გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 7ლკ. 6:17–23 · დას. 24

დღის საკითხავები

ზატიკი

ლკ. 6:17–23 · დას. 24 · საქ. 27:1–44 · დას. 50 · ინ. 17:18–26 · დას. 57 · გალ. 5:22 – 6:2 · დას. 213 · მთ. 11:27–30 · დას. 43 · 1 კორ. 4:9–16 · დას. 131 · ლკ. 10:1–15 · დას. 50

5 ივნისი 2093ხმა 6

მკითხველი

ლკ. 6:17–23 · დას. 24

ხსენებისა

6:17 და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით,

18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.

19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა.

20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ;

21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;

22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.

23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.

საქ. 27:1–44 · დას. 50

რიგისა

27:1 და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაჲ.

2 შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი.

3 და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთ მოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა თჳსთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხვევად.

4 და მიერ შევსხედით და თანა-წარვლეთ კჳპრე წინააღმდგომებითა ქართაჲთა.

5 მაშინ უფსკრული იგი კილიკიისაჲ და პამფილიისაჲ განვლეთ და შთავედით მჳრა ქალაქად ლუკიისა.

6 და მუნ პოა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა.

7 ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი, და თანაწარვლეთ კრიტი სალმონით კერძო.

8 და ვითარცა ძლით წარმოვირჩიეთ იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ.

9 და ვითარცა მრავალი ჟამი წარჴდა, და იყო-ღა ნავი საცთომელ სავალად, რამეთუ მარხვანი წარ-ოდენ-სრულ იყვნეს, ამცნებდა მათ პავლე

10 და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ვხედავ, რამეთუ ჭირი და ზღვევაჲ მრავალი ყოფად არს არა ხოლო თუ ტჳრთისა და ნავისაჲ, არამედ თავნიცა ჩუენნი წარწყმედად არიან ნავისა თანა.

11 ხოლო ასისთავი იგი მენავეთ მოძღუარსა მას და ნავის უფალსა ერჩდა უფროჲს, ვიდრე-ღა პავლეს სიტყუათა.

12 და ვითარ უმარჯუ იყო ნავთსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს გულსა წარსლვად მიერ, უკუეთუმცა ვითარ უძლეს მისლვად ფინიკედ და მუნ დაზამთრებად ტბასა მას კრიტისასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად.

13 და ვითარ-იგი ქროდა ქარი სამხრისაჲ, ჰგონებდეს, ვითარმედ ნებისაებრ მათისა იყოს, აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრიტით.

14 და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა იწყო ქროლად მის თანა ქარმან მან ბორბალმან, რომელსა ჰრქჳან ვრცელ ღელვა.

15 და ვითარ შეაცთუნა ნავი იგი და ვერ ეძლო პირსა მიქცევად ქარისა მის, მიუტევეთ და მიმოვაქუნდით.

16 ჭალაკსა რასმე თანა-წარვჰჴედით რაჲ, რომელსა ერქუა კლავდი, ძლით შეუძლეთ დაპყრობად ჴუამალდისა,

17 რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴუმევდეს და შემოსწებეს ნავსა. ხოლო ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა განცჳვენ, გარდაუტევეს ჭურჭელი და ესრეთ მიმოაქუნდა.

18 და ვითარ დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით, ხვალისაგან გარდასდებდეს ტჳრთსა.

19 და მესამესა დღესა ჭურჭელი ნავისაჲ თჳსითა ჴელითა გარდააბნიეს.

20 ხოლო არცა მზე, არცა ვარსკულავი ჩნდა მრავალთა დღეთა, რამეთუ ზამთარი დიდი იყო. მიერითგან წარვიწირეთ სასოებაჲ ყოველი ცხორებად ჩუენდა.

21 და ფრიადი უზმობაჲ იყო. მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქუა: ჯერ-იყო, ჵ კაცნო, რაჲთამცა მერჩდით მე და არა წარხუედით კრიტით და შეიძინეთ ჭირი ესე და ზღვევაჲ.

22 და აწცა გეტყჳ თქუენ, გულ-დებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ არცა ერთისაჲ იყოს თქუენგან, თჳნიერ ხოლო ნავისა.

23 რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა ვჰმსახურებ,

24 და მრქუა: ნუ გეშინინ, პავლე! კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაჲ და აჰა ესერა მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას.

25 ამისთჳს გულ-დებულ იყვენით, კაცნო, რამეთუ მრწამს ღმრთისაჲ, რამეთუ ესრეთ იყოს, ვითარცა სახედ მეტყოდა მე.

26 ჭალაკსა რასმე განსცჳვნებად ვართ ჩუენ.

27 ხოლო ვითარცა მეათოთხმეტე ღამე მოიწია და მიმოვეტაცენით ჩუენ ანდრიასა შინა, შუა ღამეს ოდენ ჰგონებდეს მენავენი იგი მიწევნად რომელსამე სოფელსა.

28 და გარდაუტევეს საზომი და პოვეს ოც მჴარ. და მცირედ და-რე-ყოვნეს და კუალად მოზომეს და პოვეს ათხუთმეტი მჴარი.

29 და ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა ადგილსა განცჳვენ, ბოლოჲთ კერძო ნავისა მის გარდასთხინეს ოთხნი კავნი და ილოცვიდეს განთენებასა.

30 ხოლო მენავეთა მათ ეგულებოდა სივლტოლაჲ ნავისა მისგან და გარდაუტევეს ჴუამალდი იგი ზღუად, მიზეზად რეცა თუ თავით კერძო ნავისა მის განჰმარტებენ კავთა.

31 მაშინ პავლე ჰრქუა ასისთავსა მას და ერის კაცთა: უკუეთუ ესენი არა იყვნენ ნავსა შინა, თქუენ განრინებად ვერ ჴელ-გეწიფების.

32 მაშინ ერისგანთა მათ განუკუეთნეს საბელნი იგი ჴუამალდისანი და მიუშუეს იგი წარტაცებად ღელვათა.

33 და ვითარცა განთენდებოდა, ჰლოცვიდა ყოველთა პავლე მიღებად საზრდელისა და ჰრქუა: მეათოთხმეტე დღე არს დღეს, ვინაჲთგან უზმათა დაგიყოფიეს და არარაჲ მიგიღებიეს.

34 ამისთჳს გლოცავ თქუენ მიღებად საზრდელისა, რამეთუ ესე თქუენის ცხორებისათჳს იქმნა, რამეთუ არავისი თქუენგანისაჲ თმაჲ ერთი თავისაჲ წარწყმედად არს.

35 და ესე ვითარცა თქუა, მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად.

36 გულს-მოდგინე იქმნეს ყოველნი და მათცა მიიღეს საზრდელი.

37 ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული.

38 და ვითარცა განძღეს საზრდელითა, აღუმცირებდეს ნავსა მას და გარდასდებდეს იფქლსა ზღუად.

39 და რაჟამს განთენა, ქუეყანაჲ იგი ვერ იცნეს, ყურესა რასმე განიცდიდეს, რომლისა იყო ზღჳს კიდე, სადა-იგი ეგულებოდა, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, განდგინებაჲ ნავისაჲ მის.

40 მოჰჴსნნეს კავნიცა იგი და მიუტევნეს ზღუად, და მათ თანა მიუტევნეს შესაუღლველნიცა იგი საჭეთანი და აღუპყრეს აფრაჲ მცირე, და ქარით კერძო ეპყრა ზღჳს კიდით კერძო.

41 და ვითარცა შეცჳვეს უმძაფრესსა ადგილსა, დაჰკიდეს ნავი იგი. და, რამეთუ თავით კერძოჲ იგი უმაგრესად დგა, ეგო უძრავად, ხოლო ბოლოჲთ კერძო იგი დაირღუეოდა სიმძაფრითა ღელვათაჲთა.

42 ხოლო ერის კაცთა მათ ზრახვა-ყვეს, რაჲთა მოსწყჳდნენ პყრობილნი იგი, ნუუკუე განვინმე-ცურდეს და ივლტოდის.

43 ხოლო ასისთავსა მას უნდა განრინებაჲ პავლესი და დააბრკოლნა იგინი ზრახვისა მისგან და უბრძანა, რომელნი-იგი ცურვით შემძლებელ იყვნეს, განსლვად ქუეყანად,

44 და სხუანი იგი რომელნიმე ფიცრითა და რომელნიმე ჭურჭლითა ნავისაჲთა რომლითამე. და ესრეთ განვერენით ყოველნივე და გამოვედით ქუეყანად.

ინ. 17:18–26 · დას. 57

რიგისა

17:18 ვითარცა მომავლინე მე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად.

19 და მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით.

20 და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ;

21 რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.

22 და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.

23 მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე.

24 მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა.

25 მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ, და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.

26 და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო, რაჲთა სიყუარულითა მით, რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა.

გალ. 5:22 – 6:2 · დას. 213

ღირ.

5:22 ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ,

23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.

24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით.

25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ.

26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე.

6:1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.

2 ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

მთ. 11:27–30 · დას. 43

ღირ.

11:27 ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების.

28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.

29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.

30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.

1 კორ. 4:9–16 · დას. 131

წმ.

4:9 რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.

10 ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ.

11 ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით,

12 რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ;

13 მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე.

14 არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ.

15 რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ.

16 გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით.

ლკ. 10:1–15 · დას. 50

წმ.

10:1 და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად.

2 და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა.

3 წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

4 ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ.

5 და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!

6 და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს.

7 მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად.

8 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა

9 და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.

10 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ:

11 აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.

12 გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის.

13 ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.

14 ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ.

15 და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე.