მოწამეთა ერმილესი და სტრატონიკესი (დაახ. 215)
მოწამეთა ერმილესი და სტრატონიკესი (დაახ. 215)
წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე სლავები იყვნენ. ისინი ქალაქ სინღიდოში (ბელგრადში) ცხოვრობდნენ ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ლიკინიუსის (307-324) დროს და ერთმანეთთან, ღვთის სიყვარულის გარდა, გულწრფელი მეგობრობაც აკავშირებდათ. ერმილე დიაკვნად მსახურობდა. ლიკინიუსის ბრძანებით, იგი შეიპყრეს და დიდხანს საშინლად აწამებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. წმიდა სტრატონიკემ – ციხის ზედამხედველმა და ფარულმა ქრისტიანმა, მეგობრის ტანჯვის ყურებას ვერ გაუძლო, ცრემლები წასკდა და თავი გასცა. ამის შემდეგ მანაც ერმილეს ხვედრი გაიზიარა. ნაწამები წმიდანები ზღვაში მოისროლეს. სამი დღის შემდეგ ქრისტიანებმა იპოვეს მდინარის ნაპირზე გამორიყული მარტვილთა ცხედრები და პატივით დაკრძალეს სინღიდონის მახლობლად. არსებობს ცნობა, რომ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მათი უხრწნელი თავები ინახებოდა კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიას ტაძარში.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა პეტრესი (309-310)
მოწამისა პეტრესი (309-310)
წმიდა მოწამე პეტრე აბესალომელი (ანეველი) პალესტინის სოფელ ანეაში ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს. მსაჯული და ხალხი წმიდანს ურჩევდა, შეეწყალებინა საკუთარი თავი და თაყვანი ეცა კერპებისთვის. ნეტარი მარტვილი კი პასუხობდა: „მე მაშინ შევიწყალებ თავს, თუ სახარებას არ უარვყოფ და ცრუ-ღმერთებს კერპს არ შევწირავ!” ქრისტეს აღსარებისათვის წმიდა პეტრე ცეცხლში დაწვეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა იაკობისა, ნიზიბიელი ეპისკოპოსისა (350)
ღირსისა იაკობისა, ნიზიბიელი ეპისკოპოსისა (350)
ღირსი იაკობ ნიზიბიელი, გეფალელი (სომხეთი) მთავრის ძე იყო. მან კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ამქვეყნიურ მშფოთვარე ცხოვრებაში სულის მისადრეკი ადგილი ვერ ჰპოვა და ნიზიბიის მახლობლად, უდაბურ მთებში განმარტოვდა. აქ მან ფიცხელი ღვაწლი იტვირთა: მხოლოდ მცენარეთა ფესვებით და ნაყოფებით იკვებებოდა, თხის ტყავი ემოსა გაზაფხულს, ზაფხულს და შემოდგომას ღია ცის ქვეშ ატარებდა, ზამთრობით კი გამოქვაბულს აფარებდა თავს; წმიდანს ლოცვაში ათენდებოდა და აღამდებოდა. ამგვარი მოღვაწეობისთვის მას სასწაულმოქმედების და წინასწარმეტყველების ნიჭი მიემადლა. იაკობს სურდა, მთელი ცხოვრება აქ, მთებში გაეტარებინა, მაგრამ, ღვთის ნებით, წარმართების მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად სპარსეთს მიაშურა. ერთმა სპარსელმა მსაჯულმა უსამართლოდ დაადო მსჯავრი უდანაშაულო ადამიანს. წმიდანი დამწუხრდა და უსამართლობა რომ ემხილებინა, ნამსხვრევებად ქცევა უბრძანა მახლობლად მდებარე მოზრდილ ლოდს. ყველა, ვინც ეს სასწაული იხილა, შეძრწუნდა. მსაჯულმაც შეცვალა განაჩენი. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ღირსმა იაკობმა სარწმუნოების მხნე აღსარებით გაითქვა სახელი. ნიზიბიის მცხოვრებლებმა კეთილმსახური ცხოვრებით და სასწაულებით გაბრწყინებული მამა თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს (დაახლ. 314 წელს). მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ და ასეთ მაღალ ხარისხში აყვანილ წმიდანს არ შეუცვლია ცხოვრების წესი, პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი.
მღვდელმთავარი იაკობი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა და ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას. მან ნიზიბიაში გახსნა სკოლა, სადაც თავად მასწავლებლობდა. მაღალი ზნეობით გაბრწყინებული წმიდანის სიტყვები ადვილად აღწევდა მსმენელის გულებამდე. სომხეთის ეპისკოპოსმა გრიგოლმა ღირს იაკობს სთხოვა, წერილობით განემარტა, რა არის სარწმუნოება. პასუხად წმიდა მამამ დაწერა 18 თავისგან შემდგარი თხზულება. მისი ნაწერები გამოირჩეოდა დამაჯერებლობით, აზრის სიცხადით, გულწრფელობით. ღირსი იაკობი მშვიდობით მიიცვალა 350 წელს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.