ მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: „გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ; ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა“. ნუგეშინისმიცემულმა თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო. მის გალობას ანგელოსთა დასიც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე ფანჯარაში შეიხედეს და დაინახეს თეთრ სამოსელში გამოწყობილ ჭაბუკთა სიმრავლე, რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. როცა კარები გააღეს, სენაკში არავინ იყო თეოდორეს გარდა.

წარმართებს მალე გაუარათ თავზარდაცემამ და სატანჯველებს მისცეს ნეტარი აღმსარებელი: ჯერ ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი უზარმაზარი კოცონი დაანთეს და მასთან მიიყვანეს. ძვლებგაშიშვლებული თეოდორე შევიდა ცეცხლში, პირჯვარი გადაისახა და სულიწმიდის მადლით გაძლიერებულმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, ევსებიამ სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი ცხედარი და თავის სახლში დაკრძალა. შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს, თავი კი იტალიის ქალაქ გაეტშია დაბრძანებული.

წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ უსჯულო მეფემ, იულიანე განდგომილმა (361-363), გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორი ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოს ევდოქსის და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისთვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.

ამ მოვლენის აღსანიშნავდ ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.