პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და…
ტროპარი
პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა…
კონდაკი
ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემა სამებისა მხოლოისა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად-სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.
ხმატკბილად მხმობარეო ორღანოო, ოქროსა ნესტვო, მდინარეო საღმრთოთა…
ტროპარი
ხმატკბილად მხმობარეო ორღანოო, ოქროსა ნესტვო, მდინარეო საღმრთოთა სწავლათაო, მვედრებელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევება, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავნ წინაშე სამებისა.
მხიარულ იქმნა საიდუმლოდ წმიდა ეკლესია აღმოხმასა პატიოსანთა…
კონდაკი
მხიარულ იქმნა საიდუმლოდ წმიდა ეკლესია აღმოხმასა პატიოსანთა ნაწილთა შენთასა და ესე დამარხა, ვითარცა ოქრო მრავალ ფასი, ვინა მგალობელთა შენთა მოუკლებელად მოანიჭე მეოხებითა შენითა მადლთა კურნებისათა, იოანე ოქროპირო.
წმ. იოანე ოქროპირის ნაწილთა აღმოყვანება კომანიდან კონსტანტინეპოლში (438)
წმ. იოანე ოქროპირის ნაწილთა აღმოყვანება კომანიდან კონსტანტინეპოლში (438)
მსოფლიო ეკლესიის დიდი მოძღვარი - იოანე ოქროპირი 407 წელს გარდაიცვალა ქალაქ კომანში, გადასახლების ადგილისაკენ მიმავალ გზაზე. ქრისტიანული ზნეობის მტრებთან შეუპოვრად მებრძოლ იოანეს ბევრი მტრობდა. მის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო დედოფალი ევდოქსია. სწორედ მისი დაჟინებით ჩამოაცილეს წმიდა მღვდელმთავარი სამწყსოს.
იოანე ოქროპირის უჟამო სიკვდილმა მეტად დაამწუხრა ქრისტიანები. მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქს პროკლეს სთხოვეს, მეფესთან აღეძრა შუამდგომლობა წმიდა მამის ნაწილების კონსტანტინეპოლში გადმოსვენების შესახებ. ევდოქსიას ვაჟმა, იმპერატორმა თეოდოსი II-მ (408-450) თანხმობა განაცხადა, მაგრამ კომანში სიწმიდის ჩამოსასვენებლად გაგზავნილებმა მღვდელმთავრის კუბოს ძვრაც ვერ უყვეს. იმპერატორი მიხვდა თავის შეცდომას და დაწერა ეპისტოლე, რომელშიც წმიდანს თავისი დედისა და საკუთარი ცოდვების მიტევებას სთხოვდა. როცა ეპისტოლე წმიდა კუბოსთან წაიკითხეს, ის შემსუბუქდა და ადვილად ასწიეს. იოანე ოქროპირის ნაწილების გადასვენება კომანიდან კონსტანტინეპოლში 438 წელს მოხდა. სიწმიდე დიდმოწამე ირინეს სახელობის ტაძარში დაასვენეს. როცა პატრიარქმა ლუსკუმა გახსნა, მღვდელმთავრის ცხედარი უხრწნელი აღმოჩნდა. მეფემ მუხლი მოიყარა მის წინაშე და ცრემლებით ითხოვა შეწყალება. დილით კუბო წმიდა მოციქულთა ტაძარში იქნა გადასვენებული. მრევლმა შესძახა: „მიიღე შენი ტახტი, მეუფე!“ პატრიარქმა და კუბოსთან მდგარმა ღვთისმსახურებმა კი დაინახეს, რომ მღვდელმთავარმა ბაგეები გახსნა და წარმოთქვა „მშვიდობა ყოველთა!“
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.