ებრ. 7:18–25 · დას. 317
რიგისა
7:18 რამეთუ შეურაცხებაჲ იქმნების პირველისა მის მცნებისაჲ უძლურებისა მისისათჳს და ურგებობისა,
19 რამეთუ არარაჲ სრულ ყო შჯულმან; ხოლო შემოსლვაჲ უმჯობესისა სასოებისაჲ, რომლისა მიერ მივეახლებით ღმერთსა.
20 და რაოდენ-იგი არა თჳნიერ ფიცისა, - რამეთუ რომელნიმე თჳნიერ ფიცისა არიან მღდელ ყოფილ;
21 ხოლო ესე - ფიცით მის მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა მას: ფუცა უფალმან და არა შეინანოს; შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა, -
22 ესოდენ უმჯობესისა აღთქუმისა იქმნა თავს-მდებ იესუ.
23 და რომელნიმე მრავალნი არიან მღდელად დადგინებულნი სიკუდილისაგან დაყენებითა დადგრომად.
24 ხოლო ამას დადგრომისათჳს მისისა უკუნისამდე წარუვალად აქუს მღდელობაჲ იგი.
25 ვინაჲცა ყოვლითურთ ცხორებად შემძლებელ არს მათდა, რომელნი-იგი მის მიერ მოუჴდებიან ღმერთსა, და სამარადისოდ ცხოველ არს მეოხად მათთჳს.
მკ. 10:23–32 · დას. 46
რიგისა
10:23 და მიმოიხილა იესუ და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასე.
24 ხოლო მოწაფეთა დაუკჳრდებოდა სიტყუასა ამას ზედა, ხოლო იესუ კუალად მიუგო და ჰრქუა მათ: რაოდენ ძნელ არს, რომელნი საფასეთა ესვენ, შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა!
25 უადვილეს არს აქლემი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.
26 ხოლო მათ უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს ურთიერთას: და ვის ძალ-უც ცხორებად?
27 მიჰხედა მათ იესუ და ჰრქუა: კაცთა მიერ შეუძლებელ არს, არამედ არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
28 იწყო პეტრე სიტყუად მისა და ჰრქუა: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველივე და შეგიდეგით შენ.
29 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს,
30 უკუეთუ არა მოიღოს ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლი და ძმანი და დანი, მამაჲ და დედაჲ და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ.
31 ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანაჲსკნელ, და უკუანაჲსკნელნი პირველ.
32 და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა,
ებრ. 4:14 – 5:6 · დას. 311
მღვდელმოწ.
4:14 მივის ჩუენ მღდელთმოძღუარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესუ, ძე ღმრთისაჲ, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი მისა მართლ.
15 რამეთუ არა ეგევითარი გჳვის მღდელთმოძღარი, რომელიმცა ვერ შემძლებულ იყო შეწყალებად უძლურებათა ჩუენთა, გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა, თჳნიერ ცოდვისა.
16 მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდართა მათ მადლისასა, რაჲთა მოვიღოთ წყალობაჲ და ვპოოთ მადლი ჟამსა შეწევნისასა.
5:1 რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათჳს დადგის იგი ღმრთისა მიმართ, რაჲთა შესწირვიდეს შესაწირავთა და მსხუერპლთა ცოდვათათჳს შენდობით.
2 და სწორად წყალობად შემძლებელ არს უმეცართა მათ და შეცთომილთა, ვინაჲთგან მასცა ზედა-აც უძლურებაჲ;
3 და ამისთჳს თანა-აც ვითარცა ერისათჳს, ეგრეცა თავისა თჳსისათჳს შეწირვად მსხუერპლი ცოდვათათჳს.
4 და არავინ თავით თჳსით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ.
5 ეგრეთცა ქრისტე არა თავი თჳსი ადიდა ყოფად იგი მღდელთმოძღუარად, არამედ რომელი-იგი ეტყოდა მას: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ.
6 ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
მკ. 9:33–41 · დას. 41
მღვდელმოწ.
9:33 და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა.
34 ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს?
35 და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ.
36 და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქუა იგი და ჰრქუა მათ:
37 რომელმან ერთი ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი.
38 მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ.
39 ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა.
40 რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს.
41 რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.