გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 4საქ. 12:1–11 · დას. 29

დღის საკითხავები

ზატიკი

საქ. 12:1–11 · დას. 29 · ინ. 8:31–42 · დას. 31 · ებრ. 13:7–16 · დას. 334 · ლკ. 12:2–12 · დას. 63

9 მაისი 2099ხმა 3

მკითხველი

საქ. 12:1–11 · დას. 29

რიგისა

12:1 მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა

2 და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა.

3 და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი.

4 და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას.

5 და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს.

6 რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას.

7 და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა.

8 ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე.

9 და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს.

10 და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი.

11 და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა.

ინ. 8:31–42 · დას. 31

რიგისა

8:31 და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ.

32 და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.

33 მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით; ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ?

34 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.

35 და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე.

36 უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.

37 უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის.

38 მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ; და თქუენ რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ.

39 მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ.

40 ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა.

41 ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი.

42 ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე.

ებრ. 13:7–16 · დას. 334

მღვდელმოწ.

13:7 მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა.

8 იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე.

9 მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულთა და არა საჭმლითა, რომლითა ვერაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა.

10 მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ.

11 რომელსა-იგი შეიწირვის საცხოვართა სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას.

12 ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო.

13 აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ.

14 რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ.

15 ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფსა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა.

16 ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.

ლკ. 12:2–12 · დას. 63

მღვდელმოწ.

12:2 ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.

3 ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.

4 ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ.

5 ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ.

6 ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა.

7 არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ.

8 ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.

9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.

10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს.

11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ,

12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.