რომ. 7:1–13 · დას. 94
რიგისა
7:1 ანუ არა უწყითა, ძმანო, - რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, - ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი?
2 რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა.
3 აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან, რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა.
4 ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა.
5 რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა;
6 ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი შეპყრობილ ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა.
7 რაჲ-მე უკუე ვთქუათ? შჯული ცოდვა-მე არსა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ არა ვიცოდე, გარნა შჯულისაგან. რამეთუ გულის-თქუმაჲ არა ვიცოდე, უკუეთუმცა არა შჯული იტყოდა, ვითარმედ: ნუ გული-გითქუამნ.
8 მიზეზი უკუე პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულის-თქუმაჲ: რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს.
9 ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა, და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა,
10 და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად.
11 რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა.
12 ამიერითგან შჯული წმიდა არს, და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ.
13 აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან.
მთ. 9:36 – 10:8 · დას. 34
რიგისა
9:36 და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.
37 მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ.
38 ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა.
10:1 და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა.
2 ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი,
3 ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს,
4 სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.
5 ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ,
6 არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
7 და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
8 უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით.
გალ. 3:23 – 4:5 · დას. 208
მოწ.
3:23 ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე.
24 ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ.
25 ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ.
26 რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.
27 რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ.
28 არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.
29 ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაჰამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი.
4:1 ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენ ჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა.
2 არამედ ეზოჲს-მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა.
3 ეგრეთცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ.
4 ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე,
5 რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ.
მკ. 5:24–34 · დას. 21
მოწ.
5:24 და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას.
25 და დედაკაცი ვინმე იყო მუნ, რომელი იყო წყაროჲთა სისხლისაჲთა გუემულ ათორმეტ წელ.
26 და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი და არარაჲ სარგებელ ეყო, არამედ უფროჲსად უძჳრესად მოვიდა.
27 და ვითარცა ესმა იესუჲსთჳს, მოუჴდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა მისსა,
28 რამეთუ იტყოდა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო, ვცხონდე.
29 და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განჴმა წყაროჲ იგი სისხლისაჲ მის, და ცნა ჴორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან.
30 ხოლო იესუ გულისჴმა-ყო მეყსეულად თავით თჳსით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა ერისა მის და თქუა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?
31 ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას: ხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?
32 და მიმოხედვიდა, რაჲთა იხილოს, რომელმან ესე ყო.
33 ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი.
34 ხოლო თავადმან ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ მშჳდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა.