ცათა უმაღლესად ამაღლდი სიწმიდითა შენითა, მამაო წმიდაო…
ტროპარი
ცათა უმაღლესად ამაღლდი სიწმიდითა შენითა, მამაო წმიდაო ალექსი, და ცხრა დასთა ანგელოზთა თანა ადიდებ წმიდასა სამებასა, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.
ღირსისა ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101)
ღირსისა ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101)
წმიდა ეფრემ მცირის - XI საუკუნის უდიდესი საეკელსიო მოღვაწის, მწერლის, მთარგმნელის და ფილოსოფოსის ცხოვრება, სამწუხაროდ, უცნობია, მაგრამ მისი „მოსახსენებელი“ და სხვა წყაროები საშუალებას გვაძლევს, შევიტყოთ ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმთავრესი ეტაპები.
1027 წელს, საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის ტახტზე ასვლისას, საბერძნეთში საცხოვრებლად წავიდნენ ტაოელი აზნაურები. მათი სამშობლოდან აყრის მიზეზი იყო საქართველოსა და ბიზანტიას შორის ჩამოვარდნილი შუღლი „ზემო ქვეყანათა“, ანუ ტაო-კლარჯეთის მიწების გამო და ის შინააშლილობა, რაც ამ პოლიტიკურ დაძაბულობას მოჰყვა.
აზნაურთა შორის იყვნენ „ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოზი იოანე“. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეფრემ მცირე იყო ძე ვაჩეს შვილი.
ეფრემმა კონსტანტინოპოლში მიიღო განათლება და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა, შემდეგ კი ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავ მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. იმ დროს იქ სამოცდაათამდე ქართველი ბერი ცხოვრობდა და დიდი ლიტერატურული მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.
შავ მთაზე მისული ეფრემი თავდაპირველად იქაურ ქართველ მოღვაწეებს დაემოწაფა. თავის „მოსახსენებელში“ ღირსი ეფრემი ამბობს, რომ შავთელმა საბა თუხარელმა „ქრისტეს მიმსგავსებულითა სახიერებითა მიტჳრთა ჟამსა სიუცბისა და სიჭაბუკისა ჩემისასა და სხუათავე ქველისმოქმედებათა თანა ესეცა აჩუენა ჩემზედა, რომელ ბერძულისაცა წიგნთა კითხვისა სწავლაჲ იღუაწა ჩემთჳს ადგილსა შინა ჯეროვნად მომზავებულსა, რომელ არს მონასტერი წმიდისა სჳმეონ საკჳრველთმოქმედისაჲ“. როგორც ჩანს, ეფრემმა საბა თუხარელისაგან შეისწავლა საეკლესიო წიგნების კითხვის წესი. საკმაოდ დავალებულად მიიჩნევს თავს ეფრემი იოანე ფარაკნელისაგანაც. ერთ ანდერძში ნეტარი გვაუწყებს: „ვიდრეღა იგი ჯერეთ ჩუენ თანა იყო ნეტარი იგი და ყოვლად რჩეული მოღუაწეთა შორის ბერი იოვანე ფარაკნელი, მან... განკვეთილობის ნიშნების გამოყენება მასწავლა“. გაბრიელ მღვდელი არჩევდა წიგნებს ეფრემის სათარგმნელად.
ეფრემის ანდერძ-მინაწერები მადლიერებით იხსენიებს შავ მთაზე მოღვაწე მამებს: საბა თუხარელს, ანტონ ტბელს, ეფრემ ოშკელს, არსენ იყალთოელს, სტეფანე ჭულეველს, იოანე ფარაკნელს, მღვდელ გაბრიელს და სხვებს. განუზომელია ეფრემის ღვაწლი ქართული სასულიერო და ფილოსოფიური მწერლობის წინაშე. მისი შრომების რიცხვი ასამდე აღწევს და ეხება საეკლესიო მწერლობის თითქმის ყველა დარგს.
წმიდა ეფრემმა შექმნა საკუთარი თეორია მთარგმნელობისა, რომელიც საფუძვლად დაედო შემდეგი დროის ქართულ მწერლობას. ამ თეორიას სამი არსებითი ნიშანი ახასიათებს:
1. თხზულება უნდა ითარგმნებოდეს აუცილებლად თავდაპირველი დედნიდან, იმ ენიდან, რომელზედაც იგი შეიქმნა;
2. შესრულებული თარგმანი ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს, მაგრამ სიზუსტემ არ უნდა შელახოს იმ ენის ბუნება, რომელზედაც ძეგლი ითარგმნება;
3. თარგმანზე დართული უნდა იყოს სპეციალური კომენტარები, რომლებშიც განხილული იქნება თხზულებასთან დაკავშირებული ისტორიულ-გრამატიკულ-ტექსტოლოგიური საკითხები.
დედანის აზრის უკეთ გასაგებად და გასაადვილებლად ეფრემ მცირემ შეიმუშავა პუნქტუაციის ხმარების საკუთარი წესიც. როგორც თავად წერს, იგი წერტილს იყენებდა „მცირედ სასუენად, ორწერტილს განსაკუეთელად სიტყვისა და სამწერტილს დიდად სასუენად და ექუს წერტილს სრულიად დასაბოლოებლად და ახლად დასაწყებლად სიტყვისა“.
ეფრემს უთარგმნია დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი ხუთი თხზულება, ბასილი დიდის და ეფრემ ასურის „ასკეტიკონი“, ეპისტოლეთა და ფსალმუნთა კომენტარები, იაონე დამასკელის „წყარო ცოდნისა“ და უამრავი სხვა.
ეფრემ მცირის ორიგინალურ ნაშრომთაგან გამოირჩევა „უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების“.
XI საუკუნის II ნახევარში ანტიოქიისა და შავი მთის ბერძენი ბერები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ სცნობდნენ. სხვა მიზეზთა შორის ასახელებდნენ იმას, რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანობა არც ერთ მოციქულს არ უქადაგია. საჭირო გახდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დაცვა-დადასტურება. იქაურ ქართველ მოღვაწეებს ეფრემისათვის დაუვალებიათ ამ საქმის მოგვარება. ეფრემმა საგანგებოდ შეისწავლა ბერძნული წყაროები, „მცირედი სიტყუანი, ვითარცა თესლთა მკრებელმან, მიმოგანთესულნი წმიდათა წერილთაგან“ ერთად შეკრიბა და მეცნიერული არგუმენტებით დაასაბუთა ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა.
ბერძნული წყაროებით ასაბუთებს ეფრემი ქართველთა შორის წმიდა ნინოს ქადაგების ფაქტს, კათოლიკოსთა ხელდასხმისა და მირონის კურთხევის ნებართვის მოპოვების თარიღს.
ღირს ეფრემ მცირეს არასოდეს დაუტოვებია შავი მთა. 1091 წლის ახლო ხანებში ის კასტანას მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.
ღირსი ეფრემი გარდაიცვალა 1101 წლის ახლო ხანებში. რუის-ურბნისის კრების (1103 წ.) აქტები მას მიცვალებულთა შორის იხსენიებს.
ეკლესიისა და ერის წინაშე დიდი დამსახურებისთვის, ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეფრემი წმიდანად შერაცხა.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
ღირსისა ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, 1923)
ღირსისა ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, 1923)
ღირსი მამა ალექსი (ალექსი ლევანის ძე
შუშანია
) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს ს. ნოქალაქევში (სენაკის მაზრა). მამის სიკვდილის შემდეგ ახალგაზრდა, 16 წლისა, გაემგზავრა ქ. სტამბოლში (კონსტნატინოპოლში), სადაც იმ დროს ცხოვრობდა და სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა ბიძამისი ისლამ შუშანია.
ისლამი შინაურულად განათლებული, აღმოსავლური ენების მცოდნე, უაღრესად მორწმუნე და წიგნების მოყვარული კაცი იყო. მას მოვლილი ჰქონდა მთელი ახლო აღამოსავლეთი (ეგვიპტე, სირია, პალესტინა, არაბეთი). თაყვანისცემის მიზნით ყოფილა იერუსალიმში, საბაწმიდის ლავრაში, ჯვრის მონასტერში, სინას მთაზე. როგორც მისი ჩანაწერებიდან ჩანს, საბაწმიდის ლავრაში მას უნახავს უკანასკნელი ქართველი ბერი - მოღვაწე, არქიმანდრიტი ივანე აბაშიძე, რომელიც იმერეთის მეფე სოლომონ II-ს ახლდა ქალაქ ტრაპიზონში და მეფის სიკვდილის შემდეგ დაბინავებულა ხსენებულ ლავრაში. ამ ივანე აბაშიძეს იხსენიებს მე-19 საუკუნის ქართველი მოგზაური გიორგი ავალიშვილი.
ისლამის ოჯახში ახალგაზრდა ალექსის დახვდა საკმაოდ მდიდარი დაბეჭდილი თუ ხელთნაწერი ქართული წიგნები, განსაკუთრებით სასულიერო შინაარსისა. იგი დაეწაფა ამ წიგნების კითხვას. ერთი წელი დაჰყო მან სტამბოლში და აქ მოხდა მკვეთრი გარდატეხა მის მსოფლმხედველობაში. სარწმუნოებრივი განწყობით გაჟღენთილი დაბრუნდა იგი თავის სამშობლოში, სოფელ ნოქალაქევში. აქ ერთხანს, როგორც ჩანს, ანდრია სალოსის წიგნის გავლენით ეწეოდა სალოსურ ცხოვრებას. დადიოდა სოფლიდან სოფლად ფეხშიშველი, ეხმარებოდა ქვრივ-გაჭირვებულებს, ემსახურებოდა გადამდები სენით შეპყრობილ უჭირისუფლო ავადმყოფებს. მისი სიტყვა და საქმე მრავალ მიმდევარს პოულობდა. ზოგი მას დაჰყვებოდა და მასთან ერთად ეწეოდა სოფლად მსგავს მოღვაწეობას; ზოგი სტოვებდა სოფლურ ცხოვრებას და მონოზვნად დგებოდა. საგულისხმოა, რომ ასეთი პირები ძველ მონასტრებში კი არ მიდიოდნენ, არამედ აარსებდნენ მთავრობისგან დამოუკიდებელ თავისუფალ ძმობას. ასე დაარსდა სამეგრელოში ორი სავანე - ერთი დედათა, სოფელ სახარბედიოში, მეორე - მამათა, სოფელ თეკლათში. პირველი შემდეგ ოფიციალურ დედათა მონასტრად გადაკეთდა, მეორე კი - ბოლომე დარჩა თავისუფალ სავანედ თვით ალექსის ხელმძღვანელობით. ასეთივე თავისუფალი ხასიათის ძმობა დაარსებულ იქნა გურიაში, ოზურგეთის ახლოს „წყალწმიდის ძმობის“ სახელწოდებით. ძმობის წევრები საკუთარი შრომით ცხოვრობდნენ და მთავრობისაგან არავითარ დახმარებას არ ღებულობდნენ.
საზოგადოებრივ საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ალექსი, არ ივიწყებდა გონებრივ-საგანმანათლებლო მუშაობას. იგი ხშირი სტუმარი იყო გელათისა და მარტვილის მონასტრებისა, რომელთა წიგნთსაცავებში გატაცებით ეცნობოდა ძველ ხელნაწერებს. ამავე დროს მას ახლო კავშირი ჰქონდა ცნობილ მწიგნობარ ნიკო დადიანთან (შალვა დადიანის მამა), რომელიც ამ დროს ცხოვრობდა სამეგრელოს სოფელ ბეთლემში. ნიკოს მდიდარი ბიბლიოთეკა და საუბარი ფრიად ნაყოფიერი სკოლა შეიქნა ახალგაზრდა ალექსისათვის. მეფის რუსეთის მთავრობისადმი უარყოფითად განწყობილ, ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის ღრმა მცოდნე, საზოგადოდ ღრმად განვითარებულ პირთან, ნიკო დადიანთან, სიახლოვემ დიდი საგანმანათლბლო გავლენა მოახდინა მასზე.
ამ ხანებში მას სანიმუშო კალიგრაფიული ხელით გადაწერილი აქვს „ექვსთა დღეთა“ ბასილი დიდისა, წიგნი ისააკ განშორებულისა და მამათა ცხოვრება. ამავე ხანებში მას ხუცურად გადაუწერია გელათის გულანის საგალობლები.
მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში მღვდელმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიას თაოსნობითა და ცნობილი საეკლესიო მოღვაწის გაბრიელ ეპისკოპოსის თანადგომით დაიწყო საქართველოდან ქართველი ბერების დენა საბერძნეთში, ძველ ათონში, იბერიის ძველ ქართულ მონასტერში დამკვიდრებისათვის. ალექსი დაინტერესდა ამ საქმით და ბენედიქტე ბარკალაიასთან ერთად გაემგზავრა ძველ ათონში. მათთან ერთად წავიდა გელათის მონასტრიდან მღვდელმონაზონი თეოდოსი (ერისთავი), ფრიად განათლებული ბერი ასკეტი, რომელიც სამუდამოდ დარჩა ათონზე და იქიდან უწევდა მოძღვრულ ხელმძღვანელობას სამშობლოში დაბრუნებულ ალექსის. მისი ერთი მოკლე წერილი მონაზვნური ცხოვრების შესახებ დაბეჭდილია ალექსი ბერის წიგნში „ბრძოლა თავის თავთან“. წერილი მოწმობს ავტორის სერიოზულ და ღრმა საღვთისმეტყველო განათლებას. ალექსი ათონზე დარჩენილა რამდენიმე თვე. სამშობლოში დაბრუნებისას გზად გამოუვლია ქალაქ კიევში, მღვიმის ლავრის მოსალოცად.
ალექსის გავლენით მონაზვნად შემდგარან მთელი მისი ოჯახის წევრები -
ძმა, დები და დედა
2
. თვითონ ალექსი ხელდასხმულა მღვდელმონაზვნად 1888 წელს. ერთ ხანს იგი ცხოვრობდა ხობის მონასტერში და შემდეგ თავისი რამდენიმე მოწაფით დაბინავებულა თეკლათის ერთი ძველი მიტოვებული ეკლესიის ეზოში 1892 წელს. მის სავანეს საეკლესიო მთავრობასთან არავითარი ოფიციალურ-ადმინისტრაციული დამოკიდებულება არ ჰქონია; არავითარი სამსახურებრივი ჯილდო და ხარისხი არ მიუღია, თუმცა კი ხშირად სთავაზობდნენ. უბრალო, სამკერდე სამღვდელო ჯვარსაც არ ატარებდა. იგი უარყოფითად ახასიათებდა ეკლესიის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც იჩენდნენ „სისუსტეს მთავრობისადმი თვალღებითი სამსახურისა პირადი პატივისათვის“ (ა. ბერი, ხალხი და ეკლესია, გვ. 29). ალექსის აზრით, სამსახურებრივი ჯილდოები არამც თუ სასულიერო პირთათვის, საეროთათვისაც ფრიად დაბალი მხედველობაა (იქვე, გვ. 29). საეკლესიო ჯილდოების შესახებ ასეთივე აზრისა იყო ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე გაბრიელ ეპისკოპოსი (ჟურნ. შინაური საქმეები, 1913, № 25-26).
ალექსი საეკლესიო მთავრობისაგან არავითარ ფულად დახმარებას არ ღებულობდა, წინააღმდეგ მონასტრებისათვის მიღებული წესისა. იგი თავისი რამდენიმე მოწაფით ცხოვრობდა პირადი შრომით.
1898 წლიდან იგი სრულებით ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე ეწეოდა საკელიო დაყუდებულ ცხოვრებას. გარეშე მნახველს იღებდა მხოლოდ შაბათ-კვირაობით. ლოცვასა და სამწერლობო მუშაობაში ატარებდა დროს.
საინტერესოა მისი ცხოვრების რეჟიმი: ჭამდა დღეში ერთხელ. კერძო ლოცვა კაცის თანდასწრებით არ უყვარდა. ცხოვრობდა უბრალოდ და სადად. ეცვა ძაძის ანაფორა. მისი ოთახის მოწყობილობას შეადგენდა: ერთი ხის ჭილობგადაფარებული ტახტი, უბრალო დაბალი მაგიდა, ორიოდე უზურგო სკამი და პატარა უბრალო კარადა, რომელზედაც ესვენა მხოლოდ ერთი, ათონის მთიდან წამოღებული ხატი ივერიის ღვთისმშობლისა, რომელსაც გარშემო ედგნენ იოანე ნათლისმცემელი და ალექსი ღვთის კაცი. ლოცვა თავის ოთახში უყვარდა „ლოცვანის“ კითხვით. ლოცულობდა განმარტოებით. მისი საყვარელი ლოცვა იყო: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“, სკვნილის ჩაგდებით, ლოცვის დროს ზოგჯერ მხარზე გაიდებდა დიდ, საგანაგებოდ გაკეთებულ, კაცის სიმაღლის ხის ჯვარს; გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს მაერთებსო, იტყოდა ხოლმე მახლობლებთან საუბარში.
მამა ალექსი, თუმცა ასეთ დაყუდებულ, ასკეტურ ცხოვრებას ატარებდა, არ იყო მეოცნებე მისტიკოსი და კვიეტისტი. მასში სჭარბობდა საღი რეალისტური განწყობა. ცხოვრებას ასკეტურ, ხორცის შემავიწროებელ მოქმედებებს იგი უყურებდა არა მეტაფიზიკურად როგორც ხორცის მომაკვდინებელ საშუალებას, არამედ როგორც იარაღს სულიერ სწრაფვათა განვითარებისა და განმტკიცებისათვის (მისივე: მოძღვრებანი, გვ. 22; ბრძოლა თავის თავთან, გვ. 13-15).
ალექსი ბერი სარწმუნოებირივი საკითხების და ცხოვრების მოვლენათა საღ განგებას ამჟღავნებდა. იგი ილაშქრებდა იმ დროს ხალხში გავრცელებული ე.წ. „სალოცავებისა“ და სხვა ცრუმორწმუნეობრივი აზრ-წესების წინააღმდეგ („წერილნი და მსჯელობანი“).
ერთმა ვიღაც უპასუხისმგებლო კორესპონდენტმა 1905 წელს შეცდომაში შეიყვანა ჟურნალი „კვალი“, სადაც მოათავსა პასქვილი ალექსი ბერის სახელის გასატეხად, თითქოს მას ეთქვას ახალი სენაკის რაიონში მცხოვრები გლეხისათვის: შენი მიცვალებული ცოდვების გამო მიწამ არ მიიღო (ე.ი. გვამი არ განიხრწნა) და ისე ძევს საფლავშიო. მიცვალებულის პატრონმა საფლავი გათხარა, მაგრამ ალექსის ნათქვამი არ დადასტურდაო. ალექსი ბერი დიდად აუღელვებია ამ ჭორს და მიუმართავს მაზრის უფროს როზანოვისათვის კორესპონდენციაში მოყვანილი ცნობის შესამოწმებლად. მაზრის უფროსს დაუკითხავს კორესპონდენციაში მითითებული გლეხი და მისი მეზობლები, მაგრამ ცნობა არ დადასტურებულა. გამოძიების ოქმი გაუგზავნიათ რედაქციისათვის.
ალექსი ბერი განმარტოებულ მონაზვნურ ცხოვრებას ატარებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო. საქართველოს ყოველი კუთხიდან დადიოდნენ მასთან როგორც მისი უამრავი მოწაფეები, აგრეთვე ათეისტურად განწყობილი, მაგრამ მისი მოღვაწეობით დაინტერესებული პირებიც; დადიოდა მოსწავლე ახალგაზრდობა, სტუდენტები და ხშირად უბრალო ბერის სენაკში საინტერესო საუბრები და კამათი იმართებოდა სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივ საკითხებზე. ზოგიერთი ამ საუბრისა და კამათის შინაარსი ალექსის მოყვანილი აქვს დაბეჭდილ და დაუბეჭდავ ნაშრომებში (იხ. მაგალითად დავა ვინმე ჭაბუკთან - „წერილნი და მოძღვრებანი“; დავა ტოლსტოის მოწაფე ალექსანდრე მესხიასთან, მიწერ-მოწერა ივანე გომართელთან). ალექსი უმთავრესად ლიტერატურულ შრომას ეწეოდა. მისი ნაწერები გამოდიოდა ცაკლე წიგნებად (გამოცემულია 18 დასახელების წიგნი. წიგნებს სცემდა მისი მოწაფე თბილისელი ვაჭარი იოსებ ლეჟავა).
ალექსი თანამშრომლობდა აგრეთვე ჟურნალ „მწყემსსა“ და „შინაურ საქმეებში“. მას აზრად ჰქონია თავის სავანეში თანამგრძნობ მოწაფეთა დახმარებით მოეწყო პატარა სტამბა ხალხისათვის სასარგებლო წიგნებისა და ფურცლების გასავრცელებლად, მაგრამ ტექნიკური დაბრკოლებების გამო ეს სურვილი ვერ განუხორციელებია, სამაგიეროდ მას ამ მიზნით მტკიცე და მჭიდრო კავშირი დაუმყარებია თბილისელ მოწაფეებთან. ესენი იყვნენ ილიას „ივერიის“ ექსპედიტორი მაქსიმე შარაძე, ასოთამწყობები ესტატე კერესელიძე და სპირიდონ ლოსაბერიძე. მაქსიმეს ხელმძღვანელობით მათ მოუწყვიათ თბილისში მოსკოვის ქუჩაზე სტამბა და გამომცემლობა, მათი თანამოაზრის თბილისელი ვაჭრის იოსებ ლეჟავას მჭიდრო თანამშრომლობით. ამ ამხანაგობის მთავარი მიზანი იყო სასულიერო, ზნეობრივი ხასიათის წიგნების გამოცემა. ეს პირები ძველი ქართული გალობის საუკეთესო მცოდნენი იყვნენ და უსასყიდლოდ გალობდნენ თბილისში სამების ეკლესიაში ცნობილ მწიგნობარ მღვდელ ვასილ კარბელაშვილთან. ამხანაგობამ გამოსცა ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტებზე გადაღებული ზოგი ქართული საგალობელი. ამხანაგობის დებულების თანახმად, თუ რაიმე მიზეზით ამხანაგობა დაიშლებოდა, მთელი მისი ქონება უნდა გადასცემოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. სამწუხაროდ, მაქსიმე შარაძის სიკვდილის შემდეგ ამხანაგობა დაიშალა, წევრებმა ქონება გაინაწილეს. ესტატე კერესელიძე ბერად შედგა გელათის მონასტერში, ხოლო სტამბა სპირიდონ კერესელიძემ შეისყიდა.
ალექსი ბერი თავის სავანის შემოსავლიდან ნივთიერ დახმარებასაც უწევდა საზღვარგარეთ მყოფ ღარიბ მოსწავლე სტუდენტობას (იხ. პავლე აკობია, ალექსანდრე მესია, თბილისი, 1905 წ.).
ალექსი ბერი დიდ ინტერესს იჩენდა საზოგადოებრივი საკითხებისადმი. ავადმყოფობა რომ არ მიშლიდეს ხელს, ხალხში გასვლა და მოღვაწეობა ჩემი სანატრელი იდეალიაო, იტყოდა იგი. 1903 წელს მეფის რუსეთის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელი ეგსარქოსი ალექსი ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად ცდილობდა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. ალექსი ბერი თავისი ხის დიდი ჯვარით შეხვდა გზაში სენაკიდან თეკლათის დედათა მონასტერში დიდი ამალით მიმავალ ეგსარქოსს ალექსის და გადასცა მას რუსულად თარგმნილი შემდეგი საპროტესტო წერილი, რომელიც რუსულად უთარგმნია სენაკის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორს დავით კაჭახიძეს (შემდგომში ეპისკოპოსი):
„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოებავ!
ჩემი ძმებისადმი სიყვარული მაიძულებს მე მოგმართოთ შემდეგი თხოვნით. ღმრთის განგებით თქვენ მონდობილი გაქვთ ქართული ეკლესიის მართვა, ზრუნვა მის შვილთა ხსნაზე, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას თქვენი ჩვენდამი სიყვარულით, სიყვარულით, რომელიც მაცხოვრის მცნების თანახმად, თავგანწირვამდე უნდა მიდიოდეს. ჩვენ არ ვეჭვობთ, რომ თქვენ მხურვალედ გიყვართ საკუთარი სამწყსო და ამიტომ გთხოვთ ყურადიღოთ ვედრება იმათი, ვისაც თქვენ მწყემსავთ, როგორც თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ იგი ჰყვაოდეს მრავალი წლის მანძილზე, ზუსტად ასევე მოექეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს თქვენი შვილები მართლმადიდებელ ეკლესიას. უფლისა ჩვენი იესო ქრისტეს სახელით, რომელმაც ჩვენ ურთიერთსიყვარული გვიანდერძა, მე გთხოვთ თქვენ არ დაუშვათ, რომ ბოროტმა სულმა ჩვენს ყანაში დათესოს ღვარძლი - მტრობის თესლი და ყოვლნაირად შეუწყოს ხელი იმას, რომ ჩვენ, მჭიდროდ დაკავშირებულნი დიდ რუს ხალხთან, ერთიანი გულით ვადიდებდეთ ღმერთს“.
ეგზარქოსი შეშფოთდა, ხალხში დიდი პატივისცემით შემოსილი მოღვაწე ბერის ასე საჯაროდ გამოსვლამ იგი დააფიქრა და იქვე დაამშვიდა ბერი და აღუთქვა, ეს ჭორია და არ მოხდებაო. როგორც ვიცით, ეს რუსიფიკატორული განზრახვა ვერ განხორციელდა. სამსახურებრივი დაწინაურებით გატაცებულ ქართველებს, რომლებიც ან ხელს უწყობდნენ მეფის მთავრობის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, ან უმოქმედოდ სდუმდნენ, ალექსი დაუნდობლად გმობდა, თუნდაც კარგი მეგობარი ყოფილიყო იგი. ცნობილ ისტორიკოსს თ.ჟორდანიას, რომელიც იმ დროს სამეგრელოს საეკლესიო სკოლების მეთვალყურე იყო და რომელიც აქტიურად და აშკარად არ იბრძოდა ეგზარქოსის ასეთი პოლიტიკის წინააღმდეგ, ალექსი დიდი საყვედურით მიმართავდა ხოლმე. ალექსისადმი მიძღვნილ ერთ თავის ნაშრომზე თედოს ხელით ასეთი წარწერაა: „...ჩემმა მტრებმა გულიცა თქვენი განაგრილეს ჩემდამი“.
თავისი სპეტაკი ცხოვრებითა და გულწრფელი აზრებით სავსე ნაწერებით ალექსიმ დაიმსახურა პატივისცემა ფართო საზოგადოებისა (იხ. გრიშაშვილი „ძველი ტფილისი“); ქუთაისის ჟურნალ „შინაურ საქმეებში“ მოთავსებულია უბრალო, მაგრამ გულწრფელი ლექსი, მიძღვნილი ალექსი ბერისადმი:
„იესო ქრისტეს მცნებისა
უარმყოფელი ბევრია,
უგნურთა ჯგუფის დამმსხვრევი
ვპოვე ალექსი ბერია...“
(შინ. საქ. 1908. № 20)
თედო ჟორდანია შემდეგ მოკლე, მაგრამ ღრმა შთაბეჭდილებიანი სიტყვებით გვიხასიათებს მას: „ცნობილი თავისი წმიდა ცხოვრებით ბერი ასკეტი, მღვდელმონაზონი ალექსი, რომელმაც მრავალი წელი გაატარა უძნელეს მოღვაწეობაში, ცხოვრობდა ათონზე, იყო კიევის ლავრაში, დღეს ცხოვრობს თავისი საკუთარი ხელებით და როგორც დამწიფებული თავთავი, დატვირთულია მაღალზნეობრივი ღვაწლით, გამხდარი, ფერმკრთალი, მაგრამ აღსავსე მრავალი წლის ასკეტური შრომით მოპოვებული თავმდაბლობით. ასეთი მოღვაწეები, როგორიც არის მამა ალექსი, მასთან თავმოყრილი ბერებით, რომლებიც მხოლოდ ერთს მოღვაწეობას ეძებენ, წარმოადგენენ ჭეშმარიტ მნათობებს რელიგიური გულგრილობის სიბნელით მოცულ გარემოში. ღვთის სათნო ალექსი ამასთან ავტორია რამდენიმე წიგნისა, რომლებიც შეიცავს ღრმა კეთილსახიერებით გამსჭვალულ მსჯელობასა და საუბარს იმ ადამიანისა, რომელმაც ჯვარს აცვა თავისი ხორცი ქრისტიანულ სათნოებათა კიბით ღვთისადმი აღსასვლელად“.,
თავისი ცხოვრების უკანასკნელ ხანებში ალექსი ბერი შეიპყრო მწვავე ფორმის მალარიამ და გულის დაავადებამ. გარდაიცვალა 1923 წლის 18 იანვარს (ძვ. სტილით) სამოცდაათი წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის სავანეში მოღვაწეობენ მისი აღზრდილი ბიძაშვილები დები აკეფსიმა და ფასტო (იღუმენიას ხარისხით), რომლებიც ალექსის სიცოცხლეშივე შესდგნენ მონაზვნებად და დღესაც სიმტკიცით განაგრძობენ ამ ერთხელ არჩეულ მიმართულებას. ისინი ერთგულად იცავდნენ ამ ჭეშმარიტად წმინდა კაცისა და საზოგადო მოღვაწის ისტორიულ ადგილს, პატარა, ლამაზ სავანეს, რომელიც ზღვის შუქურასავით გადმოჰურებს გარემო კოლხიდის ვაკეს. ამავე დებს უნდა ვუმადლოდეთ იმ გარემოებებს, რომ დღემდე დაცულია მამა ალექსის დაბეჭდილი თუ დაუბეჭდავი ნაწერები, რომლითაც ჩვენ ვისარგებლეთ ამ ნარკვევისათვის. იღუმენია ფასტო გარდაიცვალა 1967 წელს, ხოლო სქემმონაზონი აკეფსიმა კი 1972 წელს.
„ღირსი მამა ალექსი და მისი სავანე“, თბილისი, 1999 წ.
წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა
წმ. ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა
წმიდა ათანასე და კირილე, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსების ხსენებას დედა-ეკლესია ერთ დღეს განაჩინებს ნიშნად მადლიერებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის, რომელსაც ისინი ეწეოდნენ მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატების დასამტკიცებლად და ერეტიკული სწავლებათაგან მათ დასაცავად.
წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373), ეკლესიის უდიდესი მამა და მართლმადიდებლობის ბურჯი, დაიბადა დაახლოებით 297 წელს ალექსანდრიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. მან შესანიშნავი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე სრულად წმიდა წერილი შეისწავლა. მომავალი მღვდელმთავარი სიყრმითგანვე გაიცნო ალექსანდრიის პატრიარქმა წმიდა ალექსანდრემ (ხს.29 მაისს). ერთხელ ბავშვები, მათთან ერთად პატარა ათანასეც, ზღვის ნაპირზე თამაშობდნენ. ქრისტიანმა ბავშვებმა გადაწყვიტეს მოენათლათ თანატოლი წარმართები. ყრმა ათანასემ, რომელიც ბავშვებმა „ეპისკოპოსად” აირჩიეს, შეასრულა ნათლობის წესი და ზუსტად გაიმეორა სიტყვები, რომელიც ეკლესიაში გაეგონა. პატრიარქი ალექსანდრე ფანჯრიდან უყურებდა ამ სცენას. მან ბავშვები და მათი მშობლები თავისთან მოიხმო, დიდხანს საუბრობდა მათთან და დაარწმუნა, რომ ბავშვების მიერ თამაშით შესრულებული ნათლისღება ეკლესიის წესს სრულიად შეესაბამებოდა, ნათლისღება აღსრულებულად ჩათვალა და მხოლოდ მირონცხების საიდუმლო ჩაატარა. ამ დღიდან პატრიარქი აკვირდებოდა ყრმა ათანასეს სულიერ ზრდას, ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ კი დიაკვანადაც აკურთხა. ამ დროს დაწერა წმიდანმა პირველი საღვთისმეტყველო თხზულებანი: „წარმართთა წინააღმდეგ” და „განხორციელებისათვის”. დიაკვნის ხარისხში ახლდა წმიდა ათანასე პატრიარქ ალექსანდრეს 325 წლის I მსოფლიო კრებაზე, ნიკეაში. კრებაზე წმიდა ათანასემ ამხილა არიოზის ერესი და მოითხოვა, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება: „ერთარსი მამისა”. ის სიტყვა მოიწონეს კრების მართლმადიდებელმა მამებმა, აშკარა და ფარულმა არიანელებმა კი მოიძულეს წმიდა ათანასე და მთელი სიცოცხლის მანძილზე დევნიდნენ მას. წმიდა პატრიარქის, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავრის კათედრაზე ერთსულოვნად აირჩიეს წმიდა ათანასე. ის დიდხანს უარობდა, უღირსად მიიჩნევდა თავს, მაგრამ არ შეიძლებოდა მთელი ეპარქიის სურვილის უგულებელყოფა – 28 წლის ათანასეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 47 წლის მანძილზე მართავდა სამწყსოს წმიდა ათანასე, ამ ხნის განმავლობაში მას მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა: რამდენჯერმე განიდევნა ალექსანდრიიდან, ბევრჯერ თავად განერიდა მის მოსაკლავად აღძრულ არიოზის მიმდევრებს და უდაბნოს შეაფარა თავი; 20 წელი იმყოფებოდა წმიდანი დევნულობაში: ხან ბრუნდებოდა სამშობლოში, ხან იმალებოდა. იყო დრო, როცა „მთელ ქვეყანას გმინვა აღმოხდა, რადგან, თავისდა გასაოცრად არიოზის მიმდევრად იგრძნო თავი”, მწვალებელთა მახეს განრიდებული ერთადერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი - ათანასე კი უკაცრიელი თავშესაფრიდან ყურადღებით ადევნებდა თვალს ეკლესიის წიაღში მიმდინარე მოვლენებს, წერდა ეპისტოლეებს და ტრაქტატებს არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ და მტკიცე ბურჯად ედგა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. არიანელ ეპისკოპოსთა ცრუ კრებაზე წმიდანს მღვდელმთავრის ხარისხიც კი აჰყარეს. როდესაც იულიანე განდგომილმა (361-363) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მისი რისხვა პირველად სწორედ წმიდა ათანასეს დაატყდა. იულიანეს მისი მოკვდინებით გამანადგურებელი დარტყმის მიყენება უნდოდა ქრისტიანობისთვის, მაგრამ უმალ თვითონ აღესრულა უსახელოდ. ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი იულიანეს უკანასკნელი სიტყვები იყო: ”შენ გაიმარჯვე, გალილეველო!” იულიანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ წმიდა ათანასე 7 წელი მართავდა სამწყსოს და აღესრულა 373 წელს 76 წლის ასაკში.
ჩვენამდე მოღწეულია წმიდა ათანასეს მრავალი თხზულება.
წმიდა ათანასეს ეკლესია იხსენიებს ორჯერ: 2 მაისს და 18 იანვარს - წმიდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად.
წმიდა კირილე ალექსანდრიელი (+444)
წარჩინებული და კეთილმსახური ოჯახის შვილი იყო. მან კარგი საერო განათლება მიიღო, ღრმად განისწავლა ფილოსოფიაშიც, მაგრამ მეტად წმიდა წერილის შესწავლასა და ქრისტიანული ჭეშმარიტებების შეცნობას ესწრაფვოდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კირილე ნიტრიის მთებში მდებარე წმიდა მაკარის მონასტერში დაემკვიდრა, სადაც ექვსი წელი დაჰყო. ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოფილემ (385-412) დიაკვნად აკურთხა წმიდანი და, როცა მისი გულისხმიერება იხილა, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა კირილე ერთხმად აირჩიეს ალექსანდრიის პატრიარქად. მართლმადიდებლობის ქადაგი და მოღვაწე მეუფე სათავეში ჩაუდგა ბრძოლას მის სამწყსოში გავრცელებული ნავოციანის ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნულობის დროს მართლმადიდებლობისგან განმდგარი ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება.
უფრო საშიშ მტრებს ეკლესიისთვის წარმოადგენენ იუდეველები, რომლებიც ქალაქში ხშირად აწყობდნენ მღელვარებებს ქრისტანთა მხეცური მკვლელობების თანხლებით. წმიდა კირილეს დიდხანს მოუხდა მათთან ბრძოლა. წარმართობის ნაშთებიც რომ აღმოეფხვრა, მღვდელმთავარმა ძველი საკერპოდან ბოროტი სულები განდევნა, იმ ადგილას მართლმადიდებლური ტაძარი ააგო და მასში უვეცხლო მკურნალთა, კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაასვენა. ამასობაში წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი – ნესტორიანობა.
ნესტორი, ანტიოქიელი ხუცესი, 428 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა და თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა მიეცა. მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ღვთისმშობელს ქრისტესმშობელს უწოდებდა, რადგან თვლიდა, რომ მისგან შობილი ქრისტე ადამიანი იყო და არა ღმერთი. წმიდა კირილემ არაერთხელ მიმართა წერილობით ნესტორს და განუმარტა მისი ცდომა, მაგრამ გაკერპებული მწვალებელი მაინც თავისაზე იდგა. მაშინ პატრიარქმა კონსტანტინეპოლის სამღვდელოებას გაუგზავნა ეპისტოლე ნესტორიანობის წინააღმდეგ, წმიდა კეთილმსახურ მეფეს თეოდოსი უმცროსს კი ( 408-450) – ორი ტრაქტატი ერესის სამხილებლად. წმიდა კირილემ სხვა ეკლესიებშიც დაგზავნა წერილები და მღვდელმთავრები და ზოგიერთი მონასტრის ბერები გააფრთხილა საშიში ერესის აღმოცენების შესახებ.
ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა დევნა გამოუცხადა. მისმა მიმდევარმა ეპისკოპოსმა, დოროთემ თვით ნესტორის თანდასწრებით საეკლესიო კათედრიდან ანათემას გადასცა ყველა, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს ღვთისმშობელს უწოდებდა.
ნესტორს სძულდა მღვდელმთავარი კირილე, მასზე ათასგვარ ჭორს და ცილისწამებას ავრცელებდა და ერეტიკოსად ნათლავდა. წმიდა პატრიარქი კი განაგრძობდა ბრძოლას მართლმადიდებლობის დასაცავად. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საჭირო შეიქმნა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. კრება ეფესოში გაიხსნა 431 წელს. მას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი ყველა ქრისტიანული ეკლესიიდან. ნესტორი, იოანე ანტიოქიელისა და სხვა სირიელი ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე, კრების გახსნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხდომა დაიწყეს. მათ წმიდა კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით განიხილეს ნესტორის სწავლება და ის ერესად შერაცხეს. თავად ნესტორი ამ კრებას არ დამორჩილდა. ეფესოში ჩასულმა ეპისკოპოსმა იოანემ გახსნა სხვა, უკანონო კრება, რომელზეც ერეტიკოსად კირილე გამოაცხადა. უთანხმოება ღრმავდებოდა. მაშინ იმპერატორის ბრძანებით მღვდელმთავრები – კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი დაატუსაღეს. მათი ხვედრი გაიზიარა ნესტორმაც.
მალე კირილე და მემნონი გაანთავისუფლეს და სხდომები გაგრძელდა. ნესტორი, რომელიც არ ემორჩილებოდა კრების გადაწყვეტილებებს, უფლის სასჯელს ვერ ასცდა: იგი მღვდელმსახურებიდან განიკვეთა და, იმპერატორის ბრძანებით, შორეულ სისიმში, ლიბიის უდაბნოში იქნა გადასახლებული, სადაც საშინელ ტანჯვაში აღესრულა ღვთისმშობლის მაგინებელი. მისი ენა მატლებმა დაჭამეს. ეფესოს კრების დადგენილებას სხვებთან იოანე ანტიოქიელი და სხვა სირიელი მამებიც აწერდნენ ხელს.
მღვდელმთავარი კირილე 32 წლის განმავლობაში მართავდა სამწყსოს. მისი მოღვაწეობის დასასრულისთვის ალექსანდრიის ეკლესია მთლიანად განიწმიდა ერეტიკოსთაგან. წმიდანი ფრთხილად და სიყვარულით ეპყრობოდა მათ, ვინც გულუბრყვილობისა და უმეცრების გამო ვარდებოდა ამაოდბრძნობაში.
ნეტარმა კირილემ შესძლო დაეძლია უკუღმართი წარმოდგენა წმიდა იოანე ოქროპირზე (+407. ხს. 13 ნოემბერს). ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, წმიდანის ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც განსაჯა წმიდა მღვდელმთავარი. სიყმაწვილიდანვე ოქროპირის მოწინააშმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე. ღირსმა ისიდორე პელუსიოტელმა (+დაახლ. 436-440; ხს. 4 თებერვალს) არაერთხელ მიმართა მღვდელმთავარს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმიდანთა დიპტიხში შეეტანა, მაგრამ ამაოდ, ერთხელ კი, ძილში, კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში – თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმიდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. მღვდელმთავარს უნდოდა, მიახლებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აყენებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმიდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე. როცა შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა: „შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის”. მაშინ იოანემ თქვა: „ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით”, შემდეგ კი სიყვარულით გადაეხვია და გადაკოცნა წმიდა მღვდელმთავარი.
კირილემ შეინანა ღვთის სათნომყოფელი მამის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა მარკიანე კერკირელისა (დაახ. 388)
ღირსისა მარკიანე კერკირელისა (დაახ. 388)
ღირსი მარკიანე კვირელი უდაბნოში მოსაგრეობდა ქალაქ კვირის მახლობლად. ის პატარა ქოხში დამკვიდრდა და დროს ლოცვაში, ფსალმუნთა გალობაში და საღვთო წიგნების კითხვაში ატარებდა, ძალიან ცოტას ჭამდა. ხმა ღირსი მამის წმიდა ცხოვრების შესახებ შორს გავარდა და სულიერი მოღვაწეობის მსურველები მიიზიდა მისკენ. წმიდანმა ძმებისთვის სავანე დაარსა.
ღირსმა მარკიანემ უფლისგან საკვირველქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ მან ჯვარი გადასახა კელიაში შემოსრიალებულ გველს და ქვეწარმავალი ცეცხლმა შემუსრა; ღამით, როცა წმიდანი კითხულობდა, მას ზეციური ალი უნათებდა, საძმოს შესაწევნელად მრავალ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა ღირსი მამა. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლ. 388 წელს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.