გულანი
საცდელი · 1.37.0
6 იანვარი 1 / 4რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ…

6 იანვარი

თვენი

განცხადება - ნათლისღება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); ჟამნი („საღვთისმსახურო წიგნები“); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · მხოლოდ ტროპარ-კონდაკი და ცხოვრება · დღის განგება სრულად ჯერ არ არის დამატებული · დაახლ. 2 წთ

რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ…

ტროპარი

რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გვდა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი…

კონდაკი

განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.

რაჟამს განცხადებითა შენითა განანათლენ დაბადებულნი, მაშინ მარილიანი…

იპაკო, 3 გალობასა, ხმა 5

რაჟამს განცხადებითა შენითა განანათლენ დაბადებულნი, მაშინ მარილიანი ზღვა ურწმუნოებისა ივლტოდა, და იორდანე, ქუეყანისა საქმეთა დაღმართ მდინარე, უკუნ იქცა, და ზეცად აღმამაღლნა ჩუენ, სიმაღლითა საღმრთოთა მცნებათა შენთათა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ მეოხებითა ღვთისმშობელისათა და გვაცხოვნენ, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

განცხადება ღმრთისა. ნათლისღება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

განცხადება ღმრთისა. ნათლისღება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.