რომი არა დაუტევე, და ჩვენდა მოიწიე ჯაჭვთა…
ტროპარი
რომი არა დაუტევე, და ჩვენდა მოიწიე ჯაჭვთა მათ მიერ, რომელნიცა შეგმოსნეს შენ, თავო მოციქულთაო პეტრე, რომელთაცა თაყვანს ვსცემთ და გევედრებით: მეოხებითა შენითა მოგვფინე ჩუენ დიდი წყალობაი.
კლდესა ქრისტესსა და კლდესა სარწმუნოებისასა ვაქებდეთ, ერნო…
კონდაკი
კლდესა ქრისტესსა და კლდესა სარწმუნოებისასა ვაქებდეთ, ერნო, სიხარულით პირველ ქრისტეს მოსაყდრესა, რამეთუ მოუწოდს ყოველთა დღესასწაულობად ხსენებასა საკვირველსა პატიოსანთა ჯაჭვთა მისთასა და მისცემს ბრალთა შენდობასა.
თავსა მოციქულთასა და პირველსა ჭეშმარიტებისა საღმრთოსა მოწაფესა…
სხვა კონდაკი
თავსა მოციქულთასა და პირველსა ჭეშმარიტებისა საღმრთოსა მოწაფესა პეტრეს დიდსა ვაქებდით და მისთა მათ ჯაჭვთა სარწმუნოებით ამბორს უყოფდეთ, ცოდვათა განხსნისა მომღებელნი.
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი. დაახლოებით 42 წელს, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისთვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში გამოკეტეს. „ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს”. და აი, მოხდა სასწაული: „ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრჱსსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ ადრე და დასცუეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა”. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული (საქმე, 12,11-11). ქრისტიანებმა შეძლეს მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმიდე. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის მეუღლეს, ევდოკიას აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინეპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდუქსიას გაუგზავნა. ევდუქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც თავი მოციქული თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 იანვარს ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ
მოწამეთა: სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა…
მოწამეთა: სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა და იოვილასი (161-180)
წმიდა მოწამენი სპევსიპი, ელევსიპი, მელევსიპი, ლეონილა და მათთან ერთად ნეონი, ტურვონი და იოვილა II საუკუნეში, მარკუს ავრელიუსის (161-180) დროინდელ დევნულობისას ეწამნენ გალიაში (სხვა გადმოცემით კაბადოკიაში). ლეონილა უკვე ხანშიშესული იყო, როცა მოინათლა პოლიკარპე სმირელის ერთი მოწაფის ხელით. შემდეგ მან თავისი შვილიშვილებიც მოაქცია ქრისტიანობაზე. საღვთო შურით აღძრულმა ძმებმა დაამსხვრიეს კერპები და აყვედრეს წარმართებს თავიანთი უგნურება. მტარვალებმა საჯალათო კუნძთან მიიყვანეს ლეონილა და უბრძანეს, შვილიშვილები ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა, მან კი შეაქო ჭაბუკები გაბედულებისა და სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის. მაშინ წმიდანები საშინლად აწამეს: ჯერ ხეზე დაჰკიდეს ხელებით და ისე ექაჩებოდნენ ძირს, რომ ძვლები სახსრებიდან უვარდებოდათ, შემდეგ კი კოცონში ჩაყარეს. ღვთაებრივი მადლით დაცული სპევსიპი, ელევსიპი და მელევსიპი თავისუფლად დადიოდნენ ცეცხლში, თან ნიშნისმოგებით მიმართავდნენ ჯალათებს: „ჩვენ მონიჭებული გვაქვს ხელმწიფება, მაშინ მივეახლოთ უფალს, როცა მოვისურვებთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, ჯერ თქვენი სიგიჟის დაცინვით გული ვიჯეროთ”. ამ დროს ანგელოზთა გუნდი მიეახლა მარტვილებს. მათ მუხლი მოიყარეს, ილოცეს და სული უფალს შეავედრეს. შვილიშვილების სიკვდილის შემდეგ, ლეონილასაც თავი მოჰკვეთეს. მათთან ერთად ეწამა კეთილმსახური იოვილა, რომელმაც მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დატოვა და აშკარად აღიარა ქრისტე. მტარვალებმა თმებით ჩამოკიდეს წმიდანი, შემდეგ კი ქედზე მახვილის დაკვრით მოუსწრაფეს სიცოცხლე. წმიდა ნეონმა აღწერა მარტვილთა ნეტარი აღსასრული, ხელნაწერი ტურვონს გადასცა, თვითონ კი გააცხადა თავისი ქრისტიანობა, რისთვისაც გვემით მოკლეს. ტურვონმაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ამ წმიდანებს განსაკუთრებით პატივს სცემენ ესპანეთში, სადაც მათი სახელობის მრავალი ტაძარია აგებული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა დანაქტი წიგნისმკითხველისა (II)
მოწამისა დანაქტი წიგნისმკითხველისა (II)
წმიდა მოწამე დანაქტი II საუკუნეში ცხოვრობდა და მკითხველად მსახურობდა მაკედონიაში. უსჯულოთა თავდასხმის დროს მან საეკლესიო ჭურჭლეულობა აიღო და მტერთაგან განრიდებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო: მეომრებმა შეიპყრეს და კერპის თაყვანისცემა მოსთხოვეს; როცა პასუხად უარი მიიღეს, ქრისტეს მხნე აღმსარებელს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.