სვიმეონ მოხუცებული ვადიდოთ, რომრლმან ახარა ადამს გამოხსნა…
ტროპარი
სვიმეონ მოხუცებული ვადიდოთ, რომრლმან ახარა ადამს გამოხსნა ბნელისაგან და აღმოყვანებაი კვალად მუნვე სამოთხედ, და ჩვენ, მგალობელთა მისთა მოგვმადლოს ცოდვათა მოტევება.
მოხუცებული დღეს განხსნასა ევედრების საკრველისაგან ამის ხორციელისა…
კონდაკი
მოხუცებული დღეს განხსნასა ევედრების საკრველისაგან ამის ხორციელისა ცხოვრებისათა და ქრისტესა მიიქვამს მკლავთა ზედა, შემოქმედსა და უფალსა.
მართლისა სვიმეონ ღმრთისმიმქუმელისა და ანნა წინასწარმეტყველისა
მართლისა სვიმეონ ღმრთისმიმქუმელისა და ანნა წინასწარმეტყველისა
ღირსი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ლუკა მახარებლის მოწმობით, „კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშისცემასა ისრაელისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა” (ლკ. 2,25). მისდა უწყებულ იყო სულისგან წმიდისა, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ აღთქმულ მესიას – განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს არ იხილავდა.
ძველი ისტორიკოსები გვაუწყებენ, რომ ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს II ფილადელფოსმა (285-247 ქრისტეს შობამდე) ისურვა, თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმიდა წერილის წიგნებით შეევსო. ამ მიზნით, მან მწიგნობრები მოიწვია იერუსალიმიდან. წმიდა წერილის ბერძნულ ენაზე სათარგმნელად ალექსანდრიაში ჩასულ 72 სწავლულს შორის იყო მართალი სვიმეონიც. იგი ესაია წინასწარმეტყველი წიგნს თარგმნიდა. როცა მივიდა ადგილამდე: „აჰა ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ” (7,14), მან ჩათვალა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და აპირებდა, „ქალწულის” ნაცვლად „დედაკაცი” ჩაეწერა, მაგრამ ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა, ხელი დაუჭირა და უთხრა: „ირწმუნე ამ სიტყვების და თავად დარწმუნდები მაგ ჭეშმარიტებაში. არ მოკვდები მანამ, სანამ არ იხილავ ყოვლადწმიდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს”. ამ დღიდან მოყოლებული, სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა.
და აი, ერთხელ, სულიწმიდამ აუწყა: „აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!” და ისიც „ესე მართალი უკუანაჲსკნელი. პირველიცა და უკუანაჲსკნელიცა; დასასრული შჯულისაჲ და დასაბამი მადლისაჲ; ნათესავით ჰურიაჲ, არამედ მადლითა ქრისტიანე; მწიგნობარ კითხვით და ანგელოზ ცნობით; ფარისეველთა, მათ შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან განშოვრებულ” – ტაძრისაკენ გაეშურა. მრავალ დედას შორის წმიდა მოხუცმა გამოარჩია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხელში აიყვანა ყრმა იესო და შეჰღაღადა: „აწ განუტევე, მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემითა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაÅლისა (ლკ. 2,29-32). შემდეგ აკურთხა მართალი იოსები და ღვთისმშობელს წინასწარმეტყველურად მიმართა: „აჰა, ესერა, ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაÅლსა შორის და სასწაულად სიტყჳსსაგებლად; და თვით შენსაცა სულისა განვიდეს მახვილი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი” (ლკ.2,34-35).
წმიდა და მართალმა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა 360 წელი იცხოვრა. VI საუკუნეში მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.
წმიდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო „ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელს სიქალწულითგან თჳსით. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხი წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა დღე-ღამე” (ლკ .2,36-37). უფლის ნებით, „ესე მასვე ჟამსა მოიწია”, ჩვილში შეიცნო მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
წინასწარმეტყველისა აზარიასი (X ს. ქრისტეს შობამდე)
წინასწარმეტყველისა აზარიასი (X ს. ქრისტეს შობამდე)
ეს წმინდა წინასწარმეტყველი, ძე ოდედისა, ქრისტეს შობამდე X საუკუნეში ცხოვრობდა და მას ზედა იყო სული უფლისა.
აზარია იუდეის მეფის, ასას წინაშე წარდგა, რომელიც ომიდან ძლევამოსილი მობრუნებულიყო, მომავალ უბედურებათა შესახებ აუწყა:
"და სულმან უფლისამან განაძლიერა აზარია, ძე იოდაესი, მღდელი და აღდგა ერსა წინაშე და თქუა: ამას იტყჳს უფალი, რასათჳს თანაწარვლით მცნებათა უფლისათა, აჰა, არა წარგემართოს, რამეთუ დაუტევეთ უფალი და მანცა დაგიტევნეს თქუენ." (მცხ. ნეშტ 2).
"და ვიდრეცა ესმნეს სიტყუანი ესე და წინაწარმეტყუელებაჲ აზარიას წინაწარმეტყუელებისა მეფესა და ყოველსა მას ერსა, განძლიერდა ასა და განაბნია საძაგელები იგი ყოვლისაგან ქვეყანისა იუდასა და ქალაქთაგან, რომელნი დაიპყრნა მთასა მათ ეფრემისასა და განაახლა საკურთხეველი უფლისაჲ, რომელ იყო წინაშე ტაძარსა უფლისასა"(მცხ. ნეშტ 2).
მოწამეთა: პაპიუსისა, დიოდორესი და კლავდიანესი (250)
მოწამეთა: პაპიუსისა, დიოდორესი და კლავდიანესი (250)
ეს წმინდა მოწამენი იმპერატორ დეციუსის (249-251 წლები) ზეობისას ევნენ პამფილიის ქალაქ ატალიაში.
ორივე მწყემსი იყო და წარმართთა შორის, ცხოვრების წესითაც და სიტყვითაც, ქრისტეს სჯულს ქადაგებდნენ.
მალე ვიღაცამ იქაურ მმართველს ენა მიუტანა: - პაპიუსი, დიოდორე და კლავდიანე გალილეველთა ღმერთს ესავენო.
დაუყოვნებლივ წარუდგინეს მსაჯულს სამივე, - დაგვიდასტურეთ, ვინ ხართ და რომელ ღმერთს მსახურებთო!
- არც ტანჯვა გვაშინებს და არც - სიკვდილი, ამიტომ ვამოწმებთ, რომ ქრისტიანნი ვართ, შეჭმარიტი შემოქმედის მონანი, ვინაც ყოველი შექმნა და უკვდავი სული შთაგვბერაო!
ცოფმოგვრილმა მმართველმა ჯერ მრავალგზის ტანჯა ნეტარნი, შემდეგ კი - მათთვის მახვილით თავების წარკვეთა ბრძანა.
ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მარტვილთა ცხედრები.
მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა (დაახ. 308-309)
მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა (დაახ. 308-309)
დიოკლეტიანესეული დევნის მეექვსე წელიწადს, დაახლოებით, 308-310 წლებში, როედსაც ქრისტიანთა სისხლის მდინარეებმა ლამის წალეკა მიწა, პალესტინის კესარიის კარიბჭეს მეზობელი ქალაქიდან გამოსული ორი ახალგაზრდა ქრისტიანი მიადგა.
ქალაქის მცველებმა ისინი შეაჩერეს და სტუმრობის მიზეზი გამოჰკითხეს. ორივემ დაუფარავად აღიარა, რომ თანამოძმე ქრისტიანთა ნუგეშის საცემად და განსამკიცებლად მოვიდნენ.
მცველებმა ორივე იქვე შეიპყრეს და მმართველს, ფირმილიანეს წარუდგინეს.
სისხლისმსმელმა მმართველმა მათი სასტიკი ტანჯვა და ველურ მხეცთათვის მიგდება ბრძანა...
ორი დღის შემდგომ გამძვინვარებულ ლომთან ჯერ ადრიანე შეუშვეს, მაგრამ უეცრად მხეცი დაშოშმინდა და წმინდა ჭაბუკის ფეხებთან მორჩილად განერთხა. ამით უარესად განრისხებულმა მმართველმა ადრიანეს თავი წარკვეთა.
მომდევნო დღეს კი წმინდა გვირგვინი მისმა მეგობარმა, ევბულემ მიიღო, რომელსაც ვერც მუქარამ და მომხიბვლელმა დაპირებებმა ათქმევინა უარი ქრისტეზე, ვერც - უსასტიკესმა სატანჯველმა.
კესარიელ მოწამეთა შორის ის უკანასკნელი აღმოჩნდა.
მოწამისა ვლასი კესარიელისა (III)
მოწამისა ვლასი კესარიელისა (III)
წმიდა ვლასი კესარიელი – ვუკოლი – წარმოშობით კაბადუკიის კესარიიდან (მცირე აზია) იყო და მწყემსობით ირჩენდა თავს („ვუკოლი” ბერძნულად მწყემსს ნიშნავს).
როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა ვლასი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ის საშინლად აწამეს, ხარის ძარღვებით სცემეს, მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ ღვთის ნებით, წმიდანი უვნებლად დარჩა. ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე. მმართველს უნდოდა შემოკრებილი ხალხი დაერწმუნებინა, რომ წყალი გაცივდა და ამიტომ ვერ ავნო უფლის რჩეულს, გონებადაკარგული ქვაბში გადაეშვა და მაშინვე აღესრულა.
წმიდა ვლასიმ მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და მშვიდობით მიიცვალა. მისი კომბალი მიწაში ჩაარჭვეს, მან ფესვები გაიდგა, უზარმაზარ ხედ იქცა და ტოტებით დაფარა იმ ტაძრის საკურთხეველი, რომელშიც მისი წმიდა ნაწილები იყო დასვენებული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მოციქულთა სწორისა ნიკოლოზისა, იაპონიის მთავარეპისკოპოსისა (1912)
მოციქულთა სწორისა ნიკოლოზისა, იაპონიის მთავარეპისკოპოსისა (1912)
წმიდა მოციქულთასწორი ნიკოლოზი, იაპონიის ეპისკოპოსი (ერობაში-ივანე დიმიტრის ძე კასტიკინი), 1836 წელს დაიბადა სმოლენსკის გუბერნიაში, დიაკვნის ოჯახში. იგი ხუთი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მომავალი წმიდანი, საფუძვლიანი სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, 1860 წელს ბერად აღიკვეცა ნიკოლოზის სახელით, მალე წმიდა ნიკოლოზი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და შემდეგ საკუთარი სურვილით იაპონიაში გაამწესეს, ქ. ხაკოდატის საკონსულო ტაძრის წინამძღვრად.
თავდაპირველად იაპონიაში სახარების ქადაგება წარმოუდგენელი ჩანდა. თავად მამა ნიკოლოზის სიტყვებით, „მაშინდელ იაპონელებს უცხოელები მხეცებად მიაჩნდათ, ქრისტიანობა კი – ავაზაკთა ეკლესიად, რომელშიც შეიძლება მხოლოდ ბოროტმოქმედები და მისნები იმყოფებოდნენ”. რვა წლის განმავლობაში წმიდანი ეცნობოდა უცხო ქვეყანას, ენას, იმ ხალხის ზნე-ჩვეულებებს, რომელთა შორისაც უწევდა ქადაგება. 1868 წელს მამა ნიკოლოზის სამწყსო უკვე ოცამდე იაპონელს ითვლიდა. 1869 წელს მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა პეტერბურგში სინოდს თავისი მოღვაწეობის შედეგები გააცნო. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: იაპონელებს შორის ღვთის სიტყვის საქადაგებლად ჩამოყალიბდეს სპეციალური რუსული სასულიერო მისია”. მამა ნიკოლოზი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი და ამ მისიის ხელმძღვანელობა დაეკისრა. იაპონიაში დაბრუნებულმა წმიდანმა ხაკოდატის სამწყსო მღვდელმონაზონ ანატოლის ჩააბარა, თვითონ კი მისიის ცენტრი ტოკიოში გადაიტანა. 1871 წელს ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო. დევნულობის სიმწარე მრავალმა გამოსცადა საკუთარ თავზე (მათ შორის პირველმა მართლმადიდებელმა იაპონელმა, შემდეგში ცნობილმა მისიონერმა მღვდელმა პავლე სავაბემ). 1873 წელს წარმართთა ბობოქრობა დაცხრა და ქადაგება კვლავ შესაძლებელი შეიქნა.
იმავე წელს, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა ტოკიოში ტაძრის მშენებლობა დაიწყო, დააარსა სკოლაც, რომელიც შემდეგ სემინარიად გადაკეთდა.
1874 წელს ტოკიოში ჩამოვიდა კამჩატკელი ეპისკოპოსი პავლე, რომელმაც მღვდლად აკურთხა არქიმანდრიტ ნიკოლოზის მიერ რეკომენდირებული იაპონელი ქრისტიანები. 1877 წელს მისიამ დაიწყო ჟურნალ „საეკლესიო უწყებანის” რეგულარული გამოცემა. 1880 წლის 30 მარტს ალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძარში შედგა არქიმანდრიტ ნიკოლოზის ეპისკოპოსად კურთხევა. იაპონიაში დაბრუნებულმა მღვდელმთავარმა კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით განაგრძო მოციქულებრივი საქმიანობა: ტოკიოში დაასრულა ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, დაიწყო საღვთისმსახურო წიგნების ხელახალი თარგმნა და იაპონურ ენაზე შეადგინა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლექსიკონი.
დიდი განსაცდელი დაატყდა თავს მღვდელმთავარსა და მის სამწყსოს რუსეთ-იაპონიის ომის დროს. ამ მძიმე წლებში გაწეული ღვაწლისთვის წმიდა მამა მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი.
1911 წელს ნახევარი საუკუნე შეუსრულდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა პირველად დადგა ფეხი იაპონიის მიწაზე. ამ დროისათვის იაპონიის მართლმადიდებლური ეკლესიის 266 თემში 33000-ზე მეტი ქრისტიანი იყო.
1912 წელს 3 თებერვალს იაპონიის განმანათლებელი, მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი მშვიდობით მიიცვალა. 1970 წლის 10 აპრილს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ღირსი მამა წმიდანად შერაცხა და მოციქულთასწორთა დასს მიაკუთვნა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.