ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა…
ტროპარი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა, სამ-მზეობისა ღმრთაებისათა…
კონდაკი
სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა, სამ-მზეობისა ღმრთაებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლებს და თაფლთ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა, ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს, ბასილის დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი, რომელი სიტყვათა მათთა ტრფიალთ-ვართ, მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ, რამეთუ ესენი ყოვლადწმინდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან.
სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელმთავართა…
კონდაკი
სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა მხოლოთ, რომელმან ადიდენ წმინდანი შენი.
წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და დიდთა მღვდელთმთავართა - ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა…
წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და დიდთა მღვდელთმთავართა - ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა (1084)
კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. კონსტანტინეპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი - გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს), სხვები კი - იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს). ამ მიზეზით ქრისტიანებს შორის განხეთქილება წარმოიშვა.
ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს და განუცხადეს, რომ თანასწორნი არიან უფლის წინაშე და უბრძანეს ერთ დღეს დაეწესებინათ მათი ხსენება.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მღვდელმოწამისა იპოლიტე რომის პაპისა და მისთანა მოწამეთა: კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და…
მღვდელმოწამისა იპოლიტე რომის პაპისა და მისთანა მოწამეთა: კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა 20-თა მოწამეთა (III)
წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი, კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი III საუკუნეში ეწამნენ.
წმიდა კენსორინე რომაელი იმპერატორის კლავდიუს II-ს (268-270) უახლოესი კარისკაცი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისათვის შეიპყრეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც თავისი ლოცვის ძალით მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულის მოწმე საპყრობილის მცველმა 20 მხედარმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისათვის მათ კენსორინესთან ერთად თავი მოეკვეთათ. ამავე ხანებში მოიყვანეს დაკითხვაზე ქალწული ქრისია, რომელმაც ახოვნად აღიარა ქრისტე. იგი მხეცურად აწამეს, შემდეგ კი ზღვაში დაახრჩვეს.
წმიდა საბინეს მძიმე ურო ურტყეს, შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა მარტვილმა ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა ქრისიასთან ერთად ეწამნენ: ფილიკე, მაქსიმე, პერკულინი, ვენერიუსი, სტირაკი, მინა, კომოდი, ერმი, მავრი, ევსები, რუსტიკი, მონაგრეოსი, ამანდინი, ოლიმპიუსი, კვიპრი, თეოდორე ტრიბუნი, მაქსიმე ხუცესი, არქელაოს დიაკონი და კვირინე ეპისკოპოსი.
წმიდა იპოლიტემ, როცა მოწამეთა ტანჯვის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე გამოცხადდა, მტარვალს სისხლისმსმელი უწოდა და უღმერთოებაში ამხილა იგი, გამძვინვარებულმა მსაჯულმა მხცოვანი მღვდელმთავარი სასტიკად დატანჯა. ბოლოს ხელ-ფეხშეკრული ზღვაში ჩააგდებინა. ეს მოხდა 268 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა ზენონისა, წმ. ბასილი დიდის მოწაფისა (V)
ღირსისა ზენონისა, წმ. ბასილი დიდის მოწაფისა (V)
ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე, მდიდარი პონტოელების შვილი იყო. იგი იმპერატორ ვალენტინის (364-378) კარზე მსახურობდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი განერიდა ამ სოფელს და ანტიოქიის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში დასახლდა. ორმოცი წელი მოსაგრეობდა იგი ამ მღვიმეში, ყოველ კვირა დღეს ტაძარში დადიოდა და ეზიარებოდა. მას კელიაში არც საწოლი ჰქონდა, არც კერა, არც სანათური, ძველი ფლასები ეცვა, ღებულობდა მხოლოდ პურსა და წყალს, რომელიც ძალიან შორიდან მოჰქონდა ძნელად სავალი გზით. წმიდა ზენონი განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა საღვთო წიგნებს, რომლებიც მასთან სულიერი დამოძღვისთვის მოსულებს მოჰქონდათ. ღვთაებრივი მადლით აღსავსე ნეტარი მოსაგრე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი გარდაიცვალა V ს-ის დასაწყისში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა თეოფილე ახლისა (784)
მოწამისა თეოფილე ახლისა (784)
წმიდა მოწამე თეოფილე ახალი კონსტანტინეპოლელი, ბერძენთა ლაშქრის მხედართმთავარი და სენატორი იყო. არაბებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მტრებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს. უსჯულოები ამაოდ ეცადნენ წმიდანის გადადრეკას ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, რის შემდეგაც კუნძულ კვიპროსზე საპყრობილეში ჩააგდეს. ოთხი წლის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
კეთილმორწმუნისა მეფისა პეტრე ბულგარელისა (967)
კეთილმორწმუნისა მეფისა პეტრე ბულგარელისა (967)
კეთილმსახური პეტრე, ბულგარეთის მეფე, ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო. ის ხშირად აკითხავდა ღირს იოანე რილელს (ხს. 18 აგვისტოს, 19 ოქტომბერს), სთხოვდა მას ლოცვას და სულიერ რჩევა-დარიგებას. კეთილმსახურმა მეფემ შესძლო, ბიზანტიასთან ზავი დაედო ბულგარეთისათვის ხელსაყრელი პირობებით და იმასაც მიაღწია, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქს ეცნო ბულგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა და ბულგარეთში საპატრიარქო საყდარი დაემტკიცებინა. პეტრემ ხელი შეუწყო ქვეყნიდან ბოგომილების ერესის ამოძირკვას, გარდაიცვალა 967 წელს, 56 წლის ასაკში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.