ებრ. 4:1–13 · დას. 310
რიგისა
4:1 გუეშინოდენ უკუე, ნუსადა, დატევებასა მას აღთქუმისასა შესლვად განსასუენებელსა მისსა, ჰგონებდეს ვინმე თქუენგანი დაკლებულად თავსა თჳსსა.
2 და რამეთუ ვართ ჩუენ ხარებულ, ვითარცა-იგი იგინი; არამედ არარაჲ არგო მათ სიტყუამან მან სმენისამან, ვინაჲთგან არა თანა-შეეზავა სარწმუნებაჲ იგი მსმენელთა მათ.
3 ხოლო ჩუენ შევიდეთ განსასუენებელსა მას, მორწმუნენი ესე, ვითარცა-იგი თქუა: ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა; და დაღათუ საქმენი იგი დასაბამითგან სოფლისაჲთ ქმნულ იყვნეს.
4 რამეთუ უთქუამს სადამე მეშჳდისა მისთჳს ესრეთ: და განისუენა ღმერთმან დღესა მას მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა.
5 და ამისა შემდგომად კუალად იტყჳს: ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.
6 ვინაჲთგან უკუე და-ვიეთმე-აკლებს შესლვად მას შინა, და რომელნი-იგი წანაწარ ხარებულ იქმნეს, ვერ შევიდეს ურწმუნეობითა.
7 კუალად რასმე განაჩინებს დღესა დავითის მიერ და იტყჳს, შემდგომად ესოდენისა ჟამისა, ვითარცა-იგი თქუმულ არს: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა.
8 რამეთუ უკუეთუმცა ისოს, ძესა ნავესსა, განესუენა მათდა, არამცა სხჳსა დღისათჳს ამისსა შემდგომად იტყოდა.
9 და-სამე-აკლდების შაბათობაჲ იგი ერსა მას ღმრთისასა.
10 რამეთუ რომელი-იგი შევიდა განსასუენებელსა მისსა, მანცა განისუენა საქმეთაგან მისთა, ვითარცა-იგი თჳსთაგან ღმერთმან.
11 ვისწრაფოთ უკუე შესლვად განსასუენებელსა მას, რაჲთა არა მასვე სახესა ურწმუნეობისასა ვინმე შთავარდეს.
12 რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრითსაჲ და ძლიერ და უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა: და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა.
13 და არარაჲ არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისსა, არამედ ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ესე ჩუენი.
მკ. 10:2–12 · დას. 43
რიგისა
10:2 ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას.
3 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე?
4 ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ მიცემად და განტევებად.
5 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე.
6 ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა:
7 ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა,
8 და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც.
9 რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.
10 და მერმე სახლსა რაჲ შინა იყო, კუალად მისვე სიტყჳსათჳს ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ:
11 უკუეთუ განუტეოს ქმარმან ცოლი თჳსი და შეირთოს სხუაჲ, მან იმრუშა.
12 და ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა იმრუშა.
ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330
წინასწარმეტ.
11:33 რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;
34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.
35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.
36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;
37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,
38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.
39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,
40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.
12:1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.
2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.
ლკ. 11:47 – 12:1 · დას. 62
წინასწარმეტ.
11:47 ვაჲ თქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა წანაჲსწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოსწყჳდნეს იგინი.
48 ეწამებით სამე და თანა-სათნო-ეყოფვით საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს იგინი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ.
49 ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე მათა წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი, და მათგანნი მოწყჳდნენ და დევნნენ.
50 რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან,
51 სისხლითგან აბელისით, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე, გეტყჳ თქუენ, იძიოს ნათესავისა ამისგან.
52 ვაჲ თქუენდა, სჯულის-მოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ არა შე-ხუალთ და შემავალთა აყენებთ.
53 და ვითარ-იგი თავადი ეტყოდა მათ ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა, იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მისთჳს სიტყჳსა.
54 და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა, რაჲთა შეასმინონ იგი.
12:1 რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ.