ლკ. 10:1–15 · დას. 50
ხსენებისა
10:1 და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად.
2 და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა.
3 წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.
4 ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ.
5 და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!
6 და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს.
7 მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად.
8 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა
9 და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
10 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ:
11 აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
12 გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის.
13 ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.
14 ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ.
15 და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე.
საქ. 4:23–31 · დას. 12
რიგისა
4:23 ხოლო ესენი, ვითარცა განუტევნეს მათ, მოვიდეს თჳსთა თანა და უთხრეს მათ, რაჲ-იგი მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰრქუეს მათ.
24 ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ჴმაჲ ღმრთისა მიმართ და თქუეს: უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა,
25 რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?
26 მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.
27 რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა შენსა ზედა იესუს, რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაჱლისა
28 საქმედ, რაოდენი ჴელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაჲსწარ განაჩინა ყოფად.
29 და აწცა, უფალო, მოხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა,
30 განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა.
31 და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებულ, და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად.
ინ. 5:24–30 · დას. 16
რიგისა
5:24 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად.
25 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ.
26 რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა.
27 და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაჲ არს.
28 ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ.
29 და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა.
30 არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.
1 პეტ. 5:6–14 · დას. 63
მოც.
5:6 და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თჳსსა.
7 ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს.
8 განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა.
9 რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწოდეთ, იგივე ვნებათაჲ მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა აღასრულებდით.
10 ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედ-ღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ.
11 მისა დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
12 სილოანეს მიერ, ძმისა თქუენისა, სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე, გლოცევდ და გიწამებდ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაჲ, რომელსაცა ზედა სდგათ.
13 გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილოვნს შინა რჩეულისა მის თანა და მარკოს, ძე ჩემი,
14 მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა სიყუარულისაჲთა.
მკ. 6:7–13 · დას. 23
მოც.
6:7 და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა.
8 და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი.
9 და რაჲთა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი.
10 და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე.
11 და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის.
12 და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ.
13 და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.