გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5ინ. 21:15–25 · დას. 67

დღის საკითხავები

ქრისტეს აღდგომის ხსენება

ინ. 21:15–25 · დას. 67 · გალ. 6:11–18 · დას. 215 · ლკ. 10:25–37 · დას. 53 · 2 კორ. 6:1–10 · დას. 181 · მთ. 15:22–28 · დას. 62

24 ნოემბერი 2097ხმა 5

მკითხველი

ინ. 21:15–25 · დას. 67

აღდგომის მე-11 სახარება

21:15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი.

16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.

17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.

18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.

19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.

20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?

21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?

22 ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.

23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?

24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.

25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.

გალ. 6:11–18 · დას. 215

რიგისა

6:11 აწ იხილეთ, რაოდენი წიგნები მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა.

12 რომელთა-იგი ჰნებავს პირ-შუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ.

13 რამეთუ არცაღა თჳთ იგი წინადაცუეთილნი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან.

14 ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა.

15 რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელობაჲ, არამედ ახალი დაბადებული.

16 და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა.

17 ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე; რამეთუ მე საწრეტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან.

18 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ძმანო. ამინ.

ლკ. 10:25–37 · დას. 53

რიგისა

10:25 და აჰა ესერა სჯულის-მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?

26 ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ?

27 ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი − ვითარცა თავი თჳსი.

28 ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე.

29 ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თჳსი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა?

30 მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი.

31 ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა.

32 და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა.

33 მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა.

34 და მოვიდა მისა და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ და აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი.

35 და ხვალისაგან, გამო-რაჲ-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და ჰრქუა: იღუაწე ეგე და, სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ.

36 ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ იგი შევარდა ავაზაკთა მათ?

37 ხოლო მან ჰრქუა: რომელმან ყო წყალობაჲ მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრევე.

2 კორ. 6:1–10 · დას. 181

დიდმოწ.

6:1 ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ.

2 რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ.

3 ნურაჲვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი,

4 არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა

5 და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა

6 და სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა,

7 სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა,

8 დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი;

9 ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი; ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ; ვითარცა სწავლულნი, და არა სიკუდიდნი;

10 ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს.

მთ. 15:22–28 · დას. 62

დიდმოწ.

15:22 და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.

23 ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ.

24 ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.

25 ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!

26 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.

27 ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა.

28 მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.